„ფორბსის” 2014 წლის უკრაინელი მილიარდერები
უკრაინაში მიმიდნარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, საინტერესო იქნება, გავეცნოთ უკრაინელი მილიარდერების კაპიტალს, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა” გამოაქვეყნა.
რინატ ახმეტოვი – 12,5 მილიარდი დოლარი
მსოფლიოში ყველაზე მდიდარ უკრაინელს რთული პერიოდი უდგას: მისი კაპიტალი წინა წლებთან შედარებით რამდენიმე მილიარდი დოლარით შემცირდა, ამას დაემატა უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და, შესაძლოა, მომავალ წელს ახმეტოვი სულაც პირველი ასეულის მიღმა დარჩეს, ამჟამად კი იგი 88-ე ადგილზეა. ახმეტოვი ფეხბურთის მოყვარულია, მისი საკუთრებაა დონეცკის „შახტარი” და 400 მილიონ დოლარად შეფასებული სტადიონი „დონბას-არენა”.
ვიქტორ პინჩუკი – 3,2 მილიარდი დოლარი
პინჩუკი უკრაინის ექსპრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძეა და მილიარდერთა რეიტინგში მას 506-ე ადგილი უკავია. იგი პირველი უკრაინელი მილიარდერია, რომელიც ბილ გეითსის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონ დოლარს ხარჯავს ქველმოქმედებაში. პინჩუკი „პროდასავლელი ოლიგარქის” სახელით არის ცნობილი. იგი „ევრო-მაიდნის” მხარდამჭერად სახელდება.
გენადი ბოგოლიუბოვი – 2,3 მილიარდი დოლარი
გენადი ბოგოლიუბოვი პარტნიორ იგორ კოლომოისკისთან ერთად აკონტროლებს საბანკო-სამრეწველო ჯგუფ „პრივატს”. ბოგოლიუბოვი იუდეველია და 2012 წელს მან დნეპროპეტროვსკში მსოფლიოში უდიდესი მრავალფუნქციური ებრაული „მენორაჰ-ცენტრი” გახსნა.
იგორ კოლომოისკი – 2,1 მილიარდი დოლარი
მილიარდერი, რომლის მფლობელობაში არსებული მასმედიის საშუალებები უკრაინულ კრიზისს ოპოზიციის მხრიდან აშუქებდა. ცნობილია კოლომოისკისა და ვლადიმირ პუტინის დაპირისპირების შესახებ. კოლომოისკიმ პუტინი იმპერიალისტად და საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მეოცნებე ადამიანად დაასახელა და საპასუხოდ პუტინმა მას უწოდა „ვიგინდარა, რომელმაც აბრამოვიჩი „გადააგდო”.
იური კოსიუკი – 1,5 მილიარდი დოლარი
ბიზნესსაქმიანობა კოსიუკმა 1991 წელს დაიწყო – ის კიევის საფონდო ბირჟაზე ბროკერი იყო. ამჟამად კოსიუკი „მირონოვის პურპროდუქტების” მფლობელია და, ასევე, დაკავებულია ხორბლის ექსპორტით.
ვადიმ ნოვინსკი – 1,5 მილიარდი დოლარი
ვადიმ ნოვინსკი პარტნიორ ანდრეი კლიამკოსთან ერთად ფლობს „სმარტ ჰოლდინგ გრუპს” – კომპანიას, რომელიც ახმეტოვის საკუთრებაში არსებული სამთო-მომპოვებელი „მეტინვესტის” 24 პროცენტს აკონტროლებს. ნოვინსკი „რეგიონების პარტიის” წევრი იყო და ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვაში გახლდათ.
პიოტრ პოროშენკო – 1,3 მილიარდი დოლარი
უკრაინის „შოკოლადის მეფედ” წოდებული პიოტრ პოროშენკო „ევრო-მაიდნისა” და უკრაინის ახალი მთავრობის მხარდამჭერია. პოროშენკოს საკუთრებაშია საკონდიტრო კონცერნი „როშენი”, რომელიც უგემრიელეს კიევურ ტორტებსაც აწარმოებს.
კონსტანტინ ჟევაგო – 1,2 მილიარდი დოლარი
ჟევაგოს კაპიტალმა მნიშვნელოვნად იზარალა მადანზე მოთხოვნის დაცემის გამო. იგი ამჟამად ბრაზილიასა და შვეიცარიაში ინვესტირების განხორციელებაზე ფიქრობს. ჟევაგო საფეხბურთო კლუბ „ვორსკლას” მფლობელია. იგი ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.
სერგეი ტიგიპკო – 1 მილიარდი დოლარი
უკრაინული პოლიტიკის ვეტერანი და უმაღლესი „რადას” დეპუტატი სერგეი ტიგიპკო წარსულში უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა. „პრივატბანკის” ყოფილი დამფუძნებელი ამჟამად მანქანათმშენებლობასა და უძრავ ქონებაში ახორციელებს ინვესტიციებს.