ინტიმური საუბრები
არ ვიცი, დედას როგორ დავეხმარო
ჩემი მშობლები რომ შეუღლდნენ, დედა 17 წლის იყო (იმ წელს დაამთავრა სკოლა), მამა კი – 36-ის.
დედა ობოლი იყო და ბებიამ გაზარდა. თბილისის გარეუბანში ცხოვრობდნენ პაწაწინა ბინაში. მართალია, მატერიალურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ, ბებია, შეძლებისდაგვარად, არაფერს აკლებდა თავის ერთადერთ შვილიშვილს. თან, კარგად კერავდა და ძველი ტანსაცმლიდან ისეთ კაბებს უკერავდა, ლამის ყველაზე კარგად ჩაცმული დაჰყავდა. დედა ისეთი ლამაზი გოგო ყოფილა, ქუჩაში რომ გაივლიდა, ხალხი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა. მომწონებელიც და ხელის მთხოვნელიც ბევრი ჰყავდა, მაგრამ ბებია სულ ხელჩაკიდებული დაჰყვებოდა ყველგან – როგორც თვითონ ამბობდა, ეშინოდა, ვინმე უბედურსა და უვარგისს არ გადაჰყროდა.
სკოლა რომ დაამთავრა, დედაჩემმა საბუთები უმაღლეს სასწავლებელში შეიტანა და პირველ გამოცდაზე რომ გავიდა, იქ ნახა მამამ პირველად. თვითონ უკვე ზრდასრული კაცი იყო, როგორც იტყვიან, ერთი ცხოვრება უკვე გამოვლილი ჰქონდა და ოჯახის შექმნაზეც სერიოზულად ფიქრობდა. დედაჩემი რომ უნახავს გამოცდაზე, იმის მერე მოსვენება დაუკარგავს. შემდეგ გამოცდებზეც მისულა, პირადად გასცნობია და გამოცდების დამთავრების შემდეგ სიყვარულიც აუხსნია. დედაჩემი ძალიან გამოუცდელი და გულუბრყვილო გოგო იყო, თავბრუ დაახვია სიმპათიური და შეძლებული მამაკაცის ყურადღებამ და თვითონაც შეუყვარდა. ბებიამისმა სასიძო რომ გაიცნო, მოეწონა და თანხმობაც უთხრა, მაგრამ გააფრთხილა: ჩემი ობოლი გოგო არ დამიჩაგრო, თორემ არ გაპატიებო. მამასაც პირობა მიუცია, ხელისგულზე ვატარებო და, მოკლედ, დაქორწინებულან.
მამაჩემი, თურმე, მართლა დედოფალივით აცხოვრებდა დედას იმ გაგებით, რომ არაფერს აკლებდა, ყველგან დაჰყავდა. მოსამსახურეებიც კი აუყვანა, რომ სახლის საქმეებით არ დაღლილიყო. ცალკე მანქანა უყიდა და მძღოლი მიუჩინა. აცმევდა უმაღლეს დონეზე, მის მეგობრებსაც თან ჰყვებოდა და ბებიასაც დიდ პატივს სცემდა (ეხვეწებოდა კიდეც, ჩვენთან იცხოვრეო, მაგრამ, რადგან ბებიამ კატეგორიული უარი უთხრა, ის პატარა ბინა გააყიდვინა, სამაგიეროდ კი თავის სახლთან ახლოს უყიდა ოროთახიანი ბინა და ყველანაირად აქცევდა ყურადღებას). მოკლედ, ერთი შეხედვით, დედაჩემი უბედნიერესი ქალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ჩრდილავდა მამაჩემის ავადმყოფური, ზღვარს გადასული ეჭვიანობა, რის გამოც დედა ძალიან გამწარებული, დამცირებული და შეზღუდული იყო. ეს შეზღუდვები და აკრძალვები კი მამამ იმით დაიწყო, რომ პირველი კურსის დახურვის შემდეგ, ცოლს თავი დაანებებინა სწავლაზე მერე კი გამოუცხადა: მე ბევრი შვილი მინდა და ჩემი შვილები დედამ უნდა გაზარდოსო. დედა მერე, წლების შემდეგ მიხვდა, ბევრი შვილი ერთგვარი „ხერხი“ იყო საიმისოდ, რომ სულ სახლში მჯდარიყო. ავადმყოფურად ეჭვიანი კაცის „გათვლებით“, ქალს, რომელიც ყოველ წელიწადს მუცელგამობერილი ივლის, „გვერდზე გასახედად“ არ ეცლება. მოკლედ, ამ მოტივით, დედაჩემს ცხრა წელიწადში შვიდი შვილი გააჩენინა. მართალია, დამხმარე ქალი აუყვანა, მაგრამ დედა მაინც ისე იღლებოდა, ფეხზე დგომა უჭირდა და წესიერად ქმრისთვისაც ვეღარ იცლიდა, რომ ყურადღება მიექცია. ამიტომ, მამაჩემმა თვითონ დაიწყო გარე-გარე სიარული და ერთ დღესაც, ვიღაც ახალგაზრდა მეძავის გამო მიგვატოვა, სახლიდან წავიდა. მართალია, სახლი და მანქანა ჩვენ დაგვიტოვა და ფულსაც გვიგზავნიდა, მაგრამ, თვეში ერთხელაც აღარ მოდიოდა ჩვენს სანახავად. ერთხელ ქუჩაში შეგვხვდა მე და დედას და მაშინ უთხრა, შენგან იმიტომ წავედი, სოფლელ „დომრაბოტნიცას“ დაემსგავსე და შენთან ურთიერთობა საინტერესო აღარ არისო.
