სად შეუვარდა ნიკო ლეკიშვილს მეგობარი ცხენით და როდის დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა მან
ბავშვობისა და სტუდენტობის წლები თბილისის ძველ უბანში, პლეხანოვზე, გოფილეტის ბაღში გაატარა, იქ, სადაც ღია ცის ქვეშ სცენა იყო და კონცერტები ტარდებოდა – სუხიშვილების, გიზო გაბისკირიას, ჯანო ბაგრატიონის, „რეროს“, სახელმწიფო ანსამბლის, კამერული ორკესტრის… „თვითონ ქუჩა, პლეხანოვის გამზირი იყო საინტერესო და განსაკუთრებული. აქეთ ერთი ღია კინოთეატრი, იქით – მეორე კინო, მარჯანიშვილის თეატრი, კინოსტუდია. ხელოვნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული უბანი იყო და ამ ატმოსფეროში ვიზრდებოდით. რა თქმა უნდა, ხანდახან ჩხუბიც იყო, ისეთი ჩხუბი, რომ მთელი პლეხანოვი გადაკეტილა და აღარც ტრამვაი მოძრაობდა, აღარც არაფერი. პოლიციაშიც მოვხვედრილვარ, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ დროს არ იყო დანისა და იარაღის ტრიალი. თუ ჩხუბი იყო, იყო ჩხუბი, მერე ხვევნა-კოცნა პურმარილი და მეგობრობა მიდიოდა. მე გეტყვით, გოფილეტის ბაღში ვინ იდგნენ: სუხიშვილების ბიჭები, ახალგაზრდა დირექტორები, გია ყანჩელი... იყვნენ ბიჭებიც, რომლებიც რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ ისინი ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდნენ პლეხანოვზე. მაგარი ბიჭები მარტო პლეხანოვზე კი არა, ვერაზე, მთაწმინდაზე, ყველა უბანში იყვნენ – ცნობილი დამრტყმელები, მაგრამ, სუფრასთან წესი იყო, რომ ვერავინ იჩხუბებდა – სადმე შეხვდებოდნენ და იქ გაარჩევდნენ საქმეს”.
ალიოშას ბიჭები
სამუსიკო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და პარალელურად წყალბურთს ვთამაშობდი. პატარა რომ ვიყავი, ვამბობდი, დირიჟორობა მინდა-მეთქი. როდესაც გაივლი ცხოვრების რაღაც მონაკვეთს, მერე ძნელია, წარმოიდგინო, რა უფრო უკეთესი იქნებოდა, გამოსულიყავი – მსახიობი თუ მომღერალი. სულ მსახიობებისა და მუსიკოსების გვერდით ვტრიალებდი. ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ: გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, „ქართული ხმების“ ბიჭები. მართალია, ზოგიერთები ჩემზე უფროსები იყვნენ, მაგრამ, ვმეგობრობდით, სულ ქეიფსა და დროსტარებაში ვიყავით. სკოლაში ღონისძიებებზე გამოვდიოდი და ვმღეროდი, ოლიმპიადებზე და ოპერაშიც მიმღერია; მერე „გეპეიში“ დამდევდნენ – იმღერეო, მაგრამ, არ მინდოდა. ბიჭები მივდიოდით, მოვდიოდით, ჩვენ თვითონ ვირთობდით თავს, სხვისი გართობა რად გვინდოდა. ვსწავლობდი ცნობილ რკინიგზის სკოლაში, დირექტორი ალიოშა ცინცაძე იყო. ამ სკოლაში სწავლობდნენ: ნანი ბრეგვაძე, ვაჟა აზარაშვილი, სულხან ნასიძე, გია ყანჩელი. ძალიან ბევრს დავდიოდით ქალაქგარეთ. გადავიკიდებდი გიტარას, ჩავსხდებოდით მატარებელში და მცხეთაში ჩავიდოდით. ავიდოდით ჯვარზე, ზედაზენზე, წავიღებდით საჭმელს, სადმე ტყეში დავსხდებოდით და კარგად მოვულხენდით – ეს სტუდენტობის ბოლომდე გაგვყვა. მეათე კლასში ვიყავი. შუა გაკვეთილზე სამმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სადმე წავსულიყავით. შევედით სახინკლეში, ორი ბოთლი ღვინო და ხინკალი