რა სიურპრიზი მოუწყო სტალინმა დე გოლს მოსკოვში
1944 წლის ნოემბერში სტალინის გაუარესებული ჯანმრთელობა სულ რაღაც ორიოდე კვირაში სრულიად აღდგა და დიდი ბელადი გაორმაგებული ენერგიით შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ჩვენ წინ მივიწევდით, მთელი მსოფლიოსთვის უკვე ნათელი იყო ფაშისტური გერმანიის კრახი. მრავალი ოკუპირებული ქვეყნის ლიდერი უკვე პირადად სტალინს უთანხმდებოდა საკუთარი სამშობლოს ბედზე და დიდ ბელადს დახმარებას სთხოვდა. 10 დეკემბერს კრემლში სტალინმა საფრანგეთის სამხედრო დელეგაცია მიიღო, რომელსაც გენერალი შარლ დე გოლი მეთაურობდა. დე გოლი იმ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო ჩართული, ფაშისტების ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა და ქვეყნის პრეზიდენტი მოგვიანებით გახდა. მიუხედავად ამისა, ფრანგი გენერალი დიდ სამხედრო ძალას ფლობდა და საკუთარ ხალხში უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ, მიავლინეს დე გოლი მოსკოვში, რათა მას სტალინისგან სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარანტიები მიეღო და ეს გარანტიები სათანადო ხელშეკრულებით გაეფორმებინათ. გენერალი დე გოლი საკმაოდ არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ის ძალიან მაღალი კაცი იყო, კოპებშეკრული უზარმაზარი ცხვირით. შესიებული უპეებიდან გამჭოლად გიყურებდნენ მისი თვალები. ეს კაცი თითქმის არასოდეს იღიმებოდა. ეს, ერთი შეხედვით, პირქუში პიროვნება სტალინის წინაშე მგლის ლეკვივით უმწეო შეიქმნა, როცა საკუთარი ნების თავზე მოხვევას შეეცადა. თუმცა, ვერაფერს გახდა. საქმე ისაა, რომ ფრანგების დროებითი მთავრობის ხელმძღვანელობა (რომელიც ლონდონში იყო დაბინავებული) ურთიერთდახმარებისა და კავშირის ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად იყო მოსკოვში ჩამოსული და ეს დოკუმენტი, უპირველესად, მათ ინტერესებს ემსახურებოდა. ფრანგებმა ხელშეკრულების საკუთარი ვარიანტი ჩამოიტანეს, რომლის თანახმადაც, საბჭოთა კავშირი ომის შემდეგ დიდ დათმობებზე უნდა წასულიყო ევროპაში (კერძოდ კი, გერმანიასთან მიმართებაში). გარდა ამისა, ფრანგებისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გაგვეწია. სტალინმა, რა თქმა უნდა, ჩანასახშივე უარყო ფრანგული ვარიანტი, გაეცინა, დოკუმენტი მაგიდაზე მოისროლა და დასძინა: „თავხედობა პატიმრობისას მეორე ბედნიერებააო, გამიგია. თუმცა, არა მგონია, ჩვენთან თავხედობამ ფრანგები გააბედნიეროს. ამათ ჩვენ ვინ ვგონივართ, ალბათ, სულელები, არა? მართალია, დე გოლზე ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ ეს დოკუმენტი მას ჩემს თვალში ამცირებს“. ერთი სიტყვით, სტალინმა დე გოლს მოლოტოვის პირით დოკუმენტის გადასინჯვა შესთავაზა და შეუთვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრას აზრი არ ექნებაო. სულ რამდენიმე საათის შემდეგ, ფრანგებმა რადიკალურად განსხვავებული დოკუმენტი წარმოადგინეს და სტალინი კმაყოფილი დარჩა. თუმცა, შეხვედრა მაინც მეორე დღისთვის გადადო. 