ყველა კაცი ერთნაირია
ვაებანი სინანულისანი
სახლამდე ჩუმად იარეს. ქეთის ერთი სული ჰქონდა, რამე ეთქვა მოღუშული ქმრისთვის, მაგრამ ვახოს სახის გამომეტყველება ამის შანსს არ უტოვებდა. ქალი ინტუიციურად გრძნობდა, რომ სიტუაცია სერიოზული სკანდალისკენ იხრებოდა – აშკარად ყველაფერი ამაზე მიანიშნებდა და, უსიამოვნო მოლოდინისგან ხელის თითები გაეყინა. სახლში შესული ვახო პირდაპირ საძინებელი ოთახისკენ გაემართა, კარადიდან სამგზავრო ჩანთა გამოიღო და ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა. ზღურბლზე მიყრდნობილმა ქეთიმ ღრმად ჩაისუნთქა და აკანკალებული ხმით ჰკითხა:
– რას აკეთებ, ვახო?..
– ვერ ხედავ? ჩემს ნივთებს ვალაგებ, – უკანმოუხედავად მიუგო ქმარმა.
– რატომ?
– ჰმ, როგორ მეკითხები, რატომო... შენი მხრიდან ასეთი მოჩვენებითი გულუბრყვილობა კიდევ უფრო მაღიზიანებს, მაგრამ, ჩხუბს არ ვაპირებ – ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს, მშვიდად და უხმაუროდ წავალ. კარგს იზამ, თუ ცოტაოდენ კეთილგონიერებას მაინც გამოიჩენ და ხელს არ შემიშლი.
– ვახო, ასე ნუ მელაპარაკები, ძალიან გთხოვ... – ხმაში ცრემლი გამოერია ქეთის.
– ჰმ, „ასე ნუ ელაპარაკები,“ თურმე... ქეთი, მომეშვი, მართლა არ მინდა შენთან ჩხუბი, დავიღალე... იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, დასვენება და სიმშვიდე მჭირდება.
– იმ ყველაფრის შემდეგო, ამბობ... ისეთი რა მოხდა, რომ მტოვებ?
– როგორ არ გრცხვენია, ამას რომ მეკითხები? – ვახო შემობრუნდა. ერთიანად აჭარხლებული იყო და თვალები მასაც ცრემლით ჰქონდა სავსე, – შენი გულისთვის, შენი უპასუხისმგებლო საქციელის გამო, ისეთი რაღაც ჩავიდინე, საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია. ეს როგორ გააკეთე, იმ ლაწირაკთან როგორ მიღალატე?!
– ვახო! – შეჰკივლა ქეთიმ და ქმართან მიიჭრა, – მე შენთვის არ მიღალატია. უნდა დამიჯერო, ძალიან გთხოვ... გემუდარები... უნდა მომისმინო და მენდო!
– მე ერთხელ უკვე გენდე და ძალიან ვნანობ ამას. კიდევ მატყუებ, თვალებში მიყურებ და მატყუებ! განადგურებული ვარ. არ ვიმსახურებდი ამას, მაგრამ, ეტყობა, ჩემი ბრალია. უნდა მეფიქრა, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ძალიან გთხოვ, აღარაფერი თქვა. უარესად ნუ დაამძიმებ სიტუაციას, მშვიდად გამიშვი.
– არა, არა... ვერსად ვერ გაგიშვებ... ვახო, მე შენ მიყვარხარ. მარტო შენ და, სხვა არავინ მჭირდება.
– ჰო?! – ირონიულად ჩაიცინა ვახომ, – მიუხედავდ ამისა, მშვენივრად ხვდებოდი იმ კუნთებდაბერილს, კინოში და კაფეებში დაჰყვებოდი... ჩემ ცხვირწინ ეკეკლუცებოდი და მაბრიყვებდი, ახლა კი მეუბნები, მარტო შენ მიყვარხარო. ამის მერე რაღა მაქვს შენთან სალაპარაკო?!
– მომისმინე, გემუდარები! ისე არ არის, როგორც შენ გგონია, – აქვითინდა ქეთი, – რა მოხდება, რომ დამელაპარაკო?
– რომ იმაზე უარესი მოვისმინო, რაც უკვე ვიცი? ცეცხლს რატომ ეთამაშები, ქეთი?..
– არაფერიც არ იცი... სიმართლე არ იცი... – ქალი ხელების მტვრევას მოჰყვა, – ძალიან ცუდად ვარ... ჰო, გატყუებდი, მაგრამ, არ მიღალატია, ეს შენი სიყვარულის, ჩვენი სიყვარულის გამო გავაკეთე.
