როგორ დავიცვათ კურორტზე ყოფნისას თავი უსიამოვნო პრობლემებისგან, რომელიც თან ახლავს ზაფხულის მწველ მზეს, ზღვას, შემთხვევით სქესობრივ კონტაქტსა და უკონტროლო ქცევას
ახლა ის სეზონია, როცა ყველა ცდილობს, პაპანაქება მზის სხივებს თავი დააღწიოს, დასასვენებლად წავიდეს და მთელი წლის დამღლელი მუშაობის შემდეგ, დაკარგული ძალები აღიდგინოს. მაგრამ, ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ სწორედ ამ დროს იმატებს ეგრეთ წოდებული „საკურორტო დაავადებების“ რიცხვი. ნამზეურის დროს, შეიძლება, კანზე გაჩნდეს გამონაყარი, რომელიც დროთა განმავლობაში, შესაძლოა, დაჩირქდეს და უსიამოვნებები გამოიწვიოს. ასევე, ზაფხულში საგრძნობლად დიდია შემთხვევითი რომანების ალბათობა, ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რათა დაინფიცირებას აარიდოთ თავი და შემდგომ, მთელი ცხოვრება, საშიში ვირუსის მატარებელი არ გახდეთ. ამ თემებთან დაკავშირებით კომენტარი და რჩევები ვთხოვეთ ვირუსული ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ვახტანგ კვირკველიას. მან მეტად გასათვალისწინებელი და დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.
ვახტანგ კვირკველია: ყველა ცდილობს, ზაფხულში გვარიანად დაისვენოს და ძალები აღიდგინოს, რომ კურორტიდან დაბრუნებულმა საქმეს მეტი ენერგიით გაართვას თავი. დასამალი არაა, რომ კურორტზე ყოფნისას, ბევრი, არც გადამეტებულ სიამოვნებაზე ამბობს უარს. ამიტომ, საჭიროა, ყველამ იცოდეს, როგორ დაიცვას თავი იმ უსიამოვნო პრობლემებისგან, რომელიც თან ახლავს ზაფხულის მწველ მზეს, ზღვას, შემთხვევით სქესობრივ კონტაქტს და უკონტროლო ქცევას.
– კონკრეტულად, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზაფხულის პრობლემები ავიცილოთ თავიდან და კურორტიდან დაბრუნებულებმა თავი მშვიდად, უსაფრთხოდ ვიგრძნოთ?
– მზიანი დღეები ყველას უყვარს. ბევრი ამ დროს არც ზღვაზე დასვენებაზე და შემთხვევით სექსზე ამბობს უარს, მაგრამ ამას, შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. დიდი დოზით მზისგან დასხივება განსაკუთრებით საშიში და მავნებელია მათთვის, ვისაც თეთრი კანი აქვს. დიდი შანსია, ამ დროს განვითარდეს არა მარტო დამწვრობა, არამედ კანის ავთვისებიანი სიმსივნეც. მართალია, კანის სიმსივნე სხვადასხვაგვარია, მაგრამ, მელანინის ოთხმოცი პროცენტის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ულტრაიისფერი გამოსხივებაა. ამიტომ, თუ გსურთ, მელანინის გადაჭარბებულმა გამოყოფამ საფრთხე არ შეგიქმნათ, გირჩევთ, ულტრაიისფერი სხივების ზედმეტად მიღებას მოერიდოთ.
– რა მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ კანის ტიპს და, ზოგადად, როგორი ტიპის კანისთვისაა განსაკუთრებით საშიში მზეზე დიდხანს წოლა და რუჯი?
– ადამიანის კანის ტიპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარუჯვის დროს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარეს კვლევა მელანომასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა უმრავლესობა თეთრი კანის მქონე იყო. მუქი კანის ფერის მქონე ადამიანებს კი, საფრთხე შედარებით ნაკლებად ემუქრებათ, თუმცა, უსაფრთხოების წესების დაცვა მზეზე ყოფნისას, მათაც უნდა დაიცვან. კვლევის საფუძველზე ასევე დადგინდა, რომ კანის კიბოს რისკ-ფაქტორი მემკვიდრეობითობასთანაცაა კავშირში. კერძოდ, ვისაც გენეტიკურად აქვს მიდრეკილება ავთვისებიანი დაავადებისადმი, მათ უფრო მეტი სიფრთხილე მართებთ მზესთან დაკავშირებით. მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მზის სხივებს და დიდხანს გარუჯვას. არსებობს მესამე რისკ-ფაქტორიც, კერძოდ, ისინი, ვისაც დიდხანს უხდებათ პაპანაქება სიცხეში ყოფნა და რეგულარულად აქვთ მზის დამწვრობა. მაგალითად, ისინი, ვინც ზღვაზე ყოფნისას არ უფრთხილდებიან კანს და მზის სხივების ქვეშ დიდხანს წოლით კანის დამწვრობას იღებენ. ასევე, რისკ-ფაქტორის ჯგუფში შედიან ღია ფერის თვალებიანი, ქერა, წითელთმიანი და ბევრხალიანი ადამიანებიც, რადგან ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ამ დაავადებისკენ.
– ბევრი ხალი რატომ არის საშიში და რა კავშირი აქვს ამას მზის სხივების მავნე ზემოქმედებასთან?