შევუკვეთეთ. ჭამა რომ დავიწყეთ, ვხედავთ, ჩვენი სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და ორი მასწავლებელი შემოვიდნენ. დაგვინახეს, მაგრამ, ხმა არ ამოუღიათ. წავიდნენ და კუთხეში დასხდნენ. ცუდ დღეში აღმოვჩნდით. გაქცევაზე ვართ, გვინდა, სწრაფად წავიდეთ. მიმტანს ვუთხარით, იმათ ჩვენგან სამი ბოთლი ღვინო მიუტანეთო. წამოსვლისას ჩუმად ვკითხეთ, ჩვენზე რამდენიაო. იმ სამი ბოთლისაც გადაიხადეს და თქვენი სუფრისაცო, – გვითხრა. წამოვედით, მაგრამ, მეორე დღეს ხომ უნდა მივიდეთ სკოლაში?! ალიოშა დილის 8 საათიდან კართან იდგა. შევდივართ თავჩაქინდრულები, გვინდა, სწრაფად გავიაროთ. მოტრიალდა და მეუბნება: ლეკიშვილო, ოთხნი ვისხედით და თითო ბოთლის ღირსი აღარ ვიყავით, სამი რომ გამოგვიგზავნეო?! მასწავლებლები ძალიან გვიცავდნენ. ერთხელ, ბიჭები სკოლის წინ ვიდექით. პოლიციამ გამოიარა და განყოფილებაში წაგვიყვანა. ეს ამბავი ალიოშას ყურამდე მივიდა და განყოფილებაში მოვარდა. რა დააშავეთო, – გვკითხა. სულ ტყუილა დაგვიჭირეს-მეთქი. იცოდა, რამე რომ მომხდარიყო, არ დავმალავდი და ვეტყოდი. იმან იმათ დღე აყარა?! – რა ნამუსით დაიჭირეთ ეს ბავშვებიო, – ერთი ამბავი აუტეხა. არადა, მართლა არაფერი დაგვიშავებია: მე გარეთ ვიდექი, ჩემი მეგობარი შიგნით იყო, სკოლაში და ფანჯრიდან რაღაც მომაწოდა. ფანჯარა ჩატეხილი იყო და ამაზე მოგვდეს შარი – რატომ არის ჩატეხილი, ალბათ, თქვენ გატეხეთო...
ჩემი მეგობარი ჟიული
მაშინ ძალიან მოდაში იყო „გეპეი“ და სამედიცინო ინსტიტუტი. სამედიცინოზე არ მინდოდა. ატომური ელექტროსადგურების სპეციალობა იყო პოპულარული და იქ ჩავაბარე. ამ პერიოდში თავი დავანებე სპორტს. აქაც ჩვეულებრივი ატმოსფერო იყო – არ გვაკლდა ქეიფი და დროსტარება. ერთხელ, ყამირზე ყოფნისას, ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით და ფეხი მოვიტეხე. ექვსი თვე თაბაშირში მქონდა. წონაშიც მოვიმატე, ვეღარ დავრბოდი. ინსტიტუტში ძალიან დავუახლოვდი ჟიული შარტავას, რომელიც მაშინ კომკავშირის მდივანი იყო. ჟიულის სხვანაირი მიდგომა ჰქონდა. იმის მიხედვით კი არ ჰქონდა ურთიერთობა ბიჭებთან, ვინ როგორ სწავლობდა, არამედ, ვის რა ავტორიტეტი ჰქონდა. კომკავშირი ჩემგან შორს იყო, არ მქონდა მიდრეკილება, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჟიულისა და პროფესორ შალვა ნაჭყებიას მეშვეობით ჩავები ამ საქმეში. ამასობაში ინსტიტუტი დავამთავრე და დამტოვეს კათედრაზე. ფრიადოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ, ჩემს სპეციალობაში ძალიან მაგარი ვიყავი. ერთი აკადემიკოსი იყო, ქუთათელაძე, რუსეთში ცნობილი და გავლენიანი პიროვნება, რომელმაც ნოვოსიბირსკში მიმიწვია სამუშაოდ. რომ წავსულიყავი, სამეცნიერო თვალსაზრისით, ალბათ, დიდ შედეგებსაც მივაღწევდი, მაგრამ, აღარ წავედი. ჟიული ჯერ ქალაქკომის მდივნად დანიშნეს, შემდეგ – „ცეკას“ მდივნად. ვინც მის გარშემო ვტრიალებდით, ყველას დაგვიძახა და გვითხრა: აბა, ბიჭებო, თუ ძმობა და მეგობრობაა, მხარში უნდა ამომიდგეთ და ჩემთან წამოხვიდეთო. ამ დროს ქვეყნის სათავეში შევარდნაძე მოვიდა. ჟიულის მხარდაჭერით, პირველი მაისის რაიონის მდივანი გავხდი.
