უხერხული ბედნიერება
ფილიპ დეიზის თავი ბედნიერ კაცად მიაჩნდა და ცოტა ეშინოდა კიდეც ამ ბედნიერების. როგორ შეიძლება, 43 წლის ცოლიანი კაცი, რომელსაც 20 წლის შეყვარებული ჰყავს, ბედნიერი იყოსო, – ფიქრობდა ის, მაგრამ, რა ექნა, როცა ფლორას გვერდით თავს სხვა ადამიანად გრძნობდა?! თავი მის კალთაში ედო და ნეტარებდა. ფლორა ნამდვილი საოცრება იყო – პირველად ნახა ქალი, რომელიც არაფერს ითხოვდა მისგან – არც ძვირფას საჩუქრებს, არც მაქსიმალურ ყურადღებას... არ ჭირვეულობდა და ულტიმატუმებს არ უყენებდა; არასდროს აბეზრებდა თავს იდიოტური შეკითხვებით: „რატომ არ დამირეკე?“ „სად იყავი გუშინ?” „დაგავიწყდა, რომ ვარსებობ?!“... მაინც, რა მოეწონა ფლორას მისი? ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გარეგნობა ჰქონდა... ჰო, ჩვეულებრივი, ისეთი სიმპათიური და სექსუალური არ იყო, როგორზეც ქალები გიჟდებიან. ფილიპს ჰქონდა ფული – ჯერ ბაბუამ, მერე კი მამამისმა იზრუნა ამაზე; საკმარისზე მეტი ფული ჰქონდა, მაგრამ, ფლორას ხომ ფული არ აინტერესებდა...
– რაზე ფიქრობ და რატომ ოხრავ? – ჰკითხა ქალიშვილმა.
– იმაზე, რომ სულ შენ გვერდით ყოფნას ვერ ვახერხებ.
– ხომ ვართ ხოლმე ერთად? – გაუღიმა ფლორამ და ისევ თავზე მოეფერა, – შენ ცოლი გყავს და მე ამას ვეგუები. არაფერს გთხოვ, საერთოდ არაფერს.
ფილიპმა აკოცა.
– ძალიან მიკვირს, რომ შეგიყვარდი... მართლა არაფერი გინდა, მთხოვო? ძვირფასეულობა, მანქანა... ქურქს მაინც გიყიდი.
ფლორას გაეღიმა:
– შენ ფიქრობ, ქურქის გამო მიყვარხარ? რა საყვარელი და, ამავე დროს, სულელიც ხარ. მე ისე მიყვარხარ, ყველაფრის გარეშე.
ყოველი ასეთი საუბრის შემდეგ ფილიპს უჩნდებოდა სურვილი, როგორმე თვითონ მოეშორებინა ცოლი, მაგრამ, ამას მხოლოდ მისი მოკვლით თუ შეძლებდა – სილვია არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა გაყრაზე. იმიტომ არა, რომ ქმარი უყვარდა, ის ვერ შეელეოდა დეიზის ფულს, არ დასჯერდებოდა იმ თანხას, რომელსაც გაყრის შემდეგ მიიღებდა. ვერც იმას აიტანდა, ფილიპს სხვა ქალთან ეცხოვრა ბედნიერად. რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი – სილვია უნდა მოეკლა. მაგრამ, როგორ, რა საშუალებით მოახერხებდა ამას ისე, რომ პოლიციას ეჭვი მასზე არ მიეტანა? ქმრები ხომ პირველი ხარისხის ეჭვმიტანილები არიან ხოლმე. ფილიპ დეიზი, მას შემდეგ, რაც ცოლის მკვლელობაზე დაიწყო ფიქრი, დეტექტივების კითხვამ გაიტაცა, მაგრამ, მალე იმედი გაუცრუვდა – ვერ იპოვა მეთოდი იდეალური მკვლელობისათვის. რა საშუალებაც არ უნდა მოეძებნა, ბოლოს მაინც ციხისკენ მიდიოდა. რაღა აზრი ჰქონდა სილვიას მოკვლას, თუკი სიცოცხლეს ბნელ საკანში, ან სიკვდილმისჯილთა ელექტროსკამზე დაასრულებდა?! ფლორას ყველაფერი მოუყვა და იმანაც მკაცრად დატუქსა ასეთი აზრებისთვის. სთხოვა, თავს გაუფრთხილდი, ასეთ სისულელეებზე ნუღარ იფიქრებო. ზოგადად, ფლორამ ყველაფერი იცოდა მის შესახებ – როგორი ბავშვობა ჰქონდა, რაზე ოცნებობდა, რა უყვარდა...
ერთ დღეს, როცა ფილიპი თავისი ჰოლდინგის ვრცელ კაბინეტში იჯდა, მდივანმა დარეკა და მოახსენა: ვიღაც ახალგაზრდა ვინმე ფლორა არნოლდსის სახელით გკითხულობთო. დეიზის ხელები აუკანკალდა, მაგრამ, მოახერხა, თავი ხელში აეყვანა. შემოუშვითო, სთხოვა მდივანს. საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა უცერემონიოდ შევიდა და სკამზე მოკალათდა.
– ვინ ხართ და რა გნებავთ? – გაოცდა დეიზი.
– თქვენ ხომ იცნობთ ფლორა არნოლდსს? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ახალგაზრდამ, თან ცინიკურად გაიღიმა.
– ეგ თქვენი საქმე არ არის, – წარბი შეიკრა ფილიპმა.
– სულ ტყუილად ბრაზობთ. მე აქ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად ვარ. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს – თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცით და, მზად ვართ, თქვენი ცხოვრება უღრუბლო და ბედნიერი გავხადოთ.
ფილიპ დეიზიმ პირიც კი დააღო გაოცებისგან. რაღაც სმენოდა თუ წაეკითხა ამგვარი სინდიკატის შესახებ, რომელიც, გარკვეული თანხის საფასურად, არასასურველი ადამიანების ლიკვიდაციას ახდენდნენ.
– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ჩემს ცოლს მოკლავთ? – ჰკითხა ხმის კანკალით.
ახალგაზრდა კაცი შეიჭმუხნა.
– როგორ გეკადრებათ! მე არავის ვკლავ და არც ჩვენი ასოციაციის მკვლელები მიდიან ასეთ რისკზე. ჩვენ ყველაფერს მაღალ დონეზე ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, მაღალპროფესიონალურად. დიახ, ეჭვსაც კი ვერავინ აიღებს, რომ ეს ბუნებრივი სიკვდილი არ იქნება. თქვენ ხომ გიყვართ დეტექტივები?
ფილიპ დეიზიმ იგრძნო, როგორ გამოჟონა შუბლზე ცივმა ოფლმა.
– ესეც იცით?
– ხომ გითხარით, პროფესიონალები ვართ-მეთქი. მე ახლა წავალ და ჩემს სავიზიტო ბარათს დაგიტოვებთ. კარგად მოიფიქრეთ, დამშვიდდით და დამირეკეთ. შეგიძლიათ, ოფისშიც გვესტუმროთ.
– როგორ, ოფისიც გაქვთ? – საბოლოოდ გაოგნდა ფილიპი. ახალგაზრდამ შეურაცხყოფილი გამომეტყველება მიიღო:
– ეტყობა, კარგად ვერ აგიხსენით. ჩვენ არ ვუშვებთ შეცდომებს და ძალიან ვუფრთხილდებით როგორც ჩვენს რეპუტაციას, ისე კლიენტებს. მერწმუნეთ, თქვენ არაფერი გემუქრებათ, მხოლოდ ხელს მოაწერთ კონტრაქტს, გადაიხდით თანხას და თავისუფალი ქვრივი გახდებით.
– ჰო, კარგია თავისუფლება, – ოცნებაში წავიდა ფილიპი, – ცოლს, ალბათ, აღარასოდეს შევირთავ... მართლა, რა ღირს თქვენი მომსახურება? რომ ვიცოდე, ყოველი შემთხვევისათვის...
– თხუთმეტი ათასი დოლარი. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ძვირია, მაგრამ, პროფესიონალიზმი და გარანტია იაფი ვერ იქნება, ეს არასერიოზულია. ათი ათასს წინასწარ იხდით, ნაღდი ფულით, ხუთი ათასს კი – როცა დავალება შესრულებული იქნება. მეორე თანხის ნაწილს იმ ანგარიშზე გადმორიცხავთ, რომელსაც ჩვენ მოგწერთ...
ზუსტად ხუთი დღის შემდეგ ფილიპმა ასოციაციაში დარეკა და აგენტს ხელშეკრულებით მასთან მისვლა სთხოვა. ფული ჩაუთვალა და კიდევ ერთხელ ჰკითხა უსაფრთხოების შესახებ.
– არ ინერვიულოთ. საღამოს, სახლში რომ მიხვალთ, ყველაფერი დამთავრებული იქნება და ეჭვსაც ვერავინ მიიტანს, რომ სიკვდილი ბუნებრივი არ იყო.
– ალიბზე ხომ არ ვიზრუნო? – საქმიანად ჰკითხა ფილიპმა და უკვე წარმოიდგინა, როგორ მიიღებდა სამძიმარზე მოსულ სტუმრებს.
– არა, არ დაგჭირდებათ. ბედნიერებას გისურვებთ...
ფილიპმა კარი თავისი გასაღებით გააღო... სახლში სიჩუმე იყო და, იფიქრა, რომ ასოციაციამ თავისი საქმე გააკეთა, მაგრამ, დიდხანს არ დასცალდა ნეტარება – მეორე სართულის მისაღებიდან გარკვევით გაიგონა ცივი, გამყინავი ხმა:
– მოხვედი? საინტერესოა, ბოლო დროს სად დაბრძანდები გვიანობამდე!..
***
ფლორა კისერზე ჩამოეკიდა სტივს და ფულის შეკვრას აღტაცებულმა დახედა.
– ნამდვილი გენიოსი ხარ... დარწმუნებული ხარ, რომ საფრთხე არ გვემუქრება?
– არანაირი. წარმოიდგინე, რა შეუძლია, დაგვიშავოს? წავა პოლიციაში და იტყვის, ცოლის მკვლელობა შევუკვეთე კაცს, რომელმაც ფული აიღო და გამაცურაო? ნუ გეშინია, ძვირფასო, ასი პროცენტით გაგვიმართლა. ის კი არა, შეგვიძლია, ქალაქიდან არც გავემგზავროთ, მხოლოდ ამ ბინიდან გადავალთ გაცილებით კომფორტულ სახლში და მდიდრულ უბანში. ეს ფული ერთხანს კარგად გვაცხოვრებს, მერე კი... აუცილებლად გამოჩნდება ფილიპ დეიზის მსგავსი მდიდარი და სულელი ცოლისმოძულე...