კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ყიდულობს მაღაზიაში სიგარეტს ონისე ონიანისთვის მისი ძაღლი და რატომ გადაიტანა მის გამო 16-ჯერ კლინიკური სიკვდილი

ამბობენ, ცხოველები ადამიანების უანგარო და ყველაზე ერთგული მეგობრები არიანო. თუმცა, მათი მოვლა საკმაოდ რთული საქმეა და თუ  გულით არ გიყვარს, ამას გრძნობენ და შესაბამისადაც რეაგირებენ. მსახიობ ონისე ონიანის სახლში, პირველი სწორედ მისი ოთხფეხა მეგობარი შემოგეგებებათ. მიუხედავად მისი დიდი და, ერთი შეხედვით საშიში ვიზუალისა, საკმაოდ თბილი მასპინძელია. თუ რატომ გადაწყვიტა მისი „გასვანება” ონისე ონიანმა, რატომ უწევს თითქმის ყოველდღიურად საპატარძლოების არჩევა-მოგერიება და ვის გამო გადაიტანა მან 16-ჯერ კლინიკური სიკვდილი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ონისე ონიანი: ბავშვობიდან ვგიჟდები ფრინველებსა და ცხოველებზე. მყავდა კატა, ძაღლები, ჩიტები, თუთიყუშები და მიხარია, რომ ჩემი ბავშვები ამაში მე დამემსგავსნენ. ჩემს კატას კონსტანტინე ერქვა და მოფერებით კოტეს ვეძახდით. ჩიტებს ბორია და ტანია დავარქვი, რადგან რუსეთიდან ჩამომიყვანეს, ძაღლებს კი – ჯეკა და რექსი. ახლა ორი ძაღლი მყავს, მაგრამ ერთი – შავი კოკერსპანიელი, სახელად პეგი, ძიძას გავატანეთ, რადგან ჩემი როკი ვერ შეეჩვია, გადაეკიდა და აწვალებდა. ვხუმრობ ხოლმე, პეგი გოგო იყო და გავათხოვე, გვარის გამგრძელებელი, თეთრი ლაბრადორი როკი კი სახლში დავიტოვე-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, პეგი უმზითვოდ კი არ გამისტუმრებია სახლიდან – თან გავატანე ლეიბი, საბანი, ჯამი და ჭურჭელი. მაგრამ, ახლა შავ დღეში ვარ. როკი გაიზარდა და დღე და ღამე საცოლეებს დასდევს. 

– როკის ყელზე უკეთია ყელსაბამი, სადაც სახელი, გვარი და ტელეფონის ნომრებია მითითებული. როგორც ვხვდები, ის შენს გვარს ატარებს.

– დიახ, ასეა, როკი ჩემს გვარს – ონიანს ატარებს და ყელსაბამზე ჩემი ტელეფონის ნომრებია ამოტვიფრული. იმდენჯერ დაიკარგა, უკვე გადამრია და გადავწყვიტე, გვარიც მიმეცა მისთვის, ოფიციალურ შვილად მეღიარებინა და ტელეფონის ნომერიც დამეფიქსირებინა, რომ დაკარგვის შემთხვევაში უკან დააბრუნონ. როკი ექვსი წლისაა. სულ პირველად რომ დაიკარგა, სამი დღე ვერ ვპოულობდი და ეს დრო ჩემთვის ჯოჯოხეთად, სამ საუკუნედ იქცა. ელიზბარაშვილები გაახაროს ღმერთმა, იმათ მომიყვანეს. წყნეთში ყოფილა ყმაწვილი წაბრძანებული „გოგონებთან” ერთად და „გულაობდა,” მე კიდევ აქ მასულიერებდნენ. სასაცილო იცით, რა იყო? რომ დამირეკეს, წყნეთში ვიპოვეთო, ისე ჩავხტი მანქანაში, არც კი მიფიქრია წესიერი ტანსაცმლის ჩაცმა. რაც მეცვა სახლში, ლამის ტრუსებით, ანუ დახეული შორტებით,  და მკლავებმოდღლეზილი მაისურით, გავქანდი. თან, გზაში ეს ჩემი თეთრი თმებიც ამებურძგლა. მოკლედ, რომ ვიპოვე, სურათი გადავიღე გახარებულმა და სოციალურ ქსელში დავდე. მეგობარმა დააკომენტარა: გამაგებინე რომელი იყო დაკარგული და რომელი იპოვესო (იცინის). მგონი, თმა რომ გამითეთრდა, როკის ბრალია. ამისმა „გოგონებმა” ხომ სულ გადამრიეს და გამათეთრეს. ვამბობ ხოლმე, კაცს ვერ გიპოვია ქალი გასართობად და როკი რა დღეშია-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, როკი ზურაბ ჟვანიას ძაღლის შვილია. ნინო ქადაგიძემ მაჩუქა და ერთი თვის ასაკიდან ვზრდით. საკმაოდ კარგი და ჯიშიანი წინაპრების შთამომავალია. ჩვენთან კი ისეთი ოჯახური „უჭირავს”, ხმამაღალს როგორ ვაკადრებთ? (იცინის) ისეთი ჭკვიანია, არ მახსოვს, ოდესმე რაიმე დაეღრღნას, გაეფუჭებინოს ან ეტიროს მარტო დარჩენილს. უბრალოდ, იცის ოჯახის კეთილმოსურნე და მტერი – ამაში კარგად ერკვევა და შესაბამისი რეაქციაც აქვს.

