ქურდული ცხოვრება
ვასია ბრილიანტი, როგორც უკვე ვთქვი, არ იყო წინააღმდეგი ქურდული ცხოვრების ეკლესიური ცხოვრებით შეცვლის და ამბობდა: პატიოსანი მღვდელი დედამიწის უმაღლესი არსებააო. უმაღლესი არსება კი ძია ვასიას ქვეყნად სიცოცხლის არსებობის მთავარ მცველად, შემნახველად და მამოძრავებელ ძალად მიაჩნდა. დარწმუნებული იყო, რომ, თუ ამქვეყნად პატიოსნება მოისპობოდა, სამყაროს უმართავი ქაოსი მოიცავდა და ადამიანი თვითგანადგურდებოდა. ხშირად ძია ვასიას სიტყვების არსს ბოლომდე ვერ ვწვდებოდი და ისიც მიხსნიდა ხოლმე. სიტყვა „ქაოსის” მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ, დამაბნია „უმართავმა ქაოსმა“ და მას ვკითხე:
– ძია ვასია, ქაოსი ხომ არეულობას, უმართაობას ნიშნავს და, როგორ გავიგო უმართავი ქაოსი, რა, მართული ქაოსიც არსებობს?
მას ჩემს სიტყვებზე გაეღიმა და მითხრა:
– რა თქმა უნდა, არსებობს და ყველაფერს ახლავე, უბრალო ენით აგიხსნი.
– გისმენ, ძია ვასია, ამიხსენი.
– კობრა, ეს ძალიან ადვილია. მართული ქაოსია შუმოკი, ბუნტი ციხესა და ზონაში. მას ჩვენ, ქურდები ვაკონტროლებთ და გარკვეული მიზნის მიღწევის შემდეგ სიტუაციას ვაწყნარებთ. უმართავი ქაოსი კი ისაა, რომ შუმოკი და ბუნტი სტიქიურად ხდება, მას ვერავინ აკონტროლებს და ის ყოველთვის დიდი სისხლისღვრით მთავრდება. ციხე და ზონა ძალიან პატარა მასშტაბებია, მაგრამ, შენ წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი ერთბაშად მოხდეს დედამიწაზე, მაშინ ხომ ყველაფერი წამში დასრულდება და სიცოცხლეც მოისპობა?! ამიტომ, ყველაფერს პატიოსანი მმართველი, მოძღვარი სჭირდება, ასეთი პიროვნება კი ეკლესიის წიაღშია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ღმერთთან. სწორედ ამიტომ არ ვგმობ იმ პატიოსან ქურდს, რომელიც თავის ძველ ცხოვრებაზე უარს იტყვის და ღმერთის გზას დაადგება.
– უპატიოსნო ქურდმა რომ მოინდომოს ეს?
– უპატიოსნო ქურდს თავად ეკლესიის წიაღი უარყოფს. მას იქ, უბრალოდ, არ იღებენ. იქ ყველაფერს ღმერთი განაგებს, მას კი ვერ მოატყუებ.
– ძია ვასია, შეიძლება, ერთი რაღაც გკითხო?
– რა თქმა უნდა, – მითხრა ბრილიანტმა.
– შენზე პატიოსანი ქურდი არ არსებობს და, ნუთუ არასოდეს გსურვებია ეკლესიაში წასვლა?
– ბევრჯერ მიფიქრია ეს, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ამას არ გავაკეთებ.
– რატომ?
ბრილიანტს გაეცინა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა:
– იქ ჩემზე ღირსეული ადამიანები მოღვაწეობენ და, მეც რომ მათ შევუერთდე, აქაურობას ვინ მიხედავს?
აი, მაშინ კი მივხვდი, თუ რა მისია იკისრა ბრილიანტმა, რომელიც ბოლომდე ღირსეულად შეასრულა და თავიც გაწირა. სწორედ რომ, მისი სიკვდილის შემდეგ აირია ქურდული სამყარო. ეს არეულობა კი დღითი დღე უმართავი ქაოსის ფორმებს იღებს და ქურდულ სამყაროს წალეკვით ემუქრება, რაც, საბოლოო ჯამში, უფრო დიდ, გლობალურ ქაოსად შეიძლება გადაიქცეს. მარტო ის რად ღირს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ერთსქესიანი ქორწინებებია კანონით ნებადართული და სატანიზმის ამ უსაშინლეს ფორმას დღევანდელ საქართველოშიც ეყრება საფუძველი... ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ციხე ზოგადი, გლობალური ცხოვრების მიკროსამყაროა. იქაც, ისევე, როგორც აქ, არიან ცუდები და კარგები, პატიოსნები და უპატიოსნოები, ვაჟკაცები და „ქათმები”, მაგრამ იქ „ქათმებს” თავიანთი ვიწრო და ბინძური ნიშა უკავიათ და ამ ნიშას, ამ წითელ ხაზს ვერ გადაკვეთენ. აქ კი ეს წითელი ხაზი უკვე კარგა ხანია, გადაკვეთეს, ჩვენს მოძღვრებად, ჭკუის მასწავლებლებად გამოდიან და ცრუ თანასწრობას ქადაგებენ. ეს მათი ქადაგება კი, სწორედაც რომ, უთანასწორობისკენ მიმავალი სატანური გზაა, რამეთუ თვით შემოქმედმა დააწესა, რომ ქალი უნდა იყოს ქალი, კაცი კი – კაცი და, სწორედ ამ ცნებების აღრევაა უთანასწორობა, დისბალანსი და, საბოლოო ჯამში – გლობალური კატასტროფა...
ერთხელ, იაკუტიის მკაცრი რეჟიმის ზონაში, სადაც ოთხასი პატიმარი ვიხდიდით სასჯელს, დიდი არეულობა მოხდა. ისე გამოვიდა, რომ კოლონიაში სამასამდე „ქათამმა” და ძუკნამ მოიყარა თავი. ერთ მშვენიერ დღეს, ამ მასამ ერთმანეთში მოილაპარაკა, შეიკრა და ჩვენ – ქურდებსა და ქურდული მასტის მიმდევრებს „პრედიავა“ წაგვიყენეს. „პრედიავა“, ანუ, უბრალო ენით რომ ვთქვათ, საკუთარი მოთხოვნები. ძუკნა-ქათმების ოცკაციანი ჯგუფი ქურდულ ბარაკს მოუახლოვდა და მათმა მეთაურმა ქათამმა – ჟანამ, სალაპარაკოდ გამოგვიხმო. ჟანა ორმეტრიანი „ჟლობი“ იყო. სვაბოდაზე ის ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა და მოსწავლე გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვის დაიჭირეს. თავისთავად, მარტო ჟანა არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ, თავისნაირ ჟლობებთან ერთად უკვე დიდი ფიზიკური ძალა იყო და სწორედ ამ ძალაზე დაყრდნობით გამოგვიხმო სალაპარაკოდ. ქათმებთან მოლაპარაკება, მათთან თანასწორი ურთიერთობა ქურდისთვის უკიდურესად დამამცირებელია და ჩვენ არც ვაპირებდით მათთან გასვლას. თუმცა, რაღაც უნდა გვეღონა, თანაც, სასწრაფოდ.
– ქურდებო! გამოდით და დაგველაპარაკეთ, – დასჭექა ჟანამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ საკმაოდ შემართული იყო და ბევრ რამეზე წავიდოდა.
ათიოდე ქურდმა იქვე მოვითათბირეთ, მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ, გავედით და ჟანას ვუთხარით:
– ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ და ისე ილაპარაკეთ. რა იყო, რატომ გამოგვიხმეთ?
– სიტყვა გვაქვს თქვენთან.
– თქვი!
– უნდა მოვილაპარაკოთ, მოთხოვნები გვაქვს.
– რა მოთხოვნები?
– ზონაში ძალაუფლება უნდა გავიყოთ, – მტკიცედ განაცხადა ჟანამ.
– მაინც, რა გსურთ?
– თანასწორობა და მეტი არაფერი.
– მხოლოდ ეს?
– რა, ცოტაა?
– პირიქით, ძალიან ბევრია.
– ჩვენც ბევრნი ვართ, – თქვა ჟანამ და ხელით იმ დანარჩენ ძუკნა-ქათმებზე მიგვითითა, რომლებიც მოშორებით იყვნენ შეჯგუფებულები, – აი, მთელი მასა და თქვენ ანგარიში უნდა გაგვიწიოთ.
– ჟანა, – დავიწყე მე, მაგრამ მან სიტყვა შემაწყვეტინა და შემომიტია:
– ჟანა აღარ დამიძახო!
– გაჩუმდი და მომისმინე. აქ სალაპარაკო ადგილი არაა, ლესაპავალზე (დიდი ხეების ჭრა) რომ გამოხვალთ, იქ მშვიდად ვიბაზროთ. მაგრამ, მხოლოდ ხუთნი მოდით და კონკრეტული მოთხოვნები გვითხარით.
