რა გაანდო გელა ჩარკვიანს ამერიკელმა ასტრონავტმა, რომელმაც „ღმერთი ნახა” და სად „მოათავსა” მან წარსული
გელა ჩარკვიანი აქტიურად აღარ ჩანს საზოგადოებრივ ასპარეზზე – როგორც თავად ამბობს, მისი ასაკისთვის შესაფერისი ცხოვრება აქვს. მას შემდეგ, რაც საკუთარი წარსული „ფაილში” მოათავსა, ყველა პასუხისმგებლობისგან გაითავისუფლა თავი. ცნობილ მამაზე, რომელმაც განსაზღვრა ბევრი რამ, მეფეზე, რომელსაც ყველგან ხვდება, წუხილზე, რომელიც სიმძაფრეს არ კარგავს – გელა ჩარკვიანი ჩვენს ინტერვიუში თავად გიამბობთ.
გელა ჩარკვიანი: ვცხოვრობ ისე, როგორც შეეფერება ჩემს ასაკს – ყველაფრისგან გათავისუფლებული ვარ. ეს ასაკის ყველაზე კარგად განმსაზღვრელი დეფინიციაა, თუმცა, არსებობს სხვა დეფინიციებიც, მათ შორის ის, რომ ყველა შეკითხვაზე იცი პასუხი, მაგრამ, უკვე არავინ აღარ გეკითხება. როცა შენი ცხოვრება მთლიანად განვლილი გაქვს და, მას, რაც იყო, ვერავინ წაგართმევს; როცა წინა ცხოვრება „ფაილში” დევს, უკვე გათავებულია ყველაფერი.
– როგორც ვიცი, კვირის სამი დღე უმცროს შვილიშვილზე ზრუნავთ, უვლით, ასე რომ, სულ გათავისუფლებულს, როგორც თავად უწოდებთ საკუთარ თავს, არ ჰგავხართ.
– ეს ერთადერთი პასუხისმგებლობაა, თანაც, ძალიან სასიამოვნო, რაც მე მაკისრია. ირაკლი აღარ არის, ნანას აღარ ჰყავს მამა. მართლია, მას ჰყავს დედა და ბებია, რომლებიც მისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ, თუ არსებობს ბაბუა, მან აუცილებლად უნდა გააკეთოს ბავშვისთვის რამე. შვილიშვილი კიდევ უფრო სხვა განცდაა, ვიდრე შვილი; სიყვარული ორივე შემთხვევაში ერთნაირია, მაგრამ, ახალგაზრდა ასაკში ბავშვი მშობლისთვის, ასე თუ ისე, ქმნის სიძნელეებს, ბაბუისთვის კი შვილიშვილი არის უფრო „სათამაშო”, რომელიც ძალიან გიყვარს და, გინდა, ყველაფერი გაუკეთო. ბავშვი მომყავს პარასკევს და ჩემთან რჩება სამი დღე. ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი მანქანით ვსარგებლობ და საჭესთან ვჯდები, სხვა დროს ან ტაქსით დავდივარ, ან მეტროს ვამჯობინებ. მეტრო ძალიან მიყვარს, იმიტომ, რომ ის მამაჩემის სახელთან არის დაკავშირებული. სტალინს მამამ მოაწერინა ხელი დადგენილებაზე, რომელიც შემდეგ ვერავინ ვერ შეცვალა. იგივე განცდა მაქვს, როცა გავდივარ ვაკის პარკში, თბილისის ზღვაზე, რადგან, მათი შექმნის იდეებიც მამას ეკუთვნოდა.
– ალბათ, მამა იყო ის ადამიანი, რომელმაც განსაზღვრა თქვენი ცხოვრების გზა.