– ვისაც მელანომა აქვს განვითარებული, მათ სხეულზე ბევრი ხალი აღენიშნებათ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც ბევრი ხალი აქვს, ყველას საშიშროება ემუქრება. მაგრამ, ასეთი ადამიანებისთვის, გარუჯვა უფრო დიდი რისკია. ამიტომ, გავაფრთხილებ, რომ მეტი დაცვითი ზომები მართებთ სწორედ ზაფხულში. დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ კანის კიბოს დაახლოებით ოთხმოცი პროცენტის გამომწვევი მიზეზი მზის მწველი სხივებია. საერთოდ, ღმერთმა ყველა დაიფაროს და, სანამ, ფაქტის წინაშე არ დადგებიან, მანამდე საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამენ. სხვათა შორის, ბევრი მეკითხება, თუ რატომ უკრძალავს მათ ექიმი ზღვაზე დასვენებას იმის გამო, რომ ბევრი ხალი აქვს ტანზე. რასაკვირველია, მე ზღვაზე დასვენებასა და გარუჯვას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ, რეკომენდაციებს ნამდვილად მივცემ, რათა საფრთხესა და პრობლემებს ავარიდო. რაც შეეხება იმას, თუ რა კავშირი აქვს მზის სხივებთან ხალების რაოდენობას, გეტყვით, რომ, თუ მათი რაოდენობა თქვენს სხეულზე აღემატება ორმოცდაათს, უნდა მოერიდოთ გარუჯვას. განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც თეთრი კანი აქვთ. საფრთხეს მაშინ აიცილებთ თავიდან, თუ ზღვის სანაპიროზე დილით ადრე და გვიან საღამოს გახვალთ. დღის განმავლობაში კი მათთვის სანაპიროზე გასვლა და მზის მწველი სხივების ქვეშ წოლა, დაუშვებელი და საშიშია.
– პირად საუბარში „საკურორტო დაავადებები“ ახსენეთ და, მათ შორის – შემთხვევითი სქესობრივი კავშირები. ამ დროს რომელი ვირუსული პათოლოგიით დასნებოვნების საფრთხე იმატებს?
– დასასვენებლად ყოფნის დროს, უნდა მოერიდოთ შემთხვევით სქესობრივ ურთიერთობებს, რადგან ჩნდება ინფექციების გადადების საშიშროება, გენიტალიური ჰერპესი იქნება ეს თუ პაპილომავირუსი. სამწუხაროდ, არც ერთი არ ექვემდებარება განკურნებას და ეს წინასწარ უნდა იცოდეთ, სანამ თავს დაიავადებთ წუთიერი სიამოვნების გამო. გენიტალიური ჰერპესი სქესობრივი გზით გადადის. შესაძლოა, ადამიანმა მთელი ცხოვრება ატაროს ფარულად, მაგრამ არ იცოდეს მისი არსებობა. ამ დაავადებას შესწევს უნარი, ცხოვრების წესი შეგიცვალოთ, კერძოდ, ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე, რომელიც მტკივნეულია, ახასიათებს წვა და ვიზუალურადაც ცუდი შესახედავია. ის იწვევს ნევროზს და არ იკურნება. პაპილომავირუსი კი ძალიან გავრცელებულია, თუმცა, მისი საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. მას ახასიათებს კანზე მეჭეჭის სახის და ასევე, სხვა გამონაყარის გაჩენაც. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, მსგავს პრობლემას რომ თავი აარიდოთ, ისე დაგეგმეთ დასვენება, გვერდით ჯანმრთელი, საიმედო, უსაფრთხო და მუდმივი პარტნიორი გყავდეთ, რათა დასვენების დროს არ ეძებოთ შემთხვევითი კონტაქტები. დამიჯერეთ, ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაგიმწაროთ. სხვათა შორის, ახალშობილთა გახშირებული სიკვდილიანობა, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ გართულებულ გენიტალიურ ჰერპესს უკავშირდება.
– ეს დაავადება წყლიდან გადადის თუ მხოლოდ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით?
– ეს დაავადება წყლიდან არ გადადის, ის მხოლოდ დაავადებული ადამიანისგან გადაგედებათ. ასე რომ, თუ სექსი წყალში გექნებათ ან წყლის პირას, მაშინ ამ დაავადებას ბინძურ გარემოს ნუ დააბრალებთ. სამწუხაროდ, დამცავი საშუალებები ყველა ინფექციისგან ვერ იცავს ადამიანს. მაგალითად, შესაძლოა, პაპილომავირუსი კანიდან გადაგედოთ და ამ დროს პრეზერვატივი უსაფრთხო ვერ იქნება. მაგრამ, შიდსსა და სხვა სახიფათო ვირუსულ დაავადებას კი აიცილებთ თავიდან. ბევრს უკვირს, როცა ვამბობ, ვირუსულ პათოლოგიებს სეზონურობა ახასიათებს-მეთქი, მაგრამ, ფაქტია.
– თუ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი მაინც შედგა, ამ დროს როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ დაავადდა?
– თუ დასასვენებლად ყოფნისას შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი დაამყარეთ, იქიდან დაბრუნებულმა, დაახლოებით ორი-სამი თვე, თავი უნდა შეიკავოთ, საყვარელ ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობაზე, რადგან ვირუსის ინკუბაციური პერიოდი სწორედ ამ დროს მოიცავს. მისი პირველი გამოვლინება კი თავის ტკივილი, მაღალი სიცხე და მტკივნეული გამონაყარია. ასევე, ადამიანს ეცვლება განწყობა, ხდება აგრესიული. თუ თავი ვერ შეიკავეთ და თქვენს მეუღლეს ან საყვარელ ადამიანს უღალატეთ კურორტზე ყოფნისას, სანამ მასთან სიამოვნებას მიეცემით, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევები და გამორიცხეთ ნებისმიერი ვირუსული დაავადების შესაძლებლობა.