კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის გრიგოლ ფერაძის მემკვიდრე საქართველოში და რა ვერ აპატია წმინდანმა უფროს ძმას

 ქართველი წმინდანის, გრიგოლ ფერაძის ცხოვრების და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ ძალიან ბევრი დაწერილა. მათ შორის, ვისაც მისი მოღვაწეობის კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის, არის მისი  ძმისშვილი, ბატონი რომანოზ ფერაძე – გამორჩეული ბუნების ადამიანი, რომელსაც წმინდანი ბიძის შესახებ დღემდე განსაკუთრებული ემოციები აქვს. შესაბამისად, მის მიერ მოყოლილი ისტორია კაცისა, რომელიც საქართველოსთვის იღვწოდა და სამშობლოში დაბრუნების უფლება ვერ მიიღო,  ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს.   

 

 რომანოზ ფერაძე: ძალიან პატარა ასაკში გავაცნობიერე, რომ ასეთი დიდი ადამიანის შთამომავალი ვიყავი. ეს გენეტიკური კავშირი ჩემში  არასდროს გაწყვეტილა, უფროს შვილს მამის თხოვნით გრიგოლი დავარქვი.  მამა ბევრს მიყვებოდა თავისი ძმის შესახებ. როცა გრიგოლზე საუბრობდა, მამას სახე  და თვალები საოცრად გაუნათდებოდა ხოლმე. აღფრთოვანებული, ამაღლებულ განწყობაზე იყო ძმის გახსენებისას. მაშინ ბიძაჩემზე ხმამაღლა საუბარი იოლი არ იყო. თუმცა, ჩვენს ოჯახში მოსული სტუმრები – ჩემი თუ მამას მეგობრები, გრიგოლ ფერაძეზე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით.  ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, მამას ხშირად დავყავდი სიონში, სადაც წირვებს პატრიარქი ეფრემ მეორე ატარებდა. ჩამიკრავდა ხოლმე  გულში მისი უწმინდესობა და მრავალგზის სინანულით მიმეორებდა: იცი, რა ბიძა გყავდა?! იცი, რა ბიძა გყავდა?! პატრიარქი და  გრიგოლი სასულიერო სასწავლებელში თანაკლასელები იყვნენ,  ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. იმის მიუხედავად, რომ მამას თავისი ძმა ათეული წლები არ ენახა, სულ მასზე მოგონებებს დასტრიალებდა. ხშირად იხსენებდა, როგორი მძიმე იყო ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი ბებიასთვის გრიგოლის წასვლა უცხოეთში. ბებიას სურდა, რომ გრიგოლი საქართველოში დარჩენილიყო, ოჯახის ტრადიცია გაეგრძელებინა და  მღვდლად კურთხეულიყო, მაგრამ ბიძაჩემმა თავისი არჩევანი გააკეთა. როცა ის ევროპაში ეკურთხა მღვდლად, ბებიას შეუთვლია მისთვის: რატომ დამაკარგინე შენი თავი, შენ ახლა აქ ვიღა ჩამოგიშვებსო. 

– მისი  საქართველოდან წასვლის შესახებ ბევრი ისტორიაა ცნობილი. თუმცა, თქვენგან,  მისი  ძმისშვილისა და მემკვიდრისგან,  ყველაზე რეალურ ისტორიას მოვისმენთ.      

