კოსმოსის მბრძანებელი „დუმებში“
ანუ სიგარეტის მოწევა კლავს!
რაკი მათთან ურთიერთობის 200-წლიანი გამოცდილება გვაქვს, ვიცით, რომ მაინცდამაინც მაღალი მორალის სადარაჯოზე არ დგანან, აღარაფერს ვიტყვი ალკოჰოლისადმი მათ უზომო ლტოვა-დამოკიდებულებაზე.
მეორე მხრივ, ისე შორს გაუტიეს, რომ უახლოეს მომავალში მთვარეზეც აპირებენ დასახლებას და მარსის ათვისებასაც (სავარაუდოდ, რათა სრულყონ პრ. პუტინის მიწების შემგროვებლის იმიჯი და მას კოსმოსის შემგროვებლობაც შეუთავსონ).
ასეა თუ ისე, გასულ კვირას რფ-ის „დუმის“ დეპუტატი, ვინმე ივან ნიკიტჩუკი, გამოვიდა ინიციატივით, რომ შემოიღონ ჯარიმები იმ გამყიდვლებისთვის, რომლებიც 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ან, ქალბატონებს არასრულწლოვანი ბავშვების თანხლებით, სიგარეტს მიჰყიდიან (იმიტომ რომ, პაპიროზის მოეწვა კლავს!).
მომყავს ციტატა საკანონმდებლო ინიციატივიდან: „თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა 40 წლამდე ქალებისთვის, ასევე, ქალებისთვის, მიუხედავად ასაკისა, რომლებსაც თან ახლავთ მცირეწლოვანი შვილები, ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესებას 3 000-დან 5 000 რუბლამდე, თანამდებობის პირებისთვის – 30 000-დან 50 000 რუბლამდე, იურიდიული პირებისთვის კი – 100 000-დან 150 000 რუბლამდე.“
ინიციატივის ავტორის თქმით, ეს ამბავი დაიცავს ქალის სუსტ და ფაქიზ ორგანიზმს თამბაქოს გამოყენების მავნე ჩვევისგან. –
ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებენ თუ არა დანარჩენი „დუმელები“ კოლეგის „დუმებს“, თუმცა სასიამოვნოა, რომ ქალების არასრულწლოვნების ასაკი, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიაზე, 40 წლამდე გადაიწევს და ისიც საკითხავია: კრეატიული შეჯიბრების პირობებში, არასრულწლოვნებისთვის ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა გადასძალავდა თუ 40 წლამდე ქალებისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის აკრძალვა?!