– რომელიმე ფილმში ან სერიალში ხომ არ არის როკი გადაღებული?

– კი, როგორ არა! სერიალ „ჩიფსების თაობაში,” ორ სერიაში გამოჩნდა. „რუსთავი 2-ზე” და „ჯიდიესზეც” იყო სტუმრად გადაცემებში. ვხუმრობ ხოლმე, კაცო, ეს ჩემი ძაღლი ზარალია, პოპულარობაში მეცილება, გვარიც დამტყუა და ხელფასის ნახევარს მიჭამს, რა გავაკეთო-მეთქი (იცინის). მაგრამ, ნამდვილად ღირს, ისე მიყვარს და ისე მივეჩვიეთ ერთმანეთს. 

– თქვი, როკი „გავასვანეო”. მისი სვანური ხასიათი რაში გამოიხატება?

– ზუსტად ხვდება, როგორი ადამიანი შემოდის სახლში. თუ ავი თვალი გაქვთ, მტრისას, მის რისხვას ვერ ასცდებით. ყეფას იწყებს, აგრესიული ხდება და ვერ გააჩუმებთ. მაგრამ, თუ დაინახა მეგობრული ხართ, მაშინვე ფერხთით გიწვებათ. ერთგვარი დაცვაა როკი ჩემთვის. სახლის ახლო-მახლო ტერიტორიაზე არ აკარებს უცხოს, „გოგონები”, იცოცხლე, უყვარს (იცინის). ერთ დღეს, დაიკარგა. ვეძებე და ვერ ვნახე, საღამოს გამოვდივარ და რას ვხედავ? მოდის პატარძლით. პატარძალს არ იკითხავთ? დიდი კავკასიური ნაგაზი. აივნიდან ვუყურებდი, გარეთ რა გამომიყვანდა? მოკლედ, ისიყვარულეს და დილის ხუთ საათამდე მაყურყუტეს. არადა, მივხვდი, ისიც პატრონიანი იყო. დავრეკე მუნიციპალურ თავშესაფარში, მოუძებნეს პატრონი და წაიყვანეს. ასე გავუგდე პატარძალი როკის. ასე რომ, თუ სადმე დაიკარგა, ვიცი, პატარძლით უნდა მომადგეს და ამას შევეჩვიე. ერთი გასაგებია, მაგრამ ორი პატარძლით რომ მადგება, აი, მაშინ ვხდები ნამდვილი სვანი (იცინის). გადმოვდგები აივნიდან და ვყვირი, აბა, გაეთრიეთ აქედან, არ დაგინახოთ ჩემმა თვალებმა აქ მეორედ-მეთქი.

– სულ, რამდენჯერ არის დაკარგული?

– 16-ჯერ დაიკარგა და 16-ჯერ გადავიტანე ამის გამო კლინიკური სიკვდილი (იცინის). რაც ყელსაბამი გავუკეთე, დავისვენე. ვიცი, ვერსად დაიკარგება და აუცილებლად მომიყვანენ, თუ თავად ვერ მოაგნო სახლის კარს. დამიჯერეთ, ხან ონკოლოგიური საავადმყოფოდან მომყავს და ხან რესპუბლიკური საავადმყოფოდან. ვბრაზობ,  კაცო, ექიმი ხომ არ არის ეს ჩემი ძაღლი, რას დაძვრება ამ საავადმყოფოებში-მეთქი. როკი ჩემი მესამე „შვილია,” ბავშვივით ვაბანავებ, ვუვლი, ვეფერები, ვასეირნებ, ვღელავ და განვიცდი მასზე. ისეთი შავი მოდის ხანდახან ეს ფითქინა ჩემი „შვილი” „გულაობის” მერე, გული მისკდება. მაგრამ, ვახუშხუშებ და ისევ ისეთი პიწკინა მყავს. მარა, რად გინდა? გაიპარება ბიჭი და ახალდაბანილი, ისევ ამოგანგლული მოდის. 

