მამა პაისი მთაწმინდელის სასწაულები
მრავალი სასწაული აღესრულება ღირსი პაისი მთაწმინდელის მიერ მისი გარდაცვალების შემდგომაც. მამა პაისი განსაკუთრებულად შეეწევა ონკოლოგიური სნეულებებით დაავადებულებსა და ეშმაკეულებს. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მამა პაისს სასწაულებრივად გადაურჩენია ადამიანები საგზაო ავარიებისა და უბედური შემთხვევების დროს. ღირსი მამის გამოცხადებები უნახავთ საავადმყოფოებში. მამა პაისის პირადი ნივთები სასწაულმოქმედებენ და კეთილსურნელებას გამოსცემენ.
* თესალონიკის მახლობლად მდებარე სოფელ ნეა მიხანიონში მოღვაწეობს დეკანოზი ქრისტოს ცანდალისი, 9 შვილის მამა, მისი ექვსი წლის ვაჟი სიკვდილს სწორედ მამა პაისიმ გადაარჩინა.
„ბავშვები სახლის სახურავზე აძვრნენ და განათების „შახტის” გახსნილ „ლუკზე” გადახტომას ცდილობდნენ. ჩემმა 6 წლის ვაჟმა, რომელსაც მეტყველების განვითარების შეფერხება ჰქონდა და ჯერ კიდევ არ ლაპარაკობდა, ასევე მოინდომა გადახტომა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და „შახტაში” ჩავარდა. ასე გადმოვარდა იგი მეოთხე სართულიდან. გულმოკლულმა გამოვხსენი „შახტის” კარი და საზარელი სანახაობისთვის მოვემზადე. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც შიშისგან გაფითრებული, ცოცხალი და უვნებელი ბავშვი აღმოვაჩინე. მაშინვე საავადმყოფოში გავაქანე. ბავშვი ექიმებმა გულდასმით გასინჯეს, მაგრამ არათუ მოტეხილობა, ნაკაწრიც ვერსად უპოვეს.
ყველასთვის ცხადი იყო: მოხდა სასწაული. ვიფიქრე, რომ ჩემი შვილი გადაარჩინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ხატმა, რომელიც ჩვენი სოფლის ტაძარშია დაბრძანებული. ბავშვი ხატთან მივიყვანე და ვკითხე: „მან გადაგარჩინა?“ „არა“ – მიპასუხა ბიჭუნამ და მამა პაისი მთაწმინდელის სურათზე მიმითითა“.
* კვიპროსის ქალაქ პათოსის მცხოვრები, ბატონი ნიკოლაოს ქსინარისის ნაამბობი:
„პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისში ერთ სახლში ვმუშაობდი. სამუშაო რომ დავასრულე, უკვე შებინდებული იყო. ინსტრუმენტებს მანქანაში ვაწყობდი. მანქანის გვერდით მავთული ეკიდა, მისი ერთი მხარე ორიოდე სანტიმეტრით მოღუნული იყო კაუჭისებურად. სიბნელეში ვერ შევნიშნე და თვალით წამოვეგე. ჩემს ყვირილზე სახლის პატრონი გამოვარდა და მავთულის თვალიდან გამოღება განიზრახა. მე არ დავანებე და ვთხოვე, უბრალოდ, გადაეჭრა მავთული და საავადმყოფოში წავეყვანე. ვიდრე ის ინსტრუმენტს ეძებდა, მწარედ ვტიროდი, დაბრმავების მეშინოდა – ვფიქრობდი, რა ეშველებოდა ჩემს სამ შვილს! ამ დროს ჩემ წინაშე შავ ანაფორმაში შემოსილი სუსტი კაცი აღიმართა. როდესაც ის დავინახე, პირჯვარი გადავიწერე. უცებ შემამცივნა. ვიგრძენი, როგორ შეეხო ჩემს ღაწვს და თავი ზემოთ ამიქაჩა. იმ წამს მავთული თვალიდან ამომვარდა.
როდესაც სახლის პატრონმა მავთულის გადასაჭრელად ინსტრუმენტი მოიტანა, მისი საჭიროება უკვე აღარ იყო. საავადმყოფოში მიმიყვანეს. ექიმებმა თვალი გამისინჯეს. ყოველივე დაწვრილებით ვუამბე, მაგრამ არ დამიჯერეს. პირდაპირ თვალის გუგაზე ნაიარევის კვალი მეტყობოდა. ექიმებმა მალამო მომცეს და 3-4 დღე თვალახვეული სიარული მირჩიეს.
მეორე დღეს ერთ მაღაზიაში ჩემი გადამრჩენელი ბერის ფოტო შევნიშნე. გამყიდველს ამ ადამიანის ვინაობა ვკითხე და ასე შევიტყვე, რომ იგი ბერი პაისი მთაწმინდელი ყოფილა. გამყიდველს ნებისმიერ თანხას ვთავაზობდი, ოღონდაც ჩემთვის ეს ფოტო მოეყიდა. ამის სანაცვლოდ მან მამა პაისის შესახებ წიგნი მაჩუქა. ეს წიგნი იმავე დღეს წავიკითხე. ახლა კი სულ მანქანაში მიდევს, როგორც ჩემი მფარველი სიწმინდე“.
მამა პაისიმ სიმსივნით დაავადებული განკურნა
ერთი მორწმუნე ქალბატონის მონათხრობი:
„ჩემს დას სარძევე ჯირკვლის კიბო დაუდგინეს. სასოწარკვეთილებაში იყო. აღარ ვიცოდი, რით მენუგეშებინა. გამახსენდა, რომ ჩემს მეგობარ ფილიცას სახლში უდიდესი საუნჯე – მამა პაისის ნაქონი შარფი ჰქონდა. მასთან მივედი და შარფი ჩემი დისთვის ცოტა ხნით გამოვითხოვე. დამ შარფი გულში ჩაიკრა, ხატებთან მივიდა და ლოცვა დაიწყო. 4-5 დღის შემდეგ მას განმეორებით გაუკეთეს რენტგენოგრამა. სიმსივნის კვალიც კი გამქრალიყო! მამა პაისის უდიდესი მადლი აქვს ღვთისაგან!“