– გრიგოლ ფერაძე საქართველოდან 1921 წელს წავიდა. თუმცა, იქამდე მას ჰქონდა ძალიან საინტერესო ისტორია. გრიგოლის წინაპრები სასულიერო მოღვაწეები იყვნენ. მამამისი – რომანოზ ფერაძე  სასულიერო სასწავლებლის   დამთავრების შემდეგ, სწავლობდა გორში, ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიაში ვაჟა- ფშაველასთან ერთად. პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ, რომანოზი მღვდლად ეკურთხა.  ის  ჯერ  იყო საქაშეთის ეკლესიის მღვდელი,  შემდეგ კი წლების განმავლობაში  გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი.  მას და მის მეუღლეს, მარიამ სამადალაშვილს სწორედ ბაკურციხეში შეეძინათ ვაჟი, რომელსაც გრიგოლ ხანძთელის პატივსაცემად, გრიგოლი დაარქვეს. რომანოზს  და მარიამს სამი ვაჟი ჰყავდათ: უფროსი – არჩილი, გრიგოლი და მამაჩემი, ვასო. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, გრიგოლის დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. აქ მას ძალიან უჭირდა. პატარა გრიგოლი ბიძამ, ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მოძღვარმა, თავისთან წაიყვანა, სადაც ის დარჩა სასკოლო ასაკამდე. მამის საქმის გასაგრძელებლად, გრიგოლი შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლი შევიდა სასულიერო სემინარიაში, სადაც გაეცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდიდარ მემკვიდრეობას. სწავლის პერიოდში გრიგოლი იძლეოდა კერძო გაკვეთილებს, რათა მატერიალურად დახმარებოდა დედას. მან სემინარია დაამთავრა წარჩინებით, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაემთხვა. საქართველო აღარ იყო რუსეთის კოლონია,  შესაბამისად, გრიგოლმა  ვერ შეძლო უფასოდ სწავლის გაგრძელება რუსეთის რომელიმე უნივერსიტეტში.   1918 წელს გრიგოლმა სწავლა დაიწყო ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა ლიტერატურას და ისტორიას. ამ პერიოდში, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, გრიგოლი მოღვაწეობდა პედაგოგად გორის მაზრაში, სოფელ ხანდაკის სკოლაში.  1919-1921 წლებში გრიგოლი გაიწვიეს ჯარში. როდესაც საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია გრიგოლი და მისი ძმები სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგნენ. ისინი იარაღით ხელში ებრძოდნენ რუსულ იმპერიას. გრიგოლი თავის დღიურებში წერს, როგორ იყო მორწყული სისხლით თბილისის ქუჩები და როგორ ეძებდა ამ ქუჩებში უმცროს ძმას, რომელსაც მოგვიანებით, დაჭრილსა და ფეხამპუტირებულს  მიაგნო დასავლეთ საქართველოს  ლაზარეთში.  ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, კორნელი კეკელიძემ გრიგოლი გაარიდა რეპრესიებს და გაგზავნა კახეთში, მანავის სოფლის მასწავლებლად. იმ პერიოდში ბოლშევიკების მიერ რწმენის მასობრივმა დევნამ  ქართული ეკლესია დაღუპვის პირას მიიყვანა. პატრიარქმა ლეონიდემ კორნელი კეკელიძესთან ერთად გადაწყვიტა, სემინარიადამთავრებული, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის თეოლოგიური განათლება მიეცათ. საქართველოს პატრიარქატის საბჭომ  გადაწყვიტა, რომ გრიგოლ ფერაძე, პირველი ქართველი ახალგაზრდა გაეგზავნა ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიური განათლების მისაღებად. როგორც აღმოჩნდა, მაშინ გრიგოლმა სამუდამოდ დატოვა საქართველო.

– აქედან იწყება მისი პოლონეთთან დაკავშირებული ისტორია, რაც მისი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი იყო? ის ხომ პოლონეთს მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა. 

–  პოლონეთამდე იყო მისი გერმანული ისტორია – გრიგოლს ძალიან ეხმარებოდა არტურ ლაისტი, რომელმაც სთხოვა დოქტორ იოჰან ლეპსიუსს, სტიპენდია დაენიშნა და დახმარება გაეწია გრიგოლისთვის. ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გრიგოლი ბონის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც თეოლოგიური და ფილოსოფიური ცოდნა გაიღრმავა – მიიღო ფილოსოფიის დოქტორის წოდება. ამის შემდეგ  გაემგზავრა ინგლისში, ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის  ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების შესასწავლად. მას ძალიან იზიდავდა სამეცნიერო საქმიანობა, თუმცა, იმავდროულად, ოცნებობდა სამშობლოში მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებაზე. გრიგოლი უშედეგოდ  ითხოვდა სამშობლოში დაბრუნებას. ამ თხოვნით მან სტალინსაც კი მისწერა წერილი, რომელიც უპასუხოდ დარჩა. ასე აღმოჩნდა ის სამშობლოდან გარიყული. ნაციზმის განვითარების შემდეგ, გრიგოლი საფრანგეთში გადავიდა, სადაც ქართული დიასპორა იყო. იქ ის მძიმედ დაავადდა – სიკვდილის პირას მყოფს ჰქონდა ხილვა, შებრუნებულიყო  ღვთისმსახურებისკენ. პარიზში დააარსეს წმინდა ნინოს ეკლესია, რომლის პირველი მოძღვარიც გახლდათ გრიგოლ ფერაძე. მამა გრიგოლი ცდილობდა, გაეერთიანებინა სამშობლოდან დევნილი მრევლი ეკლესიის გარშემო. მისი ქადაგებები გამსჭვალული იყო უდიდესი სიბრძნით, ქრისტიანობის და სამშობლოს სიყვარულით, მჭერმეტყველებით.  ის იყო ღვთისნიერი ადამიანი, რაც საკუთარი ცხოვრებით დაამტკიცა. თვითონ უჭირდა და სხვას უწვდიდა დახმარების ხელს, საოცრად კაცთმოყვარე იყო. 

– ჰქონდა მას კავშირი საქართველოში დარჩენილ ოჯახთან?

