რა ოცნება აუსრულა სალომე ჭაჭუამ გიორგი ვარდოსანიძეს და ვინ არის მათი 6 თვის შვილობილი
სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე, პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია და ვფიქრობ, ერთმანეთს ძალიან უხდებიან. რაც მთავარია, ორივე პოზიტიური და ხალისიანია – ბევრი დადებითი, ხალასი ემოციითა და ენერგიით. ამიტომაც, მათ გარემოცვაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.
გიორგი: ჩვენკენ ყველაფერი გენიალურად მიდის. ოჯახში ერთადერთი პრობლემა დროა, რომელიც არ გვაქვს არც ერთს. სალომე თავის სტუდიაშია, მე – გადაღებებზე, რეპეტიციებზე... იმედია, ზაფხულში მაინც ვნახავთ ერთმანეთს სამჯერ მაინც. რომ არ ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა. ოჯახში ბევრი რამ არის საჭირო და ამიტომაც, წელებზე ფეხს ვიდგამთ.
– თან, სახლში შვილობილიც გყავთ.
– რომელიც უკვე 6 თვისაა. დიდი გოგოა, ტრენერთან უნდა წავიყვანო. სამნი ვართ ოჯახში, სამივეს კარგი მადა გვაქვს, იმას – განსაკუთრებით. სალომეც იმდენს ჭამს, მშურს.
სალომე: ზოგადად, სპორტსმენები ასე ვართ. რადგან დიდ ენერგიას ვხარჯავთ, მერე, გვინდა არ გვინდა, უნდა ვჭამოთ.
– სპორტმენისთვის მსახიობის მეუღლეობა ხომ არ არის რთული?
– არ არის ჩემთვის რთული. მე წინასწარ მქონდა გაანალიზებული, ვინ იყო გიორგი, ვის მივყვებოდი ცოლად. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
გიორგი: სპორტსმენი ცოლი რომ გყავს, ამას ბევრი პლუსი აქვს – სულ ფორმაშია, თავს უფრთხილდება. ასე თუ ისე, ჯანმრთელობასაც უფრთხილდება, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და არ ფიქრობ იმაზე, ივარჯიშოს, ჯანმრთელობას მიხედოსო. მეც ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ყოველთვის ჯანზე ვარ და თუ მჭირდება – ვვარჯიშობ.
სალომე: დაჭირვებაზე არ არის, უნდა ივარჯიშო. ხანდახან ეშვება და მერე თუ ხვდება, რომ წონაში იმატებს, მიდის სავარჯიშოდ. ეს ცუდია, ასე არ შეიძლება. ადამიანი სულ ნორმალურ ფორმაში უნდა იყოს, ვარჯიშობდეს და აკონტროლებდეს თავს.
გიორგი: ამ მხრივ ჩემ გემოზე ვერ მოვეწყვე. სახლში არ მაქვს ისეთი სივრცე, რომ „გრუშა“, სახტუნაო დავიკოდო. „გრუშა“ რომ დავკიდო, სალომე უნდა გავიდეს ოთახიდან. „ზალაში“ დავკიდებ – ტელევზორს ვერ ვუყურებ. აივანზე დავკიდებ – ძაღლი შეჭამს. სალომესთან ხუმრობა არ შეიძლება. ისეთ ჯანზეა, შეიძლება, ერთი ისეთი მოგიქნიოს, ნეკნებში გადაგამტვრიოს. ამიტომ, ხანდახან, მოზომილად ერთ-ორ „ბალევოის“ გავუკეთებ, დავახეთქებ და მერე დავდივარ ჩემთვის. ისეთი სწრაფია, რომ გგონია, ახლა დაარტყამ, ის უკვე ოთხჯერ გირტყამს. ამიტომ, უფრო „ვსპარინგობთ“. მირჩევნია, ბალიშები ვურტყა, რომ დისტანცია ვაკონტროლო. ჭიდაობის ილეთებს ვასწავლი: გათიშვებს, მახრჩობელა ილეთებს, ხელის ამოტრიალებებს... მალე ითვისებს. იცოდეს, რა იცი, რა ხდება... მერე, თავდაცვის მიზნით, ვინმეს კისერი რომ მოტეხოს. ყველაფერი იცის – ყველა თითს მოგტეხავს, ცხვირს გაგიტეხს, ორ წამში დაგაბრმავებს.