– ამბობენ, ამ ჯიშის ძაღლები საკმაოდ ჭკვიანებიც არიანო. როკიც ასეთია?

– სულ ვამბობ, ერთ დილასაც რომ გამოვიდე საძინებლიდან და როკი მისაღებში დამხვდეს, სავარძელში ჩამჯდარი, თვალზე სათვალით და ხელში გაზეთით, არ გამიკვირდება-მეთქი, ისეთი ჭკვიანია. „მოდი-წადი” რომ ესმის, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ დაიჯერებთ თუ გეტყვით, რომ მაღაზიაში მეგზავნება სიგარეტის მოსატანად?

– ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებ. აი, გაზეთის ან ჩუსტის მოტანა რომ გეთქვა, კიდევ დავიჯერებდი.

– თქვენ არ გჯერათ და უნდა ნახოთ, კისერზე ყელსაბამზე რომ მივამაგრებ ფულს და ვეტყვი: აბა, როკი მაღაზიაში წადი და მე რომ მინდა, ის სიგარეტი ამომიტანე-მეთქი. რასაკვირველია, გამყიდველს ვერ დაელაპარაკება, მაგრამ ის გაფრთხილებული მყავს და ფულის მაგივრად სიგარეტს ამაგრებს. როკიც მორბის სახლში ნავაჭრით. 

– ოთხფეხა მეგობრის შენახვა ძვირი არ ჯდება?

– არ მკითხოთ, ამან შეჭამა ჩემი ბიუჯეტის ნახევარი! ჩემი ხელფასიდან, თვეში მინიმუმ 200 ლარი, როკის მიაქვს. ძალიან მჭამელები არიან ამ ჯიშის ძაღლები, მაგრამ ხშირად ინაზება და შეიძლება უარი თქვას ჭამაზე. აი, აქ ჩვენი შესაშინებელი მეთოდი გვაქვს ოჯახს. ბავშვი რომ არ ჭამს, ხომ ეუბნებიან, ახლავე ჭამე, თორემ ბუა მოვა და შეგიჭამსო? როკის კი ასე ვაშინებთ: ჩქარა ჭამე, თორემ ბავშვი მოვა და შეგიჭამსო. უნდა ნახოთ, როგორ დაფაცურდება, გარბის და თქვლეფავს. თუ ჯამში საჭმელი აქვს და ტერიტორიას ბავშვი მოუახლოვდა, როკი ეგრევე გარბის და ბოლომდე ჭამს, ჰგონია, ის ბავშვი მისი ულუფის შესაჭმელად მოვიდა (იცინის). არ დამავიწყდება, სამი წლის იყო და ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას აგარაკზე ავიყვანე. ტკიპებმა დამიკბინეს ძაღლი და ისე ცუდად გამიხდა, საავადმყოფოში გამოვაქანე. თითო გადასხმა 80 ლარი დამიჯდა, მაგრამ მაგას დავეძებდი? ჭოლაც გამოგვყვა საავადმყოფოში და სამი დღე თავზე გვადგა. პირველად ვნახე ჭოლა ასეთი უსიტყვო, წარბშეკრული, დაღონებული და სერიოზული, როცა არ ხუმრობდა. მგონი, ჩემი ოჯახის წევრებიდან, ყველაზე მეტად როკი უყვარს (იცინის). სხვათა შორის, ასეთი დაავადება სამჯერ თუ გადაიტანა ძაღლმა, ვეღარ გადარჩება. როკიმ ორჯერ უკვე გადაიტანა და ახლა თვალებში ვუყურებთ, წამალს სულ ვუსვამთ და ვამოწმებთ, სადმე ტკიპამ არ უკბინოს. არადა, ძალიან უყვარს ჭოლას „დაჩაზე” ძუგძუგი. ერთი ტბა არის და იქ იპარება ხოლმე. არ გამიკვირდება, ერთ დღესაც, თევზით რომ მოვიდეს (იცინის). 

 

скачать dle 11.3