– მას ჰქონდა კავშირი ოჯახის ყველა წევრთან, გარდა უფროსი ძმის, რომელიც ბოლშევიკურ არმიაში მსახურობდა, როგორც სამხედრო პირი. ამის გამო გრიგოლმა გაწყვიტა კავშირი უფროს ძმასთან. კავშირი არ გაუწყვეტია მამასთან, თუმცა სულ ცდილობდა, მისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ისინი ერთმანეთს  ხშირად უგზავნიდნენ წერილებს, გრიგოლის მიერ გამოგზავნილი წერილები ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. ბოლო წერილში, რომელიც 1932 წელს არის გამოგზავნილი, გრიგოლი უმცროს ძმას წერს: მეტს აღარ მოგწერ, რომ  პრობლემები არ შეგიქმნაო. 1937 წლის რეპრესიებს მამა მაინც ვერ გადაურჩა. ის დააპატიმრეს, მაგრამ ხეიბარი იყო, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა  და გაათავისუფლეს. 1933 წლიდან გრიგოლი პოლონეთში გადავიდა. ის მიიწვია სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისემ. ვარშავაშიც იყო დიდი ქართული დიასპორა, პოლონეთში ლეგენდებს ყვებოდნენ მასზე. გრიგოლი იყო დიდი მოქალაქე, მეცნიერი, მღვდელმოწამე.  42 წლის ასაკში დაიღუპა და ამდენი რამ მოასწრო. ის იყო ძალიან განათლებული და ერუდირებული. ოფიციალურად ფლობდა 16 ენას, არაოფიციალურად – უფრო მეტს.  როცა პოლონეთში ჩავიდა, პოლონური არ იცოდა. ოთხ თვეში ისე ისწავლა ენა, რომ ლექციების წაკითხვა დაიწყო. ვიქტორ ნოზაძის სიტყვებით, რომელიც გახლდათ ცნობილი ქართველი მოღვაწე ევროპასა და არგენტინაში: ისეთი ფენომენები, როგორიც იყო გრიგოლ ფერაძე, საუკუნეში ერთხელ შეიძლება დაიბადოსო. გრიგოლ ფერაძის მიერ, მისი წმინდა მიწაზე მოგზაურობის შედეგად, შეიქმნა უმნიშვნელოვანესი  ნაშრომი. მარტო ეს ნაშრომიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ის უდიდეს მეცნიერად ეცნოთ.    

– რა ინფორმაცია ჰქონდა მამას ძმის მოწამეობრივი გარდაცვალების შესახებ და როდის  შეიტყვეთ ეს თქვენ?

– მამამ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა ძმის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ. როდესაც წერილებს პოლონეთში აგზავნიდა, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საელჩოში, რომ ძმის ამბავი შეეტყო, ეს წერილები ადრესატამდეც კი არ მიდიოდა. წერილები ჩერდებოდა მოსკოვში, უშიშროებაში.  მამას ვინ ჩაუშვებდა პოლონეთში, ისეთი რეჟიმი იყო ჩვენთან. მამას კი არა, მეც მქონდა ბარიერები. პროფესიით გეოლოგი ვარ, ერთ-ერთ ექსპედიციაში იყო თავისუფალი ადგილი და აფრიკაში არ გამიშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი ვიყავი.  მამასთვის მოგვიანებით, 70-იან წლებში  გახდა ცნობილი, რომ  გრიგოლ ფერაძე მოწამეობრივად დაიღუპა 1942 წელს, 6 დეკემბერს „ოსვენციმის” ბანაკში. ეს არის ძალიან ამაღელვებული ისტორია, რომლის რამდენიმე ვერსიაც არსებობს.  ერთ-ერთი ვერსიით, გრიგოლმა ადგილი გაუცვალა მრავალშვილიან მამას,  რომელსაც რიგითობის მიხედვით, გაზის კამერაში სიკვდილი მოუწია. გრიგოლმა მას უთხრა: შენ შვილები გყავს, მე – არა. ჩემი სიკვდილი ჯობია შენს სიკვდილსო. პოლონელები მაინც უფრო იმ ვერსიას იზიარებენ, რომელზედაც თავად მესაუბრნენ ჩემი მეორედ ჩასვლის დროს. ამ  ვერსიის მიხედვით, საკონცენტრაციო ბანაკში  ტყვეებმა პური მოიპარეს. ტყვეები  გააშიშვლეს და დააყენეს პლატზე მოთხოვნით, რომ ეღიარებინათ, ვინ მოიპარა პური. ყველას გადაასხეს ცივი წყალი და ათი წუთი რომ გაეჩერებინათ იქ,  ყველა გაიყინებოდა. გრიგოლი რიგიდან წინ გამოვიდა და თვითონ დაიბრალა პურის მოპარვა, ასე გადაარჩინა 200 ადამიანი  გაყინვით სიკვდილს. არსებობს ინფორმაცია, რომ  ფაშისტებმა ძაღლები მიუსიეს  გრიგოლს, რომლებმაც რატომღაც არ დაგლიჯეს ის.  შემდეგ გადაასხეს ბენზინი და ცოცხლად დაწვეს. ტყვეებს კი უთხრეს: აჰა გათბითო.

