კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

პოდპოლკოვნიკი ქიბროწაშვილი ბრიყვ მილიციელზე სამჯერ უფრო ბრიყვი იყო. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ამხელა ჩინი და პოსტი ქრთამისა და სადიზმის წყალობით ჰქონდა მოპოვებული. მე მას თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი:

– სროკი ბოლომდე მოვიხადე. ნადზორი არ მაქვს და პროფილაქტიკა არ მეხება.

– ეგ მე ვიცი, რა გეხება და რა არა, – უხეშად შემაწყვეტინა ქიბროწაშვილმა, – ჩემს ტერიტორიაზე ჩეპეები არ მჭირდება. თუ არ დამემორჩილები, ციმბირს უკან დაგატოვებინებ და ჭკუას გასწავლი.

– ციმბირით მაშინებთ?

– შენ რა, არ გეშინია? – კითხვითვე მიპასუხა პოდპოლკოვნიკმა და სახეზე იდიოტური ღიმილი აღებეჭდა, – იქ სულ ყინვაა და თეთრი დათვები დადიან.

– იარონ, მათი ტერიტორიაა და ვინ დაუშლის? – ჩამეცინა მე.

– შენ ჭკვიანად იყავი, თორემ, სულ მალე ერთად ივლით! – აენთო ქიბროწაშვილი, რაზეც მშვიდად ვუპასუხე:

– გმადლობთ, არ მინდა. მთელი ის მხარე მოვიარე და ახლახან დავბრუნდი იქიდან.

– ჰოდა, ისევ უკან გაგიშვებ, თუ ჭკვიანად არ იქნები.

დაახლოებით ვხვდებოდი, რა უნდოდა პოდპოლკოვნიკს ჩემგან, მაგრამ, ეს მისგან მინდოდა გამეგო და ვუთხარი:

– მაინც, რა უნდა გავაკეთო, ეს რომ არ მოხდეს?

– რომ არ გაგაციმბირო? – დააზუსტა პოდპოლკოვნიკმა.

– დიახ, – დავუდასტურე მე.

– ჭკვიანად უნდა მოიქცე და დამიჯერო.

– უფრო ზუსტად?

– ჩვენთან უნდა ითანამშრომლო და პოლნი წილში გაგვიყვანო.

– მაინც, რას გულისხმობთ თანამშრომლობასა და პოლნი წილში?

– ოპერატიული ინფორმაცია უნდა მოგვაწოდო და, რასაც იჩალიჩებ და მოიპარავ, იმისი ნახევარი მოგვცე. სამაგიეროდ, ხელს ვერავინ გახლებს.

– წილზე გასაგებია, მაგრამ ოპერატიული ინფორმაციის მოწოდება რაღაა?

– რა და, თუკი სადმე რამე მოხდება, უნდა გაიგო და შემატყობინო. მაგალითად, თუ ვინმემ ვინმე მოკლა ან დაჭრა, რამე მოიპარა, ან, თუნდაც ანტისაბჭოთა რაღაც თქვა.

– ანტისაბჭოთა რას ნიშნავს?

– ვინმემ თუ პარტიას, მთავრობას ან თანამდებობის პირებს შეაგინა, – განმარტა პოდპოლკოვნიკმა და თავისი საქციელით კიდევ ერთხელ დამიმტკიცა საკუთარი სიბრიყვე, ხეპრეობა და გონებაშეზღუდულობა.

– ეგ რაში გჭირდებათ?

– რა? – მკითხა ქიბროწამ.

– აი, ეგ, ანტისაბჭოთაა თუ რაღაც ჯანდაბა.

– ჩემს ტერიტორიაზე რომ სრული წესრიგი იყოს, იმაში.

 „ვაი შენს პატრონს“, – გავიფიქრე გულში, პოდპოლკოვნიკს კი ვუთხარი:

– ამდენს ვერ შევძლებ. კიდეც მოვიპარო, კიდეც ოპერატიული ინფორმაცია მოგაწოდოთ და, თანაც, ანტისაბჭოთა ლაპარაკიც დავიმახსოვრო.

თავისი მოკლე ჭკუით, პოდპოლკოვნიკმა იფიქრა, დავავერბოვკეო და უფრო დამინაჟიმა:

– კაი ცხოვრება თუ გინდა, უნდა შეძლო. არადა, ისევ თეთრ დათვებთან მოგიწევს დაბრუნება.

„დროა, ამ ცირკს ბოლო მოვუღო“, – გავიფიქრე გუნებაში, პოდპოლკოვნიკს კი ვუთხარი:

– სანამ პასუხს გაგცემდეთ, მანამდე ერთ კაცს უნდა დავურეკო და დაველაპარაკო.

– ასე გვიან ვის ურეკავ?