ხეების ჭრაზე ტყეში გავყავდით ბადრაგს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობდით, დანარჩენები კი „დრუჟბით“ ჭრიდნენ უზარმაზარ ხეებს. ორი საათის შემდეგ ჟანა და ოთხი მისი თანამოაზრე ჩვენს კოცონს მოუახლოვდა და მოთხოვნების ჩამოთვლას შეუდგნენ. უცებ, ოცმა ჩვენიანმა ალყა შემოარტყა მათ, რომლებმაც ოთხნი იქვე გაბაწრეს და თოვლზე დაყარეს, ჟანა კი ოთხმა კაცმა გააკავა, მას თავი დაადებინეს კუნძზე და ერთ-ერთმა შემსრულებელმა მას „დრუჟბით“ თავი წაახერხა... ოთხმა გაკოჭილმა პრედიავისტმა საკუთარი თვალით ნახა ჟანას ეგზეკუციის მთელი პროცესი. შემდეგ ისინი ახსნეს, შემსრულებელმა მათ ჟანას მოკვეთილი თავი მიაჩეჩა და კბილებში გამოსცრა:
– ეს თქვენებს ანახვეთ და უთხარით, თავიანთ სოროებს დაუბრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც ასეთი ბედი ელით და, კიდევ: სიტყვა არ დაძრათ ჩემზე, თორემ, უარესს გიზამთ.
ბადრაგი მოსყიდული გვყავდა და ისინი შორს, ზურგშექცევით იდგნენ. პრედიავისტები წავიდნენ და იმავე საღამოს ყველაფერი თავის ჩვეულ ნორმას დაუბრუნდა. ჟანას მკველელი კი „ვერ დაადგინეს“ და საქმე დაიხურა...
სისასტიკე ჩავიდინეთ? რა თქმა უნდა, მაგრამ, ასე რომ არ გვექნა, ჟანა და მისნაირები ჯერ ჩვენს ზონაში აღზევდებოდნენ, შემდეგ კი ეს ტენდენცია მთელ პენიტენციურ სისტემას მოედებოდა და ისეთი ქაოსი შეიქმნებოდა, რომელსაც ვერაფერი აღუდგებოდა წინ. დიდი სისხლი დაიღვრებოდა და მრავალი პატიოსანი, ვაჟკაცი კაცი შეეწირებოდა ყოველივე ამას. ჩვენ კი ეს ბეზპრეძელი უდანაკარგოდ აღვკვეთეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ზონიდან რომ გავთავისუფლდი და „სუფთა ჰაერზე“ გამოვედი, რეჟიმის უფროსმა გამომაცილა და მითხრა:
– შენ არ გეგონოს, რომ ჟანას მკვლელობის ამბავი არ ვიცი და დამნაშავეებს მართლა ვერ მივაგენით.
– ამას მე რატომ მეუბნებით? – კითხვა შევუბრუნე რეჟიმის უფროსს.
– იმიტომ, კობრა, რომ ამ ეგზეკუციის სულისჩამდგმელი შენ ხარ.
– დავუშვათ, ასეა. მერე რა, გინდათ, უკან შემაბრუნოთ?
– სულაც არა, – თავი გააქნია რეჟიმის უფროსმა, – პირიქით, მინდა, მადლობა გადაგიხადო.
– კი მაგრამ, რისთვის მიხდით მადლობას?
– ჟანას გამო.
– ჟანას გამო? რაღაც, ვერ ვხვდები. თუ, თქვენის აზრით, ჟანა მე მოვაკვლევინე, რისთვისაც თქვენ ზემოდან მაგრად შეგახურეს, მადლობის მაგივრად, უნდა მაპატიმრებდეთ.
– შეხურება არაფერია, მთავარი ისაა, რომ პედერასტების თარეში აღკვეთე და მადლობასაც ამიტომ გიხდი. ეს ამბავი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ და ისინი უკვე ვეღარ გაბედავენ მოთხოვნების წაყენებას. მე აქ სახელმწიფოს წარმოვადგენ და, მართალია, პედერასტობა დასჯადი ქმედებაა, მაგრამ, მე და ბევრი ჩემნაირი თქვენსავით ვერ მოიქცევა. ის, რაც არ შემიძლია მე, თქვენ გააკეთეთ და მადლობასაც სწორედ ამის გამო გიხდი. გასაგებია?
– გასაგებია. მშვიდობით, – ვუთხარი რეჟიმის უფროსს და ცხოვრებაში პირველად ჩამოვართვი ხელი ციხის თანამშრომელს. მას გაეცინა და მითხრა:
– ეს დიდი პატივია ჩემთვის. ჩემი ცხოვრების განმავლობაში უამრავი ქურდი მინახავს, ურთიერთობაც მქონია მათთან, მაგრამ, ხელს პირველად ვართმევ.
– მეც პირველად ვართმევ ხელს ციხის თანამშრომელს, – ღიმილით მივუგე მე.
– მაშინ, ჩაიფიქრე რამე, – მითხრა რეჟიმის უფროსმა.
– უკვე ჩავიფიქრე.
– რა?
– დიდება ქურდებს!
– კარგად იყავი, კობრა, მშვიდობით იარე.
