კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან უპირებდნენ დაქორწინებას საქართველოს მომავალ მეფეს, იოახიმს

საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობა ბევრ დიდ სტრატეგსა და განათლებულ ადამიანს ესმოდა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნის წყალობით.

1914 წელს გაჩაღდა პირველი მსოფლიო ომი, მასში ჩაერთო რუსეთის იმპერიაც. ქართველი პატრიოტები, რომლებიც ოცნებობდნენ საქართველოს გამოხსნას რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან და ჰქონდათ სერიოზული პოლიტიკური მცდელობებიც რუსული იმპერიის მტრებს დაკავშირებოდნენ,  უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. 

ქართველი გენერალი, დიდი ნაციონალისტი და მონარქისტი შალვა მაღლაკელიძე ერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის. მისი გადმოცემით, გერმანიის იმპერატორმა, ვილჰელმ მეორემ  გადაწყვიტა საქართველოს ფაქტორი გამოეყენებინა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და ქართველ ნაციონალისტებს დახმარება გაუწია.

ამ მიზნით გერმანიაში შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ხუთი კაცი: ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები, ანდრო დეკანოზიშვილი, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი. კომიტეტის თავმჯდომარე გახდა გიორგი მაჩაბელი, ივანე მაჩაბლის ძმისშვილი. გიორგი მაჩაბელი გერმანიაში სწავლობდა და იქ დაუახლოვდა ჰოჰენცოლერნებს, ვიტელსბახებსა და სხვა პრინცებს, ასევე, პოლიტიკოსებს. 

 გერმანული პოლიტიკის მიზანი საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის დახმარების  დროს, თავისთავად ცხადია, იყო საკუთარი ინტერესების რეალიზება, ანუ, რუსეთის იმპერიაში მოკავშირეების მოძებნა და მათი რესურსების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ომშიც და პერსპექტივაშიც. მართლაც, ამ კომიტეტმა არაერთი სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსულ იმპერიას სხვადასხვა მიმართულებით.

ვილჰელმ მეორესა და მის პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ საქართველოს ფასი როგორც სტრატეგიული, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, გადაწყდა, რომ გერმანიის დახმარებით მომხდარიყო საქართველოს გათავისუფლება. ქართველებისგან იქმნებოდა სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც გერმანიის მხარეზე იბრძოლებდნენ. 

 ვილჰელმ მეორის გეგმით, უნდა აღმდგარიყო საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ამ ცნობით – საქართველოს სამეფო. საქართველო უნდა გამოსულიყო რუსეთის იმპერიის გავლენის სფეროდან. ტახტზე ბაგრატიონების აყვანას, ვილჰელმი, რასაკვირველია, არ ფიქრობდა. 

შალვა მაღლაკელიძის თქმით, იმპერატორს გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოს მეფე გამხდარიყო მისი უფროსი ვაჟი, გერმანიის იმპერიის ტახტის მემკვიდრე – იოახიმი. 

მისივე ცნობით, იმპერატორის მეორე შვილი უნდა გამხდარიყო უკრაინის მეფე (ჰეტმანი). ამგვარად, უკრაინაც უნდა ქცეულიყო რუსული იმპერიალიზმის მოწინააღმდეგე სახელმწიფოდ და მისი შემაკავებლად. გარდა ამისა, ამ პროექტში იგეგმებოდა კავკასიის სხვა ხალხების ჩაბმაც. 

ცნობის თანახმად საქართველოში გამეფების მიზნით, იოახიმს დიდი მონდომებით ამზადებდნენ. ერთი პერიოდი ის ჩასული ყოფილა ტრაპიზონში და იქ ხვდებოდა ქართველ მოკავშირეებს.

შალვა მაღლაკელიძის თქმით, იოახიმს ცოლად უნდა შეერთო ქართველი ქალი და კანდიდატურაც შერჩეული იყო – საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წარმომადგენლის, მიშა (მიშო) მაჩაბლის ასული – მარინე მაჩაბელი. გერმანიის იმპერატორის გეგმით, საქართველო გამოცხადდებოდა სამეფოდ, ტახტზე ავიდოდა იოახიმი, დაქორწინდებოდა მარინე მაჩაბელზე და შეიქმნებოდა ახალი დინასტია. 