სალომე: სხვათა შორის, თევზაობაც კარგად გამომდის.
გიორგი: თევზაობა ჩემი ჰობია. ცოტა ხნის წინ ძალით წავიყვანე, პირველად დაიჭირა ანკესი. ჩვენ თუ 10-10 შამაია დავიჭირეთ, ამან 30 დაიჭირა.
– ზოგადად, ძალიან აზარტულია. ისეთები „ჩაიდინა“ „ადრენალინში“.
სალომე: „ადრენალინში“ საერთოდ გადამეკეტა.
გიორგი: ჯერ წინ გვაქვს ადრენალინები. სახლში 50 ათასი უნდა შემოვიდეს, უნდა მოვიგოთ.
– ბევრ რამეში გავხართ ერთმანეთს?
– ორივე ჯინიანები ვართ.
სალომე: ძალიან ჯიუტები ვართ.
გიორგი: ხან ერთი ვიგებთ, ხან მეორე და ბოლოს ვთანხმდებით იმაზე, რომ აზრი არ აქვს ჯიუტობას – „ნიჩიათი“ მთავრდება ყველაფერი.
სალომე: თუმცა, ორივე მაინც ჩვენს აზრზე ვრჩებით.
გიორგი: ზარმაცებიც ბევრ რამეში ერთნაირად ვართ და – ენთუზიასტებიც. თითქმის ერთი და იგივე საჭმელები გვიყვარს. ძაღლის ჯიშზეც უკვე შევთანხმდით. ადრე „ბოს“ ჯიშის ძაღლი უნდოდა, მაგრამ ახლა „ჰასკი“ მოსწონს. ჩემი გოგო ულამაზესია.
– მოკლედ, ორი ულამაზესი გოგონა გყავს სახლში. გემოვნება გაქვს არაჩვეულებრივი.
– გოგოები მყავს სახლში ულამაზესი, ერთი – ცისფერთვალება, მეორე – ასეთი თვალ-წარბით, შხვართი, მაგარია... ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი. ძალიან მეამაყება და ბედნიერი ვარ იმით, რომ სალომე ჩემ გვერდითაა. შეიძლება, ამას ყოველდღე ვერ გამოვხატავ, მაგრამ ეს შეგრძნება ჩემში არის და ამით ვცოცხლობ.
სალომე: მეც ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა.
– როდესაც სალომეს მიმართ რაღაც გრძნობა გაგიჩნდა, გარკვეული სტრატეგიები დასახე თუ პირდაპირ გადახვედი საქმეზე?
გიორგი: სტრატეგიების დასახვით ვერ გამოვირჩევი, „ლაბავოიზე“ ვიცი ყველაფერი. ვმეგობრობდით, უკვე ვიცოდი, რა ტიპი იყო. თვითონაც მიცნობდა, კარგი მეგობრები ვიყავით. ამიტომ, ხვალ მარცხნივ ვაგდებ ყვავილს, ქოთნით დავხვდები, გულებს ავუნთებ... არ დამჭირვებია ამის გაკეთება. ჩემს გრძნობას გამოვხატავდი ურთიერთობაში, დამოკიდებულებაში და ანალოგიურად ვიღებდი სალომესგანაც.
სალომე: რომანტიკოსი კი ვარ, მაგრამ არც მე ვანთებ გულებს და არც მისგან მომეწონებოდა ყვავილები, გულების დანთებები და ასეთი რაღაცეები.
გიორგი: ძალიან რომანტიკული ვარ, მაგრამ გამოხატვის ფორმა არ მაქვს ასეთი. სალომესთვის გულის დანთების სურვილი არ გამჩენია. ამაზე მეც გამეცინებოდა, სალომესაც და იქნებოდა სასაცილო. თუმცა, მისთვის გამიკეთებია სხვანაირად, ჩემი გაგებით რომანტიკულად და მოსწონებია.
– სიურპრიზები ორივეს გიყვართ. თუმცა, ამ მხრივ აშკარად 1:0 სალომეს სასარგებლოდაა.
სალომე: მე ვაჯობე აშკარად. წინა დღეს ამაზე ისე დავცხეთ, მაგრად ვიჩხუბეთ: არა „ჰასკი“, არა „ბო”. მისგან ჩუმად გავაკეთე ყველაფერი. თან, იმდენი ვეძებე, რომ თეთრი ყოფილიყო და ცისფერთვალება, როგორიც გიორგის უნდოდა.
