რა აზრისაა გიორგი ჯანელიძე „დაბოლილებზე“ და რა დაასკვნა მან ქუთაისის საგადასახადო სამსახურში ერთთვიანი მუშაობის შემდეგ
„ერთი თვე დამჭირდა იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავი, სახელმწიფო სამსახურში აღარ ვიმუშავებდი,” – ამბობს პროფესიით ეკონომისტი გიორგი ჯანელიძე, რომელსაც შორეულ ოთხმოცდაათიანებში, ქუთაისის საგადასახადო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს. თუ როგორ განვითარდა ამის შემდეგ ცნობილი იუმორისტისა და სცენარისტის ცხოვრება, მოსინჯავდა თუ არა ის ძალებს პოლიტიკაში და რა შეხედულება აქვს მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ამას ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ.
– რას საქმიანობს ამჟამად გიორგი ჯანელიძე? ვიცი, რომ რამდენიმე გადაცემაში ხარ ერთდროულად.
– ვარ გადაცემა „ოთხი ოთხზეს” ერთ-ერთი წამყვანი. ასევე, დაკავებული ვარ „ღამის შოუს“ რაღაც-რაღაც პროექტებში. ზოგან სცენარისტი ვარ, ზოგგან – პროდიუსერი, „TV11-ისთვის” „ქლაბ 11-ში” მონოლოგებსაც ვკითხულობ.
– ქუთაისიდან დავიწყოთ თქვენი გაცნობა. როგორც ვიცი, იქ დაიბადეთ.
– დიახ, 23 წლამდე ქუთაისში ვცხოვრობდი. ოჯახში ყველა ინჟინერი იყო.
– როგორი მოსწავლე იყავით?
– კარგი მოსწავლე ვიყავი. ქების სიგელებიც მაქვს ერთი 5 ცალი. ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. ჩემზე უკეთესებიც იყვნენ სკოლაში, მაგრამ მეც კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი.
– როგორც ვიცი, სფერო, რომელშიც დღეს მოღვაწეობთ და თქვენი პროფესია, აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
– დიპლომი მაქვს ეკომონისტის, მაგრამ ჩემი პროფესია არასდროს ყოფილა ეკონომისტობა. უმაღლესი განათლება მაქვს, მაგრამ პროფესია ის არის, რითაც ფულს აკეთებ. ფული არასდროს მიშოვია ეკონომისტობით და ბუღალტრობით.
– მაშ რით იშოვეთ?
– შოუ-ბიზნესით, ტელევიზიით, იუმორის კეთებით.
– რატომ მოინდომეთ მაინცდამაინც ეკონომისტობა?
– იმიტომ ავირჩიე, რომ 1994 წელს დავამთავრე სკოლა და მაშინ აზრი არ ჰქონდა, სად ჩააბარებდი, თან, ქუთაისის უნივერსიტეტში. არც ერთ სფეროს არ ჰქონდა ფული, რომ აგერჩია: აი, ეს თუ გამოვედი – კარგად ვიცხოვრებ და თუ ეს – ნაკლებად კარგადო. არავის ჰქონდა ფული, ყველა გაჭირვებული იყო. თან, აქეთ იყო „მხედრიონი,” ესა-ისა... პერსპექტივასაც ვერ დაინახავდი ვერსად. ამიტომ, სადაც ყველაზე დაბალი კონკურსი იყო, იქ ჩავაბარე.
– მგონი, მცდელობაც გქონდათ თავიდან ამ პროფესიით დასაქმებულიყავით.
– ქუთაისის საგადასახადოში ვიმუშავე ერთი თვე. რომ გითხრათ, ძალიან მომეწონა და მინდოდა იქ დარჩენა, ასე არ იყო. ეს იყო შევარდნაძის დროს, როცა საგადასახადო არაფრით განსხვავდებოდა პოლიციელისა და გამომძალველი კრიმინალისგან. ეს ერთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, სახელმწიფო სამსახურში აღარ ვიმუშავებდი.
– ბრაზიანი ხართ?
– არა, თავშეკავებული ვარ. ვერავინ გაიგებს ჩემს გინებას. ხანდახან წამომცდება ხოლმე მანქანაში, ოღონდ, ისე, ხმადაბლა.
– როდესმე გიოცნებიათ ტელევიზიაში მუშაობაზე?
– არა, არასდროს. ტელევიზიაში მუშაობა ჩემი ოცნება არ ყოფილა და არც მიფიქრია ამაზე. იმიტომ რომ, როცა ტელევიზორს ვუყურებდი, მაშინ იქ არავინ ჩანდა ისეთი, რომლის გამოც გადაწყვეტდი: ვა, მეც ტელევიზიაში უნდა ვიმუშაოო. ჩანდნენ მოხუცი კაცები, ნელა ლაპარაკობდნენ, ცენზურა ჰქონდათ გავლილი და ისხდნენ საცოდავი სახეებით. ასეთი ადამიანი ვერ მოგანდომებს ტელევიზიაში მუშაობას.
– რა გასწავლათ, ან რა გამოცდილება შეგძინათ ამ სფეროში მოღვაწეობამ?
– არაფერი. ქართველებს სფეროების 90 პროცენტზე არასწორი შეხედულება და სტერეოტიპები გვაქვს. აი, ტელევიზიაში ყველა ყველას საყვარელია და პატრონი უნდა გყავდეს. ჩემ ირგვლივ ასეთი რამ არ ხდება. ანუ, ესეც არის მიდგომა დაბოღმილი, უნიჭო ხალხის, ოღონდ ძველის. როდის გაჩნდა, არ ვიცი. სანამ ტელევიზია არ გაჩნდა, მანამდე ვერ გაჩნდებოდა. სადღაც მერე გაჩნდა. ახლა უკვე ეჭვი მაქვს, რასაც სხვა სფეროებზე ამბობენ, რა ხდება თეატრში, პოლიტიკაში და ასე შემდეგ, არც იქ არ იქნება მართალი. იქაც ბევრი ნორმალური ხალხი იტრიალებს.
– არ გიფიქრიათ, მოგესინჯათ თქვენი ძალები თეატრში, ან თუნდაც პოლიტიკაში?
– თეატრში – არა, ნიჭი არა მაქვს. პოლიტიკაშიც, არა, იმიტომ რომ, ბევრი კომპრომატის პოვნა შეიძლება ჩემზე, ეს ერთი და მეორე – პირველივე, რასაც იტყვიან: აი, კიდევ ერთი კლოუნი დაემატა პოლიტიკოსებს, რადგან იუმორის სფეროდან მომიწევს იქ მისვლა. ჩვენთან ხომ სერიოზულად არ უყურებენ იუმორისტებს, უყურებენ, როგორც კლოუნებს.
– როგორ იქცევიან მაყურებლები, როცა გცნობენ? როგორ გამოხატავენ სიყვარულს და პატივისცემას?
– როგორებიც არიან, ისე. ზრდილობიანები – ზრდილობიანად, უზრდელები – უზრდელად, თავხედები – თავხედურად. მაგალითად, გუშინწინ მანქანით ვმოძრაობდი დიღომში. გვერდით მანქანა ამომიდგა და ფანჯარა ჩაუშვიო, მანიშნა. ჩავწიე და იჯდა ცოლ-ქმარი: საჭესთან – ქმარი, გვერდით – ცოლი. ქმარი მეუბნება: ბოზიშვილი ვიყო, შენ მაგარი კაცი ხარო. ამოწია ფანჯარა და წავიდა.
– ვერ გავაკეთებ კომენტარს...
– ან ვიღაცეები მოგადგებიან – ჰე-ჰე, გაღრეჭილები და – თქვენ, ყველანი დაბოლილები ხართ ხომ იქ, გადაცემის წინ?
– რა სისულელეა?!
– ჰოდა, სულელები სულელურად გეუბნებიან თავის აზრს და ნორმალურები – ნორმალურად. ნორმალურები ძირითადად თავს იკავებენ.
– რადგან დაბოლილები ვახსენეთ, თქვენზე ითქვა, რომ გუშინ აქციაზე იყო მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებითო, მართალია?
– მე არ ვყოფილვარ აქციაზე, „ქლაბ 11-ის” ჩაწერა მქონდა. თუმცა, ვფიქრობ, იქ რა მოთხოვნაც იყო, სწორია. შვიდიდან თერთმეტ წლამდე სასჯელი არ უნდა იყოს მარიხუანის მოწევისთვის.
– მაშასადამე, იზიარებთ მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით წამოყენებულ მოთხოვნებს?
– მინახავს ბევრი ადამიანი, ვისაც მარიხუანა მოუწევია, მინახავს ბევრი მთვრალიც. მათ შორის განსხვავება თუ არის, არის მწეველთა სასარგებლოდ. ვინც დაბოლილია, ისინი უფრო ნაკლებად საშიშები არიან. ამიტომ, როცა არ ისჯება დალევა, ღვინის შენახვა და მოყვანა. მარიხუანის გამო კი ისჯებიან შვიდიდან თერთმეტ წლამდე, მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. ამიტომ, მარიხუანას თემაზე სასჯელი უნდა შემსუბუქდეს.
– ბევრი რამ შეიცვალა ოცდამეერთე საუკუნის ტელევიზიაში. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება რამდენიმე წელში ქართული ტელევიზია?
– არ ვიცი, როგორი იქნება რამდენიმე წელში ქართული ტელევიზია, მაგრამ ზოგადად, ტელევიზიას ახლა კრიზისი უდგას, ყველანაირს. იმიტომ რომ, ინტერნეტი აძევებს. როგორც თავის დროზე ვიდეომ მოკლა რადიოვარსკვლავები, მალე ინტერნეტი მოკლავს ტელევარსკვლავებს.
– მალე?
– დაწყებულია ეს პროცესი. თქვენ რომ ნახოთ არხების რეიტინგი, თუნდაც საქართველოში, რა იყო 10 წლის წინ, 5 წლის წინ, 3 წლის წინ და რა არის დღეს – ყურებადობა არის ჩამოწეული, ქვემოთკენ მიდის, დინამიკაც უარესისკენაა.
– რამდენიმემ მითხრა, ადამიანები საკუთარ სოციალურ პრობლემებს, გაშარჟებულ ვარიანტში რომ უყურებენ, უფრო ხშირად ამაზე ეცინებათო. ასეა?
– არიან ალბათ ეგეთებიც. მაგაზე უფრო ხუმრობენ თვითონ. ანუ, სადაც არის პრობლემა, იქ ჩნდება ხუმრობა. თუ ისეთი პრობლემაც გაქვს, რომელსაც თვითონ ვერ მოაგვარებ, ამ დროს ხდება, რომ იხუმრო ამაზე და რაღაცნაირად გადაიტანო, ან გონება შეაგუო.
– სექტემბრისთვის ბევრი ახალი გეგმა გქონიათ დასახული.
– სექტემბრისთვის მართლაც ბევრი სიახლეები ხდება ხოლმე ტელევიზიებში. „TV 11-ის” ფორმატი უნდა განახლდეს. აქამდე, რაც მოვედით, ნორმალური იყო, რეიტინგიც მზარდია. სექტემბრისთვის, ხალხი, ვინც ახლა გვიყურებს, ვისაც მოსწონს ეს ტელევიზია, ელოდება რაღაც ახალს – ალბათ, უფრო ახალ სახეებს. მაგრამ, მეორე მხრივ, არის ჯერ კიდევ ქვეყანაში ადგილები, სადაც ამ ყველაფერს ვერ უყურებენ, იმიტომ რომ, საკაბელო არხია და ყველგან არ არის კაბელი. რაც ახლა გადის, ჩვენ რომ ეს სულ ავხსნათ, დაკარგულია, ვერასდროს ნახავენ. ამიტომ, მოგვიწევს რაღაცნაირი ბალანსის პოვნა, ძველის გამეორების ზოლიც რომ იყოს და ახალი პორდუქტიც შეიქმნას. რადგან მაშინ იმას დაკარგავ, ვინც გიყურებს. მაგრამ, არსებობს ამის გაკეთების მეთოდი ისე, რომ ძველი მაყურებელიც შეინარჩუნო და ახლებმაც უყურონ. 2015-ში ქვეყანა გადადის მაუწყებლობის ციფრულ გავრცელებაზე და იმედი გვაქვს, უკვე ყველაგან შეეძლებათ ჩვენი ნახვა. ბევრი ვერ გვიყურებს. სამაგიეროდ, ამას ის პლუსი აქვს, რომ ძალიან ბევრი ნახვა გვავს ინტერნეტში. youtubee-ზე 3 მილიონზე მეტი ნახვა გვაქვს. ამიტომ ვამბობ, ინტერნეტი კლავს ტელევიზიას. ინტერნეტით მომხმარებელთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება, ტელემაყურებელთა – იკლებს.