– როგორც ცნობილია, გრიგოლ ფერაძე  „გესტაპოს“ ჯურღმულებში მოხვდა ქართველების დაბეზღების შემდეგ.  

– კი, გრიგოლი „გესტაპოში” დააბეზღა ქართველმა მდივანმა, პროგერმანულად განწყობილმა ადამიანმა – თითქოს გრიგოლი ბინაში ინახავდა საიდუმლო სალაროს ებრაელთა გადასარჩენად. მისი ბინიდან ამოიღეს თვითონ „გესტაპოს” მიერ ჩადებული უცხოური ვალუტა, რის საფუძველზეც, მოხდა გრიგოლის დაპატიმრება. გრიგოლი მოათავსეს ვარშავის პავიაკის ციხეში, სადაც ძალიან მძიმე დღეები გაატარა. სწორედ ამ ციხიდან გაუგზავნა მან წერილი მეგობარს, რომელიც, ფაქტობრივად, ანდერძი და წინასწარმეტყველური წერილი გახლდათ. ამ ანდერძიდანაც ჩანს, მისი ჰუმანური ხასიათი და კაცთმოყვარეობა. პავიაკის ციხიდან ის გადაიყვანეს „ოსვენციმის” საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც აღესრულა კიდეც მოწამეობრივად.  მოგვიანებით, როცა „ოსვენციმის” ბანაკის მასალები მოხვდა საბჭოთა „კაგებეში”, ამ მასალებზე მუშაობა მოუხდა ბატონ რეზო თაბუკაშვილს. მან გადაიღო პირველი დოკუმენტური ფილმი. ბატონმა რეზომ მითხრა, როცა „კაგებეს” არქივებში ჩავედი და ვნახე „ოსვენციმის“ მასალები, იქიდან მაინცდამაინც 6 დეკემბრის მასალა იყო ამოხეულიო. „გესტაპომ” ასე გააქრო გრიგოლ ფერაძის ისტორია, თუმცა   80-იან წლებში უფრო გალღვა ყინული.  დაიწყო პუბლიკაციების გამოქვეყნება გურამ შარაძის, ზურაბ ჭავჭავაძის ავტორობით. იმ პერიოდში  პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესია წერილს უგზავნიდა ჩვენს ეკლესიას, მამა გრიგოლის წმინდანად შერაცხვის შესაძლებლობის განხილვის შესახებ.  მათი განცხადებით, უმჯობესი იყო, რომ გრიგოლ ფერაძე როგორც ქართველი, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შეერაცხა წმინდანად და პოლონურ ეკლესიას დაედასტურებინა ეს. გრიგოლ ფერაძის კანონიზაცია მოხდა მოგვიანებით, 1995 წლის 15 დეკემბერს.       

–  გრიგოლ ფერაძის რა მემკვიდრეობას ფლობს თქვენი ოჯახი? 

– ჩვენ დაგვრჩა მისი რამდენიმე ნივთი, მათ შორის, გრიგოლის კუთვნილი  ორი წიგნი: „საქართველო-სამოთხე” და  ეფრემ მეორის ლექსთა კრებული, რომლებიც  მამაჩემის  ანდერძით ჩემს შვილს გადავეცი.  ჩვენ გადმოგვეცა გრიგოლ ფერაძის ანაფორა, რომელიც პოლონურმა მხარემ გამოგზავნა და დაბრძანებულია საპატრიარქოში. გრიგოლის მემკვიდრეობას კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მისი ყოფილი სტუდენტები. მათ შორის იყო მისი ბიოგრაფი – მამა ჰენრიკ პაბროცკი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მისი სამეცნიერო  მოღვაწეობის კვლევაში. მე ორჯერ  ჩავედი  პოლონეთში.  ვნახე ყველა ის ადგილი, სადაც მოღვაწეობდა გრიგოლი, მათ შორის მარია მაგდალინელის  ეკლესია, სადაც ის მსახურობდა. ძალიან მეამაყება, რომ პოლონელებმა დააფასეს ამ ადამიანის ღვაწლი. ვარშავაში დღეს არსებობს წმინდა  გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესია.  მე მივედი ვარშავის უნივერსიტეტში და ვნახე მისი აუდიტორია, ვნახე ის სახლი, სადაც  გრიგოლი  ცხოვრობდა. იმ ადგილების ნახვის შემდეგ, განსაკუთრებული ემოციები მაქვს, რასაც მთელი ეს წლები თან დავატარებ.  

 

скачать dle 11.3