კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო საყვედურობდნენ ნოდარ ახალკაცს, რას ჭორაობდნენ მასზე და რა ინციდენტი მოუხდა მას დიუსელდორფში 13 მაისის მატჩზე

მინდა, დღეისათვის ქართულ ფეხბურთში ეგრეთ წოდებულ  „ჩაწყობილი თამაშებისა”  და გარიგებების თემას გვერდი ავუარო; არც იმაზე ვისაუბრებთ, უმცროსი ნოდარ ახალკაცის ფეხბურთის  ფედერაციის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ რა პერსპექტივები გაუჩნდა ან არ გაუჩნდა „დინამოს” გუნდს; რა ვალები დაედო ფედერაციას  და ამის გამო დატოვა თუ არა მან თანამდებობა... დღეს ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ფეხბურთში და ყველას დაანახვა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფეხბურთი. „ასეთი ტრიუმფალური ეპოქა, წლების განმავლობაში გამარჯვებების სერიები, არასდროს განმეორებულა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მეტიც, გამიჭირდება, დავასახელო სხვა მსგავსი ქართული გუნდური წარმატების მაგალითი საქართველოს ახალი ისტორიიდან. ახალკაცის „დინამო” იყო  განსაკუთრებული,” – ასე იხსენებს ნოდარ ახალკაცს  „დინამოს“ გუნდის ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი. ახლა კი, დაპირებული ექსკლუზიური  ინტერვიუ უმცროს ნოდარ ახალკაცთან.

 

– მინდა, მამაზე გვესაუბროთ, რომლის დროსაც „დინამოს” სახელი ქუხდა. როგორ ახერხებდა ამას ბატონი ნოდარი, რა პრინციპით მიდიოდა მაშინ გუნდში მუშაობა და რატომ უპირისპირდებოდნენ ნოდარ ახალკაცს? როგორც ჩანს, ეს იყო მიზანმიმართული შავი პიარ-კამპანია.                        

– მიუხედავად 1979 წელს საკავშირო თასის მოპოვებისა,  ზოგიერთმა პარტიულმა ფუნქციონერმა ნოდარის გუნდიდან გადაყენება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ „დინამომ” ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. წერილი მთავრობაში შეიტანეს დასამტკიცებლად. იმდროინდელმა პირველმა პირმა წერილი ბოლო მომენტში დახია და ნოდარი გუნდში დატოვეს. რაღაცით მაინც რომ გაემწარებინათ, საკავშირო თასის მომგები ნოდარ ახალკაცი საქართველოს 10 საუკეთესო მწვრთნელთა სიაში არ მოახვედრეს, თუმცა, მამა ასეთ უსუსურ ინტრიგებზე არც კი რეაგირებდა.

– ეს, თუ არ ვცდები, დიუსელდორფს უკავშირდება. 

– 1981 წელს, გამარჯვებული „დინამო” დიუსელდორფიდან მოსკოვში რომ ჩაფრინდა, აეროპორტში საკავშირო სპორტკომიტეტის წარმომადგენელმა, მილოცვის მაგივრად მამას წერილი დაახვედრა, რომელშიც მას საყვედურს უცხადებდნენ პირად საქმეში შეტანით იმის გამო, რომ გუნდი „ადიდასის” ფორმით ათამაშა. მამას ვარაუდით, ამ საყვედურის ნამდვილი მიზეზი სხვა იყო – დიუსელდორფში შეკრებილი „დინამოს” გულშემატკივრები წითელი საბჭოთა დროშის ნაცვლად „დინამოს” ცისფერ-თეთრ დროშას აფრიალებდნენ, რაც კომუნისტური პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს ნოდარის პირველი და ერთადერთი საყვედური არ ყოფილა. ერთხელ, მოსკოვში თამაშის დროს, გუნდები შესვენებაზე რომ გადიოდნენ, მამამ გაიგონა, ერთ-ერთმა მსაჯმა მეორეს როგორ უსაყვედურა – ამ შავტრ... ქართველებს რატომ არ ახრჩობო. ამ მსაჯს ისეთი დღე აყარა, ძლივს გააშველეს. 

1985 წელს იგი მეორედ დააბრუნეს გუნდში, სადაც, წარუმატებელი თამაშების ფონზე (სამი ფრე და ექვსი წაგება), ძალიან არეულ-დარეული სიტუაცია იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ მამა გუნდში მოსკოვის „სპარტაკთან” თბილისში 3 სექტემბერს გასამართ მატჩამდე, ცხრა დღით ადრე მივიდა, მაინც მოახერხა გუნდის ძირეული გარდაქმნა და იმ წელიწადს გუნდი გავარდნას გადაურჩა. მომავალ სეზონში კი მამამ „დინამო“ ხუთეულში და, შესაბამისად, „უეფას” თასზე გაიყვანა. ოთხი თამაში რომ იყო დარჩენილი სეზონის დამთავრებამდე, ისევ, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, მამა გუნდიდან გაათავისუფლეს. 

– რატომ ხდებოდა ასე, რა ახსნა ჰქონდა ამ ყველაფერს? მახსოვს, რაღაც ჭორებიც მიდიოდა მასზე. 