ერთ-ერთ ამოცანად დასახულ იქნა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, რაც საკუთარ თავზე აიღო ლეო კერესელიძემ, შემდგომში „ვერმახტის” გენერალმა, რომელიც დიდი პატრიოტი იყო. ის დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, დაბომბვის დროს. ერთი პერიოდი ლეო კერესელიძე იოახიმთან ერთად იმყოფებოდა ტრაპიზონში. როგორც ცნობილია, თურქეთი გერმანიის მოკავშირე იყო იმ ომში. მათთან ერთად იყო ლადო სიამაშვილი, რომელსაც თან ჰყოლია ქართველთაგან შექმნილი ათასეული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად – ართვინის ხეობაში ისინი რუსებს ებრძოდნენ.

შალვა მაღლაკელიძე ხაზს უსვამს, რომ იოახიმი იყო იმპერიის მემკვიდრე და, თან, საქართველოს მეფეც იქნებოდა. 

ეს ცნობა მთლად ზუსტი არ უნდა იყოს, იოახიმი არ იყო ტახტის მემკვიდრე, კრონპრინცი გახლდათ მისი უფროსი ძმა – ფრიდრიხი.

ამ დროისათვის იოახიმს უკვე ჰყავდა ცოლ-შვილი – ის 1916 წელს დაქორწინდა. თუმცა, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური მიზნისათვის, მისი მხრიდან რაღაც დათმობები იქნებოდა გათვალისწინებული, მით უფრო, რომ მას პრობლემები ჰქონია ცოლთან.

იოახიმთან დაკავშირებით იყო სხვა იდეაც: უკრაინელი მონარქისტის, ვიაჩისლავ ლიპინსკის (1882-1932) აზრით, უკრაინა უნდა გათავისუფლებულიყო და მისი მეფე (ჰეტმანი) უნდა გამხდარიყო პრინცი იოახიმი.

შესაძლოა, შალვა მაღლაკელიძის ცნობაში სახელი ან და ასევე მემკვიდრეთა თანმიმდევრობაა არეული, თუმცა, ამგვარი პროექტის არსებობა სავსებით დასაშვები და რეალური ჩანს, მით უმეტეს, იმ პერიოდისთვის.  

რუსული დაზვერვის ერთი იმდროინდელი ცნობით, საქართველოს მეფედ მოიაზრებოდა იმპერატორის მეოთხე ვაჟი – ავგუსტ ვილჰელმი. 

ვილჰელმ მეორეს 6 ვაჟი ჰყავდა: 

1. კრონპრინცი ვილჰელმი. ის 1905 წელს დაქორწინდა ჰერცოგინია ცეცილია მაკლენბურგ შვერინგზე. საინტერესოა, რომ გერმანიის იმპერიის დაცემის შემდეგ მხარს უჭერდა ჰიტლერს.

 2. პრინცი ეიტელ ფრიდრიხი. მან 1906 წელს იქორწინა ჰერცოგინია სოფია შარლოტა ოლდენბურგზე. ცოლ-ქმარს არ უყვარდა ერთმანეთი და 1914 წლის ომის წინ უკვე უნდოდათ გაყრა, თუმცა, ვერ მოახერხეს იმპერატორის ნებართვის გარეშე. 1919 წლის 15 მარტს პრინცმა განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. შემდგომში ის იყო ნახევრად გასამხედროებული ეროვნული ორგანიზაციის – „რკინის მუზარადის“ წევრი.

3. ადალბერტი. ის 1914 წელს დაქორწინდა ჰერცოგის შვილიშვილზე პრინცესა ადელაიდა საქსენ-მაინინგენზე.

4. ავგუსტ ვილჰელმი. 1906 წელს ცოლად შეირთო ჰერცოგინია ალექსანდრა ვიქტორია შლეზვინგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი. გაშორდა 1920 წელს. 1927 წლიდან იყო „რკინის მუზარადის“, 1930 წლიდან კი – ნაციონალ-სოციალისტური პარტიის აქტიური წევრი. იყო „შტურმავიკების“ შტანდარტფიურერი და, ჯერ პრუსიის, მერე კი გერმანიის პარლამენტის (რაიხსტაგის) წევრი, ხოლო შემდეგ პრუსიის სახელმწიფო მრჩეველი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკელებმა ის 3 წლით ჩასვეს ციხეში.

