უძველესები
ანუ სექსუალური მომსახურების საშემოსავლო ხიბლი
რადგან გადასახადები და მხოლოდ გადასახადებია სახელმწიფოს სიმტკიცისა და კეთილდღეობის გარანტი (და, მილიონს თუ კაპიკი აკლია, მილიონიც ვერ იქნება), ესპანეთის ბორდელების მფლობელებს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტმა დეტალური ფინანსური აღრიცხვა მოსთხოვა! –
სხვათა შორის, არა მხოლოდ ესპანეთის, სრულიად ევროკავშირის ბორდელების მფლობელები არიან ვალდებულნი, აუწყონ შესაბამის ორგანოებს, რამდენს და როგორ გამოიმუშავებენ. ეს აქტივობა ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რის მიხედვითაც, 2016 წლისთვის უნდა დადგინდეს სექსუალური მომსახურების სექტორისა და ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვით მიღებული შემოსავლების ოდენობა.
ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემები ცვლილებას შეიტანს ქვეყნების მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელში და საშუალებას მისცემს, რეალური ეკონომიკური სიჯანსაღის მდგომარეობა დაადგინონ.
სახელდობრ, ესპანეთის ბორდელებმა შემდეგი შინაარსის კითხვარი უნდა შეავსონ: რამდენი პროსტიტუტია აუცილებელი, რომ კლუბი რენტაბელური იყოს? რა ღირს ერთჯერადი მომსახურება? რამდენ კლიენტს ემსახურება ერთი მუშაკი? საერთო ჯამში, ესპანეთში 5 000-მდე ბორდელი ყოფილა, პერსონალის ოდენობა 300 000-ს აღწევს, სფეროს ბრუნვა კი – წელიწადში 10 მილიარდ ევროს. დიდ ბრიტანეთში ანალოგიური მაჩვენებელი 5 მილიარდი ფუნტია. იმასაც კი ვარაუდობენ, რომ სექსუალური სფეროს შემოსავლების გაკონტროლება, მაგალითად, იტალიას, საერთოდაც ეკონომიკურ კრიზისს დააძლევინებს.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენთან პროსტიტუცია არც აკრძალულია და არც დაშვებული, ამ სფეროს მთელი შემოსავალი ჩრდილოვანია და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პროსტიტუციას ლეგალიზაცია კარგა ხანს არ უწერია, თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს: თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებური პოლიტიკოსები პარტიიდან პარტიაში ხტომის ჩემპიონები არიან, თუკი პარტიული ორიენტაციის შეცვლისთვის გადასახადს დავაწესებთ, საარაუდოდ, ამ ნოვაციამ ჩვენს ბიუჯეტს ევროპულ ბორდელებზე ნაკლები შემოსავალი არ უნდა მოუტანოს. –