„ჟარკოე“ ქოთანში
საჭირო ინგრედიენტები: 2-2,5 ჭიქა ფქვილი, 6-7 სადილის კოვზი არაჟანი (4 სადილის კოვზი – ცომში, 2-3 – შიგთავსში) 4 სადილის კოვზი მაიონეზი, 100 გრამი მარგარინი, ზეთი, მარილი, 1 ჩაის კოვზი არაყი, 300 გრამი რბილი ღორის ხორცი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 4 ცალი კარტოფილი, 1 ცალი პომიდორი, 2 კბილი ნიორი, გაყინული მწვანე ლობიო – 2 სადილის კოვზი, რეჰანი, ოხრახუში, ტკბილი წითელი წიწაკა, მარილი, შავი პილპილი, ცოტა რძე ან კვერცხის გული ზემოდან მოსასხმელად.
მომზადების წესი: ჯერ აკეთებთ ცომს. ფქვილში შეურიეთ 4 სადილის კოვზი არაჟანი, 4 სადილის კოვზი მაიონეზი, 100 გრამი რბილი მარგარინი, ცოტა მარილი, 1 ჩაის კოვზი არაყი. მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი. შეახვიეთ გამოსაცხობ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. ხორცი დაჭერით მომცრო ნაჭრებად. მოხრაკეთ ცხელ ტაფაზე, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. უყავით მარილი და დაასხით ცხელი წყალი იმდენი, რომ ხორცი ოდნავ დაფაროს. შუშეთ ხუფის ქვეშ, სანამ სანახევროდ არ მოიხარშება. ხახვი, ნიორი და სტაფილო წვრილად დაჭერით. ხორცი გადაწურეთ, ბულიონი შეინახეთ ჭიქაში. დაუმატეთ ზეთი, მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა. დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული ხორცს და შუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და კიდევ ხუთი წუთი შუშეთ. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი იყოს 2/3 და გააბრტყელეთ მრგვლად, 3-5 მილიმეტრ სისქეზე. მოათავსეთ ფორმაში. ნაპირები ცოტა აუმაღლეთ და ამოუწიეთ 6 სანტიმეტრ სიმაღლეზე. სასურველია, ფორმა 12 სანტიმეტრის დიამეტრის იყოს. კარტოფილი დაჭერით მომცრო კუბიკებად. მოათავსეთ ცომზე. ზემოდან წაუსვით არაჟანი, მოაყარეთ ლობიო, შემდეგ მოშუშული ხორცი ბოსტნეულით. ცომის 1/3 გააბრტყელეთ თხლად, მიეცით წრიული ფორმა და დააფარეთ ხორცს. „შეუკარით“ ნაპირები. ცენტრში ამოაღრმავეთ. წაუსვით კვერცხის გული ან რძე, ჩაღრმავებაში კი ცოტა ბულიონი ჩაასხით (50-70 მილილიტრი) გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ აირღუმელში 1 საათის განმავლობაში. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ გამოიღეთ, ჩაღრმავებაში კიდევ ჩაასხით 50 მილილიტრი ბულიონი. დაუკელით ტემპერატურას 150 გრადუსამდე და გამოაცხვეთ სრულ მომზადებამდე.
გააცივეთ ფორმაშივე. შემდეგ, კუთხეში გადახადეთ ცომის „ხუფი“, ჩაასხით დარჩენილი ბულიონი და მოაყარეთ მწვანილი. მიირთვით გამომცხვარ „ხუფთან“ ერთად. იჭმევა მთლიანად, ნოყიერია და გემრიელი.