10 დეკემბერს სტალინი ისევე მიესალმა დე გოლს, როგორც სხვა მის ხელქვეითებს და ამით პირველი დარტყმა მიაყენა. დიდმა ბელადმა ფრანგ გენერალს თავიდანვე აგრძნობინა, ვინ იყო სიტუაციის ბატონ-პატრონი და განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენია ლეგენდარული გენერლის მიმართ. მეტიც, სტალინი ხაზგასმული თავაზიანობით ეპყრობოდა ესკადრილია „ნორმანდიის“ მეთაურს, პუიადას და მასთან ერთად ვახტანგურადაც კი დალია პირადად მისი სადღეგრძელო. დე გოლი, რა თქმა უნდა, მიხვდა სტალინის დემარშს, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია და ღირსეულად დაეჭირა თავი. თუმცა სახეზე მღელვარება აშკარად ეტყობოდა. სტალინმა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მშვენივრად შეამჩნია და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დე გოლი საჭირო კონდიციამდე მიიყვანა, სათანადო ყურადღება მიაპყრო. ფრანგთა გოლიათი ლიდერი ოთახის კუთხეში, ღვინით სავსე ბოკალით ხელში იდგა და დაბნეული იყურებოდა. იმ მომენტში ის ნამდვილად არ ჰგავდა გმირ ფრანგ წინამძღოლს, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი იყო თავისი სიჯიუტითა და პრინციპულობით. სტალინი, რომელსაც ასევე ღვინით სავსე ბოკალი ეჭირა, დე გოლს მიუახლოვდა, ხელკავი გამოსდო და ოთახის ცენტრისკენ გამოიყვანა. შემდეგ სადღეგრძელო წარმოთქვა და გენერალს ვახტანგურად დალევა შესთავაზა. დე გოლი იძულებული იყო, შესამჩნევად მოხრილიყო, რათა მკლავი მკლავში გაეყარა სტალინისთვის. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ფრანგი თავს იხრიდა სტალინის წინაშე მაშინ, როცა დიდი ბელადი წელში გამართული, თავაწეული სვამდა ვახტანგურად. ეს მომენტი, რა თქმა უნდა, ფრანგებმაც დააფიქსირეს და „ნორმანდიის“ მეთაურს ულვაშებშიც კი ჩაეღიმა. სტალინმა ერთ-ერთ სადღეგრძელოში თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები უსასტიკეს ომში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ (იგულისხმება 1812 წელი), დღეს ჩვენ მოკავშირეები ვართ და ერთიანი ძალისხმევით ვცდილობთ ფაშიზმის განადგურებას. ჩვენს მიწაზე ვერც ჰიტლერმა მოიკიდა ფეხი, ვერც ნაპოლეონმა და ეს სურვილი ყველასთვის აუსრულებელი დარჩება“.
ნაპოლეონის ხსენება ფრანგებს არ ესიამოვნათ და მით უმეტეს, მისი შედარება ჰიტლერთან. თუმცა, ხმამაღალი პროტესტი არავის გამოუთქვამს, დე გოლმა კი ფრანგულად ჩაილაპარაკა: „რომ არა გენერალი ბაგრატიონი, ძალიან გაგიჭირდებოდათ“.
სტალინს, რომელსაც ბრწყინვალე სმენა ჰქონდა, არ გამოჰპარვია ფრანგის ეს ფრაზა და ის ასე დაასრულა: „თქვენი და ბაგრატიონის თამადობით, ყველა იმ მეომარს გაუმარჯოს, ვინც ბოროტებას ებრძვის“. ეს სადღეგრძელო უკვე ვახტანგურის გარეშე დალია ორივემ. შემდეგ დე გოლმა საპასუხო სიტყვა წარმოთქვა და მხოლოდ ბაგრატიონის თამადობით დალია მეომართა სადღეგრძელო. სტალინმა დე გოლს კვლავ ხელკავი გამოსდო და განუმარტა: „ბაგრატიონი ქართველი იყო და რუსეთში იბრძოდა, მეც საქართველოში მაქვს სამშობლო“.
სტალინის ეს სიტყვები მრავალი წლის შემდეგ გავიაზრე და დავრწმუნდი, რომ მას არასდროს გაუწყვეტია კავშირი თავის ფესვებთან.
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით