რა უკიდურესობამდე შეიძლება მიიყვანოს ქალი მამაკაცის ყურადღებამ
ქალების უმრავლესობა მამაკაცის მხრიდან უყურადღებობას უჩივის – ძალიან ბევრ წყვილს ურთიერთობაში პრობლემა სწორედ ამის გამო უჩნდება. მამაკაცები ბრალს სდებენ ქალებს იმაში, რომ ზედმეტად პრეტენზიულები, ჭირვეულები და მომთხოვნები არიან, ხოლო ქალებს მუდმივად ყურადღების მოთხოვნილება აქვთ. ამაში არაფერია არაბუნებრივი – ქალს შინაგანად აქვს სურვილი, მასზე ვიღაც ზრუნავდეს, უვლიდეს და ანებივრებდეს... თუმცა, არსებობენ სხვანაირი ქალებიც, რომლებსაც მამაკაცის ყურადღება არაფერში სჭირდებათ და პრობლემებიც კი ექმნებათ ამის გამო...
ირინა (27 წლის): ზოგჯერ გულწრფელად მეცოდებიან მამაკაცები. გაუგებარია, ვინ დაარქვა მათ „ძლიერი სქესი“. აბსოლუტურად უსუსურები არიან, როცა საქმე ლოგიკას და აზროვნებას ეხება. მარტო მუშტებზე იყურებიან და ეს ჰგონიათ გამოსავალი. ძალიან ადვილია მათ გრძნობებზე თამაში. პრინციპში, ასეც უნდა მოიქცე, იმიტომ რომ, როცა გულწრფელი ხარ და სიყვარულს არ მალავ, კაცს ეს თავში უვარდება. თქვენც ხომ იცით, რამდენი ქალია უბედური იმის გამო, რომ, მეუღლე თუ შეყვარებული საკმარის ყურადღებას არ აქცევს. შეყვარებულობის პერიოდში კიდევ რა უშავთ, მაგრამ, საკმარისია, ცოლად დაიგულონ, რომ საერთოდ „ფეხებზე“ იკიდებენ – ეს არის ფაქტი, რომელზეც ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს.
– ამაში ქალებიც ხომ არ არიან დამნაშავენი?
– მე რომ ახლა ეს ვთქვა, ანუ დაგეთანხმოთ, მამაკაცები მაშინვე სიხარულით აიტაცებენ და ნიშნსაც მოგვიგებენ: დიახაც, თქვენი საქციელის გამო ვხდებით გულგრილები და უყურადღებოებიო. არადა, თავად ვერ გაუგიათ, რა უნდათ. ძნელად შეხვდებით კაცს, რომელმაც იცის, როგორ გაუგოს ქალს.
– ქალმა იცის, როგორ გაუგოს კაცს?
– უმრავლესობამ იცის, დამიჯერეთ. თუ ვინმე ვერ აკეთებს ამას, ეს უკვე მისი სისულელის ბრალია. იმიტომ, რომ კაცი ქალთან შედარებით უმარტივესი არსებაა. რა უნდა მის გაგებას და მერე დაბნევას?! – არაფერი. მთავარია, მოინდომო და შენს ჭკუაზე ატრიალებ. მე უკვე ვიცი, ეს როგორ კეთდება. სანამ კაცთან გულწრფელი ვიყავი, ის ჩემს მანიპულირებას ცდილობდა. არ ვიყავი არც ბედნიერი და არც კმაყოფილი.
– ურთიერთობა უნდა იგებოდეს გულწრფელ დამოკიდებულებასა და ნდობაზე – მხოლოდ ამ შემთხვევაშია ის მყარი.
– არ დაიჯეროთ ეგ სულელური სტერეოტიპი. ჩვენ, ადამიანებს, ყველა ვარიანტში გვიწევს თამაში და ამის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება. ბოლომდე გულახდილი საკუთარ თავთან არ ვართ და პარტნიორთან როგორ ვიქნებით? სულ ხდება რაღაც ისეთი, რისი დამალვაც გიწევს. დამეთანხმეთ, რომ ასეა. საკმარისია, კაცს ბოლომდე გაეხსნა, რომ მაშინვე დაკარგავს ინტერესს შენ მიმართ – ასეთები არიან და ვერაფერს იზამ. იმდენი ჩემი ახლობელი ქალი მინახავს ზედმეტი გულწრფელობის გამო ატირებული, რამდენიც გინდათ. წელიწად-ნახევარი მეც ნერვებს მიშლიდა ჩემი ქმარი, ლამის ფსიქიკურ აშლილობამდე მიმიყვანა. ჯერ აჩრდილივით დამდევდა უკან, მერე კი როცა ჩემგანაც მიიღო პასუხი გრძნობაზე, აიშვა – დღეები გავიდოდა, არ დამირეკავდა.
