კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონა ცნობილი მძარცველი „ქორი“ სოჭელ მილიციელს შტირლიცი

გაქცევისკენ მიდრეკილი

1974 წლის 1 იანვარს ნოვოჩერკასკის „კაპეზედან“ 36 წლის მურმან იონას ძე აბულაძე გაიქცა, რომელიც ერთი კვირით ადრე, ძებნილობისას, სწორედ ნოყოჩერკასკში დააკავეს და თბილისში უნდა გადმოეყვანათ. მურმან აბულაძე რეციდივისტი იყო. მესამე სასჯელს ინკასატორის ძარცვისთვის იხდიდა რუსთავში და სწორედ იქიდან გაიქცა. ნოვოჩერკასკში კი რესტორანში აიყვანეს, სადაც ქალთან ერთად იმყოფებოდა. ის ერთ-ერთმა კლიენტმა იცნო და მილიცია გამოიძახა. ინკასატორის ძარცვისთვის აბულაძეს თორმეტწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მან და მისმა ორმა მეგობარმა ინკასატორი და მძღოლი „შეაყენეს,“ 32 ათასი მანეთი წაართვეს და მიიმალნენ. მაგრამ, მათ ავარია მოუვიდათ, მილიციის საპატრულო მანქანას შეასკდნენ და ვეღარ გაიქცნენ. მურმან აბულაძეს შავ სამყაროში „ქორს“ ეძახდნენ, რადგან ის ქორივით მოულოდნელად ესხმოდა თავს ინკასატორებს და, სანამ ისინი აზრზე მოვიდოდნენ, უმალვე უჩინარდებოდა. ასეთივე მოულოდნელი გაქცევა იცოდა მან ციხიდანაც. მას ოთხი „პაბეგი“ ჰქონდა და მის დოსიეში ეწერა: „საჭიროებს განსაკუთრებულ  ყურადღებას, რადგან გაქცევისკენაა მიდრეკილი“.

1 იანვარს, საღამოს, „პახმელიაზე“ მყოფი ნოვოჩერკასკის მილიციის პირადი შემდაგენლობა და ქალაქის გარნიზონი ფეხზე დააყენეს განსაკუთრებით საშიში დამნაშავის მოსაძებნად. თუმცა, მათი ყველა ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა – ქორის კვალს ვერავინ მიაგნო.

ჩვეულ სტილში

ქორს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ინტენსიურად ეძებდა მილიცია, მაგრამ მისი პოვნა არ ხერხდებოდა. ძებნის სამსახურს საგულდაგულოდ ჰქონდა შესწავლილი მისი ყველა ძველი თუ ახალი კავშირი, ამიტომ, რამდენიმე ადგილზე ჩასაფრებაც კი მოუწყვეს, თუმცა, უშედეგოდ. გაქცევიდან სამი თვის შემდეგ, 1974 წლის 2 აპრილს, ოთხი შეიარაღებული პირი ქალაქ კისლოვოდსკში თავს დაესხა ინკასატორსა და მის მძღოლს, 60 ათასი მანეთი გაიტაცა და მიიმალა. თავდასხმა ყოველგვარი გართულების გარეშე დასრულდა და არავინ დაზარალებულა. მძღოლმა და ინკასატორმა კი ვერც ერთი თავდამსხმელის გარეგნობა ვერ აღწერეს და მოსკოვიდან ჩამოსული სპეციალური ოპერჯგუფის უფროსს უთხრეს, ყველაფერი ისე ელვისებურად მოხდა, სახეების დანახვა კი არა, რამის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარითო.

მოსკოვის სპეცჯგუფის უფროსი, მაიორი თემურ ჯაში, კარგად იცნობდა აბულაძის მუშაობის სტილს და თქვა:

– ესე იგი, ქორი და მისი კოლეგები იყვნენ. ასე ელვისებურად მხოლოდ ქორი მოქმედებს. ის ჩვეულ სტილს არ ღალატობს და თავის ამპლუაშია.

თემურ ჯაში ყოველთვის „კუდზე ეჯდა“ ქორის ბანდას და ისინი მხოლოდ ნახევარი ნაბიჯით ასწრებდნენ ხოლმე. კისლოვოდსკის მერე ქორმა და მისმა მეგობრებმა კიდევ ორი ძარცვა მოაწყვეს კიევსა და ბაქოში და 27 და 64 ათასი მანეთი გაიტაცეს. როგორც პირველ შემთხვევაში, დანარჩენი ძარცვებიც უნაკლოდ იყო შესრულებული. ჯაში მოსკოვში დაიბარეს და შეახურეს...

