რის გამო გაიხადა მაისური კონცერტის დროს კახა მამულაშვილმა და ვინ შეიყვანა ლელა წურწუმია „შავ სიაში”
სულ მალე „იურმალის” კიდევ ერთი კონკურსი აიღებს სტარტს. წელს საქართველოს საკმაოდ საინტერესო რეპერტუარით წარადგენს ნუცა ბუზალაძე. მისი ნიჭისა და მონდომების გამო, გვერდში ისეთი ადამიანები დაუდგნენ, როგორებიც არიან ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი. სწორედ მათ ითავეს ნუცას წარდგენა იურმალადან ჩამოსული კომპეტენტური პირების წინაშე, რომლებიც რაღა თქმა უნდა, იმისთვის ესტუმრენ საქართველოს, რომ თავისი არჩევანი გაეკეთებინათ, თუ ვინ წარადგენდა წელს ჩვენს ქვეყანას იურმალაზე. ჩვენი რესპონდენტია კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, რომლისგანაც უფრო დეტალურად გავიგებთ თუ როგორ მიდის კონკურსისთვის მზადება. ასევე, შევეხებით სხვა თემებს, რომელიც მკითხველისთვის საინტერესო იქნება
– ბოლო პერიოდი სერიოზულად ხარ ჩართული „იურმალას“ კონკურსის სამზადისში. ამის შესახებ მოგვიყევი.
– იურმალიდან ჩამოვიდნენ, კომპეტენტური პირები, რომლებსაც ნუცა ბუზალაძე წარვუდგინეთ. ნუცა მათ ძალიან მოეწონათ და მასზე შეაჩერეს არჩევანი. ძალიან ბევრი სიმღერა გავგზავნეთ, განსაკუთრებით – ქართული ტურისთვის. იყო რუსა მორჩილაძის, ლილიკო ნემსაძის, რომა რცხილაძის, ნინო ქათამაძისა და მიშა მდინარაძის სიმღერები, მათ კი არჩევანი მიშა მდინარაძის „თოლიებზე” გააკეთეს. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ დაამტკიცეს ის სიმღერები, რომლესაც ნუცა კონკურსზე იმღერებს. ესენია, ჯესი ჯეის ერთ-ერთი სიმღერა; ასევე, მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა, ხოლო, რაც შეეხება ქართულ ტურს, მიშა მდინარაძის სიმღერას – „თოლიები,” ნუცა სოფო ხალვაშთან ერთად შეასრულებს. ჩვენ „იურმალაზე” იმისთვის მივდივართ, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ. პირველ ყოვლისა, რაც მთავარია, ნუცამ ძალიან კარგად უნდა იმღეროს. წელს კონკურენცია ძალიან ძლიერია, ვნახოთ რა იქნება. იმედი მაქვს, ნუცა ისევე გვასახელებს, როგორც „ჯორჯიამ” გვასახელა.
– დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება. ახლა კი, მინდა, იმ თემას შევეხო, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე თვის წინ „პირველი რადიოს” პირდაპირ ეთერში განაცხადე, რომ ლელა წურწუმია „შავ სიაშია,” რის გამოც, უკვე წლებია, რუსეთში ვერ მიემგზავრება. ამ ეტაპზე რა ხდება, არის რამე სიახლე?
– ჯერჯერობით იგივე სიტუაციაა, არაფერი შეცვლილა. მგონი, უკვე გავდივართ ბოლოში – ინფორმაციულ ვაკუუმს ვხსნით და, ბოლო-ბოლო, გავიგებთ, ვისი გაკეთებულია ეს ამბავი. ხომ იცი, ყველაფერი საბოლოოდ მაინც ირკვევა. ის კი არ არის მთავარი, რომ ლელამ რუსეთის საზღვარი უპრობლემოდ გადალახოს – სულ აღარ გვინდა იქ წასვლა, უბრალოდ, მიზეზი მინდა გავიგო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს რუსეთისთვის ლელა წურწუმია.
– ამ ეტაპზე რა ხდება ლელას შემოქმედებაში? ბოლოს ის პროექტში „ორი ვარსკვლავი” ვიხილეთ წამყვანის ამპლუაში. სხვას რას გვეტყვი?
– გარდა იმისა, რომ ლელას პრივატული კონცერტები აქვს, მთლიანად გადართულები ვართ ნუცას ამბავზე და ბოლომდე „იურმალის” სამზადისში ვართ ჩართულები. ვმუშაობთ რეპერტუარზე. ვოკალში ნუცას ნუცა ჯანელიძე ამზადებს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მაია ყიფიანს, რომელიც ძალიან გვეხმარება. მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა ვერ ჩამომიყალიბდა ადამიანთან, რომელიც იურმალიდან მომამაგრეს. მეილის საშუალებით ვეხმიანებოდით ერთმანეთს და დროში საკმაო აცდენა მოხდა. საბედნიეროდ, მაიამ ეს ყველაფერი მოაგვარა და ის დაკავდა ამ მოლაპარაკებებით. ძალიან გვეხმარებიან, ასევე, ნინო ქათამაძე, რუსა მორჩილაძე, ნუცა ჯანელიძე, მაია კაჭკაჭიშვილი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება და ვინც აწი დაგვეხმარება.
– მას შემდეგ, რაც დუეტი „ჯორჯია” გამოვიდა „იურმალაზე”, არავინ წარგიდგენიათ.
– მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ, ჩვენ ნამდვილად არ გვიაქტიურია. ნუცას რაც შეეხება, მართლა ძალიან ნიჭიერი გოგოა და, იმედი გვაქვს, თავის სიტყვას იტყვის. ნუცა დიდი ხანია, ლელას თვალთახედვის არეშია, რადგან, მის ოჯახთან ახლოს ვართ. მისი პირველი ნაბიჯები სცენაზე ლელას უკავშირდება. ლელამ მისცა მას რჩევა, „ნიჭიერში” მიეღო მონაწილეობა; შემდეგ, როდესაც ბერას სტუდიაში გამოცხადდა ქასთინგი პროექტზე „ერთი ერთში”, ანკეტის შევსებაც ურჩია და ნუცა ამ პროექტშიც აიყვანეს. მართლა ძალიან ნიჭიერი გოგოა, თან, იმდენად შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია, სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა მის გვერდში დგომა.
– მკაცრი მენეჯერი ხარ?
– ჩემს საქმეში უკომპრომისო ვარ, სხვანაირად არ გამოვა. არ მესმის მეგობრული ურთიერთობები საქმეში. ნუცამაც იცის ეს და, თავიდანვე ვუთხარი, რომ ჩემთან და ლელასთან ურთიერთობა იოლი არ იქნებოდა. ზარმაცი ნამდვილად არ არის; ძალიან კარგად იცის, რა უნდა, არის ძალიან შრომისმოყვარე და, სამსახიობო ოსტატობაც დიდი დოზით აქვს, რაშიც, „ერთი ერთში“ რომ გადიოდა, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ფაქტობრივად, ნუცა კარგი მასალაა იმისთვის, რომ კონკურსზე წაიყვანო.
– პროექტ „ორ ვარსკვლავსაც” მინდა შევეხო, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ლელა იყო: ერთ-ერთ ტურზე, ყველასთვის მოულოდნელად, დარბაზში ადექი და მაისური გაიხადე, ზურგზე კი 10 ქულა გეწერა. ამას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ზოგმა მოგიწონა საქციელი, ზოგმა – არა. საიდან წამოვიდა ეს აზრი?
– საერთოდ, ჩემი აზრით, „ორ ვარსკვლავს” დრაივი აკლდა, უფრო მეტი სანახაობრიობა, შოუ სჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თეონა კონტრიძე ავსებდა შოუს ელემენტებით „ორ ვარსკვლავს.” იმ დღეს ორ ტურად იყო კონცერტი გაყოფილი: პირველ ტურში ქართულად მღეროდნენ, მეორეში – უცხოურად. პირველ ტურში რომ ვიჯექი, ვერ მივხვდი, რისთვის ვიჯექი, მარტო ქულების დაწერა ხომ არ იყო მთავარი. ვუყურებდი მონაწილეებს და ვფიქრობდი, ისეთი რა გამეკეთებინა, რომ გამომეცოცხლებინა ისინი. უცებ გამახსენდა, რომ თეონას ამ წყალბურთელების ზურგებზე გართულება ჰქონდა. შესვენებაზე საგრიმიოროში გავვარდი და ვიკითხე, ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება თუ შემეძლო. თანხმობა რომ მივიღე, ზურგზე 10 ქულა დავაწერინე და დარბაზში დავბრუნდი.
– ეს არ იცოდნენ ჟიურის წევრებმა?
– არა, საერთოდ არავინ არ იცოდა. ვინმეს რომ გაეგო, ასეთი სანახაობა და რეაქცია აღარ გამოვიდოდა. თან, ვფიქრობდი, მიშას რომ არ გაეხადა სცენაზე მაისური რა უნდა მექნა – ცოტა მორცხვი ბიჭია და ამიტომ არ მქონდა იმედი. მერე წყალბურთელებს გავხედე, რომლებიც მიშას საგულშემატკივროდ იყვნენ მოსული. მიშას თაობა, რომლებსაც მეც ვიცნობ, სპორტულ შეკრებაზე იყვნენ წასული, ამიტომ, იმ დღეს ახალგაზრდული ნაკრები იყო მოსული მწვრთნელთან, ირაკლი კიკალიშვილთან ერთად, რომელსაც კარგად ვიცნობ. მოკლედ, სიმღერის დასრულების შემდეგ მიშამ მართლა არ გაიხადა, ახალგაზრდებს ვთხოვე, დახმარება გაეწიათ, რათა მაღალი ქულა დამეწერა და მათაც გაიხადეს, რომლებსაც მერე არც მე ჩამოვრჩი. ამ დროს ლელა სცენიდან მიყვიროდა – რას შვრებიო, სანამ მიხვდებოდა რას ვაკეთებდი. რაც მთავარია, შოუ გამოვიდა. ბევრმა კი გაიცინა, მაგრამ, ზოგმა კრიტიკულად შეხედა ჩემს საქციელს.
– ლელა რომ კარგი, ჯანსაღი იუმორით არის ცნობილი, ვიცით, მაგრამ, თურმე, არც შენ ჩამოუვარდები.
– მთლად ლელასნაირად ვერ, მაგრამ, იუმორს ჩამოშორებული ნამდვილად არ ვარ. საერთოდ, ჩემი აზრით, იუმორის გრძნობა ადამიანებში ურთიერთობებს ახანგრძლივებს და უფრო საინტერესოს ხდის.
– მინდა, ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური თემის შესახებაც გკითხო: მართალია, მარიხუანის მომხმარებელი არ ხარ, მაგრამ, როგორია შენი პოზიცია მისი ლეგალიზაციისა და დეკრიმინალიზაციის შესახებ?
– პირველად ვიყავი, სხვათა შორის, მაგ აქციაზე. დასამალი რა მაქვს, გარშემო ბევრია მარიხუანის მომხმარებელი. მე პირადად, მარიხუანას კი არა, სიგარეტსაც არ ვეწევი. საერთოდ, დალევის დროს აგრესია უფრო მეტია, ვიდრე მოწევის დროს. მე არ ვარ მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრე, მაგრამ, ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე მარტო იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, მართლა ძალიან მძიმე მუხლებია განსაზღვრული. ვიღაცას ცოტა მოსაწევს თუ უპოვიან, ვფიქრობ, ის არ უნდა დაიჭირონ, უბრალოდ, შეიძლება, მინიმალური ჯარიმა დაუწესო და გადაახდევინო. „ბარიგები” – კი ბატონო, შეგვიძლია ვდიოთ და მაქსიმალურად დავსაჯოთ. აქციაზეც მხოლოდ იმის გამო მივედი, რომ, მინდოდა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დამეფიქსირებინა.
– ახლა ვხვდები, როგორ გაუმართლა ლელას: არც ეწევი, არც სვამ, არც მარიხუანას მოიხმარ და ასე შემდეგ, მოკლედ ნამდვილი კარგი და კომფორტული მეუღლე ხარ. ლელა როგორი მეუღლეა, რთული თუ – პირიქით?
– ლელა ჩემი ძალიან მაგარი მეგობარია. ადამიანები ერთმანეთს ერთი შეხედვით რომ უგებენ, ეს ძალიან მაგარია და ცოლ-ქმრის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობა მრავალფეროვანი, საინტერესო და სიურპრიზებით სავსე იყოს. თუმცა, ლელა დამყოლი ნამდვილად არ არის.