ქალური შურისძიება
ცოტა ხანში გუგას ჩაეძინა, უფრო სწორად, ამდენ განცდებსა და ემოციებს ვეღარ გაუძლო და გაითიშა. თანასაკნელები ცდილობდნენ, არ ეხმაურათ და ერთმანეთს ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ საკნის კარის სარკმელი გაიღო და ვახოს სახე გამოჩნდა.
– რომელს ჰქონდა ჩემთან საქმე? – იკითხა ბადრაგმა და ინტერესით შეათვალიერა ნარებზე ჩამომსხდარი პატიმრები, – რა ხდება?
– რა უნდა ხდებოდეს, მშვიდობაა, – კარისკენ გაემართა მიშა, ხნიერი პატიმარი, – მე მქონდა საქმე. ასე გაოცებული რატომ გვიყურებ?
– რაღაც, ძალიან საეჭვოდ ჩუმად ხართ, – თქვა ვახომ და ისევ მოავლო თვალი პატიმრებს.
– ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზეა, – თითქმის ჩურჩულით უთხრა მიშამ, – უბრალოდ, ჩვენს ძმას ხვალ დილით უშვებენ და, ისე დაიღალა ემოციებით, რომ, ჩათვლიმა. ჩვენც, ვცდილობთ, არ ვიხმაუროთ, რომ ცოტა დაისვენოს.
– ასეთი ჰუმანური პატიმრები ჯერ არ მინახავს, – გაეცინა ვახოს, – ჩემთან რა საქმე გქონდათ?
– ძმურად, ერთი უსლუგა უნდა გამიწიო, – მიშა სარკმელთან ახლოს მივიდა და ბადრაგს თვალებში შეხედა, – ერთი თხოვნა უნდა შემისრულო როგორმე. ჩემთვის არ გაწუხებ...
– მითხარი, რა გინდა და, თუ შევძლებ, ხომ იცი, უარს არ გეტყვი.
– მე ახლა ერთი ჩემი ახლობლის ტელეფონის ნომერს გეტყვი. შენ უნდა დაურეკო და ჩემი სახელით უთხრა, რომ ხვალ დილისთვის ფული მჭირდება და უნდა შემომიგზავნოს შენი ხელით.
– არ გეწყინოს, მაგრამ, ვერ გავაკეთებ. ვინმემ რომ გამიგოს, მეც თქვენ გვერდით აღმოვჩნდები.
– რამე უნდა მოიფიქრო. აუცილებლად მჭირდება.
– რამდენი გინდა?
– რა ვიცი, ხუთას ლარამდე მაინც.
– ხუთასი ლარი რისთვის გჭირდება ციხეში? – დაეჭვდა ვახო.
– ნუ გეშინია, ცუდი არაფერი გვაქვს ჩაფიქრებული. ამას, – მიშამ გუგაზე მიუთითა, – ხვალ დილით უშვებენ, არადა, ავტობუსის ფული არა აქვს, რომ სახლამდე მივიდეს და არც არავინ ჰყავს, რომ დაურეკოს და სთხოვოს.
– თბილისელ კაცს ერთი ძმაკაცი ან ნათესავი არ ჰყავს, რომ მოაკითხოს და სახლში წაიყვანოს? – დაეჭვებით იკითხა ვახომ.
– ჰო, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, ასეა. მოკლედ, დამეხმარები თუ არა?
– ხუთასი ლარი სახლამდე მისასვლელად რად უნდა, თვითმფრინავი უნდა გამოიძახოს? – ღიმილით ჰკითხა ბადრაგმა.
მიშა მიხვდა, რომ ვახო დაითანხმა და თვითონაც ღიმილით უპასუხა:
– სახლში არავინ დახვდება. რამე საჭმელი ხომ უნდა იყიდოს, ახალი ტანსაცმელიც დასჭირდება – შეიძლება, რაც ახლა აცვია, იმის მეტი არც არაფერი აქვს. მოკლედ, რას მალაპარაკებ ამდენს...