– გეყოფა! ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი! – ვახომ ხელები თავზე იტაცა, – ერთ ნაბიჯზე არ ყოფილხარ სანდო. სახლიდან გასული არ ვიყავი, რომ შემცვლელი მომიძებნე... რომ ვფიქრობ ამაზე, სისხლი მივარდება თავში... ახლა ვხვდები, როგორ ხდებიან კაცები საკუთარი ცოლების მკვლელები.
– რას ამბობ, გაგიჟდი?
– ბედი შენი, რომ არ გავგიჟებულვარ, თორემ, ასე არ დაგელაპარაკებოდი. მე თვითონაც მიკვირს, კიდევ როგორ ვარ მშვიდად. მოკლედ, წავედი და რამდენიმე დღე აღარ დამირეკო. მე თვითონ მოვალ, რომ ბავშვზე და გაყრის დეტალებზე დავილაპარაკოთ, – ვახომ ჩანთას ხელი მოჰკიდა და კარისკენ გაემართა.
ქეთი წინ გადაუდგა:
– არ გაგიშვებ!..
– ქეთი, გამატარე... ვერც ცრემლებით, ვერც ხვეწნით ვერაფერს შეცვლი და, იმდენს იზამ, ერთმანეთს მტრებად დავშორდებით. თუმცა, მეგობრებიც რომ ვეღარ ვიქნებით იმ შეურაცხყოფის მერე, რომელიც შენ მომაყენე, ალბათ, ხვდები. მაგრამ, შვილი გვყავს და ეს ბევრ რამეს ცვლის. შენ ჩემი შვილის დედად დარჩები ყოველთვის და ახლა უნდა ვეცადო, ამ აზრს როგორმე შევეგუო.
– ნუ ლაპარაკობ ასე! – მთელი ხმით აღრიალდა ქეთი და კართან იატაკზე დაეშვა, – მომისმინე, მხოლოდ ამას გთხოვ... ერთხელ კიდევ... მომეცი საშუალება, აგიხსნა...
– რა უნდა ამიხსნა, როგორ მატყუებდი? თუ, მეტყვი, რამდენ ადამიანთან დამცინოდი და მამასხარავებდი?!
– არავისთან არ დაგცინოდი... ვახო, მომისმინე... ყველაფერს სიმართლეს გეტყვი. ძალიან ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი.
– ნანობს, თურმე... ჰმ... ჰოდა, დარჩები მაგ შენს სინანულთან ერთად და იფიქრებ, რა დაკარგე... – შეუბრალებლად მიუგო ვახომ და მისი წამოყენება სცადა, რომ კარი გაეღო. მაგრამ ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა... ქეთი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ებღაუჭებოდა ქმარს და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. კაცი მაინც არ შეეპუა... ბოლოს მიაღწია საწადელს – ცოლი გვერდზე გააჩოჩა და კარი გაიჯახუნა. ქეთი ხმამაღლა აბღავლდა... მერე ხმაურზე გაღვიძებულ და ოთახიდან გამოტანტალებულ, ფეხშიშველა და თვალებგაფართოებულ შვილს ჩაეხუტა და უხმოდ განაგრძო ტირილი...
***
ნინიმ ფრთხილად მოჰკიდა ხელი ლევანს მკლავზე:
– ასე ძალიან ნუ ნერვიულობთ... ექიმმა ხომ თქვა, ყველაფერი კარგად იქნებაო...
ლევანმა ამოიოხრა. მერე სიგარეტი ამოიღო მოუკიდა და ამღვრეული მზერა მიაპყრო.
– ჩემი შვილი... შეიძლება მოკვდეს, ნინი, მითხარი, რა ვქნა, როგორ ვუშველო?
– ლევან, არ გინდათ... არ მოკვდება... ექიმები ყველაფერს აკეთებენ. აი, ნახავთ, ლიზაც კარგად იქნება და ბავშვიც, – ნინიმ სცადა, დაემშვიდებინა, მაგრამ, დამაჯერებლობა აკლდა მის სიტყვებს. გიგის შეხედა და სასოწარკვეთილმა ამოიოხრა.
– ლიზამ ინერვიულა... ყველაფერი იმ ჩხუბის ბრალია... ისედაც ძალიან ემოციური გახდა ბოლო დროს... როგორ უხაროდა ეს წვეულება, ემზადებოდა და უნდოდა, ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, თქვენ კი ჩაუშალეთ, – ლევანმა მტრულად შეხედა გიგის, – აგებთ პასუხს, თუ ჩემს ცოლ-შვილს რამე მოუვა?
