ვინ არ აძლევს არასდროს ეჭვიანობის საბაბს ნათია წიწილაშვილს და რატომ არ ვარდება ის დეპრესიაში
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” მაყურებელს კვლავ ანებივრებს ახალი პერსონაჟებითა და მათი ისტორიებით. მიმდინარე სეზონში სერიალში გამოჩნდა ახალი ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი თამთა, დღეს ჩვენი რესპონდენტია. ნათია წიწილაშვილი მაყურებელმა ჯერ კიდევ წლების წინ გაიცნო. მონაწილეობდა სერიალში „ჩიფსების თაობა,” შემდეგ „ჩვენი ოფისი.” ასევე გადაღებულია „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” ორივე ფილმში. მართალია ნათია საკმაოდ დიდ ხანს არ ჩანდა ეკრანზე, თუმცა როგორც თავად აღნიშნა საუბრისას, ის ამ დროის განმავლობაში სულ მუშაობდა.
– საკმაოდ დიდი ხანი არ ჩანდი ეკრანზე. ახლა კი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები” გამოჩნდი. თამთას როლს ასახიერებ, რომელიც ცოტა საწყალი და თითქოს დაჩაგრული რძალია ოჯახში.
– საწყალი, მაგრამ მთალად საწყალიც არ არის. უბრალოდ თავისი უტაქტო საქციელით ცდილობს პროტესტი გამოხატოს ორი მიგერა დედამთილის მიმართ. როგორც ვხვდები, თამთა საკმაოდ კარგად აღზრდილი გოგოა და არა უზრდელი და უტაქტო, როგორიც სერიალში ჩანს. რადგან არ ეძლევა საშუალება სიტყვიერად დააფიქსიროს თავისი აზრი, ან შეეპასუხოს „დედამთილებს,” ამიტომ დივანზე დახტომებით და მსგავსი ქცევებით გამოხატავს პროტესტს.
– რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც სერიალი „ჩვენი ოფისი” დამთავრდა?
– მე და გიორგი (მეუღლე) რამდენიმე თვე რადიო „ქალაქში“ ვმუშაობდით, მერე პაირში ვიყავი. Vineyardfilms-თან ვთანამშრომლობდი, სამ რეკლამაზე ვიმუშავე, რომლებიც უცხოეური ბაზრისთვის დამზადდა. ეკრანზე არ ვჩანდი, თორემ ისე სულ ვმუშაობდი.
– „ჩემი ცოლის დაქალებში” შენს გამოჩენას რაც შეეხება?
– სერიალის პროდიუსერმა, გიორგი ნაზარიშვილმა დამირეკა და შემომთავაზა თამთას როლი. სიამოვნებით დავთანხმდი – ვის არ უნდა ასეთ პოპულარულ სერიალში მონაწილეობა?!
– მაყურებელს კარგად ახსოვს ის სერიალები, რომლებიც წლების წინ გადიოდა ეთერში – ეს იყო „ჩიფსების თაობა” და „ჩვენი ოფისი.” მაყურებელს, ასევე, კარგად ახსოვს შენი გათხოვებაც – დაქორწინდი გიორგი კალანდაძეზე, რომელიც სერიალშიც შენს ქმარს თამაშობდა.
– კი, ასეა, მაგრამ ეს იმან არ გამოიწვია, რომ, რადგან სერიალში ვთამაშობდით ცოლ-ქმარს, ამიტომ შეგვიყვარდა ერთმანეთი. პირველი წელი საერთოდ არანაირი კონტაქტი არ მქონია გიორგისთან, მხოლოდ „გამარჯობა-ნახვამდის” ფარგლებში ვიყავით. მეორე წელს დავმეგობრდით, მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა და მერე დავოჯახდით. ეს ყველაფერი, უბრალოდ, დამთხვევა იყო, მეტი არაფერი.
– დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი ადრეც და ახლაც გცნობს.
– ჩემს პერსონაჟს (თამთას) ყველა გულშემატკივრობს. რას გიშვრება ეს საშინელი ოჯახიო, – მეუბნებიან. რაღაც მომენტში, მეგონა, რომ ჩემი ძველი პერსონაჟი, ნინი ემახსოვრებოდა მაყურებელს, მაგრამ, თამთამ ნინი კარგად ჩაანაცვლა.
– რით ჰგავხართ შენ და თამთა ერთმანეთს და რით – არა?
– თამთასნაირად არ გამოვთქვამდი პროტესტს, არ გავყვებოდი ცოლად გუგასნაირ ბიჭს. თუ გავყვებოდი და ასეთი დედამთილები მეყოლებოდა, არ გავჩუმდებოდი და რაღაცას აუცილებლად ვიტყოდი. მე მაინც მგონია, რომ თამთასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. გოგო, რომელიც ყველაფერს ყლაპავს, ფეხებზე ჰკიდია რას ეუბნებიან და მხოლოდ მაშინ გამოხატავს აღშფოთებას, როცა ეუბნებიან, რომ სანზონელია, ჩემთვის ცოტა არარეალურია. ის ვითომ „მოსვეცკო,” მაგრამ, ალბათ, რაღაც დოზით ცოტა გოიმია.