5 ოსკარი. პრინცმა ოსკარმა 1914 წელს, სიყვარულით იქორწინა გრაფინია ინე ფონ ბასევიტცზე; ეს იყო მორგანატიკული (არათანაბარი) ქორწინება, რის გამოც დაკარგა მემკვიდრეობის უფლება პრუსიის (გერმანიის) ტახტზე. იყო იოანიტების ორდენის ქერონმაისტერი, 1932 წლიდან კი – გერმანიის ეროვნული სახალხო პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

6. იოახიმი. დაავადებული იყო ეპილეფსიით. 1916 წლის 11 მარტს იქორწინა ანჰალტის ჰერცოგინია მარია ავგუსტაზე. პრინცმა იოახიმმა თავი მოიკლა 1920 წლის 18 ივლისს. ძალიან განიცდიდა მონარქიის დამხობას, ჰქონდა ფინანსური პრობლემები, არ იყო ბედნიერი ოჯახში და გაშორებული იყო ცოლს.

შესაძლოა, ზუსტი არ იყოს ცნობა მაჩაბლის ქალზე და, გერმანელები, შეიძლება, მხოლოდ ფიქრობდნენ გერმანელი პრინცის საქართველოში გამეფებას – ასეთი ფაქტები მომხდარა ევროპაში, როცა გერმანელი პრინცი გამეფებულა სხვა ქვეყანაში; ან, შესაძლოა, რომელიმე პრინცი გაშორებოდა ცოლს და ქართველი ქალი მოეყვანა.

ნამდვილი არის ის, რომ გერმანიის მესვეურები საქართველოს მუდამ დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ, რასაც ადასტურებს გერმანიის დაინტერესება საქართველოს დამოუკიდებლობით 1918 წელს.

1918 წელს რუსეთი, ფაქტობრივად, დამარცხდა მსოფლიო ომში. გერმანიის იმედითა და ხელშეწყობით, ასევე, თურქეთის თანხმობით (სხვათა შორის, თურქეთი ამაში გერმანიამ დაარწმუნა), რათა ბუფერი ჰყოლოდა რუსეთთან, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ძალაუფლება, 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და  გერმანული ჯარები საქართველოში შემოვიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთი მხრივ საოკუპაციო, მეორე მხრივ კი დამოუკიდებლობის გარანტორი  ჯარი იყო ჩვენთვის.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მენშევიკი სოციალ-დემოკრატები განაგებდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთგვარად, იძულებითი ნაბიჯიც კი იყო მენშევიკების მხრიდან. იმ დროს, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, ყველაზე პოპულარულები იყვნენ სოციალ-დემოკრატები (მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც) და ამიტომაც მოხვდნენ ისინი საქართველოს ხელისუფლების სათავეში. 

მონარქისტული ძალები ძალიან სუსტი იყო მაშინდელ საქართველოში. თუმცა, როგორც ჩანს, შეთქმულებაც კი იგეგმებოდა სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ. მონარქისტებს შორის იყვნენ: ვარლამ ჩიქოვანი, კალანდარიშვილი, მაღლაკელიძე და სხვები, რომლებსაც საქართველო სამეფოდ ჰქონდათ წარმოდგენილი. მაგრამ, ვინაიდან გერმანელების გარდა სხვას ვერავის დაეყრდნობოდნენ, რომელიმე გერმანელი პრინცის გამეფებას დაუჭერდნენ მხარს.

1918 წლის ნოემბერში გერმანიაში მოხდა რევოლუცია და ვილჰელმ მეორის ხელისუფლება დაემხო.  მანამდე, ბოლო ხანების განმავლობაში, გერმანიას ძალიან უჭირდა რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა. 

გამარჯვებულმა სახელწიფოებმა კატეგორიულად მოითხოვეს როგორც იმპერატორის, ასევე, გერმანიის ყველა მეფე-მთავრის გადადგომა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ, რადგან, გერმანიის იმპერია სხვადასხვა სამეფო-სამთავროებისგან შედგებოდა. 

დამარცხებული გერმანია იძულებული გახდა, საქართველოდან ჯარი გაეყვანა.

 რომ არა რევოლუცია, გერმანია არ დამარცხდებოდა ამ ომში და საქართველოს ბოლშევიკური საფრთხე ასცილდებოდა. 

1921 წლის 25 თებერვალს, გერმანელებზე გამარჯვებული ინგლისელების გულგრილობითა და თურქეთის თანხმობით, საქართველო რუსეთმა დაიპყრო და თურქეთთან გადაინაწილა ტერიტორიები.

ასე დაამარცხა საქართველოს დამოუკიდებლობისა და შესაძლო მონარქიის იდეა 1918 წლის გერმანიის რევოლუციამ.

შალვა მაღლაკელიძის ცნობით, მარინე მაჩაბელი მისთხოვდა ფრანზონის – იტალიის ყოფილ კონსულს თბილისში. 

 

скачать dle 11.3