ნინი გაფითრდა. არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში იყო გიგიც. გიგის ჩუმად ანიშნა, იქნებ, წავიდეთ აქედანო.
– ლევან, რაც მოხდა არავისი ბრალი არ არის. წინასწარ ვის შეუძლია, თქვას, სად როგორ მოიქცევა? დამშვიდდით და ბედს მიენდეთ... მე ვიცი, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდება.
– მე არ მაქვს იმედი... მეშინია, ძალიან მეშინია... ლიზას ან ბავშვს რამე რომ დაემართოთ, თავს არ ვიცოცხლებ, რაღაც საშინელებას ჩავიდენ.
ნინი წამოდგა. აპარატიდან წყალი ჩამოასხა და ლევანს მიუტანა;
– ექიმს ხომ არ ვთხოვო, რამე დამამშვიდებელი მოგვცეს?
ლევანმა თავი გააქნია.
– თქვენ წადით, გვიანია უკვე...
– არა, ვიქნები, – იუარა ნინიმ, – მაინც ვერ მოვისვენებ სახლში.
გიგი აწრიალდა:
– იქნებ ყავა მაინც დავლიოთ. მე წავალ, მივივლ-მოვივლი, შეუძლებელია, აქ სადმე არ იყიდებოდეს, – თქვა და გავიდა.
ნინი და ლევანი მარტონი დარჩნენ. გოგომ უკვე აღარ იცოდა, რა ექნა, ამიტომ, გაჩუმება ამჯობინა. დრო კი უსაშველოდ იწელებოდა. ნინიმ უცებ იგრძნო, რომ ამ ერთმა დღემ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თანაც ისე, რომ ბოლომდე ვერ გააცნობიერა, უნდოდა ეს თუ არა. ახლა კი, როცა საკუთარ თავთან ფაქტობრივად მარტო დარჩა, ცოტათი შეეშინდა. თომა წავიდა... მასთან ყველაფერი დასრულდა და ისევ გიგის გვერდით აღმოჩნდა. იქნებოდა კი ამჯერად მაინც გიგისთან ურთიერთობა სანდო და სტაბილური? – ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა... ამოიოხრა და თვალები დახუჭა... ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ და ლევანის შეძახილმა გამოარკვია:
– რა მოხდა, ექიმო, რა უნდა მითხრათ?
ექიმს დაღლილი და შეფიქრიანებული სახე ჰქონდა.
– ვაჟი შეგეძინათ... თქვენი მეუღლე თავს კარგად გრძნობს. ნახევარი საათის შემდეგ პალატაში გადავიყვანთ და შესძლებთ მის ნახვას.
ლევანი გამოცოცხლდა:
– მართლა? ექიმო, ჩემს ლიზას არაფერი ემუქრება? არ მატყუებთ? კარგად არის?
– დიახ, კარგად არის... სტრესი ნელ-ნელა გაივლის... რაც შეეხება ბავშვს, პრობლემები გვაქვს...
ლევანის აღრთოვანება ერთბაშად ჩაცხრა და მღელვარებისგან ყბა აუკანკალდა.
– მაგით რისი თქმა გინდათ, ექიმო? – დაასწრო შეკითხვა ნინიმ.
– როგორც გითხარით, დღენაკლული დაიბადა. ძალიან მცირე წონის არის და დროებით ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გვეყოლება, მაგრამ, ამას კიდევ არა უშავს... ვფიქრობთ, სისხლის გადასხმა დაგვჭირდება... თქვენს მეუღლეს განსხვავებული ჯგუფი და რეზუსი აქვს. ასეც რომ არ იყოს, ისე სუსტად არის, მისგან სისხლს ვერ ავიღებდით... ბატონო ლევან, იცით, რომელი ჯგუფის სისხლი და როგორი რეზუსი გაქვთ?
კაცი შეყოყმანდა:
– თუ არ ვცდები, მეორე ჯგუფის სისხლი და დადებითი რეზუსი უნდა მქონდეს...
– ანუ, დარწმუნებული არ ხართ... უცნაურია, – მხრები აიჩეჩა ექიმმა და ნინი შესამჩნევად გაფითრდა. ლევანმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ექიმს.
– რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ ბავშვს თქვენი და თქვენი მეუღლისგან განსხვავებული სისხლის ჯგუფი და რეზუსი აქვს. თუმცა, შეიძლება, ცდებით. გადავამოწმოთ?
– ვერ ვხვდები, რა უნდა გადაამოწმოთ?