მთლად მშვიდობით ვერ ვიარე. ჩავედი თუ არა იაკუტსკში, აეროპორტში ბილეთი შევიძინე და მოსკოვის რეისის მოლოდინში სკამზე ჩამოვჯექი. თბილი ქუდი თავზე წამოვიფარე, ტყავის ჩანთა მხარზე ჩამოვიკიდე და ჩამთვლიმა.
– ეი, მოქალაქევ, გაიღვიძეთ, – ჩამესმა ძილში მამაკაცის ხმა. თვალები რომ გავახილე, ჩემ წინ ატუზულ ზემდეგს მოვკარი თვალი. ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი და მილიციელს მივუგე:
– რა ხდება?
– მე მგონი, ჩანთა მოგპარეს, – მამცნო ზემდეგმა.
– ჩანთა? – გავიმეორე მე.
– დიახ, – მან იატაკზე მიმითითა და დაამატა, – აი, ქამრის გადაჭრილი ნაწილი.
– ღმერთო ჩემო, ჩანთა! – აღმომხდა მე, რადგან, ხუთასი მანეთი, თვითმფრინავის ბილეთი და, რაც მთავარია, გათავისუფლების საბუთი ჩანთაში მედო.
– ესე იგი, გაგქურდეს, – „ბრძნულად“ ჩაილაპარაკა ზემდეგმა და დაამატა: – გთხოვთ, განყოფილებაში გამომყვეთ და განცხადება დაწეროთ, თან, ის ნივთები აღწეროთ, რაც ჩანთაში გელაგათ. ჩვენ კი დამნაშავის პოვნას შევეცდებით.
„ესღა მაკლდა“, – ვთქვი გულში, ახალგაზრდა ზემდეგს კი ვუთხარი:
– აზრი არა აქვს. ბევრი არაფერი მოუპარავთ. გმადლობთ, ამხანაგო მილიციელო. მივემგზავრები და დამაგვიანდება.
უკაპიკოდ ვიყავი დარჩენილი და გადავწყვიტე, მატარებლით მემგზავრა – იმედი მქონდა, რომ გამცილებელს „პოსლეზე“ შევუთანხმდებოდი. ამიტომ, ავდექი, რომ იქაურობას გავცლოდი, მაგრამ აბეზარმა ზემდეგმა კოპები შეკრა და მითხრა:
– თქვენი საბუთები, მოქალაქევ!
– ზემდეგო, რას გადამეკიდე, დავარღვიე რამე?
– მოქალაქევ, საუბთები! – დასჭექა მილიციელმა...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხუთიოდე წუთის შემდეგ უკვე აეროპორტის მილიციის უფროსის კაბინეტში ვიჯექი და უფროსს ველოდი, აბეზარი ზემდეგი კი პირადი მცველივით მდარაჯობდა. უფროსი რომ მოვიდა, ჯერ მე შემათვალიერა, შემდეგ ზემდეგს უთხრა:
– აბა, მაქსიმ, მომახსენე, რაშია საქმე, ვინ მრომიყვანე ამჯერად?
ზემდეგი უფროსს გამოეჯგიმა და უპასუხა:
– ამხანაგო მაიორო, აი, მოქალაქეს ჩანთა მოჰპარეს მოსაცდელ დარბაზში და განცხადების შემოტანა არ სურს.
– არ სურს და მშვიდობით იაროს, – მხიარულად თქვა მაიორმა, – ისედაც ბევრი საქმე გვკიდია და ახალი რაში გვჭირდება?
– ამხანაგო მაიორო, – არ ცხრებოდა მაქსიმი, – მოქალაქე საბუთების ჩვენებაზეც უარს აცხადებს. მე ეს საეჭვოდ მომეჩვენა და დავაკავე.
მაიორი მომიბრუნდა და მითხრა:
– მოქალაქევ, თქვენი საბუთები.
– საიდან, უფროსო, საბუთები ჩანთას გაჰყვა, – მხრები ავიჩეჩე მე.
მაიორს არ გასჭირვებია ჩემი ამოცნობა და, რატომღაც, მხიარულად მითხრა:
– ზეკი (პატიმარი) ხარ?
– ყოფილი ზეკი. ამ დილით გავთავისუფლდი, – ვუთხარი მხიარულ მაიორს.
– სად მიემგზავრებით?
– მოსკოვში.
– დედაქალაქელი ხართ?
– დიახ, მაგრამ, საქართველოს დედაქალაქიდან, – ვუთხარი მაიორს, რომელსაც მხიარული სახე კიდევ უფრო გაებადრა და ქართულად მითხრა:
– მეც თბილისელი ვარ. რომელ უბანში ცხოვრობ?
– მთაწმინდაზე.