– ჩემს კარგ ნაცნობს. თუ არა და უარს ვამბობ.

– კარგი, დაურეკე.

მე ტელეფონის ყურმილი ავიღე, ნომერი ავკრიფე და როდესაც მიპასუხეს, ვუთხარი:

– ძია ბესო, გეძინა?

– კობრა, შენ ხარ? – მკითხა ბესარიონ აბრალავამ, რომელსაც პირველად და უკანასკნელად დავურეკე სახლში.

– დიახ, მე ვარ.

– არა, არ მეძინა. ახლა შემოვედი. რამე მოხდა?

– ძია ბესო, რაღაც უნდა გკითხოთ.

– მკითხე.

– ძია ბესო, საგიჟეთში ნაცნობი თუ გყავთ?

– თუ საჭიროა, მოვძებნი ვინმეს... ნაღდად რაღაცაშია საქმე. ვინმე გაწუხებს?

– როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაფერს ხვდებით.

– მილიცია დაგადგა?

– დიახ.

– რამე სისულელე გითხრეს?

– უარესი.

– ახლა მანდ არიან?

– დიახ.

– ვინაა?

– დაელაპარაკებით?

– აბა, ერთი, ყურმილი მიეცი, – მითხრა აბრალავამ. მე ქიბროწაშვილს ტელეფონის ყურმილი მივაწოდე და ვუთხარი:

– დაელაპარაკეთ.

– ვინაა? – შეცბა ქიბროწა.

– თვითონვე გეტყვით. გამომართვით ყურმილი, – ვუთხარი დაბნეულ პოდპოლკოვნიკს, ტელეფონის ყურმილი ძალით შევაჩეჩე ხელში და განზე გავდექი.

ორიოდე წუთის შემდეგ ქიბროწაშვილმა ყურმილი დაკიდა, ზანტად შეტრიალდა და თავის ხელქვეითებთან ერთად ჩემი სახლი სამუდამოდ დატოვა... მავანს რომ ეჭვი არ შეეპაროს ჩემში და, თუნდაც მილიციის ოპერების „ჩაშვებაში“ არ დამდოს ბრალი, გავიმეორებ, რომ მე აბრალავას მხოლოდ საგიჟეთი ვუხსენე, დანარჩენს ის თავად ჩაწვდა, თავის ხელქვეითთან ლაპარაკი თავადვე მოითხოვა და დღემდე არ ვიცი,  რა უთხრა. ფაქტი კი ისაა, რომ სულ მალე ქიბროწაშვილი კვლავ რაიონში დააბრუნეს სამუშაოდ. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე შევხვდი მას, თანაც, სრულიად შემთხვევით. იმ პერიოდში, არეულ-დარეულ თბილისში ერთი ჩემი ძმისა და კოლეგის დასაფლავებაზე ვიყავი ჩამოსული, რომელიც ბეზპრიძელშიკებმა მოკლეს. კუბო საფლავში რომ ჩავასვენეთ და ჭირისუფლები წავიდნენ, რამდენიმე ქურდი შევყოვნდით, რომ, წესისამებრ, თითო ჭიქა წაგვექცია. როდესაც შესანდობარი შევსვით და პურიც გავტეხეთ, მესაფლავეები ვიხმე და ვუთხარი:

– საქმეს როცა მორჩებით, მიირთვით, ღმერთმა შეგარგოთ, – მერე შევტრიალდი და, უკვე წასვლას რომ ვაპირებდი, ერთ-ერთმა მესაფლავემ მითხრა:

– ბოდიში, თქვენ კობრა არ ხართ?

მტვერში ამოგანგლული, ნიჩაბმომარჯვებული მესაფლავე შევათვალიერე და მივუგე:

– პოდპოლკოვნიკი ქიბროწაშვილი?

– დიახ, მე ვარ, – დამიდასტურა ქიბროწამ.

– მილიციაში აღარ მუშაობთ? – ირონიულად ვკითხე ჩემს ყოფილ „ვერბოვშჩიკს“.

– ან მილიცია სადღაა, ან იქ მუშაობა, – ხელი ჩაიქნია ქიბროწაშვილმა.

– პოლიცია ხომ არის? – ვთქვი მე და დავამატე: – თქვენისთანა გამოცდილი კადრები სანთლით საძებარია. სადღაა ახლა თქვენნაირი ვერბოვშჩიკები!

 ნაპოდპოლკოვნიკარმა ჩემს დაცინვას ყურადღება არ მიაქცია და მითხრა:

– რა მეგამოცდილება და მევერბოვკება, როცა უჭეროდ და უსახსრებოდ დავრჩი, ყელამდე ვალებში ვარ და ღამეს აქ, ღია ცის ქვეშ ვატარებ?!