– რაც შეეხება შენს რეალურ ოჯახს? მული არა მხოლოდ სერიალში გყავს...
– სერიალისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში, ორი მული მყავს, ორივესთან ვმეგობრობ და რძალ-მულის ურთიერთობა ნამდვილად არ გვაქვს. ასევე, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან – რაც მთავარია, ძალიან ახლოს ვართ. როგორც დედაჩემს დაველაპარაკები, ისევე ველაპარაკები ჩემს დედამთილსაც და, ზუსტად ისე ვარ ჩემს მულებთან, როგორც ჩემს დასთან. მოკლედ, რეალურ ოჯახში არც დორა მყავს, არც ლალა და არც ანკა. პირადად მე ისეთი ოჯახი, როგორიც სერიალში მაქვს, არ მინახავს. თუმცა, ალბათ, მთლად დორას და ლალასნაირი არა, მაგრამ, არანაკლები დედამთილები მართლაც არიან.
– გიორგისთან ერთად ისევ თუ ისურვებდი სერიალში თამაშს?
– უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, ალბათ საინტერესო იქნებოდა. გააჩნია პერსონაჟებსა და სცენარს.
– ეგვიპტიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდი. ვისთან ერთად ისვენებდი?
– ჩემს მულთან, დედაჩემთან და დაქალთან ერთად ვიყავი დასასვენებლად. გავერთეთ და ძალიან კარგად დავისვენეთ. ახალი ძალებითა და შემართებით რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი თბილისში.
– ბავშვი რა ხნის არის?
– 2 წლის და 7 თვის.
– როგორი დედა ხარ?
– ფეთიანი დედა არ ვარ. ზოგადად, პანიკურ მდგომარეობაში არ ვვარდები, პირიქით, საჭირო მომენტში გონება მინათდება და ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო და ბავშვთან მიმართებაშიც ასევე ვარ. ერთხელ, ჩემ თვალწინ წაიქცა და შუბლზე მეორე შუბლი დაედო, მაგრამ, არ ჩავვარდნილვარ პანიკაში, მაშინვე რეაგირება მოვახდინე. სხვათა შორის, ცოტა მკაცრი დედაც ვარ, რადგან, ვფიქრობ, რომ ესეც საჭიროა. მართლა კარგი დედა ვარ და საკუთარ თავს ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ.
– ეჭვიანი ხარ?
– ეჭვიანი არც გიორგის და არც მეგობრების მიმართ არ ვარ, არც გიორგია ეჭვიანი. მას ხუთი თითივით ვიცნობ, ზუსტად ვიცი, რა მომენტში რას იფიქრებს, რას გააკეთებს, რას გადაწყვეტს და ასე შემდეგ და, აქედან გამომდინარე, არ მაქვს საბაბი, რამეზე ვიეჭვიანო.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, არ ვიცი.
– როცა პროფესიას ირჩევდი, ოჯახში კიდევ გყავდა ვინმე მსახიობი?
– არა.
– რატომ გადაწყვიტე მსახიობობა?
– ორი წლით უფროსი და მყავს. 9 კლასი რომ დაამთავრა, კოლეჯში ჩააბარა სარეჟისორო ფაკულტეტზე. ალბათ, ჩემზეც იმოქმედა ამ ყველაფერმა. მე რეჟისორობა არ მინდოდა და, ამიტომ, 9 კლასის დამთავრების შემდეგ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე კოლეჯში. სხვათა შორის, ყველაზე ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. რომ ვამთავრებდი, ზუსტად მაშინ გამოცხადდა ქასთინგი სერიალიზე „ჩიფსების თაობა.” მაშინ 16-17 წლის ვიყავი. ამიყვანეს და მათთან რამდენიმე წელი ვიმუშავე.
– ხშირად გიმართლებს?
– რაღაც-რაღაცეებში მიმართლებს ხოლმე, თუმცა, ხანდახან პირიქითაც ხდება.
– როცა არ გიმართლებს, შენც სხვებივით დეპრესიაში ვარდები?
– ჩემი აზრით, დეპრესიაში სუსტი ადამიანები ვარდებიან, მე კი ასეთი ნამდვილად არ ვარ. იმედგაცრუება ხასიათზე კი მოქმედებს, მაგრამ, დეპრესიაში ამის გამო არ ვვარდები. ცხოვრებაში ხან აღმართია, ხან – დაღმართი, ვერაფერს იზამ.