ქალური შურისძიება
გუგა, თავისდაუნებურად, უცბად დაემორჩილა მზიას სიტყვებს და დაბნეულმა ჰკითხა:
– ამდენი რამე სად წავიღო?
– მე ახლა ყველაფერს ამოვალაგებ და ერთად მოვათავსოთ კარადასა და მაცივარში.
– მაცივარი ჯერ არც კი ჩამირთავს, – გაახსენდა მასპინძელს და სამზარეულოში გავიდა, – თითქმის ორი თვეა, სახლში არ ვყოფილვარ და აქაურობა ძალიან მოუწესრიგებელია, – მობოდიშებით გამოსძახა სტუმარს, როცა მაცივრის კარი გამოაღო და იქ საკმაოდ უსიამოვნო სურათი დახვდა.
– მაშინ, თქვენ ამოალაგეთ ეს ყველაფერი, მე კი მაცივარს მივხედავ, – ქალმა ისეთი უშუალობით შესთავაზა დახმარება, რომ გუგა მაშინვე დაეთანხმა და თან ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ძალიან დიდი ხნის ნაცნობი და ახლობელი ადამიანი ელაპარაკებოდა.
მზიამ ხუთ წუთში გააკრიალა მაცივარი, მალფუჭებადი პროდუქტები კოხტად შეალაგა შიგ და ახლა კარადას მიხედა. ნახევარ საათში გუგას პაწაწინა სამზარეულოს ლაპლაპი გაუდიოდა.
– თქვენ რა, ჯადოსნური ჯოხი გაქვთ? – გუგას აღარც ახსოვდა, მერამდენედ გაოცდა მას შემდეგ, რაც ეს უცნაური გოგო შემოვიდა მის ოთახში.
– არა, უბრალოდ, სწრაფი ხელი მაქვს, – გაეცინა მზიას, – მერე სამზარეულოდან შესაფერისი ჭურჭელი გამოიტანა, გუგას სუფრა გაუწყო და ცარიელი პარკები კოხტად დაკეცა, – ამას ნუ გადაყრით, რამეში გამოგადგებათ. სად შევინახო?
– სამზარეულოში, მაგიდის უჯრაში, – მექანიკურად უპასუხა კაცმა. მერე სუფრას გადახედა და მზიას ჰკითხა: – თქვენ არ დამეწვევით?
– დიდი მადლობა, მაგრამ, ძალიან მეჩქარება. ლობიანი და ხორცეული, რასაც ვერ მოერევით, მაცივარში შეინახეთ; ხაჭაპური და ნამცხვარი კი, შეგიძლიათ, მაგიდაზე დატოვოთ, ხვალამდე არ გაფუჭდება. ჰო, კიდევ რაღაცა გამომატანა ბატონმა გიორგიმ, – მზიამ სწრაფად გახსნა თავისი ჩანთა და იქიდან მომცრო კოლოფი ამოიღო.
– ეს რა არის? – ჰკითხა გუგამ და კოლოფი გარედან შეათვალიერა.
– მობილურია თავისი ნომრით. ბარათი უკვე ჩადებულია და ოცი ლარია ჩარიცხული. ნომერი მეც არ ვიცი. თუ გინდათ, ახლა დარეკეთ ჩემს ნომერზე და, ეკრანზე რომ დაიწერება, მერე გადაიწერეთ ფურცელზე, სანამ დაიმახსოვრებთ, – და მზიამ თავისი ნომერი უკარნახა.
გუგამ თავისი ახალი ნომერი ფურცელზე მიაწერა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
– კოლოფს მაინც ნუ გადააგდებთ, ყოველი შემთხვევისთვის. რა იცით, რაში დაგჭირდებათ, – ეშმაკური ღიმილით უთხრა ქალმა და სკამიდან წამოდგა, – ისე, ახალ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს თუ იყიდით, კარგი იქნება, – მიაძახა კარიდან და მოჩვენებასავით გაუჩინარდა.
გუგა კარგა ხანს გაოგნებული მისჩერებოდა კარს და ვერ გარკვეულიყო, ეს მართლა მოხდა თუ მოელანდა. მერე თვალები მოიფშვნიტა და გაწყობილ მაგიდას შეხედა. იქვე ახალი მობილურის ყუთიც იდო.
– არა, აშკარად არ მომჩვენებია, – თქვა ხმამაღლა, – რაღაც ხდება ჩემს თავს და, ვერ გამიგია – რა. მგონი, უფალი გამოცდას მიწყობს... – მერე ნელი ნაბიჯით გაემართა მაგიდისკენ და გაშლილ სუფრას მიუჯდა. ძალიან შიოდა, მაგრამ, ისე იყო გაოგნებული ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი თითქმის დაუჯერებელი ამბებით, ძლივს გადაყლაპა რამდენიმე ლუკმა. სიგარეტი მოუნდა, მაგრამ, არ ჰქონდა. მაღაზიაში გასვლა დაეზარა. მერე წამოდგა და მექანიკურად აიღო სკამზე ჩამოკიდებული პარკი, რომ გადაეგდო და შიგნით რაღაც გრძელი კოლოფი დაინახა. ამოიღო და კინაღამ ხმამაღლა შეჰყვირა – „მარლბოროს“ მთელი ბლოკი დადო მაგიდაზე და გაოცებით დააცქერდა.
„აღარც მახსოვს, რამდენი წელია, ნორმალური სიგარეტი არ მომიწევია“, – გაიფიქრა, მაშინვე ამოიღო ერთი კოლოფი და ისეთი სასოებით გახსნა, თითქოს ძვირფასი ნივთი ეჭირა ხელში. მერე სამზარეულოში გაიქცა, ასანთი და საფერფლე გამოიტანა, სავარძლის წინ, პაწაწინა მაგიდაზე დააწყო, სავარძელში ჩაჯდა და ნეტარებით გააბოლა. თვალებდახუჭული ეწეოდა და იმ უცნაურ გოგოზე ფიქრობდა, გიორგიმ ამდენი რამე რომ გამოატანა. სამი ღერი ზედიზედ მოწია და მაგიდაზე დადგმული უკვე გაცივებული ყავა დააყოლა, მაგრამ, მაინც ძალიან ესიამოვნა. ცოტა აზრზე რომ მოვიდა, მობილური აიღო, შეათვალიერა და ახლა კოლოფს დასწვდა. იქიდან ტელეფონის დამტენი და პასპორტი ამოიღო და კოლოფის ფსკერზე ვიწრო თეთრი კონვერტი დაინახა. წერილი ეგონა და გაუკვირდა. რაღაც მომენტში ისიც კი გაიფიქრა, შეიძლება, იმ უჩინარმა კეთილმა ფერიამ, რომელმაც ამდენი საოცრება მომიწყო, წერილიც მომწერა, რომელშიც ისიც ეწერება, რა ხდება ჩემს თავს და ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეო, მაგრამ, კონვერტი რომ გახსნა, წერილის ნაცვლად ხუთი ცალი ასლარიანი დახვდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, რატომ უთხრა იმ მხიარულმა გოგომ, მობილურის ყუთი არ გადააგდოო. გუგამ მიშას მეგობრის მოცემული ხუთასი ლარიც ამ ფულთან ერთად მოათავსა და კონვერტი პატარა კომოდის უჯრაში ჩადო. მერე ისიც გაახსენდა, გოგომ კარიდან რომ მოაძახა, ტანსაცმელი იყიდეო. უცებ მართლაც ძალიან მოუნდა, წასულიყო ბაზრობაზე და ერთი ხელი ნორმალური ტანსაცმელი ეყიდა, მაგრამ, რატომღაც, მარტო წასვლა შეეშინდა და იმაზე დაფიქრდა, ვისთვის ეთხოვა წაყოლა. გონების თვალი გადაავლო თავის სანაცნობოს და, ასეთი ვერავინ რომ ვერ აღმოაჩინა, დაღონდა. მერე მობილური აიღო და კარგა ხანს ატრიალა ხელში. დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, ვინმესთვის დაერეკა და, უბრალოდ, დალაპარაკებოდა – ეკითხა, რას შვრები, როგორ ხარო; იმ ვიღაცას კი გახარებოდა მისი ხმის გაგონება და ხმამაღლა ეყვირა – სად დაიკარგე, ბიჭო, ძალიან მომენატრეო. მაგრამ, ისეთი ახლობელი ვერავინ გაიხსენა, ვისაც მისი ხმის გაგონება გაუხარდებოდა და თვალებიდან სიმწრის ცრემლები წამოუვიდა. მიშას მეგობრისთვის ტელეფონის ნომრის გამორთმევა დაავიწყდა, არც პროფესორისა და გიორგის მობილურის ნომრები იცოდა, არადა, ისე უნდოდა გულშემატკივარი ადამიანის ხმის გაგონება, კინაღამ ყვირილი დაიწყო. მერე უცბად გაახსენდა, რომ, იმ გოგომ, მზიამ, თავის ტელეფონზე დაარეკვინა ნომრის გასაგებად და, სიხარულის შეძახილი აღმოხდა.
„მგონი, თქვა, მზია მქვიაო“, – გაიფიქრა და მწვანე ღილაკს ორჯერ დააჭირა თითი. ეკრანზე ცხრა ციფრი გამოისახა – ერთადერთი ნომერი, რომელიც გუგას ტელეფონში იყო ჩაწერილი და რომელზეც მას დარეკვა შეეძლო.
მესამე ზარის შემდეგ მზიას ხალისიანი ხმა გაიგონა:
– გისმენთ, ბატონო გუგა, ხომ მშვიდობაა?
– კიდევ ერთხელ გამარჯობა, მზია. უბრალოდ, ისე უცბად წახვედით, თან, ისე მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომ მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, უფრო სწორად, ვერ მოვახერხე.
– მადლობა სახეზე გეწერათ, თქმა კი აუცილებელი არ იყო, თანაც, მე არაფერ შუაში ვარ, მე მხოლოდ ბატონი გიორგის თხოვნა შევასრულე.
– გიორგისაც მინდა ვუთხრა მადლობა და პროფესორსაც, მაგრამ, არც ერთის ტელეფონის ნომერი არ ვიცი. თქვენ ხომ ვერ დამეხმარებით?
– კი ბატონო, ჩაიწერეთ, – მაშინვე დაეთანხმა მზია და ნომრები უკარნახა, მაგრამ, იგრძნო, რომ გუგა მხოლოდ ამისთვის არ ურეკავდა და ჰკითხა: – ბატონო გუგა, კიდევ რამეში ხომ არ შემიძლია, დაგეხმაროთ? არ მოგერიდოთ, მთხოვეთ, რაც გინდათ.
– ისე, მართლაც მინდა თქვენი დახმარება, მაგრამ, ასე მგონია, ცოტა უხერხულია, თითქმის უცნობ ადამიანს ასეთი რამ სთხოვო, თუმცა,, გამოგიტყდებით და, სხვა არავინ მყავს, ვისაც შემიძლია, რომ დავურეკო და ასეთი თხოვნით მივმართო. ამიტომ...
– არ არის საჭირო ამდენი ბოდიშის მოხდა, – საოცრად თბილი ხმით უთხრა მზიამ, – ჩათვალეთ, რომ ჩვენ უკვე ახლობლები ვართ, ამიტომ, თამამად მითხარით, რაში შემიძლია დახმარება. ძალიან გთხოვთ, არ მოგერიდოთ, თორემ, მართლა მეწყინება, იცოდეთ.
გუგას რაღაც გაულღვა მთელ სხეულში და უცებ იგრძნო, რომ მარტო აღარ იყო. გულაჩუყებულმა გაიფიქრა, კიდევ კარგი, მზია ვერ მხედავსო, თვალები მუჭით მოიწმინდა, ყელში მობჯენილი გორგალი ძალით გადაყლაპა და ოდნავ შეთამამებულმა უთხრა:
– კარგი, რადგან არ მინდა, რომ გაწყენინო, გეტყვი. მოკლედ, ტანსაცმლის საყიდლად მინდა ბაზრობაზე წასვლა და, შეგიძლია, წამომყვე?
– სულ ეს იყო? – გაეცინა გოგოს, – რა თქმა უნდა, შემიძლია, ოღონდ, ახლა უკვე გვიანია – ერთ საათში იქ აღარავინ იქნება. ხვალ მოვალ, თერთმეტიდან თორმეტ საათამდე და წავიდეთ. თანაც, ვიცი, სად ჯობია მამაკაცის ტანსაცმლის ყიდვა, თუ მენდობით, რა თქმა უნდა.
– დამცინი? – თქვა გუგამ და უცებ იგრძნო, რომ მზიაზე ახლობელი, უფრო სწორად, თავისიანი ადამიანი არასდროს ჰყოლია.
– გაგეხუმრეთ, ბატონო გუგა. ხვალამდე კი კარგად დაისვენეთ. დილითაც გამოიძინეთ, თორემ, ბაზრობაზე ბევრი სიარული მოგვიწევს და დაიღლებით.
– კარგი, ასე მოვიქცევი.
– ჰო, კიდევ, არ დაგავიწყდეთ, რაც მაგიდაზე საჭმელებია, მაცივარში შეინახეთ, თორემ, ხვალამდე ყველაფერი გაფუჭდება.
– არის, უფროსო! – გაეცინა გუგას.
– თქვენი ტელევიზორი ხომ მუშაობს?
– მგონი, კი.
– ჰოდა, რამე მხიარულ გადაცემას უყურეთ. კრიმინალი, პოლიტიკა და მსგავსი „უჟასები“ თქვენთვის ჯერჯერობით აკრძალულია. გაიგეთ?
– გავიგე და გემორჩილები, – უპასუხა მზრუნველობით ნასიამოვნებმა გუგამ, – ესე იგი, ხვალ თერთმეტიდან თორმეტამდე გელოდები.
– არის, უფროსო! – ახლა მზიამ უპასუხა სიცილით, – ხვალ შესაბამისი აღჭურვილობით გამოვცხადდები!
– რა აღჭურვილობით? – ვერ მიხვდა გუგა.
– არა, ეს ისე ვთქვი, სიტყვის მასალად. აბა, ხვალამდე!
– ნახვამდის, – თქვა გუგამ და ყურმილის გათიშვა დაენანა.
უცბად კარგ ხასიათზე დადგა. სუფრას მიუჯდა და გემრიელად ისადილა. მერე მაგიდა აალაგა, ყავა მოიდუღა, ტელევიზორი ჩართო და სავარძელში მოკალათდა. საოცარი სიმშვიდე დაეუფლა. დიდი ხანია, ასე კარგად აღარ უგრძნია თავი. ცხელ ყავას დაგემოვნებით სვამდა, თან სიგარეტს ეწეოდა და უაზროდ უყურებდა ეკრანზე გამოსახულ თითქმის შიშველ მომღერლებს, რომლებიც უცნაურად იკლაკნებოდნენ, იმანჭებოდნენ და მთელი ხმით გაჰკიოდნენ ერთსა და იმავე უშინაარსო და არამელოდიურ ფრაზას. რამდენიმე წუთის შემდეგ პულტი აიღო და სხვადასხვა არხზე გადართვა დაიწყო – რამე მშვიდი გადაცემის ყურება მოუნდა, ისეთის, მის განწყობას რომ შეესაბამებოდა. კარგა ხანს აწვალა პულტიც და ტელევიზორიც, მაგრამ, ყველა არხზე თითქმის ერთი და იგივე მეორდებოდა: უნიჭო მომღერლებისა და მოცეკვავეების ტლინკაობა, ან, საკუთარ თავში დაჯერებული, ჩასუქებული პოლიტიკოსების პაექრობა და ცრუ დაპირებები, შუალედებში კი – გულის ამრევი რეკლამები იღლიების სილამაზეზე, ქალის ჰიგიენურ პაკეტებზე, ტუალეტის ქაღალდის განსაკუთრებულ ღირსებებზე გამოყენების დროს, სხვადასხვა ბანკის არარეალურ შემოთავაზებებზე და ათასგვარ სხვა სისულელეზე. ამ ყველაფერმა ნერვები აუშალა.
– სულ გაგიჟდა ეს ხალხი! – თქვა გაბრაზებულმა, კიდევ რამდენჯერმე დააჭირა პულტის ღილაკს თითი და ეკრანზე სასულიერო პირი გამოჩნდა. გუგა მიხვდა, რომ საპატრიარქოს არხს მიაგნო და გაუხარდა – ეს სწორედ ის იყო, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა. მეუფე აღსარების საიდუმლოსა და ცოდვების მონანიების შესახებ საუბრობდა. გუგა სმენად იქცა. არ გამოჰპარვია არც ერთი სიტყვა, რაც მოისმინა და, გადაცემის დასრულების შემდეგ, უკვე ზუსტად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ამ გადაწყვეტილებამ საოცარი სულიერი სიმშვიდე და სიხარული მოჰგვარა. მერე ისევ ბოლო დღეებში მომხდარ დაუჯერებელ სასწაულებს გადაავლო გონების თვალი და ადამიანებთან ელემენტარული ურთიერთობის დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, თუნდაც მხოლოდ დალაპარაკების დონეზე. ისევ მზიას ვეღარ დაურეკავდა, ამიტომ, ძალიან კი ეძნელებოდა ამის გაკეთება, მაგრამ, მაინც გადაწყვიტა, ირაკლი ქებაძისთვის და გიორგისთვის დაერეკა – სხვა თუ არაფერი, ვალდებული იყო, მადლობა ეთქვა. ჯერ პროფესორის ნომერი აკრიფა.
– გისმენთ! – რამდენიმე ზარის შემდეგ გაისმა ქებაძის ხმა.
– ბატონო ირაკლი, გუგა ვარ... – გაუბედავად ჩაილაპარაკა გუგამ.
– ვინ გუგა? – იკითხა პროფესორმა.
– გუგა სანებლიძე... დიმიტრის რომ მოვაკითხე რეანიმაციაში...
– აა, დიახ, დიახ, გამახსენდით! გისმენთ, ბატონო გუგა, ხომ მშვიდობაა, მოხდა რამე?
– დიახ, მშვიდობაა, ბატონო ირაკლი. თქვენი წყალობით, უფრო სწორად, თქვენი და გიორგის წყალობით, დღეს დილით გამომიშვეს ციხიდან და ახლა სახლიდან გირეკავთ გიორგის გამოგზავნილი ტელეფონით.
– მართლა? ძალიან გამახარეთ. თავს როგორ გრძნობთ, ხომ არაფერი გაწუხებთ?
– დიდი მადლობა, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, თავი სიზმარში მგონია...– გუგამ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო: – ბატონო ირაკლი, ვიცი, რომ მადლობის სიტყვები ძალიან ცოტაა იმისთვის, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ, მაგრამ, მე სხვა არაფერი შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თქვენ, გიორგიმ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც, ღმერთის ნებით, ერთად გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, თანაც, ჩემი აზრით, ყველაზე შეუსაბამო დროს და შეუსაბამო ადგილას, სიკეთის რწმენა დამიბრუნეთ...
– განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია, ასე ბევრი იქცევა, – იუხერხულა ქებაძემ.
– არა, ბატონო ირაკლი, ასე თითქმის არავინ არ იქცევა. თქვენ ექიმი ბრძანდებით და უკეთ მიხვდებით, რასაც ვამბობ: თქვენი წყალობით, მე ცხოვრებაში აღარ გავიხედავ „წამლისკენ“ და, საერთოდაც, ეს ორი დღეა, მთლიანად შემეცვალა ცნობიერება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთლიანად ჩემი პიროვნების განწმენდა მოხდა.
– ძალიან სასიამოვნოა ამის გაგონება, ჩემო კარგო, – გულწრფელად გაუხარდა ქებაძეს.
– უფრო მეტსაც გეტყვით, ბატონო ირაკლი: თქვენ და კიდევ იმ რამდენიმე ადამიანმა, ხორციელადაც და სულიერადაც გადამარჩინეთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჯოჯოხეთში აღარ მოვხვდები, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვეცდები, რომ ეს არ მოხდეს.
– ეს კარგია, მაგრამ, როგორ ეცდებით? – დაინტერესდა პროფესორი.
– მართლა გაინტერესებთ? – ჰკითხა გუგამ.
– თანაც, ძალიან, – უპასუხა ქებაძემ.
– ლოცვით, მარხვით და აღსარებით, ბატონო პროფესორო. ამ ორ დღეში საოცრად მორწმუნე გავხდი – ეტყობა, ეს ჰქონდა მიზნად უფალს და იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში.
– გეთანხმები, ტყუილად და შემთხვევით არაფერი ხდება.
– თავს აღარ შეგაწყენთ, ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. მე სხვა არაფერი შემეძლება გარდა იმისა, რომ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ვილოცო.
– ეს ცოტა არ არის, ჩემო კარგო, – ქებაძემ ჩაახველა და განაგრძო: – ბატონო გუგა, როცა ცოტა მოღონიერდებით და ამის განწყობაც გექნებათ, იქნებ, შევხვდეთ ერთმანეთს და, როგორც ახლობელმა ადამიანებმა, ცოტა გავისაუბროთ.
– დიდი სიამოვნებით, თუკი იკადრებთ ჩემთან შეხვედრას... – გაუხარდა გუგას.
– აბა, აბა, ეგეთები დაივიწყე! შენ ძალიან წესიერი ადამიანი ხარ, თან, არ ხარ უბრალო კაცი...
– მე?! – გაკვირვებით შეაწყვეტინა გუგამ, – ამას იმის შემდეგ ამბობთ, რაც ჩემზე იცით?
– დიახ, ჩემო კარგო. თანაც, მე ექიმი ვარ და ასეთი რამეები არ მეშლება.
გუგამ სინდისის ქენჯნა იგრძნო იმის გამო, რომ პროფესორმა მისი მთავარი ცოდვის შესახებ არ იცოდა არაფერი და ამიტომაც აქებდა.
– ბატონო ირაკლი, თქვენ რომ ყველაფერი იცოდეთ ჩემზე, ამას აღარ იტყოდით. ის კი არა, რომ გცოდნოდათ, რა ცოდვილი ადამიანი გელაპარაკებათ ახლა, დარწმუნებული ვარ, თითსაც არ გაანძრევდით ციხიდან ჩემს გამოსაყვანად.
პროფესორი მიხვდა, რომ გუგას რაღაც სერიოზული დარდი აწუხებდა, მაგრამ, მიზანშეწონილად არ ჩათვალა ამ თემის გაღრმავება და უთხრა:
– ბატონო გუგა, ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს და უამრავ თემაზე ვისაუბრებთ. თქვენ ახლა დაღლილი და განერვიულებული ხართ, ამიტომ, კარგად დაისვენეთ და რამდენიმე დღის შემდეგ დავთქვათ ჩვენი პირველი მეგობრული შეხვედრა; აი, მაშინ კი, რაც გნებავთ, მიამბეთ, გულისყურით მოგისმენთ და, თუ საჭიროდ ჩათვლით, შეძლებისდაგვარად, რჩევასაც მოგცემთ. თანახმა ხართ?
– რა თქმა უნდა! – გაუხარდა გუგას, – თუ არ შეწუხდებით, თქვენ დამირეკეთ, როცა გეცლებათ და მაშინვე იქ მოვალ, სადაც დამიბარებთ.
– ძალიან კარგი. ესე იგი, შევთანხმდით. აბა, ყოჩაღად იყავით, ნახვამდის!
– კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო ირაკლი! – თქვა გუგამ და დაელოდა, სანამ პროფესორი თვითონ გათიშავდა ყურმილს.
ქებაძესთან საუბრის შემდეგ ირაკლიმ რამდენიმეწუთიანი შუალედი გააკეთა და გიორგის ნომერი აკრიფა. გიორგიმ დახედა თუ არა თავისი მობილურის ეკრანს, მაშინვე მიხვდა, ვინც ურეკავდა, თავის ოთახში გავიდა, რომ დიმიტრის არ მოესმინა მათი საუბარი (ძმას ზედმეტი ემოციები აარიდა) და მხოლოდ მერე დააჭირა თითი მწვანე ღილაკს.
– გამარჯობა, გუგა! – მიესალმა თბილად.
– გამარჯობა... – თქვა გუგამ და ვეღარ განაგრძო, რადგან, არ იცოდა, როგორ მიემართა – მხოლოდ სახელით თუ „ბატონოთი“.
გიორგი მიხვდა მის გასაჭირს და შეეშველა:
– არ გვინდა ოფიციალურობა, სახელით მომმართე. როგორ ხარ?
– ახლა უკვე კარგად... მადლობის სათქმელად დაგირეკე. არ დამიმსახურებია ასეთი თან გადაყოლა.
– მოდი, ამაზე არასდროს არაფერი აღარ მითხრა. მე კი აუცილებლად გეტყვი ჩემს მთავარ სათქმელს: ის, რაც შენთვის გავაკეთე პირადად მე, ანუ, ქებაძეს არ ვგულისხმობ, ზღვაში წვეთიც არ არის იმ ტკივილთან და ვნებასთან შედარებით, რაც შენ ჩემმა ძმამ მოგაყენა. ამიტომ, შენ კი არ უნდა მიხდიდე მადლობას, მე უნდა გიხდიდე ბოდიშს, თუკი ასეთ რამეზე საერთოდ შესაძლებელია ბოდიშის მოხდა.
– არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა, გიორგი, მით უმეტეს, რომ პირადად შენ არაფერი დაგიშავებია ჩემთვის; ამიტომ, მოდი, ნურც ამ თემაზე ვილაპარაკებთ ნურასოდეს.
– კარგი, თანახმა ვარ.
– გიორგი, მზია იყო დღეს ჩემთან და უამრავი რამ მომიტანა. ათ კაცს ეყოფა ეს ყველაფერი... – მობოდიშებით უთხრა გუგამ.
– დავანებოთ თავი ამ თემას. როგორ ხარ, ცოტა მოხვედი აზრზე?
– ნელ-ნელა მოვდივარ, ჯერ ერთი დღეც არ გასულა, რაც სახლში ვარ.
– დამლაგებელი ხომ არ გამოგიგზავნო? – შესთავაზა გიორგიმ, – რამდენი ხნის დაულაგებელი გექნება ბინა...
– არა, არ არის საჭირო. ნაწილობრივ მე თვითონ დავალაგე, ცოტა მზიაც მომეხმარა და ახლა ყველაფერი წესრიგშია.
– მზია?! – გაოცდა გიორგი, – გადამრევს ეს გოგო.
– ჰო, ცოტა უცნაური გოგოა, დადებითი ენერგიის ნამდვილი საბადო, – გაეცინა გუგას.
– შენი მოხიბვლაც მოახერხა, არა? – სიცილითვე უპასუხა გიორგიმ, – სადაც მიდის, ყველგან თავს ამახსოვრებს, თანაც, მხოლოდ დადებითი მხრიდან. სწორედ იმიტომ გამოვატანე ის ყველაფერი მზიას, რომ ბუნებრივად ჩაეტარებინა შენთვის ფსიქოთერაპია.
– ჰოდა, გამოგივიდა კიდეც, დიდი მადლობა.
– მოკლედ, გუგა, თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, დღე-ღამის ნებისმიერ საათზე დამირეკე. შევთანხმდით?
– შევთანხმდით. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ნახვამდის.
– აბა, კარგად! – დაემშვიდობა გიორგი და ყურმილი გათიშა.
გუგამ იგრძნო, როგორ მოეხსნა გულიდან უზარმაზარი სიმძიმე და უცნაური ნეტარების გრძნობა დაეუფლა. მერე ბალიში და თხელი საბანი გამოიტანა, დივანზე გემრიელად მოეწყო და ბავშვივით მშვიდად და უშფოთველად დაიძინა. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი ღამე, როცა არავინ და არაფერი დასიზმრებია.
***
მზიას არ გაჰკვირვებია, ნანიტამ იმ დღესვე რომ დაურეკა – შინაგანად გრძნობდა, რომ დიმიტრის ყოფილ ცოლს ნებისყოფა არ ეყოფოდა, რამდენიმე დღე მოეთმინა, რადგან, აშკარად რაღაც აწუხებდა, უფრო სწორად, რაღაცის გამო იტანჯებოდა. ასეთ დროს კი ადამიანს ძალიან სჭირდება მსმენელი, თანაც ისეთი, რომელიც კომენტარების, საყვედურებისა და შენიშვნების გარეშე მოუსმენდა.
– გისმენთ, ქალბატონო ნანიტა, – გაუმეორა მზიამ ქალს, რომელიც გაჩუმდა და ხმას აღარ იღებდა.
– მზია, გადავწყვიტე, ხვალ შეგხვდე, თუ გცალია, რა თქმა უნდა, – როგორც იქნა, თქვა ნანიტამ.
– დღეს ხომ უკვე გითხარით, რომელ საათზეც მეტყვით და სადაც მეტყვით, იქ მოვალ, – მაშინვე დაეთანხმა მზია.
– მაშინ, საღამოს 5 საათისთვის მზად იყავი და დაგირეკავ, სად უნდა მოხვიდე.
– კარგი, დაგელოდებით.
– ესე იგი, შევთანხმდით. კარგად იყავი!
– ხვალამდე, ქალბატონო ნანიტა, – მზიამ ყურმილი გათიშა და ღრმად ამოისუნთქა.
– რაო, რა გითხრა? – დაძაბული ხმით იკითხა დიმიტრიმ.
– ხვალ უნდა შევხვდე.
– სად, ისევ მასთან, სახლში?
– არ ვიცი, ხუთისთვის დამირეკავს და მეტყვის.
– ესე იგი, ამ საღამოს და ხვალინდელ დღეს ისევ მოლოდინის რეჟიმში გავატარებთ, – ამოიოხრა დიმიტრიმ.
– არა უშავს, ცოტაღა დაგვრჩა, გავუძლებთ როგორმე, – გაამხნევა მზიამ, – ახლა კი შენი სადილობის დროა, ბატონო დიმიტრი.
– მე ცოტას დავისვენებ ჩემს ოთახში, – წამოდგა გიორგი.
– ბარემ, თქვენც გესადილათ, – შესთავაზა მზიამ.
– არ მშია, წამოწოლა მირჩევნია, – თქვა გიორგიმ და გავიდა.
მზიამ ასადილა დიმიტრი, მერე თვითონაც წაიხემსა და რაღაც ჟურნალს წამოავლო ხელი გადასათვალიერებლად. უცებ ისევ ტელეფონის ზარი გაისმა – გიორგის მობილური რეკავდა. გოგომ მაშინვე აიღო მაგიდაზე დატოვებული ტელეფონი და გიორგის მიუტანა. კაცმა დახედა ნომერს, მაგრამ, ვერ იცნო და გაკვირვებული ხმით იკითხა:
– გისმენთ, ვინ ბრძანდებით?
– გამომძიებელი ვარ, ბატონო გიორგი.
– ხომ მშვიდობაა? – რატომღაც შეეშინდა გიორგის.
– კი, მშვიდობაა. უბრალოდ, იმიტომ დაგირეკეთ, რომ კარგი ამბავი შეგატყობინოთ, – გუგა სანებლიძე დღეს დილით გათავისუფლდა პატიმრობიდან. ახლა უკვე კარგა ხნის მისული იქნება სახლში.
– დიდი მადლობა, მართლაც ძალიან გამახარეთ.
– კარგად ბრძანდებოდეთ, – დაემშვიდობა გამომძიებელი, – ღმერთმა სხვაგან შეგვახვედროს ერთმანეთს.
– ნახვამდის. აუცილებლად გნახავთ უახლოეს მომავალში, – უთხრა გიორგიმ და თავისი ოთახის კარიდან გასძახა მზიას: – შეგიძლია, ერთი წუთით შემოხვიდე ჩემთან?
მზია მაშინვე მივიდა და, გახარებული მასპინძელი რომ დაინახა, ვერ მოითმინა, არ ეკითხა:
– რამე კარგი მოხდა?
– ჰო, – ჩურჩულით უპასუხა გიორგიმ, რომ დიმიტრის არ გაეგო, – გუგა უკვე სახლშია.
– მართლა?! – გაუხარდა მზიას, – მერე, რატომ ჩურჩულებთ?
– ჯერჯერობით, არ მინდა, რომ დიმიტრიმ გაიგოს – არ არის საჭირო ზედმეტი ემოციები, მერე ვეტყვი. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. ახლა მე უნდა გავიდე და მალე მოვალ.
– სად? – წამოსცდა მზიას და გაწითლდა, – მაპატიეთ...
– სად და, გუგას ახლა ათასი რამ დასჭირდება, საჭმლით დაწყებული...
გაგრძელება შემდეგ ნომერში