– მაინც გაყევით ცოლად?
– დიახ, იმიტომ, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომედგინა. თვითონაც მეუბნებოდა, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთო, თუმცა, ეღიმებოდა, როცა უყურადღებობაზე ვწუწუნებდი. ცოლად იმ აზრით არ გავყოლივარ, რომ „გადავაკეთებდი“. უბრალოდ, იმას ვფიქრობდი, მის გვერდით ვიქნები და მეტი აღარაფერი მენდომება-მეთქი. არ ყოფილა ასე. გვერდით მყოფი ადამიანისგან უფრო გინდა, თურმე, ყურადღება და განებივრება... გათხოვების შემდეგ უარესი დამემართა – ქმრისგან უყურადღებობა უფრო მძიმე ყოფილა. ლამის დეპრესიაში ჩავვარდი. მიშველა იმან, რომ ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც ყურადღებით ლამის დამახრჩო. შემთხვევით გავიცანი ჰიპერმარკეტში. ქმრის სიცივით გულნატკენს, ბოლო დროს ჰობი გამიჩნდა – ჩემთვის ახალი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ნივთების ყიდვა – ამით ვირთობდი და ვინუგეშებდი თავს. ჰოდა, კაბას ვისინჯავდი, მამაკაცის აღფრთოვანებული მზერა რომ ვიგრძენი. მივიხედე, საკმაოდ სიმპათიური, ასე, ორმოც წლამდე ასაკის კაცი მიღიმოდა. ძალიან გიხდებათ. რომ არ იყიდოთ, დანაშაული იქნებაო. ძალიან მესიამოვნა. იმდენი ხანი იყო, არ მღირსებია ქმრისგან კომპლიმენტი, რომ ფრთები შემასხა ამ ელემენტარულმა ყურადღებამ. ყავაზე დამპატიჟა. მაშინვე დავთანხმდი. ჩავთვალე, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებდი. პირიქით, ვიფიქრე, რომ ფლირტი სხვა კაცთან, ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობას მხოლოდ წაადგებოდა.
– კარგად ვერ გავიგე...
– გეტყვით. მამაკაცის ყურადღება ქალისთვის ჟანგბადივით არის – უფრო თავდაჯერებული ხდება, რაც სიხარულით ავსებს და ცხოვრება უხალისდება. რობოტები ხომ არ ვართ, რომ ელემენტარული სითბო არ გვჭირდებოდეს! ყოველ დილით მომდიოდა მესიჯი – ბედნიერ დღეს მისურვებდა; საღამოს კი – ძილი ნებისას. მე უკვე ამ მესიჯების მოლოდინით ვცხოვრობდი და გათენება მიხაროდა. თუ ვხვდებოდით, აუცილებლად ჰქონდა ჩემთვის საჩუქარი – პატარა სუვენირი, ვარდი ან ძვირფასი სუნამო. ამ ყველაფერს ისე ლამაზად და ბუნებრივად აკეთებდა, უკვე ყველაფრისთვის ვიყავი მზად, ოღონდ კი ეს ურთიერთობა არ დამეკარგა.
– თქვენს თაყვანისმცემელს ჰყავდა მეუღლე?
– არა, გაშორებული იყო. მე არ დავინტერესებულვარ, რა იყო მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი – სერიოზულად არ ვფიქრობდი მასთან ურთიერთობაზე.
– ქმარიც გინდოდათ შეგენარჩუნებინათ და საყვარელიც?
– ის არ იყო ჩემი საყვარელი, თუმცა, თუ თვითონ გამოთქვამდა სურვილს, მე საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, ვაღიარებ. მაგრამ, მართლა ძალიან დელიკატური და წინდახედული იყო.
– იცოდა, რომ გათხოვილ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა?