ჩვენი მიტოვებიდან ორი წლის შემდეგ, მამა დაბრუნდა და დედას ეხვეწა, მაპატიე და შემირიგდიო, მაგრამ დედა არ შეურიგდა. ჩვენ უკვე დიდები ვიყავით და ყველფერში ვეხმრებოდით, მაგრამ მამა მაინც გვაკლდა. ბოლოს, ჩვენი თხოვნის შემდეგ, დედა მაინც შეურიგდა მამას და ახლა ყველა ერთად ვცხოვრობთ. მამა აღარ ეჭვიანობს და ცდილობს, დედას გული მოიგოს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. ვგრძნობ, რომ დედასთვის მამაჩემი აღარ არსებობს როგორც პიროვნება, როგორც მამაკაცი, მაგრამ, ჩვენი ხათრით ხმას არ იღებს და თავისთვის ჩუმად იტანჯება. ძალიან მინდა, დედას ცოტათი მაინც მოვუბრუნო გული მამაზე, მაგრამ, არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო.
მაშო, 17 წლის.
ჩემმა ძმამ თავისი სიყვარული დაიცვა
ჩემს ძმას, ნოდიკოს, ჰყავდა შეყვარებული და დაქორწინებასაც აპირებდნენ. მერე კი ისე მოხდა, ნოდიკო ჯარში წავიდა და ქორწილი ორი წლით გადადეს. მაიამ პირობა მისცა, რომ დაელოდებოდა, მაგრამ, ერთი წლის შემდეგ ვიღაც მდიდარი ბიჭი გამოჩნდა და მშობლებმა აიძულეს, თანხმობა ეთქვა. გოგოს რომ არ გადაეფიქრებინა, ოჯახმა ქორწილი დააჩქარა და ბედის ირონიით, სწორედ იმ დღეს, როცა ქორწილი იყო დანიშნული, ნოდიკო შვებულებით ჩამოვიდა. მან არაფერი იცოდა მაიკოს გათხოვების შესახებ. ერთი საათის მოსულიც კი არ იყო, მის სანახავად წასვლა რომ დააპირა და მხოლოდ მაშინ უთხრა ბებიამ, დღეს მაიას ქორწილია და იქ ნუ წახვალო. ჩემს ძმას ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა, მერე ადგა და სახლიდან გავარდა. ჩვენ გვეგონა, ბიჭებთან წავიდა გულის გადასაყოლებლად, ის კი, თურმე, მაიას სახლში მივიდა. სიძე და მაყრები ჯერ არ იყვნენ მისულები. ნოდიკო რომ დაინახა, მაიას მამა წინ გადაუდგა და სახლში არ უშვებდა, მაგრამ, ჩემმა ძმამ უთხრა: ნუ გეშინია, აყალმაყალს არ ვაპირებ, მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავუსვა მაიას და მერე უკან დავბრუნდებიო. ოჯახი, იმის შიშით, რომ რამე უბედურება არ მომხდარიყო, დათანხმდა. ოღონდ, მაიას მამამ უთხრა, მეც უნდა წამოგყვე, უჩემოდ ჩემს შვილთან არ დაგალაპარაკებო. გამოიყვანეს უკვე საპატარძლოდ გამოწყობილი, აცრემლებული მაიკო და ჩემმა ძმამ ჰკითხა: არაფერს გაძალებ და არაფერს გავალდებულებ, ოღონდ გულწრფელად მითხარი, გიყვარს თუ არა შენი საქმრო და შენი სურვილით მიჰყვები თუ არაო. მაია ხმამაღალი ტირილით გამოიქცა ნოდიკოსკენ, ჩაეხუტა და უთხრა, მარტო შენ მიყვარხარ, და თუ იმ კაცს გამაყოლეს ცოლად, მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებიო. მაშინ, წამოდი ჩემთან და ჩემი ცოლი გახდიო, – უთხრა ნოდიკომ. მაია მაშინვე შევარდა თავის ოთახში, სასწრაფოდ გამოიცვალა ტანსაცმელი, გამოვიდა და გაოგნებულ მშობლებს უთხრა: მაპატიეთ, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცევიო, – და ჩემს ძმას გამოჰყვა სახლში.
ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა მოხდებოდა. სასიძო რომ მივიდა მაყრებით და პატარძალი აღარ დახვდა, მოგვიცვივდნენ სახლში და ისეთი ამბავი ატყდა, კინაღამ ერთმანეთი დახოცეს კაცებმა. მაგრამ, მთელი სოფლის ბიჭები ნოდიკოს დაუდგნენ გვერდში და, როგორც იქნა, მოიგერიეს გაწბილებული სასიძო და მისი ხალხი.
მართალია, მაიას კარგა ხანს აღარ ელაპარაკებოდნენ მშობლები, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი მოგვარდა. ახლა კი ჩემს ძმასა და რძალს უკვე ორი შვილი ჰყავთ – ტყუპი ქალ-ვაჟი და ძალიან ბედნიერები არიან.
მარიკა, 22 წლის.