მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რას ნიშნავს სულით მცონარობა?
პასუხი: ეს არის ლოცვის დაზარება, საკუთარი გულისთქმის მიმართ უყურადღებობა, საკუთარ ცოდვათა გამო ცრემლის არდენა, უკეთურ აზრთა და გრძნობათა აღუკვეთლობა.
კითხვა: ჩემმა შვილმა უკვე რამდენჯერმე იპოვა ჯვარი, მათ შორის, ოქროსიც. ეს რამეზე ხომ არ მიანიშნებს?
პასუხი: გირჩევთ, მსგავს შემთხვევებს ნუ მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას და ნუ მიიჩნევთ თქვენს შვილს გამორჩეულად. ჩვეულებრივად შეხვდით ასეთ შემთხვევებს. ეს არაფერზე არ მიანიშნებს.
კითხვა: მინდა სასულიერო განათლება მივიღო. რა წინაპირობაა ამისთვის საჭირო?
პასუხი: სასიხარულოა, რომ ასეთი სურვილი გაგიჩნდათ. რელიგიური ცოდნის გაღრმავება არა მხოლოდ უფალთან დაგაახლოვებთ, არამედ საერო ყოფის სიმძიმესაც გაგიიოლებთ. ასეთი სურვილი ადამიანში უფლის ნებით იბადება, თუმცა, მხოლოდ სურვილი არ კმარა... სანამ სასულიერო სემინარიაში ჩააბარებდეთ, უნდა მოემზადოთ. ეს ნიშნავს, რომ უნდა იცხოვროთ ეკლესიურად, სულიერად იყოთ მზად საღვთო მცნებების მოსასმენად და შესასწავლად. უნდა გყავდეთ მოძღვარი, რომელსაც ეცოდინება თქვენი ცხოვრების წესის შესახებ და რეკომენდაციებს მოგცემთ სასულიერო სემინარიაში ჩაბარებისთვის.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ბავშვი მოვნათლო მარხვის პერიოდში?
პასუხი: ნათლობის საიდუმლოს შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს, როგორც მარხვის, ასევე სახსნილო დღეებში. საერთოდ, ბავშვი უმჯობესია, დაბადებიდან მეორმოცე დღეს მონათლოთ.
კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ უფლისთვის სათნო იყოს ჩემი საქმეები?
პასუხი: თუ სიკეთეს აკეთებ უფლის სადიდებლად, ეცადე, ყოველივე დაფარულად აღასრულო.