– მე კი ორთაჭალელი ვარ, თუმცა, უკვე ოცი წელია, თბილისში აღარ ვცხოვრობ და ჩემი პროფესიის გამო მთელი საბჭოეთი მაქვს მოვლილი. ახლა აქ ვარ, თბილისში კი და მყავს და დედა.
– ძალიან სასიამოვნოა, ზემლიაკები ვყოფილვართ, – ვუთხარი მაიორს.
– რა გქვია, ზემლიაკო?
– კობრა, – ვთქვი მე.
– ვიცი, გამიგია, – რატომღაც სიამაყით მითხრა მაიორმა, – ადრე „მურში“ ვმუშაოდი სტაჟიორად და შენი სახელი პირველად იქ გავიგე.
– გაიგებდით; „მურთან“ მჭიდრო ნაცნობობა მაკავშირებს, – გამეცინა მე.
– ესე იგი, კობრა, ხომ? – ჩაილაპარაკა მაიორმა, შემდეგ გაოცებულ ზემდეგს შეხედა და უთხრა:
– მაქსიმ, წადი და „ნოჟნიცა“ მომიყვანე. ის ახლა სარდაფის ლუდხანაში იქნება და მოპარული ჩანთაც თან ექნება. აბა, ჩქარა, გავარდი!
მაქსიმი გაშპა, მე კი მაიორს ვუთხარი:
– რას მიკეთებ, მაიორო, ნუთუ ფიქრობ, რომ მოპარულ ჩანთას ამოვიცნობ?
მხიარულმა თბილისელმა მაიორმა თვალი ჩამიკრა და მითხრა:
– ნუ განიცდი, კობრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. „მაკრატელა“ ვერც კი შეიტყობს, ვინ გაქურდა. სროკზე ნამდვილად არ გავუშვებ – ის გარეთ უფრო საჭიროა. შენ კი შენი ნივთები ხელუხლებელი დაგიბრუნდება.
ზემლიაკმა პირნათლად შეასრულა პირობა: ნახევარი საათის შემდეგ მოპარული ჩანთა წინ დამიდო, რომლის შიგთავსი მართლაც ხელუხლებელი იყო. რადგან თვითმფრინავში ჩაჯდომა დამაგვიანდა, მან პირადად ამიყვანა ბორტზე, გამომშვიდობების წინ პატარა ხვეული მომცა და მთხოვა:
– კობრა, თბილისში რომ ჩახვალ, გთხოვ, ეს ვინმეს ჩემებთან გაატანო. აქ ჩემი და ჩემი ცოლ-შვილის ფოტოები და ხუთასი მანეთია.
მხიარულ თბილისელ მაიორს გამოვემშვიდობე და ხელი ჩამოვართვი. თბილისში რომ ჩავედი, მის ოჯახში პირადად მივედი და სურათებთან ერთად ფულიც მივიტანე.
– ღმერთმა გაგახაროს, შვილო, შენ ჩემი საშკას ვინ ხარ? – მკითხა მაიორის დედამ, როდესაც გზავნილი გადავეცი.
– ბავშვობის მეგობარი ვარ, დეიდა. ნახვამდის, მეჩქარება.
– შვილო, იქნებ დარჩე, ჩაის დაგალევინებ, კარგი ნამცხვარი მაქვს.
– არა, გმადლობთ, სხვა დროს იყოს. ახლა მართლა ძალიან მეჩქარება. კარგად ბრძანდებოდეთ, – გამოვემშვიდობე მხიარული მაიორის დედას და წამოვედი.
მხიარულ მაიორს რამდენიმე წლის შემდეგ ისევ შევხვდი: როსტოვიდან მოსკოვში მივემგზავრებოდი. „ესვეს“ კუპე მქონდა აღებული და კომფორტულად ვმგზავრობდი. შემდეგ გაჩერებაზე კუპეს კარი გაიღო, აქოშინებული მამაკაცი შემოვიდა ტყავის ჩემოდნით, მომესალმა და, ისე, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს, რადგან ჩემოდანს აბინავებდა, მითხრა:
– როსტოვში ჩაჯდომა ვერ მოვასწარი და კერძო მანქანით ძლივს დავეწიე.
ახალმოსული შემოტრიალდა, დაჯდა და, რომ დამინახა, სახეგაბადრულმა მითხრა:
– კობრა, როგორ ხარ, ზემლიაკო?
– მაიორო, გამარჯობა, – ხელი ჩამოვართვი ძველ ნაცნობს.
– უკვე პოდპოლკოვნიკი ვარ, – შემისწორა მან და დაამატა: – ახლა აქ ვარ, როსტოვში – ჩემს სამშობლოსთან უფრო ახლო გადმომისროლა ბედმა. ოდესმე, ალბათ, მაინც დავბრუნდები თბილისში, მაგრამ, ჯერჯერობით ეს არ ხერხდება.