– კარგი, რამეს მოვიფიქრებ და გაგაგებინებ, – ვახომ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და პატიმარს გაუღიმა, – კარგი კაცი ხარ შენ, აქ არ უნდა იჯდე. ახლა კი წავედი, თორემ, ვინმემ თუ დამინახა, რომ ამდენ ხანს გელაპარაკები, სამსახურს დავკარგავ.
– ჯიგარი ხარ, – გაუხარდა მიშას, გელოდები, რა ამბავს მომიტან. ნომერს ჩაიწერ თუ დაიმახსოვრებ?
– დავიმახსოვრებ, – თქვა ვახომ და ნაკარნახევი ნომერი ერთხელ ჩუმად გაიმეორა თავისთვის.
– ხომ არ დაგავიწყდება?
– ნუ გეშინია, კომპიუტერული მეხსიერება მაქვს. ათი წლის შემდეგ რომ მკითხო, მაშინაც მემახსოვრება. კარგი, წავედი, – თქვა ვახომ და სარკმელი დახურა.
– მაგარი რამე მოიფიქრე, ჩვენ მაგდენი ვერ მოვტვინეთ, – უთხრეს თანასაკნელებმა.
– სალაპარაკოდ არ ღირს, – იუხერხულა მიშამ და გუგას გახედა, – ეგრე ძალიან არავინ შემცოდებია. უბრალო კაცი არ ჩანს. ეტყობა, რაღაც ძალიან დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი და იმიტომ ჩაეშვა ასე.
– ძნელია, როცა ბავშვობის ძმაკაცი გიღალატებს, – თქვა ყველაზე ახალგაზრდა პატიმარმა, გოგიტამ.
– არა მგონია, მარტო ეგ იყოს მიზეზი, – დაეჭვებით გაიქნია თავი მიშამ, – აშკარად რაღაცა არ თქვა ბოლომდე.
– მერე, ჩვენ დაგვიმალა? – წამოენთო გოგიტა.
– შენ ჯერ ბავშვი ხარ და, შეიძლება, არ იცი, რომ არსებობს რაღაც ძალიან პირადული და ძალიან მტკივნეული, რომელსაც ვერავის ეტყვის კაცი, – ფილოსოფიურად დაასკვნა მიშამ.
– მაგალითად? – იკითხა ერთ-ერთმა პატიმარმა.
– მაგალითად, ქალი, – თქვა მიშამ და უცებ სახე შეეცვალა, თითქოს ფიქრებით სადღაც სხვაგან წავიდა, მაგრამ, მალე აიყვანა თავი ხელში და განაგრძო: – თუმცა, ეს ჩვენი საქმე არ არის და, საერთოდაც, გვეყოფა ლაპარაკი, ვაცადოთ ამ კაცს ძილი.
პატიმრები ნარებზე წამოწვნენ და ყველა თავის ფიქრსა და დარდს მიეცა.
საღამო ხანს სარკმელი ისევ გაიღო. მიშა მაშინვე კარისკენ გაეშურა.
– როგორ არის? – გუგაზე ანიშნა ვახომ.
– არ გაუღვიძია, გათიშულივით სძინავს. რა ამბავი მოგვიტანე?
– ყველაფერი მოგვარებულია. ხვალ თვითონ დახვდება ციხის კართან. მეტს ვერაფერს გეტყვით, – თქვა ვახომ და სარკმელი დახურა.
– ჯიგარი ხარ. რომ გამოვალ, კაცურად გადაგიხდი! – მიაძახა მიშამ და თანასაკნელებს აწეული ცერი თითით ანიშნა, ყველაფერი რიგზეაო, – მაგრამ, არაფერი უთხრათ, სიურპრიზი იყოს, თორემ, შეიძლება, იუხერხულოს. გაიგე? – მიმართა გოგიტას, – ემოციებმა არ დაგძლიოს და არაფერი წამოგცდეს.
– გავიგე, – ცოტა არ იყოს, ნაწყენი ხმით უპასუხა გოგიტამ, – მე რა, მართლა პატარა ბავშვი ხომ არ გგონივართ?
– კარგი, საწყენად არ მითქვამს, – აღარ დაძაბა სიტუაცია მიშამ, – ახლა კი მართლა ამოვისუნთქე.