„საპოს“ ცხენი
ჩემი მეგობარი კიჭა არველაძე სამედიცინოზე სწავლობდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე, თამრიკო გაიცნო. მეორე ძმაკაცმაც საცოლე სამედიცინო ინსტიტუტიდან შეარჩია. მეც ამ სიტუაციაში გავიცანი მელანო ტორონჯაძე. ერთი სამეგობრო წრე შეიკრა, რომელსაც დავარქვით „საპო“ – სამედიცინო-პოლიტექნიკური. დაბადების დღეებზეც და ზღვაზეც ერთად მივდიოდით. თუ ისინი მოსკოვში ან ბაკურიანში წავიდოდნენ, ჩვენც იქ უნდა წავსულიყავით. მელანოს მხრიდან აქტიურობა არ შეიმჩნეოდა. ვიფიქრე, არ უნდა და ნუ უნდა-მეთქი და აღარ შემიწუხებია თავი, მაგრამ, ერთხელაც, ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღიდან ღამის კლუბში წავედით და მაშინ გადაწყდა ჩვენი ამბავი. ჩემი ქორწილი ჩემთან, სახლში იყო, მისი – იპოდრომთან, ერთ-ერთ რესტორანში. მახსოვს, ჩემი მეგობარი, პეტრე ხურცილავა, პირდაპირ ცხენით შემოვარდა დარბაზში. მეორე დღეს ჯერ მოსკოვში ჩავფრინდით და სასტუმროში გავჩერდით, მერე ტალინში გადავფრინდით. მერე კი გაჩნდნენ გოგოები – სოფო და სალომე. მელანოსაც ბიჭი უნდოდა, მაგრამ...
ეს ჩემი უდიდესი შეცდომა იყო…
ცხოვრებაში იმას უფრო აფასებ, რაც გააკეთე, ვიდრე იმას, რაც უნდა გაგეკეთებინა. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ, ის სამყარო, რომელშიც მე ვიცხოვრე, შევიწროვდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი ნაცნობი შევიძინე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. ძალიან მენატრება ის სკამი, რომელზეც ჩვენი ქალაქის კოლორიტები ისხდნენ, თორემ, ისე, რა თქმა უნდა, იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული, მათი გამოსწორება რომ დავიწყო, ალბათ, ერთი-ორი ცხოვრება დამჭირდება. თავიდან რომ ვიწყებდე, ჟიულის ვერ ვუღალატებდი და ისევ ამ გზით წავიდოდი. არის ზოგი რამ, რაც დღეს მიმაჩნია, რომ არ უნდა გამეკეთებინა. მაგალითად, მერობიდან არ უნდა წამოვსულიყავი – ეს ჩემი უდიდესი შეცდომა იყო. რად მინდოდა სხვა თანამდებობა, მაგრამ, ნებისყოფა არ მეყო, ისე შემომიტიეს ყველა მხრიდან; დაწყებული ელდარ შენგელაიადან, ვის არ მიგზავნიდნენ და, უარი ვეღარ ვთქვი. ამიტომ, სულ მაქვს ღალატის გრძნობა. ეს ჩემი იყო და ის – სახელმწიფო სამსახური – არა. საჩხერეში წყალი მოვარდა თუ სადღაც მთა ჩამოწვა – ეს არ იყო ჩემი საქმე. თბილისში ვიღაცის კანალიზაცია რომ გაფუჭდებოდა, ის უფრო მეტად მაწუხებდა. საქართველოზე ვგიჟდები და თავსაც შევწირავ, ყველა კუთხე-კუნჭული მიყვარს, მაგრამ, ჩემი საქმე თბილისის მერობა იყო. აღარც კი მინდა იმ პერიოდის გახსენება, რა დღეშიც ვიყავი. მგონია, ეჭვიანობდნენ, როცა ხედავდნენ, რომ ხალხი ასეთ პატივს მცემდა და მაფასებდა. იფიქრეს, მეტი არ მოინდომოსო და... – აი, ამას ვდარდობ. სახელმწიფო მინისტრად ყოფნისას კი ინტრიგების ატმოსფეროში აღმოვჩნდი. დიდხანს ვერ გავძელი და წამოვედი. მერე ვაპირებდი თბილისში მეყარა კენჭი მაჟორიტარად, მაგრამ, რაჭველებმა მთხოვეს და კენჭი ამბროლაურში ვიყარე...