კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადადგა ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი

ევროპაში ტენდენცია გრძელდება, მოხუცები ადგილს უთმობენ ახალგაზრდებს. ნიდერლანდებისა და ბელგიის სამეფოების შემდგომ, სადაც მონარქებმა შვილებს დაუთმეს ტახტი, ახლა უკვე ესპანეთის 76 წლის მეფემ გააკეთა განცხადება შვილის სასარგებლოდ გადადგომის შესახებ. 

ესპანეთის აწ უკვე ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი დაიბადა 1938 წლის 5 იანვარს რომში. მისი ბაბუა იყო მეფე ალფონსო მეცამეტე. მათი დინასტიის გვარია ბურბონი. 

ალფონსო მეცამეტე 1931 წელს არჩევნების შედეგად გადააყენეს. ქვეყანაში დამყარდა რესპუბლიკა. 1939 წელს ნაციონალისტურმა ძალებმა დაამხეს ინტერნაციონალისტურ-სოციალისტური რესპუბლიკა და ქვეყანაში დამყარდა კათოლიკური პრინციპების ნაციონალისტური ხელისუფლება, რომელსაც „ფალანგისტურ” რეჟიმს (მმართველი ნაციონალისტური პარტიის სახელის მიხედვით), ან ფრანკოს დიქტატურას უწოდებენ.  

ქვეყნის მეთაურმა („კაუდილიო”), დიდგვაროვანმა გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ სახელმწიფოში დაამყარა მკაცრი დისციპლინა. ფრანკომ ესპანეთი გადაარჩინა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისგან. ამით ქვეყანა გადაურჩა ნგრევას, უამრავ ადამიანურ მსხვერპლს, ოკუპაციას გამარჯვებული ამერიკელებისა და ინგლისელებისგან. რაც მთავარია, ქვეყანა გადარჩა დაშლას. 

 ფრანკოს კარგად  ესმოდა, რომ მისი სიკვდილის  შემდეგ ქვეყანა უნდა  დადგომოდა დემოკრატიისა  და ეროვნულობის ისეთ  გზას, რომელიც დააკმაყოფილებდა  მის მომხრეებსაც და უამრავ  მოწინააღმდეგესაც, რომელნიც  მის სიცოცხლეში, მართალია, ხმას ვერ იღებდნენ, მაგრამ  მისი სიკვდილის მერე  აუცილებლად წამოჰყოფდნენ  თავს. ამიტომ, გადაწყვიტა  მონარქიის აღდგენა. ფრანკომ  ესპანეთის ყოფილი მეფის  შვილს, სამეფო ოჯახის უფროსს, ბარსელონის გრაფს, დონ ხუანს შესთავაზა მისი ძის, ხუან კარლოსის სამეფოდ აღზრდა. 

დონ ხუანი ფრანკოს მტერი იყო და მის წინააღმდეგ შეთქმულებაშიც მონაწილეობდა, თუმცა, ბარსელონის გრაფი ამ წინადადებას მაინც დათანხმდა.

მანამდე, ხუან კარლოსი იზრდებოდა იტალიასა და პორტუგალიაში, რადგან მის ოჯახს ემიგრაციაში მოუწია წასვლა მეფის ხელისუფლების დამხობის გამო.

1947 წელს, „ფალანგისტური” ესპანეთის სახელმწიფოს  მეთაურმა – კაუდილიო ფრანცისკო  ფრანკომ ესპანეთში მონარქიის  აღდგენა გამოაცხადა. თუმცა, მეფედ არავინ უკურთხებიათ. მეფე ფრანკოს სიკვდილის  შემდეგ დაიკავებდა ტახტს, ჯერ კი სამოქალაქო ომის  შემდგომი კრიზისი იყო  გადასალახი. ფრანკო ხუან  კარლოსს სამეფო  ტახტზე ასაყვანად ზრდიდა. ამ დროს ხუან კარლოსის მამა ისევ ეწინააღმდეგებოდა ფრანკოს და მისი ეს ნაბიჯი თავისი უფლებების შელახვად ჩათვალა.

1948 წლიდან ხუან კარლოსი და მისი უმცროსი ძმა – ინფანტი ალფონსო განათლებას ესპანეთში იღებდნენ, გენერალ ფრანკოს ზედამხედველობითა და პატრონაჟით. 

მომავალი ხელმწიფე სწავლობდა სან-ისიდორეს სახელობის სკოლაში, რომელიც 1954 წელს დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა სარაგოსაში სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიაში და გახდა მფრინავი. ხუან კარლოს პირველი საკმაოდ გამოცდილი საჰაერო პილოტია, რომელსაც 10 ათასი საათი აქვს ჰაერში გატარებული, მათ შორის 3740 - ვერტმფრენებით. მისი სამხედრო კარიერა დაიწყო, როგორც ვთქვით, 1955 წელს ფეხოსანთა, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და საჰაერო-სამხედრო ძალთა აკადემიებსა და სამხედრო სკოლებში სწავლის დროიდან. მის პატივსაცემად აგებულია ესპანეთის  უნივერსალური სადესანტო ხომალდი „ხუან კარლოს I“. აქვს 50-წლიანი საავიაციო სტაჟი.

შემდეგ, მომავალმა მეფემ სწავლა მადრიდის უნივერსიტეტში განაგრძო.

1956 წელს მოხდა უბედური  შემთხევა, პორტუგალიაში  დასვენების დროს, იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო, გარდაიცვალა ხუან კარლოსის უმცროსი ძმა, 14 წლის ინფანტი ალფონსო. დეტალები უცნობია, ოფიციალური ინფორმაციით, იარაღი თავად ალფონსიტოს გაუვარდა წმენდის დროს.

რთული ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდა ხუან კარლოსს, არც მამა უნდა გაებრაზებინა და არც – კაუდილიო. ის ცდილობდა, ყურადღება ზედმეტად არ მიექცია და არავინ გადაემტერებინა. ხშირად ქარაფშუტა, ოდნავ არასერიოზულ, მოსულელო პრინცად წარმოაჩენდა თავს, რაც მერე აღიარა კიდეც... თვალწინ მოუკვდა უმცროსი ძმაც...

1962 წლის 12 მაისს ხუან  კარლოსი დაქორწინდა საბერძნეთის  მეფის, პავლე პირველის ასულ  სოფიაზე. სოფია გლიუკსბურგების გვარიდანაა. დანიის ამ სამეფო გვარის წარმომადგენლები, ასევე გამეფდნენ საბერძნეთსა და ნორვეგიაში. 

ინფანტ ხუან კარლოსს და ინფანტა სოფიას სამი შვილი შეეძინათ: ინფანტა ელენე (1963), ინფანტა ქრისტინა (1965) და ტახტის მემკვიდრე ფილიპე, ასტურიის პრინცი (1968). 

1969 წელს ფრანკომ 31 წლის ხუან კარლოსი ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ დანიშნა. ხუან კარლოსი უნდა გამეფებულიყო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ. 

კაუდილიოს გარდაცვალების შემდეგ, ხუან კარლოსი ესპანეთის ტახტზე მართლაც ავიდა – 1975 წლის 22 ნოემბერს. მის გამეფებაზე პროტესტი გამოთქვა მამამისმა, ბარსელონის გრაფმა და კარგა ხანს არ თვლიდა შვილს კანონიერ მეფედ. მას მომხრეებიც ჰყავდა, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ტახტის ნამდვილი, რიგით პირველი მემკვიდრე იყო დონ ხუანი.

თუმცა, მას მერე, რაც ფრანკოს რეჟიმი შეცვალა ხუან კარლოსმა და დემოკრატიის გზას დაადგა, გამოაცხადა თავი არა ფრანკოს, არამედ დინასტიის მემკვიდრედ, მოახდინა პოლიტიკური პარტიების ლეგალიზება, ბარსელონის გრაფი 1977 წელს დაბრუნდა სამშობლოში და აღიარა თავისი შვილი მეფედ.

ხუან კარლოსმა გადალახა ყველა წინააღმდეგობა. მეფემ შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა, მან დემოკრატიული რეფორმები გაატარა, რითაც ხალხის გული მოიგო. 1978 წელს მიიღეს ახალი, დემოკრატიული კონსტიტუცია. ავტონომია მიეცა რამდენიმე ეროვნულ მხარეს.

ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცე გამოიჩინა საკმაოდ მალე. 1981 წელს, ფრანკოს რეჟიმის აღდგენის მიზნით, კაუდილიოს თანამზრახველების მხრიდან სამხედრო გადატრიალების მცდელობას, წინ აღუდგა ხუან კარლოს პირველი და ჩაშალა ის. ამის შემდეგ, მან საბოლოოდ მოიპოვა ხალხის სიყვარული. ისინიც კი, ვინც მეფის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, ტელეკამერების წინ გაჰყვიროდნენ: „დღეგრძელი იყოს მეფე ხუან კარლოსი!“. მათ შორის სანტიაგო კარილიო, კომუნისტების ლიდერი.

1982 წლიდან ხუან კარლოსი  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში  თითქმის არ ერეოდა, ის მოიაზრებოდა ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ. 

მეფე ხუან კარლოსი დაკავშირებულია ქართველებთანაც. ის ახლო ნათესავია ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილების მეორე ქორწინებიდან – ბაგრატისა და მარიამისა. ირაკლი ბაგრატიონის მეორე მეუღლე, ესპანეთის ინფანტა (და ბავარიის პრინცესა) მერსედესი, იყო ხუან კარლოსის პაპის, მეფის ალფონსო მეცამეტის დის შვილი. 

ესპანეთში მეფე არის ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი. ხუან კარლოსს აქვს გენერალ-კაპიტნის წოდება. 1975 წლიდან 39 წლის განმავლობაში მეფის, ანუ სახელმწიფოს მეთაურის მძიმე მოვალეობას ხუან კარლოსი ღირსეულად ასრულებდა და ესპანელი ხალხის დიდი უმრავლესობის პატივისცემაც დაიმსახურა. 

ხუან კარლოსს ბოლო ხანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რამდენიმე ოპერაციის გადატანაც მოუხდა. 2012 წელს 4 სექტემბერს მას გაუკეთეს ოპერაცია მარცხენა ფეხის მყესზე ქუსლის მიდამოებში. მანამდე, ივნისში, ესპანეთის მეფეს ოპერაცია გაუკეთეს მარჯვენა მუხლზე. 2010 წელს კი, ფილტვებიდან სიმსივნე ამოაჭრეს. 

ბოლო ხანს, ხუან კარლოსს პრობლემები შეუქმნა სიძემ, ინფანტა კრისტინას ქმარმა, ბასკური წარმოშობის ინიაკი ურდანგარინმა, რომელიც კორუფციულ საქმეებში ამხილეს. 

გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ, ეკონომიკური კრიზისის დროს, აფრიკაში სპილოებზე ნადირობა არ მოუწონეს, თუმცა, ხდებოდა თუ არა ეს ბიუჯეტის ხარჯზე, ძნელი სათქმელია. ამასთან, ესპანეთში ისევ წამოყვეს თავი მემარცხენეებმა, რომლებიც ითხოვენ მონარქიის გაუქმებას ან რეფერენდუმს მაინც ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ დაავიწყდათ, როგორ ჩამოყალიბდა მონარქიის პირობებში დემოკრატიული სტრუქტურები, როგორ განვითარდა ესპანეთი ეკონომიკურად და რა საფრთხეები ემუქრება მის ტერიტორიულ მთლიანობას.

შემოდგომაზე კატალონიაში აპირებენ რეფერენდუმის ჩატარებას კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. ეს დიდ პრობლემებს უქმნის ხელისუფლებას და, ალბათ, მეფის ამგვარი ნაბიჯიც, შესაძლოა, გამოწვეულია სურვილით, განამტკიცოს შვილის მეფობა და გააძლიეროს ხელისუფლება.  

თვითონ ხუან კარლოსმა თავისი კანცელარიის თანამშრომლებს განუმარტა (და ეს ცნობილი გახდა, არ დაუმალავთ): „არ მინდა, ვუყურო, როგორ ბერდება ჩემი შვილი პრინცი ჩარლზივით; მინდა, გადავცე გვირგვინი, სანამ ახალგაზრდაა“.

ეს ერთგვარად მინიშნებაც შეიძლება იყოს ბრიტანეთის დედოფლისადმი. თან, აქვე გავიხსენოთ, რომ ხუან კარლოსი გადადგა დედოფალ ელისაბედის კორონაციის დღეს, 2 ივნისს (1953 წელს). 

შესაძლოა, ევროპის პოლიტიკაში რაღაც სერიოზულად იცვლება... 

ვარაუდი: აქვე გავიხსენოთ, რომ პრინცი ჩარლზი ყველაზე მეტად დაუპირისპირდა ვლადიმირ პუტინს – აგრესორს და სეპარატიზმის წამქეზებელს მისთვის მტრულ ევროპაში.

ასეა თუ ისე, გამოთქმა: „მეფე მოკვდა - გაუმარჯოს მეფეს!“ – ევროპაში იცვლება შემდეგი შინაარსის გამოთქმით: „მეფე მოხუცდა! გაუმარჯოს ახალგაზრდა მეფეს“!

ესპანეთის ტახტს იკავებს მეფე ფილიპ VI.

 

скачать dle 11.3