როგორ იპოვა გროზნოში მცხოვრებმა კაცმა თავისი ჯარის მეგობარი საქართველოში და სად აპირებენ ისინი შეხვედრას
45 წლის ალიკ მუსას ძე ტოვსულტანოვი ეძებდა 44 წლის ზაზა მუმლაძეს.
ისტორია: ვეძებ ჯარის მეგობარს – 44 წლის ზაზა მუმლაძეს. მე და ზაზამ ერთმანეთი ჯარში მსახურობის დროს გავიცანით, მაშინვე დავახლოვდით და ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. სამწუხაროდ, ზაზა სამშობლოში დაბრუნებისთანავე დავკარგე. მაქვს ერთად გადაღებული ფოტო. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი მეგობარი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულებში“, „თბილისელების” ¹10-ში (10.03.14-16.03.14) დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ზაზა მუმლაძე იმ დღესვე ვიპოვეთ, მაგრამ, დაკარგული მეგობრის პოვნა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ალიკ ტოვსულტანოვთან მისი დაკავშირება. ზუსტად ორი თვე მოუწია ნაპოვნ ზაზას ლოდინი, სანამ ის ჯარის ამხანაგს დაუკავშირდებოდა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ განმცხადებელმა, ანუ, ალიკ ტოვსულტანოვმა ტელეფონის ნომერი შეიცვალა და მისი მოძებნა თითქმის ხელახლა დამჭირდა. დანარჩენს კი მკითხველი ინტერვიუებიდან თავად შეიტყობს.
ინტერვიუ ნაპოვნ ზაზა მუმლაძესთან:
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ჩეჩნეთიდან გეძებდნენ? თავად თქვენ თუ ეძებდით ჯარის მეგობარს?
– როდესაც სტატია წავიკითხე, ძალიან გამიხარდა, რადგან, მე და ალიკა მართლაც ვმეგობრობდით. მეც მინდოდა ალიკას პოვნა და მასთან დაკავშირება, მაგრამ, მისი მოძებნა არ მიცდია – არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა მომეხერხებინა. ალიკამ მაჯობა და პირველმა გადადგა ეს ნაბიჯი. როგორც გავიგე, მან თავისი განაცხადი „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე განათავსა, საიდანაც ეს ამბავი თქვენ გადმოგიგზავნეს. „ჟდი მენიას“ თავისი წესები ჰქონია და მე კარგახანს მომიწია ლოდინი, სანამ ისინი გადაწყვეტდნენ ჩვენი ისტორიის ბედს. თქვენ რომ ისინი არ აგეჩქარებინათ, ალბათ, დღესაც მოლოდინის რეჟიმში ვიქნებოდი. ამას დაემთხვა ის გარემოებაც, რომ ალიკამ შეცვალა თავისი ტელეფონის ნომერი და ვერ ვუკავშირდებოდი. მადლობელი ვარ თქვენი, რომ მეგობართან დამაკავშირეთ ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარი, რომელიც ბოლოს 1987-1988 წლებში ვნახე, კვლავ ჩემ გვერდითაა, ანუ, ჩვენ უკვე გვაქვს ერთმანეთთან კავშირი და ახლო მომავალში ერთმანეთს ვნახავთ კიდეც, რადგან, ალიკა საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
ინტერვიუ ალიკ ტოვსულტანოვთან.
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი მეგობარი ნაპოვნია?
– იმ მომენტში, როდესაც დამიკავშირდით და ეს ამბავი მითხარით, ქუჩაში ვიყავი და, ისე დავიბენი, არ ვიცოდი, რა მექნა. ძალიან გამიხარდა, ზაზა რომ მაპოვნინეთ. სამწუხაროდ, სანამ ბელორუსიაში ვცხოვრობდი, გარდამეცვალა ჯარის ორი მეგობარი. მათ ზაზაც იცნობდა, რადგან, ჩვენ ყველანი ვმეგობორობდით. მაგრამ, მე ვიპოვე კიდევ ერთი ჩვენი საერთო მეგობარი ჯარიდან, რომელთან ერთადაც ვგეგმავ ახლო მომავალში საქართველოში ჩამოსვლას და ზაზას პირადად მონახულებას. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ზაზას ოჯახში მოხდება. დიდი ბედნიერებაა ჩემთვის მისი პოვნა. უკვე ამდენი წელია გასული, რაც ჯარი მოვიხადეთ, მაგრამ, ზაზა დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია და ის არც ერთი წუთით არ დამვიწყებია. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მოკლე დროში ერთმანეთს ვიპოვიდით – ბოლოს ხომ ერთმანეთი ფრენის ბატალიონში, როსტოვის მხარის ქალაქ ბატაისკში, 1987-1988 წლებში ვნახეთ. ახლა შეხვედრას ვგეგმავთ. საქართველოს ყოველთვის ვაფასებდი და შორიდან მიყვარდა თქვენი სამშობლო. იმედი მომეცა, რომ ჩამოვიდე და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. ჩემი აზრით ჩეჩნები და ქართველები ვგავართ ერთმანეთს, უბრალოდ, რელიგიური მრწამსი გვაქვს განსხვავებული. პოლიტიკოსთა ოინებს კი, მიმართულს ჩვენი დაშორებისკენ, არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები. 20 ივნისს ჩამოვდივარ საქართველოში და, როგორც იქნა, ამდენი წლის შემდეგ შევხვდები ჩემს მეგობარს. დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.