გამძლეობის ასამაღლებლად
უპრეცედენტოდ დაიმედებულები
მართალია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი გამოვკარით, ახლა ჯერი ჩვენზეა, კვლავ განაგრძობენ ჩვენი მეწარმეები თაღლითობასა და უხარისხო პროდუქციის წარმოებას თუ მაღალ-მაღალ სტანდარტებსაც შეეთამაშებიან, მაგრამ, სამაგიეროდ, თითქმის დაზუსტებითაა ცნობილი, რომ სექტემბერში „მაფს“ არ მოგვცემენ. –
არ მოგვცემენ, თუმცა გვაიმედებენ, კერძოდ, როგორც ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი განმარტავს (სხვათა შორის, „ფეისბუქზე“), „უელსის სამიტზე ჩვენ წარმოვადგენთ უპრეცედენტო პაკეტს, რომლითაც საქართველო ალიანსს უფრო ღრმად და მნიშვნელოვნად დაუახლოვდება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა „ნატოს“ არაწევრი ქვეყნების შემთხვევაში.“
იქვე შეგვაგულიანა, რომ „საქართველო უახლოვდება „ნატოს“, შესაძლოა, არა გიგანტური ნაბიჯით, მაგრამ – სტაბილური ტემპებით“ – .
ბ-ნი აპატურაის პრელუდია-შეძახილი გენმდივანმა რასმუსენმაც გაამყარა (ამჯერად „ნატოს“ მინისტერიალის საზეიმო გახსნისას): „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ასპირანტ ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების პროცესში და ამ პროცესს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაჩერებს. აღსანიშნავია საქართველო, რომელსაც ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტს ვთავაზობთ.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ „მაფზე“უკეთესი წინა ხელისუფლების დროს მოვიპოვეთ, ახლა კი, თუ ზემოჩამოთვლილ პატიოსან გვამებს ვერწმუნებით, უკეთესზე უკეთესს გვიმზადებენ (გაძლიერებულ თანამშრომლობასო), სავარაუდოდ, არაჟანს უნდა მივეძალოთ, რომ ღირსეულად გავუძლოთ (გაძლიერებულ პარტნიორობას, რასაკვირველია).