– ბუნებრივია, მშობლების ცხოვრება განსაზღვრავს შენს ცხოვრებას. როცა იბადები გარემოში, სადაც ყველა გეფერება, გიღიმის და საკუთარი თავი მსოფლიოს ცენტრი გგონია, ამას დადებითი ფაქტორებიც ახლავს და უარყოფითიც. როცა მე დავიბადე, მამა უკვე იყო „ცეკას” პირველი პირი. ჩვენ, შვილებს, გვიწევდა სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება, ხშირად სამთავრობო ლოჟაშიც კი. ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს ლეგენდარული ბორის პაიჭაძე. მოსკოვში ვიყავით ჩასულები – თბილისის „დინამოს” მოსკოვის „დინამოსთან” უნდა ეთამაშა. ფსიქოლოგიურად ყოველთვის უჭირდათ ჩვენებს მოსკოვის „დინამოსთან” თამაში. მახსოვს, მთელი გუნდი მოვიდა საქართველოს წარმომადგენლობაში. 8 წლის ვიყავი, ხელში ტენისის პატარა ბურთი მეჭირა. მახსოვს, ფეხბურთელები რომ შემოვიდნენ, გაიოზ ჯეჯელავას დავუგდე ეს ბურთი. მეორე დღეს სტადიონზე წავედით. ბერიაც იქ იყო. ნახევარი საათი დაესწრო თამაშს, 2:0 ვაგებდით, ადგა და წავიდა – ჩვენი მარცხის შერცხვა. დედაჩემი ძალიან მკაცრი ქალი იყო და სულ გვეუბნებოდა შვილებს: იცოდეთ, ეს ყველაფერი შემთხვევითობააო. იმ დროს მართლაც ასე იყო – დღეს იყავი ვიღაც, ხვალ კი, შესაძლოა, ან დაეხვრიტე, ან ციმბირში ამოგეყო თავი. ცხოვრების ერთ-ერთი მთვარი მახასიათებელიც ხომ ესაა – დიდება წარმავალია. მით უმეტეს, ბავშვს არ გაქვს გაგება, რა არის სამყარო, ცხოვრება; ასე რომ, 13 წლამდე მეც მეგონა საკუთარი თავი მსოფლიოს ცენტრი (იცინის). მამა გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ჩვენ საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით და ხუთი წელი იქ ვიცხოვრეთ, იქ დავამთავრე სკოლა. მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ არქიტექტორი გამოვსულიყავი, რადგან, კარგად ვხატავდი და, თან, ეს მისი ოცნებაც იყო. „გეპეიში” ვსწავლობდი არქიტექტურულზე, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და უცხო ენების ინსტიტუტში გადავედი. პარადოქსია, რომ საქართველოში უცხო ენათა ინსტიტუტი შეიქმნა 1949 წელს, როცა აქ უცხოელების ჭაჭანება არ იყო, არ ჩამოდიოდნენ დიპლომატები. სხვათა შორის, ამ ინსტიტუტის შექმნის იდეაც მამას ეკუთვნოდა, მას და ვლადიმერ მაჭავარიანს, ვინც იყო ამ ინსტიტუტის პირველი რექტორი. მე მახსოვს კიდეც მათი საუბარი ჩვენს სახლში: შეიძლება, ეს ენა ვერ გამოიყენონ სამსახურში, მაგრამ, ინსტიტუტში ისწავლის ბევრი ქალი, რომლებიც შეძლებენ, შვილებს სახლში ასწავლონ ინგლისურიო. ეს მართლაც ასე აღმოჩნდა მომავალში.
– იმ „ფაილში”, რომელშიც თქვენი წარსული მოათავსეთ, ყველაზე ძვირფასი და ღირებული რა არის?
– ასე არ მაქვს დალაგებული, რა უფრო ძვირფასია, რა უფრო ღირებული; ასეთი ბევრი რამ არის. არ ვუჩივი ჩემს ცხოვრებას – მე მქონდა კარგი ცხოვრება, თუ არ ჩავთვლით ბოლო წლების ტრაგედიებს. რაც მომინდომებია, ყველაფერი მქონდა. მინდოდა ოჯახური ბედნიერება და მოსიყვარულე ცოლი მყავდა; მინდოდა ლამაზი და ნიჭიერი შვილები – ესეც ამისრულდა და ეს უკვე ყველაფრის საფუძველია.