„აბა, რა გეგონა, ციმბირს უკან რომ მატოვებინებდი და თეთრ დათვებთან მიშვებდი“, – გავიფიქრე გუნებაში, მაგრამ, გაუბედურებული ქიბროწა მაინც შემეცოდა და ვკითხე:

– რატომ, რა შეგემთხვათ?

– რაც შემემთხვა, ახია ჩემზე. ცოლ-შვილი მივატოვე და ერთ ჩათლახს გადავეკიდე, რომელმაც მთელი ჩემი ქონება თავის სახელზე გადამაფორმებინა. შემდეგ ყველაფერი  გაყიდა და ამერიკაში გაიქცა თავის საყვარელთან ერთად. ღირსი ვარ, მეტის ღირსიც ვარ და, რაც დავთესე, იმას ვიმკი.

– აი, ძმაო, გამომართვი, – ქიბროწას ორმოცდაათდოლარიანი ჩავუდე ხელში, – მეტი არ მაქვს. გირჩევ, ოჯახში დაბრუნდე, ყველაფერი მოინანიო და პატიება ითხოვო. ახლა კი წავედი, კარგად იყავი.

– კარგად იყავი, კობრა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მაპატიე, მაშინ ასე ცუდად რომ მოგექეცი, – მითხრა ქიბროწამ, რომელსაც გავუღიმე, ხელი დავუქნიე და სასაფლაოდან წამოვედი. 

– ქიბროწაშვილს ელაპარაკებოდი? – მკითხა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ, როდესაც მანქანაში ჩავჯექი.

– შენც იცნობ? – ვკითხე კოლეგას.

– ვიცნობ. ჩვენს რაიონში მუშაობდა მილიციის უფროსად და ყველაფრის წილში იყო. ერთხელ თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რასაც მოიპარავ, შუაზე გამიყავიო.

– მეც მასე მითხრა, – გამეცინა მე.

– მერე, რა ქენი?

– შენ? – კითხვა შევუბრუნე კოლეგას.

– იძულებული გავხდი, რომ რაიონიდან წამოვსულიყავი.

– მე კი, პირიქით, – ვუთხარი კოლეგას, საგიჟეთის ამბავი მოვუყევი, – დღემდე არ ვიცი, რა უთხრა აბრალავამ, მაგრამ, უკანმოუხედავად წავიდნენ.

– ძმებო, ის წითელი „მერსედესი“ ძალიან საეჭვოდ მოგვყვება, ჯერ კიდევ კუკიიდან დაგვაჯდა კუდზე, – გვითხრა მძღოლმა და დაამატა: – რა ვქნა?

– ნეტავ, ვინ არიან, „ძაღლები“? – თქვა ჩემმა კოლეგამ.

– „ძაღლები” თუ არიან, არა უშავს, – მივუგე კოლეგას, – მაგრამ არა მგონია.

– აბა, რას ფიქრობ? – მკითხა კოლეგამ.

– ქილერები არ იყვნენ, – ვთქვი მე.

– ქილერები? – გაიმეორა კოლეგამ.

– ჰო. ქილერები, – ვთქვი მე და მძღოლს ვუთხარი:

– სიჩქარეს მოუმატე და შეეცადე, მოუტყდე. შეძლებ?

– მე მგონი, კი. თბილისის ძველი ქუჩების ტუპიკებს კარგად ვიცნობ, – მითხრა მძღოლმა და სიჩქარეს მკვეთრად მოუმატა.

სიჩქარეს წითელმა „მერსედესმაც“ მოუმატა და უკვე აშკარად გამოგვეკიდა.

– მგონი, სროლას აპირებენ, – ვთქვი მე, რადგან, დავინახე, რომ „მერსედესში“ მჯდომმა ერთ-ერთმა მგზავრმა ავტომატი მოიმარჯვა.

– სროლას? – გაიმეორა ჩემმა კოლეგამ. მე კი მძღოლს ვუთხარი:

– ქილერები არიან და არავის მოერიდებიან. ამიტომ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდე და ისე ეცადე, რომ მოუტყდე.

ჩვენი მძღოლი საკმაოდ მარჯვედ მართავდა მანქანას და მართლაც მშვენივრად იცნობდა ძველი თბილისის ჩიხებს. მან ისეთი მანევრები ჩაუტარა მდევარს, რომ წითელი „მერსედესი“ ერთ-ერთი ჩიხის ქვაფენილში ჩაბეტონებულ რელსს შეაჯახა, მწყობრიდან გამოიყვანა და შეაჩერა. დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთმა ავტომატმომარჯვებულმა ქილერმა წინა შუშა თავით გაიტანა და ავტომატიანად ქვაფენილზე დაენარცხა.

– ყოჩაღ, ეს რა მაგრად გაუჩალიჩე! – შეაქო მძღოლი ჩემმა კოლეგამ, მე კი ვთქვი:

– ეგენი არ მოგვეშვებიან. ვიღაცამ ჩვენი მოკვლა შეუკვეთა და თბილისიდან რაც შეიძლება მალე უნდა გავემგზავროთ.

– მართალი ხარ, –  დამეთანხმა კოლეგა, მძღოლმა კი იკითხა:

– რა ვქნა, საით წავიდე?

– ჯერ ქელეხში წავიდეთ, – ვთქვი მე, – მაგრამ, ფრთხილად, გამორიცხული არაა, რომ იქაც გველოდებოდნენ.

ჩემი ეჭვები არა თუ გამართლდა, არამედ, ყველაზე უარესი რამ მოხდა. ქელეხში რომ მივედით, იქაურობა მილიციით სავსე დაგვხვდა. როგორც გავიგეთ, ავტომატებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი ორ ჩვენს კოლეგას თავს დასხმია და ერთი ადგილზევე მოუკლავს, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანასთანავე გარდაცვლილა.

– რა ვქნათ, კობრა, შენი თქმის არ იყოს, ეგენი არ მოგვეშვებიან და აქედან დროზე უნდა მოვტყდეთ, – მითხრა ჩემმა კოლეგამ, როდესაც ჩვენი ორი მოკლული ძმის ამბავი გავიგეთ.

– პირველ რიგში, უსაფრთხო ადგილს უნდა შევაფაროთ თავი, შემდეგ კი შეუმჩნევლად გავაღწიოთ საქართველოდან, – ვუთხარი  ჩემს კოლეგას და მძღოლს მივუბრუნდი:

– სოლოლაკში წაგვიყვანე. შემდეგ კი წადი, მაგრამ, ფრთხილად იყავი – ქილერებმა შენი მანქანა იციან და ძებნა არ დაგიწყონ.

მე და ჩემი კოლეგა ერთ პატარა ქუჩაზე ჩამოვედით, ჩიხებით სხვა ქუჩაზე გავედით და ჩემი ბავშვობის ძმაკაცს მივადექით.

– სახლში მარტო ხარ? – ვკითხე ჩემს მასპინძელს.

– მარტო ვარ. ცოლ-შვილი სოფელში ისვენებს. შემოდი, კობრა. 

მე ჩვენი ამბავი მოვუყევი და ვუთხარი:

– შეგიძლია, ერთი ღამე შენთან დაგვტოვო? ხვალ აუცილებლად წავალთ.

მასპინძელს მართლა ძალიან ეწყინა ჩემი სიტყვები და მითხრა:

– არ გრცხვენია, ამას რომ მეუბნები? რამდენიც საჭიროა, იმდენ ხანს დარჩით ჩემთან.

– ბოდიში, არ მინდოდა შენი წყენინება. მე უნდა გავიდე და ორ-სამ საათში მოვალ, ჩემს ძმას კი შენ გიტოვებ, – ვუთხარი მასპინძელს და წამოვედი.

– საით, კობრა? – მკითხა კოლეგამ.

– ჩვენი გამგზავრების ამბავს მოვაგვარებ.

– ფრთხილად იყავი, ისევ არ დაგადგნენ.

– ნუ გეშინია. არ მოიწყინო და მალე მოვალ, – მივუგე კოლეგას.

სოლოლაკიდან მთაწმინდაზე გადავედი, საიდუმლო გვირაბის მეშვეობით ჩემს სახლში შევედი და, სულის მოსათქმელად და მოსაფიქრებლად საწოლზე წამოვწექი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ მალე მივხვდი,  ვინ ნადირობდა ჩვენზე და მოგვიანებით მას ადეკვატური პასუხი გაეცა... იმ მომენტში კი მე და სოლოლაკში დამალულ ჩემს კოლეგას სწრაფად და უსაფრთხოდ უნდა გაგვეღწია თბილისიდან, რაც, საბოლოო ჯამში, გამოგვივიდა კიდეც. თუმცა, გამომგზავრების წინ ერთი გაუთვალისწინებელი ინციდენტი მაინც მოხდა. მართალია, ამას ჩვენთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ, ჩვენ ეს არ ვიცოდით...

ჩემს ბინაში ნახევარი საათი გავჩერდი, შემდეგ შევინიღბე, მზის სათვალე გავიკეთე, დაზაგაჟნიკებული ათასი დოლარი ჯიბეში ჩავიდე და საიდუმლო გვირაბითვე დავბრუნდი უკან. მერე ჩემი ძველი ნაცნობი მოვინახულე და ვუთხარი:

– მე და ჩემი ძმაკაცი სასწრაფოდ უნდა გავემგზავროთ მოსკოვში, თანაც ისე, რომ არავინ შეიტყოს. შეგიძლია, მოგვიხერხო?

– ხვალ დილის თერთმეტ საათზე მიფრინავს ერთი რეისი მოსკოვში და, შემიძლია, გაგიშვათ. ეს ყველაფერი კი ოთხასი დოლარი დაჯდება.

ჩემს ნაცნობს ოთხი ცალი ასდოლარიანი იქვე მივეცი და ვკითხე:

– სად და რა დროს უნდა მოვიდეთ?

– დილის ცხრა საათზე მზად იყავით. მითხარი, სად მოვიდე და ჩემი მანქანით გამოგივლით, წაგიყვანთ და ბილეთებსაც მოგცემთ.

– ზუსტად ცხრაზე ლენინის მოედნის მეტროსთან ვიქნებით და იქ მოდი. ჩვენ დამალულები ვიქნებით და თვითონ მოვალთ მანქანასთან, შენ კი ტაქსების გაჩერებასთან შეჩერდი და მანქანიდან გადმოდი, რომ დაგინახოთ. რა მანქანით მოხვალ?

– თეთრი „ნოლ-სემით“, – მითხრა ჩემმა ნაცნობმა და მკითხა: – კობრა ქილერებს გაურბიხართ, ხომ?

– შენ რა იცი?

– მთელი თბილისი ლაპარაკობს, ქურდები ჩაცხრილეს, კობრა და მისი ძმაკაცები კი სასწაულებრივად გადაურჩინო სიკვდილს.

– მართალია, მაგრამ, საიდან გაიგეს? – მხრები ავიჩეჩე მე, – ქილერები მანქანით დაგვეხვოსტნენ კუკიის სასაფლაოდან და ერთ ტუპიკში მოვუტყდით ისე, რომ სროლაც ვერ მოასწრეს.

– ვიცი.

– საიდან იცი?

– ერთი ქილერი ადგილზევე დაბრედილა – დაჯახებისგან კისერი მოსტეხია, დანარჩენები კი გაქცეულან. რა გიკვირს? თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ამბავი ძალიან მალე ვრცელდება.

– კარგი, წავედი. ხვალ დილით არ დაიგვიანო, – ვუთხარი ჩემს ნაცნობს და ფოსტისკენ ავიღე გეზი, რომ მოსკოვში დამერეკა.

საქმე ის იყო, რომ ერთი ჩემი კოლეგა უნდა შემემოწმებინა. როგორც მე გავაანალიზე, ორი ქურდის მკვლელობა და ჩვენზე თავდასხმა მისი და იმჟამად თბილისში მყოფი ერთი ქურდის მიერ იყო ორგანიზებული. მე არ მინდა მათი ნამდვილი სახელების ხსენება და პირობითად, მათ „იქს-ერთს” და „იქს-ორს” ვუწოდებ. სწორედ იქს-ორს დავურეკე ფოსტიდან და ვკითხე:

– როგორ ხარ?

 იქს-ორმა, სავარაუდოდ, უკვე იცოდა იქს-ერთისგან, რომ მე და ჩემი კოლეგა ცოცხლები გადავრჩით. ის ჩემს ზარსაც ელოდა და საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად მითხრა:

– არა მიშავს, კობრა, ხომ მშვიდობაა?

– არა, რა მშვიდობა.

– რა მოხდა? – ვითომ აღელდა იქს-ორი, თუმცა, მაინც შევატყვე სიყალბე ხმაში და ვუთხარი:

– ჩვენი ორი ძმა მოკლეს, ავტომატით ჩაცხრილეს, ჩვენ კი ძლივს გადავრჩით. კაროჩე, სასწრაფოდ მოსკოვში მივემგზავრებით და ჩვენებს შეატყობინე ვლადიკავკაზში, რომ ხვალ შუადღისთვის ავტოვაგზალზე დაგვხვდნენ. გასაგებია?

– კობრა, რაღა მანქანით მოდიხართ. ხომ იცი, რა საშიშია ასეთი მგზავრობა ამ არეულ დროში. თვითმფრინავით გადმოფრინდით დღეს საღამოს ან ხვალ დილით.

– არა, თვითმფრინავით უარესია. ვინც ჩვენი მკვლელობა შეკუკვეთა, ის, ალბათ, უკვე აძებნინებს ჩვენს თავს ქილერებს და თვითმფრინავებსაც გაჩითავენ. მოკლედ, როგორც გითხარი, ისე მოიქეცი და ვლადიკავკაზში მალევე გადარეკე.

– კარგი, ახლავე გადავრეკავ. თქვენ კი ფრთხილად იყავით და თავს გაუფრთხილდით, – მითხრა იქს-ორმა და ყურმილი გათიშა.

იქს-ორი საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო და, რომ არაფერს მივმხვდარიყავი, ჩემთვის არ უკითხავს, თავს სად აფარებთო... მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ვლადიკავკაზში ჩავდიოდით და, ჩემი ვარაუდით, ან გზაში დააპირებდა ჩვენს მოხელთებას, ან – ვლადიკავკაზში... სოლოლაკში რომ დავბრუნდი, ყველაფერი ჩემს კოლეგას მოვუყევი და ვკითხე:

– რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, – გაეცინა კოლეგას, – ეშმაკური კომბინაცია მოგიფიქრებია და შედეგებს დაველოდოთ.

– იმედია, შედეგი არ გაგვაწბილებს, – ვთქვი მე, ჩემმა კოლეგამ კი დაამატა:

– მაქამდე თუ მივიდა საქმე, გაწბილებასაც კი ვერ მოვასწრებთ, ისე მოგვიღებენ ბოლოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება და მოსკოვში მშვიდობიანად ჩავაღწევთ. აქ კი უკვე ყველაფრის ორგანიზებას მოვახერხებთ და დამნაშავეებსაც დავსჯით.

მეორე დღეს ჩემმა ნაცნობმა აეროპორტში მიგვიყვანა, გაფრენის წინ ბილეთები გადმოგვცა და გვითხრა:

– ბედნიერი მგზავრობა. აბა, თქვენ იცით, კარგად იყავით.

– კარგად იყავი. დიდი მადლობა, – გამოვემშვიდობეთ ჩემს ნაცნობს და თვითმფრინავში ავედით.

იმ პერიოდში, მართალია, მოსკოვის მიმართულებით ჯერ კიდევ დაფრინავდნენ თვითმფრინავები, მაგრამ, გრაფიკები უხეშად ირღვეოდა ხოლმე და გაფრენა ყოველთვის იგვიანებდა. იმ დღეს კი, შესრულდა თუ არა თერთმეტი საათი, თვითმფრინავის კარი დაიკეტა. სტიუარდესამ ქამრების შეკვრა გვთხოვა, თვითმფრინავი კი ნელ-ნელა ადგილიდან დაიძრა. ჩემმა კოლეგამ შვებით ამოისუნთქა და მითხრა:

– ვსიო, კობრა, ახლა უკვე ნამდვილად გადავრჩით და, თუ თვითმფრინავი არ ჩამოვარდა, მოსკოვში ვართ...

ის იყო, ჩემს კოლეგას უნდა დავთანხმებოდი, რომ პოლიციის მანქანების სირენის ხმა გაისმა, ჩვენი თვითმფრინავი კი გაჩერდა. მე და ჩემმა კოლეგამ ილუმინატორში გავიხედეთ და „სპეცნაზის“ ფურგონები დავინახეთ, რომლებიც ჩვენს თვითმფრინავს მოადგნენ. მართალია, ვერ ვხედავდით, რა ხდებოდა გარეთ, მაგრამ, თვითმფრინავის კარი გაიღო და ჩემმა კოლეგამ მითხრა:

– მორჩა, კობრა! ჩვენს ასაყვანად მოვიდნენ და, ან გზაში დაგვბრიდავენ, ან – ციხეში. არ გაჭრა შენმა კომბინაციამ, იქს-ორმა გაგვშიფრა.

ამ დროს თვითმფრინავში ოთხი შეიარაღებული სპეცნაზელი შემოვიდა. მათ ტიტანისგან დამზადებული, საშუალო ზომის ყუთი შემოიტანეს და სალონის ბოლოში მოთავსდნენ. შემდეგ კარი ისევ დაიხურა და თვითმფრინავი მოსკოვისკენ გაფრინდა. ახლა უკვე მე ამოვისუნთქე შვებით და ვთქვი:

– აი, ახლა კი ნამდვილად გადავრჩით, თუ, რა თქმა უნდა, თვითმფრინავი არ ჩამოვარდა.

– არ ჩამოვარდება, ნუ გეშინია, – მხიარულად მითხრა ჩემმა კოლეგამ, – ნეტავი რა მიაქვთ მოსკოვში?

როგორც შემდეგ შევიტყვეთ, მოსკოვში ოქროს ზოდები მიჰქონდათ, რომელიც რუსეთის მთავრობას ჩვენი მთავრობისგან შეუძენია და შეიარაღებული „სპეცნაზიც” ამიტომ აცილებდა.

ვნუკოვოში რომ დავეშვით და მიწაზე დავდგით ფეხი, ჩემმა კოლეგამ მითხრა:

– ახლა კი იქს-ორით დავიწყოთ და სიმართლე დავადგინოთ.

დღის ორი საათისთვის უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ იქს-ორი და იქს-ერთი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ქურდების მკვლელობა მათი ორგანიზებული იყო. ჩვენი ვლადიკავკაზელი ძმების ხალხმა ორი ავტომატიანი ქილერი შეიპყრო, რომლებმაც პირდაპირ იქს-ორზე გაგვიყვანეს.

– ყველაფერი იასნია. ყველამ თავისი უნდა მიიღოს. შევუბეროთ, – ვუთხარი ჩემს კოლეგას, როდესაც ყველაფერი გაირკვა.

– შევუბეროთ, – დამეთანხმა კოლეგა და მოქმედების შემდეგ ეტაპზე გადავედით.

 იქს-ორი რომ არ გაგვქცეოდა, ჩვენს ხალხს ის გავაკოჭინეთ და პოდმოსკოვიეს ერთ-ერთ კერძო აგარაკზე დავამწყვდევინეთ, სადაც სხოდკა უნდა შეკრებილიყო. სანამ მეორე დღისთვის იქ ოცზე მეტი ქურდი მოვიდა, ვლადიკავკაზიდან ორი ქილერიც ჩამოიყვანეს. ისინი „რაზბორკის“ დროს პირზე დაადგნენ იქს-ორს და თქვეს, რომ ჩემი და ჩემი კოლეგის მოკვლა მისგან ჰქონდათ დავალებული. ამის მერე იქს-ორი საბოლოოდ მოტყდა და აღიარა, რომ იქს-ერთთან ერთად მოქმედებდა. ყველაფერი რომ გაირკვა, სხოდკამ ორივე ქურდს და ქილერებსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც ნაწილობრივ მალევე იქნა სისრულეში მოყვანილი, იქს-ერთი კი ორი დღის შემდეგ თბილისში ჩაცხრილეს ავტომატით... მავანს, შეიძლება ძალიან უარყოფითი წარმოდგენა შეექმნას ჩვენზე და სასტიკ მკვლელებადაც კი მოვეჩვენოთ, მაგრამ, ეს მართალი არ იქნება. ადამიანის სიკვდილით დასჯა ჩვენს წრეში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება და, გარწმუნებთ, ასეთი რამ სულაც არ გვგვრის სიამოვნებას, თუმცა, ეს აუცილებელი ზომაა და ქურდული პრინციპების შესანარჩუნებლადაა საჭირო. ადრეც ხშირად მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ქურდული პრინციპების დარღვევას სიკვდილი მირჩევნია და ჩემი რწმენა არაერთხელ დამიცავს საკუთარი სიცოცხლით. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და, ერთხელ ერთმა ჩემმა ძველმა ძმაკაცმა, რომელსაც დღესდღეობით მაღალი იერარქიული საფეხური უჭირავს სარწმუნოებაში, თავისთან დამიბარა და მითხრა:

–  ადამიანი ცოდვილია, მაგრამ, ღმერთი მოწყალეა და, თუკი გულწრფელად მოინანიებ, მიგეტევება.

ძველი ძმაკაცისთვის ძველებურად მიმართვა არ გამოდიოდა და მისსავე სტილში ვუთხარი:

– დიდება უფალს, მამაო. ბრძანეთ, რისთვის დამიბარეთ.

– გიორგი, შვილო, – მითხრა მან, თუმცა ჩემზე ბევრად უმცროსია, – დროა, რომ შენი სულის გადარჩენაზე იზრუნო და დედაეკლესიაში მოსვლას გთავაზობ. მერწმუნე, ეს ერთადერთი გზაა ღმერთისკენ, ღმერთი კი ჭეშმარიტებაა და ყველა კარგი კაცი ჭეშმარიტებას უნდა ნდა ემსახურებოდეს.

– აბსოლუტურად გეთანხმებით, მამაო, მაგრამ, მე უღირსი ვარ და დედაეკლესიის წიაღში მსახურებისთვის არ გამოვდგები, – დიპლომატიურად უარვყავი შემოთავაზება, თუმცა მან მითხრა:

– თუ არ სცადე, ვერ გაიგებ, ღირსი ხარ თუ არა. ამიტომ, უნდა სცადო ეს და მე ყოველმხრივ შეგიწყობ ხელს.

– არა, მამაო, არაფერი გამომივა, მე თავისუფალი კაცი ვარ და შეზღუდვებს ვერ შევეგუები.

მოძღვარს გულიანად გაეცინა და მითხრა:

– მაპატიე, შვილო, მაგრამ, ეგ შენი სიტყვები სასაცილოდ და არადამაჯერებლად ჟღერს.

– რომელი სიტყვები, მამაო?

– შეზღუდვებზე რომ თქვი, ვერ ვიტანო. მრავალი წელი თავისუფლება გქონდა შეზღუდული,  თანაც, რამდენი ციხე ჩამოვთვალო, სადაც შენ სასჯელი მოიხადე და, ახლა ამბობ, რომ ეკლესიურ შეზღუდვებს ვერ შეეგუები?! არ მჯერა ეგ, ტყუილია. შენ, უბრალოდ, ჯეროვნად ვერ აფასებ საკუთარ თავს. ნარკომანი შენ არ ხარ, რომ წამალმა მოგტეხოს, არც სხვა პათოლოგიური ნაკლი გაგაჩნია და, ეკლესიას რატომ ვერ შეეგუები?

– ციხე სხვაა, მამაო, ეკლესია კი – სულ სხვა

– ეკლესიაც ციხეა, ჩვენი ვნებების ციხე და ჩვენი წიაღი იძლევა მეტი დატყვევების საშუალებას. ამიტომ, ეკლესიაც ციხეა და, შენ წარმოიდგინე, ბევრად უფრო მკაცრი.

მე არც მამაოს წყენინება მინდოდა და არც გზის შეცვლა, ამიტომ მოძღვარს ხუმრობით ვუთხარი:

– კარგი, რა, მამაო, ციხიდან ახალი გამოსული ვარ და ისევ ციხეს მთავაზობ?

– გიორგი, შვილო, გასაგებია, რომ ქურდული ცხოვრებისთვის თავი გაქვს გადადებული და ასრულებ თქვენს კანონებს, მაგრამ, მერწმუნე, რომ, რასაც მე გთავაზობ, ერთადერთი ჭეშმარიტებაა. მართალია, ძალიან რთულად შესასრულებელი, მაგრამ, მას თუ დაძლევ, ბოლომდე გახვალ. რაც შენ ქურდული საქმისთვის გიწვალია, იმდენი რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის გაგეკეთებინა, გებრძოლა და თავი დაგედო, უკვე განწმენდილი იქნებოდი.

– გმადლობ, მამაო, კეთილი რჩევისა და თანადგომისთვის, მით უმეტეს, ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ქურდი ვარ და ქურდად მოვკვდები.

– გასაგებია, მაგრამ, ქურდად ხომ არ დაბადებულხარ? ღვთის ხატად იშვი და დაუბრუნდი შენს პირველქმნილ და ჭეშმარიტ სახეს. მოდი ეკლესიის წიაღში.

– არა, მამაო, ტყუილს არ ვიკადრებ. მართალია, ქურდად არ დავბადებულვარ, მაგრამ, ქურდად მოვკვდები, – ვუთხარი მოძღვარს და ჯვარზე ვემთხვიე, – დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ, მაგრამ, ჩემს რწმენას არ შევიცვლი.

– ნახვამდის, კობრა, გფარავდეს ღმერთი, – მითხრა მოძღვარმა და გამომისტუმრა.

მავანს ჩემი საქციელი, შეიძლება, ჯიუტ ახირებად მოეჩვენოს, მაგრამ, მე არც ვმეტიჩრობ, არც ბრიყვი ვარ და, მით უმეტეს, არც ურწმუნო. მე ვარ ქურდი, მიმაჩნია, რომ ჩემგან სასულიერო პირი არ გამოვა და ქურდად უნდა მოვკვდე. თუმცა, არასოდეს დამიძრახავს ის ხალხი, ვინც ქურდობაზე უარი თქვა და ეკლესიის წიაღში წავიდა. ვიმეორებ, რომ ჩემთვის ეკლესიაა ის ერთადერთი რამ, რაც ქურდობაზე მაღლა დგას. თუმცა, მე ამ სიმაღლეების ღირსად არ მიმაჩნია საკუთარი თავი და ვამჯობინებ ამ სტატუსში დავჩრე სიცოცხლის ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას ვასია ბრილიანტმა მითხრა:

– ჩვენ, ქურდები, ძალიან ჯიუტი ხალხი ვართ და, არ გვსურს, შევიგნოთ ელემენტარული ჭეშმარიტება: საკმარისია, ეკლესიაში მივიდეთ, მოვინანიოთ, ბერად აღვიკვეცოთ და მთელი ჩვენი რესურსი და გამოცდილება იმ სფეროს მივუძღვნათ, რომ დიდი მოღვაწეები გავხდებით და უამრავ გზააბნეულ სულს გადავარჩენთ დაღუპვისგან.

სწორედ ძია ვასიას ეს სიტყვები გამახსენდა, როცა მამაოსგან მოვდიოდი და სწორედ იმ მომენტში შევიცანი მათი ჭეშმარიტება. პატიოსანი ქურდული ცხოვრება, მთელი თავისი ატრიბუტიკით, უდიდესი სკოლა და გამოცდილებაა ადამიანისთვის და, თუკი პიროვნება უნაკლოდ გაივლის ამ გზას, მისთვის პროფესიის შეცვლაც დასაშვებია და ადამიანების დამოძღვრაც.

გაგრძელება შემდგე ნომერში

скачать dle 11.3