მე და მხიარულმა მაიორმა იაკუტსკის ინციდენტი გავიხსენეთ, ბევრი ვიცინეთ და ბოლოს ვკითხე:
– თუ საიდუმლო არაა, ნოჟნიცას მაშინ რა ბედი ეწია?
– ვის, ვინც ჩანთა მოგპარა?
– დიახ.
– მან ყველა გადაგვაგდო, – უხალისოდ მომიგო მხიარულმა მაიორმა.
– ეგ როგორ?
– როგორ და, პადლეცურად, – თავი გააქნია მან, – ის დამპალი ხომ ჩემთან თანამშრომლობდა. მოკლედ, რაღაც-რაღაცეების სანაცვლოდ, მე მას არ ვიჭერდი და საქმე აწყობილი გვქონდა. ერთხელ, ის პადლეცი კონსპირაციულ ბინაში შემხვდა და მითხრა:
– საველიჩ, ერთი საქმეა და, თუ გაგვიმართლა, შენც იხეირებ და მეც.
– აბა, თქვი, რა საქმეა.
– მოკლედ, ასე. ხვალ შენ და შენმა ბიჭებმა ერთი პატარა ოპერაცია უნდა ჩაატაროთ, დიდ სარგებელს მიიღებთ და ცოტას მეც თუ გადმომიგდებთ, მადლობელი დაგრჩებით.
– თქვი. დააყენე საშველი – ვუთხარი ნოჟნიცას, მან კი ჩაახველა და თქვა:
– აი, ამ მისამართზე ერთი წამლის ბარიგა ცხოვრობს. ხვალ ის ტავარს მიიღებს და, რომ ააგდებთ და დააყრევინებთ, ცოტა მეც შემახვედრეთ...
ერთი სიტყვით, ბარიგა ავაგდეთ და დალუქულ ჩემოდანთან ერთად, თავისი კურიერის თანხლებით, მილიციაში წავიყვანეთ. ჩემოდანი იქვე ვერ გავხსენით, რადგან რკინის, თანაც, დასვარკული იყო და მთელი პროცედურის ჩატარება მილიციაში გვქონდა განზრახული. კურიერი და ბარიგა დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ, ვინ დაუჯერებდა. ერთი სიტყვით, მილიციაში რომ მივედით და ჩემოდანი გავჭერით, შიგ სამი თითის კომბინაცია დაგვხვდა... უფრო სწორად – ქვიშა. ქვიშაში კი მაკრატელას ხელით დაწერილი ბარათი, რომელშიც ეწერა: „გაგაცურე, სულელო? მთელი ცხოვრება შენზე მამუშავე, ახლა კი ეძიე ნემსი თივის ზვინში“. ერთი სიტყვით, ბარიგა იუველირი აღმოჩნდა და მისი დაჭერა იმისთვის დასჭირდა იმ დამპალს, რომ სახლი ცარიელი ყოფილიყო. შემდეგ ის თავისუფლად შეძვრა ბაითში, პირწმინდად გაასუფთავა და აორთქლდა. დასვარკული ჩემოდანი კი მან გამოატანა კურიერს, რომელსაც ორმოცდაათი მანეთი გადაუხადა.
– მერე?
– რა, მერე, კობრა? ის ახლა ისრაელშია და ბაირამობს.
– რა იცი?
– რა ვიცი და, იმ დამპალმა იქიდანაც გამომიგზავნა წერილი და გულითადად მომიკითხა.
– რას იზამ, ხდება ხოლმე, – ვანუგეშე მხიარული მაიორი და, თემა რომ შემეცვალა, ვკითხე: – ზემდეგი როგორაა?
– ვინ ზემდეგი?
– აი, ის შუსტრი ბიჭი, მგონი, მაქსიმი ერქვა.
– აა, ჩემი მაქსიმკა? – კვლავ სახე გაებადრა „მხიარულს,“ – სწორედ მასთან მივემგზავრები ტულაში.
– მასთან?
– ჰო. ის ჩემი სიძე გახდა. ერთი კვირის წინ შვილიშვილი მაჩუქეს და მოსაკითხად მივდივარ.
ჩვენ მთელი გზა მხიარულად გავატარეთ. ცოტ-ცოტას ვსვამდით კიდეც და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვილაპარაკეთ, მას ჩემი ამბავი ერთხელაც არ უკითხავს. მატარებლიდან ჩასვლის წინ კი ხელი ჩამომართვა და, სანამ წავიდოდა, მითხრა:
– თავს გაუფრთხილდი, ზემლიაკო. შენი ფოტოები ყველა თვალსაჩინო ადგილზეა გაკრული და არ „დაიწვა“...
