სკამგატკბილებული
და ბოდიშისთვის შესამზადებელი
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს („ქართული ოცნებიდან“) და, იმავდროულად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქ-ნ მედეა ვასაძეს, რაკი არ მოეწონა „ტელეარხ 25-ის“ მიერ მომზადებული გადაცემა „უმაღლესი კომფორტი“, ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს დაურეკა და აუწყა (ტელეკომპანია ირწმუნება, რომ აქვს ამ საუბრის ჩანაწერი), რომ, ჯერ ერთი, მის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას (ნეტავ, დახვრეტს თუ ჩამოახრჩობს?! თუმცა ისეთი გაქანების ქალბატონი ჩანს, არ გამოვრიცხავ, ორივე ჰქონდეს გუმანში) და, რაც მთავარია, მის სექსუალურ ორიენტაციასაც გამოარკვევს (ვითომ, ჟურნალისტს თუ ორიენტაცია ქ-ნი ვასაძის მოსაწონი ექნა, მისი ხელიდან მორთმეულ საწამლავსაც კი დალევდა?! – ).
რაკი ეს საქციელი დეპუტატისთვის შეუფერებელია – როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ქ-ნ ვასაძეს ამ თემაზე ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, მაგრამ, რადგან სამაგიეროდ ჯერჯერობით მისი კოლეგები ინარჩუნებენ ადეკვატურობას. ამიტომაც უმრავლესობამ იმსჯელა და ქ-ნ მედეას ან ბოდიშის მოხდა, ან კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება შესთავაზა, თუმცა ქ-ნი დეპუტატი ერთზეც ცივ უარზეა და მეორეზეც (სკამი ეტკბილება?!). ოღონდ, გვპირდება, რომ „ჯერ ბრძოლა უნდა მოიგოს“ (პათოსით: „არწივი ვნახე დაჭრილი“) და შემდეგ გადაწყვეტს, დატოვოს თუ დაიტოვოს კომიტეტის თავმჯდომარეობა (იმიტომ რომ, ასეთი თანამდებობები „ნა ულიცე ნე ვალიაიუტსიაო“?!).
თუმცა ყველაზე საინტერესო ქ-ნი დეპუტატის განმარტების ის პასაჟია, სადაც ის ამბობს, რომ შინაგანად მზად არ არის ბოდიშის მოსახდელად (იძულებით კი ვერავინ მაიძულებსო, მააშ!). მომყავს ციტატა: „თუ რამე დავარღვიე, მე, როგორც დარღვევა, ეს ჯერ გაცნობიერებული არ მაქვს. ამ დროისთვის მორალურად მზად არ ვარ, პირიქით, ჰიპერაქტიურ, მოგერიების რეჟიმში ვარ და შეტევაზე გადასვლას ვაპირებ.“
ჩვენ არ ვიცით, რით დასრულდება ჟურნალისტ-დეპუტატის დაპირისპირება ან როდის მომწიფდება შინაგანად ქ-ნი ვასაძე ბოდიშის მოსახდელად, თუმცა ცხადია, რომ ამ ჩვენი ბედკრული სამშობლოს პოლიტსპექტრის ნაწილი თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელია. –