რა კარიერული გზა გაიარა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ქართუ ბანკიდან“ ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეობამდე
ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი 1974 წელსაა დაბადებული. მან კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრა და 1992-1998 წლებში თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სპეციალობით: აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი. 2005-2007 წლებში კი „სერმა მენეჯმენტის სკოლაში“ გაიარა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის პროგრამა.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1995 წელს იწყება „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“, სადაც მან წამყვან სპეციალისტად 1996 წლამდე იმუშავა, ვიდრე შპს „აუდიტკონსალტინგში” გადავიდოდა, სადაც 1997 წლამდე რევიზორად მუშაობდა. 1997-ში 1999-ის ჩათვლით ,,ქართუ ბანკის“ ხაზინის უფროსი იყო; 1999-2011 წლებში „ბანკ ქართუს“გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დააწინაურეს. 2010 წლიდან კი (2012 წლის ნოემბრამდე) შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ამის პარალელურად, 2011-2012 წლებში ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ ბიზნესგანვითარების დირექტორიც იყო. 2012 წლის ნოემბრამდე შპს „რეშენალ სოლუშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედაც იმუშავა და იმავე პერიოდში, დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის დირექტორადაც; ხოლო 2012 წლის 30 ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ ჩინოვნიკის ამპლუაში პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – ნატალია თევდორაშვილი და სამი შვილი: 1996 წელს დაბადებული იოსები, 2003 წელს დაბადებული ირაკლი და 2008 წელს დაბადებული ნინო.
დიმიტრი ქუმსიშვილის საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე (ფართობი 24 კვ.მ); მეორე საცხოვრებელი ბინა იმავე მისამართზე (ფართობი 34 კვ.მ); საცხოვრებელი ბინა თბილისში, შარტავას ქუჩაზე (ფართობი 189 კვ.მ); საცხოვრებელი სახლი თბილისში, ლამისყანის ქუჩაზე (ფართობი 312 კვ.მ); მიწის ნაკვეთი ლამისყანის ქუჩაზე (ფართობი 451 კვ.მ).
ნატალია თევდორაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფართობი – 55 კვ.მ); მიწის 2 ნაკვეთი წყნეთში, ეგრეთ წოდებული ნუშის ბაღის ტერიტორიაზე (ფართობი 603 და 504 კვ.მ) და საცხოვრებელი ბინა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე (ფართობი 58 კვ. მ). იოსებ ქუმსიშვილს კი დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ფართობი 40 კვ.მ).
დიმიტრი ქუმსიშვილს ჰყავს 2006 წლის ავტომანქანა „მერსედესი“, მის მეუღლეს კი იმავე ასაკის „ჰიუნდაი ტიუსონი“. ასევე, დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს „რიკო კრედიტის“ ორი, საერთო ჯამში, 20 000 აშშ დოლარის ღირებულების თამასუქი, „ქართუ ბანკში“ გახსნილ დეპოზიტზე 1 000 აშშ დოლარს ინახავს, „თი ბი სი ბანკში“ – 20 000 აშშ დოლარს. ნატალია თევდორაშვილსაც ორი დეპოზიტი აქვს, რომლებზეც 40 000 აშშ დოლარი და 4 000 ევრო ერიცხება.
2011 წლის განმავლობაში დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც „ქართუს“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, 89 040 ლარი აიღო, ხოლო, როგორც „კვირის პალიტრის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა, 5 000 ლარი. დიმიტრი ქუმსიშვილმა 2007 წელს „თი ბი სი ბანკიდან“ 110 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო (2012 წლამდე), რომლის მომსახურებაც 2011-ში 13 207 აშშ დოლარი დაუჯდა. მას სხვა შემოსავლიც ჰქონდა: კერძოდ, ავტომანქანა 12 000 აშშ დოლარად გაასხვისა, სამაგიეროდ, 20 000 აშშ დოლარად ახალი ავტომანქანა შეიძინა, ხოლო აქციების რეალიზაციიდან 13 905 ლარი მიიღო. 2014 წლის დეკლარაციის უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილში ცვლილება არ არის. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, 92 350 ლარი აიღო. თამასუქის სარგებელმა 4 528 ლარი შეადგინა, ხოლო შვილის, ირაკლი ქუმსიშვილს სწავლა 5 200 ლარი დაუჯდა. ასევე, როგორც შპს „რეშენად სოლუშენის“ პარტნიორმა, 8 700 ლარი აიღო.