იმ პერიოდში მორიგი „პაბეგი“ მქონდა აკიდებული, ერთ საქმეზე მეძებდნენ და ვიმალებოდი.
მილიციის პოდპოლკოვნიკის საქციელი რომ კანონის კუთხით შევაფასოთ, მას, რა თქმა უნდა, დანაშაულში ეთვლება და დააშავა, რომ არ დამაპატიმრა. თუმცა, არსებობს უფრო მაღალი სუბსტანცია და ზნეობრივად მან სწორი საქციელი ჩაიდინა. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე მეხება, არამედ, იმას ვუსვამ ხაზს, რომ ზოგჯერ კანონიც კი უნდა დაარღვიო, რათა შეინარჩუნო ზნეობა და ღმერთთან წარდგომისას პირნათელი იყო. იმ „მხიარულის“ ადგილზე, ალბათ, მეც მასავით მოვიქცეოდი და, მართალია, მის ადგილზე ვერასოდეს აღმოვჩნდები, მაგრამ, არც ჩემს ადგილზე დამიშვია ზნეობრივი შეცდომა.
ერთხელ, კიევის ერთი ქურდული მალინიდან, სადაც მე ვიმყოფებოდი, თორმეტი ათასი მანეთი დაიკარგა. ეს ფული 21 წლის „მომავალმა“ მოიპარა და გადამალა, მაგრამ, მე სრულიად შემთხვევით გავიგე ეს. ფული ობშჩიაკს ეკუთვნოდა და ასეთი დანაშაულისთვის ჩვენთან უმკაცრესი სასჯელია გათვალისწინებული. ატყდა ერთი ამბავი, დაიწყო ქურდული გამოძიება და, ბიჭი რომ გაშიფრულიყო, მას ვერავინ უშველიდა. არადა, მას აუცილებლად გაშიფრავდნენ. მე შორიდან ვაკვირდებოდი „კრისას“ და მოთმინებით ველოდებოდი მომენტს. როგორც კი ვასკა (პირობითი სახელი) დავიმარტოხელე, თვალი თვალში გავუყარე და ვკითხე:
– რას იტყვი, ვისზე გაქვს ეჭვი?
– რა ეჭვი?
– როგორ ფიქრობ, ვინ იკრისა?
– არ ვიცი. აქ ისეთი ხალხია შეკრებილი, რომ ეჭვს ვერავიზე მიიტან, – უტიფრად მომიგო მან.
– ვასკა, ფული მოიტანე! ზუსტად ვიცი, რომ შენ აიღე, – ვუთხარი ბიჭს, რომელსაც ფერმა გადაჰკრა. მე კი დავამატე: – სულელო, „დაიწვები,” თავი ხელში აიყვანე. თქვი, ხომ შენ აიღე?
– ჰო, – თქვა ცოცხალ-მკვდარმა ბიჭმა და კვლავ ფერი დაკარგა.
მე რომ სიმართლე გამემხილა, ბიჭს სამუდამოდ მოეჭრებოდა ყველა გზა. მოკვლით არ მოკლავდნენ, მაგრამ, არც ბევრს დააკლებდნენ. ვერ ვიტყვი, შემეცოდა-მეთქი, მაგრამ, ინტუიციამ მიკარნახა, რომ ბიჭი არ გამეთქვა და ვუთხარი:
– არაფერს ვიტყვი, მაგრამ, ფულს დააბრუნებ. თავი კი ხელში აიყვანე, რომ არ დაიწვა, თორემ ვეღარ გიშველი.
ბიჭმა შეძლო თავის შეკავება და იმავე საღამოს ფული მოიტანა. მე კი ისე მოვახერხე, რომ ქურდებმა იფიქრეს, ფული არ დაკარგულაო, ანუ, მაყუთი სხვა ადგილზე შევინახე და ის „იპოვეს“... ეს ამბავი ამით დასრულდა და ჩვენში „კრისა“ არ აღმოჩნდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ორი დღის შემდეგ კი ბიჭს პირისპირ შევხვდი და ვკითხე:
– რატომ იკრისე?
– არ ვიცი, სიხარბემ მძლია. უფრო სწორად, გულაობის სურვილმა.
– ვასკა, ძმაო, კარგად მომისმინე, – ვუთხარი ბიჭს, – წესით, მე შენ ხელს არ უნდა გაფარებდე, მაგრამ, მე თვითონ არ ვიცი, ეს რატომ ჩავიდინე. მე ქურდული წესი დავარღვიე, გამონაკლისი დავუშვი და უწესოდ მოვიქეცი, მაგრამ, ყველა წესს აქვს გამონაკლისი, რომელიც ამ წესს ადასტურებს და, ჩათვალე, რომ შენზე ავანსია გაცემული. მე შენ არც ამის გამო გადაგეღობები ოდესმე წინ და არც არასდროს შეგახსენებ ამ ამბავს, მაგრამ, თუ შენ სულ მცირე არაქურდულ საქციელს ჩაიდენ, იცოდე, რომ ჩემზე საშიში და სასტიკი მტერი არ გეყოლება და გაგანადგურებ!