გიორგი: ამას ვერც ვიფიქრებდი, გადავირიე – მაჩუქა ძაღლი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა. ახლა ასჯერ უფრო ლამაზი გახდა, ფაქტობრივად, მგელი მყავს სახლში. საღამოობით ყმუის, სერენადები აქვს თავისი.
– რომელს უფრო მეტად მიიჩნევს პატრონად?
სალომე: თავიდან სულ მე მეტმასნებოდა და ამას უღრენდა. ამაზე მაგრად გაჭედა, მაგრად იეჭვიანა: გავაგდებ სახლიდანო.
გიორგი: ცოტა აგრესიაც დაეწყო, სალომესკენ იწევდა და მე რომ ვეფერებოდი, ცუდად იკბინებოდა. ერთი-ორჯერ გამოიწია კიდეც. ფანჯრიდან გადავაგდებ-მეთქი – ვბრაზობდი საშინლად. დრო რომ გავიდა, ძალიან შეიცვალა, ახლა ისეთი თბილია... ჩემზე გიჟდება.
– მახსოვს, სალომემ ქორწილის შემდეგ მითხრა: ზაფხულში გვინდა, სადმე წავიდეთ, „თაფლობის თვე“ მოვიწყოთო.
– რეალურად ვერ მოვიწყვეთ „თაფლობის თვე“. ახლაც ცოტა ვერ ვართ კარგად დროის ამბავში, მაგრამ ვცდილობთ, რაღაცეებს. ინდოეთის ამბებს ვარკვევთ, ანუ აზიისკენ გვაქვს უფრო გეზი აღებული. ამ ზაფხულს 10-დღიან „თაფლობის თვეს“ აუცილებლად მოვიწყობთ, ნამდვილად დავიმსახურეთ.
– ცოტა ხნის წინ სალომეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა.
სალომე: სულ გვერდში მედგა და გიორგი იყო ის, ვინც ამაზე ბევრს მეჩხუბებოდა. მე მაინც ვვარჯიშობდი. თან, წელის ტკივილი უკვე ქრონიკულში მქონდა გადასული და აღარ მაწუხებდა. მერე, ფეხზე რომ გადამივიდა ტკივილი, წავედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ დისკები მქონდა აქეთ-იქით. ვიმკურნალე და ყველაფერი, ღმერთის წყალობით, კარგად არის.
– გიორგი, შენს განცხადებას „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ სალომემ თავი ამოწურაო, არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა. ბევრმა ისე გაიგო, რომ შენ ცეკვას უკრძალავ.
გიორგი: მეც გამიგია ასეთი რაღაცეები: თითქოს ცეკვას ვუშლი, კიდევ – ვითომ ბინას ვყიდი. არც ერთი არ არის მართალი. არც მეოთხე სეზონში გამოსვლა ამიკრძალავს მისთვის. ორივემ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ძალიან კარგი პროექტია, მაგრამ ყველაფერ კარგს აქვს თავისი დრო და დოზა.
სალომე: ორივემ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩემი საქმის კეთებას ნამდვილად არ დამიშლის. ახლა წელმაც გამიარა და ვაპირებ, ისევ დიდი ყურადღება მივუძღვნა ჩემს სპორტულ კარიერას. მეწყვილეს, ალბათ, ჩამოვიყვანთ.
გიორგი: ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ სალომემ დადოს შედეგი და თქვას: მე მაქსიმალური გავაკეთე და შედეგებსაც მივაღწიეო.
– როგორც ყველა ოჯახი, ალბათ, თქვენც ფიქრობთ შვილებზე.
– ხშირად ვლაპარაკობთ: ვისი ცხვირი ექნება, ვისი ხასიათი... მაგრამ ჯერ სხვა ეტაპზე ვართ, არსად გვეჩქარება.
სალომე: ის ფაქტიც არ არის მხოლოდ, რომ მე მოცეკვავე ვარ, ფორმაში უნდა ვიყო. ჯერ ახალი შეუღლებულები ვართ, მოგვწონს ეს ეტაპი.
გიორგი: ვტკბებით ამ ეტაპით, ალბათ, ამ ტკბობასაც ექნება დასასრული და ჩვენც ბუნებრივად გადავალთ სხვა ეტაპზე.