– დიახ, რა თქმა უნდა, მე არ დამიმალავს მისთვის. მართლა არ მინახავს ასეთი ყურადღებიანი კაცი. ამხელა დოზით ყურადღება არასდროს, არავისგან მიგრძნია. ისეთი ფრთაშესხმული დავდიოდი, ქვეყანა ჩემი მეგონა. გავლაღდი და გავხალისდი. ჩემმა ქმარმაც კი იგრძნო, რომ შევიცვალე და ეჭვის თვალით დამიწყო ყურება.
– თქვენს თაყვანისმცემელთან გქონდათ ქმარზე საუბარი? ანუ, იმაზე, რომ უყურადღებო იყო და ამით პრობლემას გიქმნიდათ?
– არც ერთხელ. გაგიკვირდებათ, მაგრამ, მასთან ქმარს საერთოდ არ ვახსენებდი. ერთმანეთის გვერდით ისე კომფორტულად ვგრძნობდით თავს, რომ ორივე ვერიდებოდით საუბარს უსიამოვნო თემებზე.
– ქმარი უსიამოვნო თემაა?
– აბა, რა! ის ხომ ბარიერი იყო ჩვენ შორის. თქვენ ფიქრობთ, რომ ის კაცი ვერ ხვდებოდა, მისი ყურადღებით განებივრებული და თავბრუდახვეული, რაზე ვიყავი წამსვლელი? სულელი ნამდვილად არ იყო, პირიქით, ასეთი მიხვედრილი, მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი ქალიც არ მინახავს, არათუ კაცი. საათობით შეეძლო, ჩემთვის მოესმინა. სიზმარიც რომ მომეყოლა, რაღაც აბდაუბდა, მაინც წარბშეუხრელად მისმენდა და უსიტყვოდ მეალერსებოდა ხელზე.
– არ ფიქრობთ, რომ ბოროტად იყენებდით მის კეთილგანწყობას თუ გრძნობას? რეალურად ხომ ვერაფერს მისცემდით მას? ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?
– დიახ, ვხვდები. მაგრამ, ის არაფერს ითხოვდა, თორემ, როგორც უკვე გითხარით, უფრო ახლო ურთიერთობისთვისაც მზად ვიყავი. გულის ფორმის ბეჭედი რომ მაჩუქა, ვიგრძენი, რომ ქმრის მიმართ ჩემი დიდი გრძნობისგან ნამცეცებიღა იყო დარჩენილი და ამან შემაშინა. ანუ, ზუსტად ისე შემაშინა ამ კაცის მხრიდან დიდმა ყურადღებამ, როგორც ჩემი ქმრის უყურადღებობა მაშინებდა. მივხვდი, რომ ის აშკარად არ ცდილობდა ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას – არ სჭირდებოდა ეს, რადგან, ჩვენი ურთიერთობა სუფთა იყო და უანგარო, ძალდაუტანებელი და მხოლოდ სიხარულის მომტანი.
– თქვენ რა იცით, რომ თქვენგან უფრო მეტის მიღების სურვილი არ ჰქონდა?
– ვიცი. მითხრა, მე არაფერს დაგაძალებ, მაგრამ, თუ შეგიყვარდები და გადაწყვეტ, რომ ქმრისგან წამოხვიდე, უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი და შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებდიო.
– მაინც ვერ მიატოვეთ ქმარი?
– ვერა. არ ვიცი, რატომ არ გადავდგი ეს ნაბიჯი. შემეცოდა? – შეიძლება, ასეც იყო. ყოველ შემთხვევაში, როცა არჩევნის წინაშე დავდექი, ქმართან დარჩენა ვამჯობინე და ჩემს არაჩვეულებრივ თაყვანისმცემელს სამუდამოდ დავემშვიდობე. მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ სამართლიანი. მაინც რაღაც მოვალეობას ვგრძნობდი ქმრის წინაშე. ასე ხელაღებით ვერ დავანგრევდი ოჯახს. არ ვიცი, ამ ურთიერთობით მიღებული „დოპინგი“ რამდენ ხანს მეყოფა. თუმცა, ვიტყვი იმასაც, რომ ჩემი ქმარი რაღაცნაირად გააქტიურდა – ისეთი უყურადღებო და გაფანტული აღარ არის. ვნახოთ, რა იქნება. თორემ, მისგან წამოსვლას ყოველთვის მოვასწრებ. ვიტყვი იმასაც, რომ ქმრების უყურადღებობა ცოლებისთვის სერიოზული პრობლემაა და, შეიძლება ითქვას, ძალადობის ერთგვარი ფორმაც.