– გასაგებია, კობრა. შენი მადლიერი ვარ და აღარასოდეს მივქარავ, – მითხრა ვასკამ და წავიდა.
წლების მერე ვასკა ქურდი გახდა. დღეს ის დიდი ავტორიტეტია და ძალიან პატივცემული ქურდი. ერთხელ მან დამიმარტოხელა და მკითხა:
– კობრა, მაშინ რატომ დამინდე?
– ალბათ, იმიტომ, რომ კარგი კაცი გამოსულიყავი და არც შევმცდარვარ.
– კობრა, ძმაო, გულწრფელ მადლობას გიხდი. რომ არა შენ, მე ახლა არარაობა ვიქნებოდი, ან, ვიქნებოდი კი ამქვეყნად?!
– ვასკა, ძმაო, მოვრჩეთ ამ ბაზარს და მეტი აღარასოდეს გაიხსენო. რაც იყო, ის უკვე მორჩა, მორჩა სასიკეთოდ, სიკეთეს კი გაფრთხილება უნდა, – ვუთხარი ვასკას და, მართლაც, მას მეტად აღარც უხსენებია ეს ამბავი.
ჩემი სიტყვები ისე არავინ გაიგოს, რომ ქურდები წამდაუწუმ ვარღვევთ ხოლმე კანონებს და ფილანტროპები ვართ. სულაც არა. ქურდები საკმაოდ დაუნდობლები, მაგრამ, სამართლიანები ვართ, ის კი, რაც ზემოთ ვთქვი, იშვიათი გამონაკლისია და მეტი არაფერი. მე ბევრი ისეთი შემთხვევის გახსენება შემიძლია, როდესაც ყოველგვარი სიბრალულისა და სინდისის ქენჯნის გარეშე დაგვისჯია დამნაშავე. მარტო თავმოხერხილი ჟანა რად ღირს... სხვათა შორის, როდესაც ძია ვასიამ ჟანას ამბავი შეიტყო, თავი გააქნია და მითხრა:
– ძალიან გაგირისკავთ და უნდა გითხრა, რომ გაგიმართლათ.
– რას გულისხმობ, ძია ვასია?
– ჟანას, – თქვა ბრილიანტმა და დაამატა, – მარტო ჟანას დასჯას, შეიძლება, არ ემოქმედა ძუკნა-ქათმებზე და ისინი უფრო მეტად გახელებულიყვნენ. დანარჩენი ოთხისთვისაც უნდა მოგეხერხათ თავები – აი, ეს კი ყოველგვარი მოთხოვნების წაყენების სურვილს დაუკარგავდა მათ.
– ძია ვასია, ხუთი მოკვეთილი თავი, ჩემი აზრით, მეტისმეტი იქნებოდა.
– არა, კობრა, ენდე ჩემს გამოცდილებას. ხუთი ჯობდა. ერთი თავმოკვეთილი – გმირია იმ ბოზების თვალში, ხუთი კი – იმის ნათელი მაგალითი, რომ ქურდებს „ქათმებმა” პრედიავა არ უნდა წაუყენონ. ამიტომ, ჩვენ ბოზებისგან, თუნდაც იმავე ბოზებისთვის, გმირები არ უნდა შევქმნათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ, რამდენიც დააშავებს, იმდენი დაისჯება და ჩვენგან მათ დანდობა არ ექნებათ. ასეა, ძმაო. ეს ცხოვრება ომია, ომში კი დანდობა არ არსებობს.
ძია ვასიას სიტყვებზე დავფიქრდი და დავრწმუნდი, რომ მართალს ამბობდა.
მე არ მსურს, ისე გამიგონ, თითქოს სისასტიკის პროპაგანდას ვეწევი, მაგრამ, თუ „ქათამი” და „ბოზი” დაინდე, ის მაინც არ დაგინდობს და გაგანადგურებს... აბა, რა უნდა მოსთხოვო ბოზს, რომელიც პატიოსან კაცს ან, საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს, ჩაუშვებს და უსამართლოდ გაწირავს? რა უნდა აპატიო იმ „ქათამს,” ვინც ბავშვზე იძალადებს და საკუთარ შვილს გააუპატიურებს? ასეთს კი არ უნდა ელაპარაკო, უნდა გაანადგურო, რადგან, მას უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი და ეს განაჩენი მან საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა.
გაგრძელება შემდგე ნომერში