ფლორის სამყაროში
კითხვა: ჩემმა ექევერიამ ფორმა დაკარგა და თითქოს მოიწყინა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სინათლის ნაკლებობამ, შეიძლება, როზეტების გადახსნა და დეფორმაცია გამოიწვიოს. თუ ფოთლები დაურბილდა და მოუჭკნა, ეს იმის ნიშანია, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. მორწყვისას ქოთანი რამდენიმე წუთით წყალში ჩადგით და შემდეგ დაწრიტეთ – ასე ფოთლები მშრალი დარჩება და აღარ დაულპება. ზოგ სახეობას ფოთლებზე მოცისფრო-მორუხო ცვილისებრი ფენა აქვს, რომელიც ფოთოლზე ხელის გადასმისთანავე მოსცილდება, ამიტომ, ფრთხილად გაწმინდეთ.
კითხვა: როგორ პირობებში გავახარო ალოე და არის თუ არა პრეტენზიული მცენარე?
პასუხი: ალოეს მრავალი სახეობა არსებობს და ყველა იოლი მოსავლელია. მას სინათლე მუდმივად სჭირდება. მზეს იტანს, თუმცა ზაფხულობით შუადღის მწველ სხივებს მოარიდეთ. მისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი. ყვავილობისათვის ზამთარში რამდენიმე კვირით დაახლოებით 10 გრადუსზე დადგით. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ოღონდ მიწას ძალიან ნუ გამოაშრობთ და ამ დროს არც დამატებითი კვება სჭირდება. თუ ალოეს სინათლეს არ მოაკლებთ და ზედმეტ წყალს არ დაუსხამთ, არანაირ პრეტნეზიას არ „გამოთქვამს”. ეცადეთ, დადგათ მზიანი ფანჯრის რაფაზე.
კითხვა: რამხელა იზრდება ანანასი და ხშირად მოვრწყა თუ არა?
პასუხი: ეს ეფექტური მცენარე იმხელა იზრდება, რომ, შეიძლება, თქვენი ბინა ევიწროვოს. თუმცა, თუ საკმარისი ფართი გაქვთ, ინტერიერს დიდი ხნით გაგილამაზებთ. ანანასი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, ამიტომ, ზაფხულობით ხშირად მორწყეთ, ზამთრობით კი მიწა ტენიანი უნდა იყოს. რაც უფრო თბილია ზამთარი, ანანასს მით ნაკლები ტენი სჭირდება. ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს, ამიტომ, განათებასაც მთელი წლის განმავლობაში საჭიროებს. მისთვის საუკეთესო პირობებია სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა.
კითხვა: ჩემს ბეგონიას ფოთლები მოულპა, ხომ ვერ ამიხსნით, რამ გამოიწვია?
პასუხი: თქვენ, ალბათ, წყალს ფოთლებზე ასხამდით და ამის შედეგად დაიწყო ლპობა. გახსოვდეთ, თუ მცენარე ქოთანს მთლიანად იკავებს ან ბუსუსებიანი ღეროები აქვს, წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხით.
კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა გრევილეა?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში გრევილეა რეგულარულად მორწყეთ რბილი წყლით. ამ დროს მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობით, როცა ზრდა შენელდება, მორწყვიდან მორყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სპეციალური თხევადი სასუქით. ეს სწრაფად მზარდი მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე მიწაში ჩარგეთ.