– თქვენ როგორი მამობა გაუწიეთ ირაკლი ჩარკვიანს, თქვენ რაში განსაზღვრეთ მისი ცხოვრების გზა?
– ირაკლის თავიდანვე ვაძლევდი სრულ შემოქმედებით თავისუფლებას და ყოველთვის ვაძლევდი სტიმულს მის შემოქმედებით უნარს. როცა ადამიანი ირჩევს რომელიმე შემოქმედებით სფეროს – მუსიკას, პოეზიას და ასე შემდეგ. იდეების გენერირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი შერჩევა, რაც უკვე გემოვნების საკითხია. მე ვეთამაშებოდი სპეციალურ თამაშებს, მაგალითად, რითმობანას, პარადოქსობანას. მაგრამ, მარტო თამაში არ გიშველის, თუ ნიჭი არ გაქვს; ირაკლი ძალიან ნიჭიერი იყო, ამას გარდა, სახლშიც ასეთი ატმოსფერო გვქონდა – სამსახურიდან მოსული ხშირად ვიჯექი როიალთან, დროდადრო ლექსს ვწერდი, ირაკლი ამ ყველაფერს თავისი თვალით ხედავდა და ფიქრობდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. სხვა მხრივ, არც მე და არც ჩემი მეუღლე შვილების ცხოვრებაში არ ვერეოდით. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ყოველი ადამიანის არჩევანი მისი საკუთარი არჩევანია და, თუ ამაში ხელს შეუშლი, დაღუპავ მას. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ირაკლი იყო პიროვნება, რომელიც ქმნიდა ნამდვილ, კარგ და რთულ ხელოვნებას, სხვათა შორის, ყველა სფეროში, და, ვცდილობდით, ყოფითი თემებით არ შეგვეშალა მისთვის ხელი. ვამბობდით – ეს რომ ოჯახის შენახვას გადაჰყვეს, მისი შემოქმედებითი ცხოვრება ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც არის. იმის გამო, რომ ამ ცხოვრებას არ მოსწყვეტოდა, ჩვენ ვეხმარებოდით ირაკლის ფინანსურად – ყოველ კვირას ვაძლევდით რაღაც თანხას, რაც მის ოჯახს ჰყოფნიდა. ისინი ყოველ შაბათს მოდიოდნენ ჩვენთან ოჯახურ სადილზე – ეს ტრადიცია ჩვენთან განსაკუთრებულად იყო დაცული. დღეს ამ ტრადიციას განაგრძობენ ჩემი მეგობრები – მე მიყვარს, როცა ჩემთან ხალხია.
– ცხოვრების ძალიან აქტიური წლები გქონდათ და მათი „ნაწილი” ამ თქვენს დიდ გალერეაშია გამოფენილი. დღეს რთული არ არის პასიურ რეჟიმში ცხოვრება?
– ახლა ჩემი ცხოვრება არც ისე პასიურია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, პირიქით, მინდა, რომ უფრო პასიურიც იყოს. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც ძველს მისტირიან და ხშირად იციან თქმა: „უჰ, ჩემს დროს რა კარგი იყო!” – ეს შეგრძნება არ მაქვს, ასე არაა. საკუთარი თავის მოტყუებაა, რომ ჩვენს დროს რამე უკეთესად იყო, ვიდრე დღესაა. მაშინაც იყო ბრძოლა ყველაფრისთვის, დასმენა, ღალატი. ადამიანი არის ადამიანი ყველა დროში და ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს – ამ ასაკში უფრო სხვა თემებზე ხარ კონცენტრირებული, მეტს ფიქრობ სამყაროზე, იმაზე, თუ რატომ ვართ მოსულები. ის აქტიური წლები აქ, ამ კედლებზეა გამოფენილი, ამერიკის მარტო ხუთი პრეზიდენტია აქ, ვისთანაც ვარ შეხვედრილი.
– „აქაა” ლეგენდარული ასტრონავტი მიტჩელი, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, „ღმერთი ჰყავდა ნანახი”
– მიტჩელი ძალიან საინტერესო ადამიანი და ასტრონავტი იყო. ის თბილისშიც იყო ჩამოსული. მაშინ მასზე ლეგენდები დადიოდა, იმასაც ამბობდნენ, ღმერთი დაინახაო, რაც, ბუნებრივია, შეუძლებელია. მიტჩელი ბუნებით მგრძნობიარე კაცი იყო, მითხრა, როცა მთვარეს ვუახლოვდებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამყარო ერთიანია და მისი პულსი მესმისო. მოგვიანებით მიტჩელმა შექმნა ნოეტიკის ინსტიტუტი, სადაც ხდება კვლევები სამყაროს ერთიანობის შესახებ.
– თქვენი ნებართვით, თქვენთვის მძიმე თემაზეც გკითხავთ: მეუღლის გარდაცვალების შემდეგ როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება?
– რომ არა ეს ტრაგედიები, მე დღეს ვიქნებოდი აბსოლუტურად ბედნიერი ადამიანი. ამ ტრაგედიების შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან დამძიმდა, ხშირად მაწუხებს ემოციები. ამას წინათ ირაკლის საღამო მოეწყო რუსთავში, ქალების დაწესებულებაში, რაც ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ირაკლი ხშირად მხვდება, მხვდება ყველგან. არ არის დღე და არ არის საათი, არ მახსოვდეს ნანა და ირაკლი. ირაკლის თვითონ წარმოედგინა თავისი სიკვდილი, სხვანაირად ხედავდა ამას, ფილოსოფიურად აღიქვამდა გარდაცვალებას. მას არ უნდოდა, ყოფილიყო ხანშიშესული ირაკლი... ნანას ძალიან უყვარდა ცხოვრება, ვერც წარმოედგინა, რომ უცებ, შეიძლებოდა, მომკვდარიყო, ის იყო დიდი ბავშვი, ამიტომ, შეცოდებით ნანა უფრო მეცოდება. სახლში ყველგან ნანას ფოტოები მიკიდია. მწუხარება ყველას სხვადსახვანაირად გადააქვს: ზოგი ცდილობს, როგორმე აირიდოს დარდი თავიდან, ხშირად არ შეხედოს საყვარელი ადამიანის ფოტოს და ასე შემდეგ, რომ, რაც შეიძლება, ნაკლებად გაიხსენოს რამე. მე ასე არ ვარ; უფრო მეტად დავიტანჯებოდი, თუ ვიგრძნობდი, რომ ჩემს მწუხარებაში სიმძაფრე აღარ არის. თუ ზოგჯერ ლაღად ვიგრძნობ თავს, ხელად საშინელი სინდისის ქენჯნა მეწყება და ჩემთვის ასე ჯობია. ნანა ძალიან საიმედო თანამგზავრი იყო, არ იყო ამბიციური. კატასავით ინტუიცია ჰქონდა, კარგად იცოდა კეთილი და ბოროტი. როგორც კი შეხედავდა ადამიანს, გეტყოდა, მოყვარე იყო ის თუ მტერი. მე ამაში ისე ვერ ვიყავი გარკვეული, უფრო რაციონალური ვიყავი, ჭკუით უფრო ვსჯიდი, ვიდრე გულით. გულმა იცის ის სიმართლე, რომელსაც ტვინი ვერასდროს მისწვდებაო, – ამბობს ერთი დიდი ფილოსოფოსი. ჩვენ ყველა სადღაც მივდიოდით და ჩამოვდიოდით, ნანა კი იყო ღუზა, რომელიც აჩერებს გემს, მასზე იყო აგებული ჩვენი ყველას ცხოვრება, რომელიც სულ იცვლებოდა და ამ ცვლილებებში უცვლელი იყო ნანა.