– თქვენი სისხლის ჯგუფი და რეზუსი. იქნებ, ზუსტად არ გახსოვთ?
– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა... მე მზად ვარ...
ლევანი ექიმს გაჰყვა... დერეფანში შემოსულმა, ყავის ორთქლავარდნილი ჭიქებით დახუნძლულმა გიგიმ გაოცებულმა გახედა ორივეს და ნინის მიუბრუნდა:
– რა ხდება?
– ცუდი ამბავია, – თავი გადააქნია ნინიმ.
– რა? არ მითხრა, რომ ლიზა გარდაიცვალა, – გიგის ლამის ჭიქები დაუცვივდა ხელიდან, თითებიც კი დაიწვა.
– რაფაზე დააწყვე და ნუ იფუფქები. რას ნიშნავს, გარდაიცვალა! პირიქით, ლიზა თავს კარგად გრძნობს. ბავშვიც დაიბადა – ბიჭია, მაგრამ... – ნინი გაჩუმდა.
– რა – „მაგრამ?” თქვი გოგო, ნუ ამომართვი სული...
– ბავშვი ცუდად არის... სისხლის გადასხმა სჭირდება და...
– მერე გადავუსხათ. არ მითხრა, რომ სისხლს ვერ შოულობს ისეთი ყოვლისშემძლე პიროვნება, როგორიც ლევანია, – ირონიულად ჩაიცინა გიგიმ და მაშინვე ინანა, რადგან ნინიმ ავად შეუბღვირა.
– როგორი სულელი ხარ და როგორ მიშლი ნერვებს! სწორედ რომ სისხლშია პრობლემა. ახალშობილს არც დედის სისხლი აქვს, არც მამის... ხვდები ახლა?
– ანუ? – გიგიმ პირი დააღო.
– ანუ, შეიძლება, ბავშვის მამა სხვა იყოს... ჩურჩულზე გადავიდა ნინი, – ოღონდ, ახლა, არ მკითხო, ვინ არის ეს სხვაო, თორემ, გავგიჟდები... მომაწოდე ეგ ყავა, ძალიან ცუდად ვარ.
– ვაა! ეს რა მითხარი, ტო... ესე იგი, ზუკა არ ხუმრობდა, როცა ამბობდა, ლიზა ჩემგან არის ორსულადო? ესეც მაგარი ამბავი...
– ჩუმად, ბიჭო, რა გაყვირებს, არავინ გაიგონოს, – პირზე ხელისგული მიაფარა ნინიმ. გიგიმ აკოცა და გაუღიმა.
– ჩემი ჭკვიანი და ემოციური გოგო... მალე თუ ყველა გაიგებს ამ ამბავს, მე მაინც ჩუმად უნდა ვიყო? ლევანს უკვე უთხრეს?
– სულელი ხარ? ვინ ეტყვის მაგას?!
– აბა, სად წავიდა?
– სისხლი უნდა აუღონ. შეიძლება, ეშლება... ხშირად არ ახსოვთ, რომელი ჯგუფის სისხლი აქვთ.
– მოიცა და, ჩვენ როდემდე უნდა ვიყოთ აქ?
ნინიმ მხრები აიჩეჩა.
– ნახევარ საათში ლიზას ნახვის საშუალებას მოგვცემენ და, მინდოდა, დავლაპარაკებოდი. თან, გაირკვეს ბავშვის ამბავიც.
– ისე, ჩვენი სისხლიც რომ ენახათ? იქნებ, გამოდგეს. თუმცა, როგორც შენ თქვი, თუ ჩემი და ბავშვის სისხლის ჯგუფები ერთმანეთს დაემთხვევა, შარში აღმოვჩნდები. ხომ შეიძლება, ლევანმა იეჭვიანოს, – აქირქილდა გიგი.
ნინიმ წარბი შეიკრა:
– შენ ისევ ისეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო ხარ, ოდნავაც არ შეცვლილხარ. როგორ შეგიძლია, ასე იხუმრო, როცა საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება? ისე ნუ იზამ, ვინანო, რომ შეგირიგდი.
– არა, ღმერთმა დამიფაროს! ეს ისე... წამომცდა.... აუ, ზუკა რა იდიოტია... ისე, ლიზას რა უფლება ჰქონდა, რატომ დაუმალა, ბავშვს მისგან რომ ელოდებოდა?
– ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული და, ძალიან გთხოვ, ზედმეტად ნუ იაქტიურებ. ნუ ჩავერევით იმაში, რაც ჩვენი საქმე არ არის, – გააფრთხილა ნინიმ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში