ვეტერინარის რჩევები
კითხვა უკვე წელიწადზე მეტია, ჩემი ძაღლი ცოფზე არ ამიცრავს. მაინტერესებს, ეს ძალიან საშიშია თუ, შესაძლებელია, კიდევ რამდენიმე თვე არ ავცრა?
პასუხი: ცოფზე ვაქცინაცია აუცილებელია, გაუკეთდეს ძაღლს 3 თვის ასაკიდან და, შემდეგ, ყოველ 11 თვეში ერთხელ. ამიტომ, თქვენს შემთხვევაში, აუცილებელია, სასწრაფოდ გაუკეთოთ თქვენ ძაღლს ვაქცინა. უნდა გახსოვდეთ, რომ ცოფი ძალიან საშიში დაავადებაა. ასე რომ, აღარ გადადოთ აცრა და, რაც შეიძლება სწრაფად წაიყვანეთ თქვენი ძაღლი ასაცრელად. ამით თქვენც და ისიც დაცული იქნებით შესაძლო საფრთხისგან.
კითხვა: როგორ უნდა დავუმუშაოთ ოთახის ძაღლს ბრჭყალები?
პასუხი: ბუნებრივ პირობებში ბრჭყალების დამუშავება მექანიკურად, ხახუნის გზით ხდება. რაც შეეხება ბინაში მცხოვრებ ძაღლებს, ბრჭყალების ჰიგიენა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ბრჭყალების დამუშავება აუცილებელია შესაბამის სპეციალისტთან, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.
კითხვა: მაინტერესებს, უნდა შევზღუდოთ თუ არა ინფექციური ენტერიტისგან გამოჯანმრთელებული ძაღლის ფიზიკური დატვირთვა?
პასუხი: ინფექციური ენტერიტისგან გამოჯანმრთელებული ძაღლის ფიზიკური დატვირთვა რეკომენდეული არ არის, ამიტომ, ამას უნდა ვერიდოთ. შეიძლება, ძაღლს ძალიანაც უნდოდეს ბევრი სირბილი, მაგრამ, პატრონმა რაღაც დროის განმავლობაში გასეირნების დროს სირბილი სიარულით უნდა შეუცვალოს.
კითხვა: რა ასაკიდან იწყებს ლეკვი კბილების მოცვლას?
პასუხი: ლეკვი კბილების მოცვლას იწყებს 3 თვიდან და 6 თვემდე ყველა კბილი უკვე მოცვლილი უნდა ჰქონდეს.
კითხვა: მაინტერესებს, რამდენი ხანი უნდა იზრდებოდეს ლეკვი დედასთან?
პასუხი: ლეკვი დედასთან 8 კვირა, ანუ, მინიმუმ, ორი თვე მაინც უნდა იზრდებოდეს. ამაზე ადრე ლეკვის დედისგან მოშორება რეკომენდებული არ არის.
კითხვა: მყავს 4 თვის ძაღლი. ერთი თვის წინ ცოფზე ავცერით და მას შემდეგ არ იზრდება. ახლახან მითხრეს, რომ ზრდის შეწყვეტის მიზეზი სწორედ ეს აცრა შეიძლება იყოს. იქნებ, მითხრათ, შეიძლება, რომ რეალური მიზეზი ეს იყოს?
პასუხი: რომ მიგენიშნებინათ, რა ჯიშის ძაღლზეა საუბარი, გაცილებით უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემდით. არასწორია ის შეხედულება, ვითომ სამი-ოთხი თვის ასაკში ცოფზე ვაქცინაცია ხელს უშლის ცხოველის ზრდას და ცუდად მოქმედებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ცოფის ვაქცინაში არ შედის ცოცხალი ვირუსი, მას მხოლოდ შენარჩუნებული აქვს იმუნოგენები. ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ისეთი მწარმოებლისაგან, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ყოვლად უსაფრთხოა.
კითხვა: გამიგია, რომ ალბინოს ძაღლებს მხედველობის პრობლემა აქვთ. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
პასუხი: ალბინოს ძაღლებს ჩვეულებრივი მხედველობა აქვთ. მათი ღია ფერის თვალები იმდენად ბაცია, წითელ ფერად ჩანს. ამას „რუბერუზი” ეწოდება, რაც უფრო ხშირად დოგებში გვხვდება. თეთრი ძაღლების გამრავლება სწორედ ამ სირთულესთან არის დაკავშირებული, ამიტომ თუ თეთრ ძაღლს ამრავლებენ, მას აუცილებლად შავი ცხვირ-პირი უნდა ჰქონდეს, თვალები კი – მაქსიმალურად შეფერილი.