სახალხო არტისტი

ქორის ძებნა გაათკეცდა და მილიციელებს მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდეს. 1974 წლის 16 სექტემბერს მურმან აბულაძე და მისი სამი მეგობარი ქალაქ სოჭში იმყოფებოდნენ და მორიგი საქმისთვის ემზადებოდნენ – მათ სოჭის რკინიგზის სადგურის თანამშრომელთა ხელფასი უნდა გაეტაცათ, რაც, საქმის მიმცემის თქმით, 100 ათას მანეთზე მეტი იყო. ქორმა იცოდა, რომ მისი სურათები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო გაკრული თვალსაჩინო ადგილებში, ამიტომ, გრიმით დადიოდა – მან თავზე პარიკი მოირგო, წვერ-ულვაში მიიწება და სათვალე გაიკეთა. დღის პირველ საათზე მძარცველები წინასწარ შეთანხმებულ ადგილებზე იდგნენ და ინკასატორის გამოჩენას ელოდნენ. ქორს ქამარში „სტეჩკინის“ პისტოლეტი ჰქონდა გარჭობილი და სტარტზე იყო. მოულოდნელად მას სოჭის რკინიგზის სადგურის მორიგე მილიციელი მიუახლოვდა, ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:

– მოქალაქევ, სათვალე მოიხსენით და თქვენი საბუთები მაჩვენეთ.

აბულაძე არ დაიბნა, სათვალე მოიხსნა და მილიციელს უთხრა:

– მიცანით, ხომ? მოკლედ, როლში შესვლას არ გაცლიან და მოსვენებას არ გაძლევენ, სანამ ავტოგრაფს არ მისცემ. ავტოგრაფი გსურთ?

მილიციელი ისე დაიბნა, რომ საბუთები აღარ მოუთხოვია, აბულაძემ კი გონზე მოსვლა არ აცალა, წვერ-ულვაში მოიძრო და უთხრა:

– საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ვიაჩესლავ ტიხონოვი. „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ გინახავთ?

– მაპატიეთ, ამხანაგო შტირლიც! – მილიციელმა მხედრული სალამი მისცა ქორს, გაუღიმა და პატრულირება განაგრძო.

გამარჯობა, მე ვარ ქორი...

სოჭის ვაგზლის თანამშრომელთა ხელფასები, 110 ათასი მანეთი, მძარცველებმა მილიციელის თვალწინ წაიღეს და მიიმალნენ. თემურ ჯაში ცოფებს ყრიდა და პირველად იმ მორიგე მილიციელს დაეტაკა, რომელსაც ქორი შტირლიცი ეგონა...

– მე მაგას ვუჩვენებ სეირს! – ამბობდა ჯაში, რომელსაც რამდენიმე ადგილას მახე ჰქონდა დაგებული და სჯეროდა, რომ ერთ-ერთ მათგანში აბულაძე აუცილებლად გაებმებოდა.

1974 წლის 30 ოქტომბერს ქორი და მისი მეგობრები მოსკოვის ¹9 შემნახველი სალაროს ორ თანამშრომელს ვერნადსკის ჩიხში დაესხნენ თავს და ფულით სავსე ჩანთა წაართვეს, თუმცა, შორს გაქცევა ვერ მოასწრეს – როგორც კი მანქანაში ჩახტნენ, მათ მილიციის ოპერჯგუფმა ალყა შემოარტყა და მეგაფონიდან გაისმა:

– ქორო, დაგვნებდით! იარაღი დაყარეთ, თორემ, თქვენი ლიკვიდაცია გვაქვს ნაბრძანები!

მცირე პაუზის შემდეგ მეგაფონში უკვე ქართულად გაისმა:

– აბულაძე! მე მაიორი ჯაში ვარ და სისხლს ნუ დაგვაღვრევინებ. გარწმუნებ, ხაფანგში ხართ. ამ დღისთვის უკვე ერთი წელია, ვემზადებოდი.

ქორი და მისი მეგობრები უაიარაღოდ გადმოვიდნენ მანქანიდან და მილიციას ჩაბარდნენ, თუმცა, ერთი კვირის მერე, სასამართლოდან ტრანსპორტირებისას, ქორი საბადრაგო მანქანიდან გაიქცა და მის კვალს ვერავინ მიაგნო. ექვსი თვის შემდეგ მოსკოვში მცხოვრებ მილიციის მაიორ თემურ ჯაშს სახლში წერილი მიუვიდა, რომელშიც ეწერა: „გამარჯობა, მე ვარ ქორი! ახლა ისე შორს ვარ, რომ საბჭოთა მილიცია ვერ მომწვდება. მშვიდობით!“

მურმან აბულაძე, მეტსახელად ქორი, 1999 წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთის ქალაქ რიზეში...

 

скачать dle 11.3