ორჯერ კვერდაკრულები
„ეს ლამაზი მინდორ-ველი ჩემია“…
ჯერჯერობით საქართველოში უცხოელებისთვის 50 000 ჰექტრამდე მიწაა მიყიდული და, ძირითადად, ყიდვა-გაყიდვის ეს აქტები 2012 წელს განხორციელდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ სწორედ 2012-ში დანიის, საქართველოში მიწის ყიდვის მსურველმა, მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა, ჩემი უფლებები ირღვევაო. ჩვენებურმა საკონსტიტუციო სასამართლომაც კვერი დაუკრა.
ამის, ანუ კვერდაკვრის მიუხედავადაც, კანონმდებლებმა 2015 წლამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი დააწესეს, თუმცა ამჯერად ქართულ სასამართლოს ჩვენებურმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა, მიეცით გზა ფართო სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასო. სასამართლომ კვერი ამჯერადაც დაუკრა, არ დაჩაგროთ საქართველოში მიწის შეძენის მსურველი უცხოელებიო.
მეორე მხრივ, თუ ამ ჩვენს ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწის რაოდენობას გავიხსენებთ, ლოგიკურია მისი მიყიდვა მათთვის, ვისაც დამუშავების სურვილი აქვს. მაგრამ, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ პრობლემა მთლად მიწის დამუშავების სურვილი არ არის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ამ უადგილო სწრაფვას უფლებების დაცვისკენ, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი სუნი ასდის.
ასდის, ვინაიდან, მაგალითად, „დანიაში საკმაოდ შეზღუდულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა, განსაზღვრულია ზღვარი და არავის აქვს უფლება, იყიდოს 24 ჰექტარზე მეტი. თუ მეტი უნდა, სჭირდება ნებართვები მთავრობისგან. ეს წესი ვრცელდება ადგილობრივებზეც და უცხოელებზეც. ოღონდ, უცხოელმა ძალიან ბევრ მოთხოვნას უნდა უპასუხოს: უნდა ჰქონდეს აგრარული განათლება, უნდა იყოს ფერმერი და 5 წლის განმავლობაში მაინც უნდა ეწეოდეს ფერმერობას მიწის ყიდვამდე, უნდა ჰქონდეს სოფლად ცხოვრებისა და შრომითი საქმიანობის გამოცდილება და შესაბამისი კაპიტალი.“
მაგალითად, ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება მიწების ცალკეული კანონებით. უცხოელი უძრავი ქონების შეძენისთვის საჭიროებს ნებართვას. ნებართვა კი გაიცემა, თუ ავსტრიის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ინტერესები არ შეილახება და, რაც მთავარია, უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად უნდა იმყოფებოდეს. თუ უცხოელს ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს ავსტრიაში, ის, ზემოთ მოცემულ ნებართვასთან ერთად, საჭიროებს დამატებით ნებართვას, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ. დაახლოებით იგივე რეგულირებაა ავსტრიის მიწების სხვა კანონმდებლობებითაც.
უფრო მკაცრი რეგულაციებია ევროკაშვირის დანარჩენ ქვეყნებში, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რატომ არ ითხოვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ნორმების ევროკავშირულ ნორმებთან დაახლოებას – ვითომ იმიტომ, რომ ამაში გრანტის გამცემი ბუნებაში არ არსებობს?! –