– გეტყვით. აი, ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილების გასამართლებლად სასაცილო შავი პიარ-კამპანია იქნა წამოწყებული.  დაუჯერებელი ჭორები გაავრცელეს, რომ, თურმე, მამა უნივერსიტეტში ხალხს აწყობდა და ამაში ფულს იღებდა; რომ „დინამოს“ დიღმის საწვრთნელი ბაზიდან ფეხბურთელებისთვის განკუთვნილ თაფლს ყიდდა! მამას მეგობრებს მილიციაში იბარებდნენ და დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ ნოდარზე ცუდს არ იტყოდნენ; ხან, მამას მიერ ჯაფარაულში აშენებული სახლის შესამოწმებლად კომისიებს აგზავნიდნენ, იქნებ დარღვევები აღმოეჩინათ, ხანაც, ამ გაურემონტებელ სახლში (ჭავჭავაძეზე) ლიფტებსა და მარმარილოს ეძებდნენ, მაგრამ, დასაჭერ მიზეზს ვერ პოულობდნენ. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საქმეში ქვეყნის პირველი პირი ჩაერია და მამას წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია შეაჩერა. „დინამოდან” წამოსვლიდან შემდგომი 4 წელიწადი მამას მწვრთნელად აღარ უმუშავია. რომ არა მისი სამეგობრო წრე, ამ წლების გადატანა, როგორც პირადად მისთვის, ასევე, მთელი ოჯახისათვის შეუძლებელი იქნებოდა. 

– რას ამბობდა მამა ამ ყველაფერზე ოჯახში? ფიქრობდა თუ არა, ჩამოშორებოდა საქართველოში სამწვრთნელო საქმიანობას და სადმე სხვა ქვეყანაში წასულიყო, თუ, რაში ხედავდა გამოსავალს?       

– უამრავი შემოთავაზება ჰქონდა სხვა გუნდებიდან – რუსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და იმ დროისთვის არნახულ ხელფასს სთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, მამამ ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა. მეგობრები სულ სთხოვდნენ, დათანხმებულიყო, მაგრამ, მამას პოზიცია მტკიცე და უცვლელი იყო. ის პასუხობდა, რომ, რაც დასამტკიცებელი ჰქონდა, „დინამოში“ დაამტკიცა და, სხვა ქვეყანაში ისეთ გუნდს არ გააკეთებდა, რომელიც მის „დინამოს” დაამარცხებდა და დაამცირებდა.   

1990 წლის 15 თებერვალს მამას ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო. ამ დღეს ჩატარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა. მთავარი საკამათო საკითხი სწორედ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა გახდა. კამათმა რამდენიმე საათს გასტანა. ბოლოს, დარბაზმა მოითხოვა: ნოდარ ახალკაცი, ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდი წარმატების მომტანი, აქ არის და, მისი აზრიც მოვისმინოთო. უაღრესად განათლებულ ნოდარ ახალკაცს საოცარი გავლენის მოხდენა შეეძლო აუდიტორიაზე. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა ერთ წელიწადში გარდაუვალი იყო და საქართველოს დღესვე უნდა დაეწყო დამოუკიდებელი ფეხბურთის მშენებლობა. მამას მიერ მოყვანილი არგუმენტები ყრილობის მონაწილეებმა აიტაცეს და მამა პრეზიდენტად იქნა არჩეული.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შექმნა და საბჭოთა ჩემპიონატიდან გამოყოფა პირველი პრეცედენტი გახდა ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე... იმდროინდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩაეშალა ეროვნული ჩემპიონატი, თუმცა, არაფერი გამოუვიდა. ახლად შექმნილმა ფედერაციამ საბანკო ანგარიში რომ გახსნა, პირველი თანხა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩაურიცხა. ნოდარი დარწმუნებული იყო, რომ პატრიარქის თანადგომას ისეთი დიდი ძალა ჰქონდა, რომ ფედერაციის „წაქცევა” შეუძლებელი იქნებოდა. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ილია მეორეს დიუსელდორფში თასის მოპოვებაშიც აქვს დიდი წვლილი შეტანილი – მან მხარდაჭერის დეპეშა გაუგზავნა გუნდს, რომელიც მამამ მინდორზე გასვლის წინ წაუკითხა ფეხბურთელებს. 

– როდესაც ნოდარ ახალკაცს ახსენებენ, როგორც ჟურნალისტს, მიჩნდება სინანულის გრძნობა, რომ პირადად არ ვიცნობდი ამ ადამიანს. ამბობენ, კარგი იუმორი ჰქონდაო. 

– ფედერაციის პრეზიდენტობის წლებში, ქვეყანაში არსებული სასტიკი გაჭირვების მიუხედავად, მამა მაინც ახერხებდა ფეხბურთის განვითარებას (სამოქალაქო ომის დროსაც კი არ ჩაშლილა არც ერთი თამაში) და, ამ უამრავი სირთულის ფონზე, მამა მაინც არ კარგავდა იუმორს. ფედერაციიდან შინ რომ დაბრუნდებოდა და „ჩვეულ“ მაკარონს რომ დაინახავდა, – დღეს მეშვიდე კილომეტრზე გადავედითო, – ჩაილაპარაკებდა ღიმილით.

– როდის იყო მისთვის ყველაზე რთული პერიოდი?  

– განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა 1997 წელი. მისი თანამდებობის ხელში ჩაგდების მიზნით, სახელწიფო ორგანოებმა ფედერაციის საქმიანობაც კი შეაჩერეს. ბოლოს საქმეში „ფიფა” ჩაერია და ქვეყნის პირველ პირს ამ გადაწყვეტილების გაუქმება დასჭირდა. მამა დაუმარცხებელი წავიდა ცხოვრებიდან. იგი საქართველოს მეოცე საუკუნის  საუკეთესო სპორტულ მწვრთნელად იქნა აღიარებული; მას მიღებული აქვს „ფიფასა” და „უეფას” ორდენები. 

– და, ეს გახდა მისი ინფარქტის მიზეზიც... 

– მის ამდენ ნერვიულობას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1998 წლის 2 იანვარს მამას 60 წელი შეუსრულდა. ნოდარი მეგობრებთან ქეიფობდა – ახალი წელი, 60 წლის იუბილე, შობა, დაბადების დღეები... თითქოს გრძნობდა, რომ ეს მისთვის ბოლო დღეები იყო. სულ ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების წრეში სურდა ყოფნა. ღამღამობით თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ მკურნალობაზე უარს ამბობდა, თან, იმასაც ამბობდა, ამაღამ თუ გადავრჩი, დიდხანს  ვიცოცხლებო. ჩვენც გვჯეროდა მისი, თუმცა... 25 იანვარს მოსკოვში „ფიფას” პრეზიდენტთან, ბლატერთან შესახვედრად გაფრინდა. ალბათ, წინათგრძნობა ჰქონდა და წასვლა არ უნდოდა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „ნეტა ფრენა არ იყოს!” ფრენა არ გადადებულა. მოსკოვის აეროპორტიდან სასტუმროში მიმავალს, მეგობრის მანქანაში გაუჩერდა გული. 

– როდის ამჩნევდით, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა და ძალიან განიცდიდა? როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ფეხბურთელებთან? 

– პირველად ჩემს ცხოვრებაში მამა ატირებული ვნახე იმ დღეს,  როდესაც ვიტალი დარასელია დაიღუპა. ვიტალის გარდაცვალება საშინლად განიცადა. მამას ფეხბურთელები საკუთარი შვილებივით უყვარდა. მათთან უფრო მეტ დროსაც  ატარებდა, ვიდრე ჩვენთან, შესანიშნავად იცოდა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მკაცრ და მომთხოვნ მწვრთნელს ადვილად ვერ ეგუებოდნენ – ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად გართობა და დროსტარება სურდათ, მამა კი გასაქანს არ აძლევდა. თვითონ რომ გახდებით მწვრთნელები, მერე მიხვდებით, რომ ასეა საჭიროო, – ამბობდა. ის ზრუნავდა არა მხოლოდ მათ სპორტულ წარმატებებზე, არამედ, მათ განათლებასა და ზოგად განვითარებაზეც. უცხოეთში როცა იყვნენ, დაჰყავდა მუზეუმებში; მუდმივად იწვევდა „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სხვადასხვა საზოგადო მოღვაწესა თუ მეცნიერს, რათა მათ ლექციები ჩაეტარებინათ ფეხბურთელებისთვის.

– ამბობენ, დარასელიას შემდეგ დათო ყიფიანი იყო მისი რჩეული ფეხბურთელიო. 

– განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მამას დათო  ყიფიანთან. გახსოვთ, ალბათ, ჯერ კიდევ  „ლოკომოტივში“ დაიწყო მათი ურთიერთობა 1970 წელს. „დინამოში“ დაწუნებული 19 წლის დათო, რომელიც ფეხბურთისთვის თავის დანებებაზეც კი ფიქრობდა, „ლოკომოტივში“ წამოიყვანა. ერთი წლის შემდეგ დათო ისევ „დინამოში“ დააბრუნეს. თუმცა, დათოს აღზევება და მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბება სრული მასშტაბით 1976 წლიდან დაიწყო, „დინამოში“ მამას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ. მიუხედავად მათი მრავალი ერთობლივი წარმატებისა (როგორც ხშირად ხდება ხოლმე ფეხბურთში), მათი პოზიციები ბევრჯერ კატეგორიულად განხვავებულიც ყოფილა. ასეთ სიტუაციებს მამა ძალიან განიცდიდა, საკუთარი „შვილების“ მოწინააღმდეგე ბანაკში ყოფნას ვერ ეგუებოდა. 

მამას დაკრძალვის წინა ღამეს დათომ ჩვენთან სახლში დარეკა და გვკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ მოსულიყო. იმ ღამეს დათო გვიან მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა: ნოდარის ცხედართან მარტო დამტოვეთ, არ მინდა, რომ ჩემზე ნაწყენი წავიდეს ამქვეყნიდანო.  

 

скачать dle 11.3