გუგას მთელი დღე და მთელი ღამე ისე ეძინა, არც განძრეულა, სიზმარიც კი არ უნახავს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისმა სხეულმა წონა დაკარგა და ჰაერში დანარნარებდა. იმდენად სასიამოვნო იყო ეს გრძნობა, რომ, უნდოდა, უსასრულოდ გაგრძელებულიყო ასე. ოდნავ ინათა თუ არა, თვალები გაახილა და გაოცებულმა მოათვალიერა საკნის ჭერი და კედლები – უცებ ვერც კი მიხვდა, სად იყო. რამდენიმე წუთი დასჭირდა გონზე მოსასვლელად. როცა გააცნობიერა, რომ ისევ თავის უსახურ საკანში იჯდა, გული მოეწურა – ღრუბლებში „ფრენის“ შემდეგ ასეთი დანარცხება მიწაზე ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. გაიფიქრა, ბიჭებს, ალბათ, სძინავთო და ფრთხილად წამოჯდა ნარზე, მაგრამ, თავი რომ ასწია, გაოცებისგან კინაღამ შეხტა: ხუთივე პატიმარი მის მოპირდაპირე ნარზე იჯდა და უღიმოდა, მაგიდაზე კოხტად იყო დაწყობილი ის ღარიბული საჭმელი, რაც გააჩნდათ.
– დილა მშვიდობისა, ძილისგუდა! – შეუთამამდა გოგიტა, – რა იყო, ამ წელიწადში აღარ აპირებ დაძინებას?
მიშამ შეუბღვირა – ზედმეტები მოგდისო, მაგრამ გუგას არ სწყენია და ღიმილით ჰკითხა:
– ასე ბევრი ვიძინე?
– თითქმის მთელი დღე და მთელი ღამე, – უთხრა ახალგაზრდამ და ხმამაღლა გაიცინა, – კიდევ კარგი, გაგეღვიძა, თორემ, იმის შიშით, რომ არ გაგვეღვიძებინე, მუნჯებივით ვისხედით და ლამის გავრეკე.
– მართლა? – შეწუხდა გუგა, – ბოდიშს გიხდით...
– კარგი, ჰო, მაგიტომ კი არ გეუბნები, უბრალოდ, მინდა, ცოტა ხასიათზე მოგიყვანო.
– როგორ ხარ? – ჰკითხა მიშამ, – ცოტა არ დამშვიდდი?
– ჰო, მაგრამ, რაღაცნაირ ეიფორიაში ვარ.
– ეიფორია რაღა ჯანდაბაა? – დაინტერესდა გოგიტა.
– მოკეტე! – შეუღრინეს პატიმრებმა და ისიც მაშინვე დადუმდა.
– ნელ-ნელა გაგივლის. ნუ გეშინია, მალე დაუბრუნდები რეალობას, მთავარია, სხვა თვალით შეხედო ცხოვრებას. ნათქვამია, სიკვდილის მეტს ყველაფერს ეშველებაო, – უთხრა მიშამ და გასამხნევებლად გაუღიმა.
– იცი, რას მივხვდი? – თქვა გუგამ დაფიქრებით, – ფიზიკურ სიკვდილსაც კი ეშველება, მთავარია, სულიერად არ მოკვდე. აი, მაშინ კი მართდა დაგერხევა.
– მაგასაც ეშველება, თუკი კაცი მოინდომებს, – უთხრა ერთ-ერთმა პატიმარმა, – საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე გეუბნები.
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, მაგრამ, სწორედ ეს მონდომებაა ყველაზე ძნელი.
– აბა, გვეყო პესიმიზმი, საქმეს მივხედოთ, – თქვა მიშამ, – მიდი, ცოტა გამოფხიზლდი, პირზე წყალი შეისხი და დავსხდეთ სუფრასთან.
– ამ უთენია ქეიფი დავიწყოთ? – გაეღიმა გუგას.
– „ქეიფს ვიწყებ დილიდააან!..“ – წაუღიღინა გოგიტამ, – მერე რა მოხდა, ციხეში დილა და საღამო ვინ გაყო?
გუგამ იგრძნო, რომ აშკარად გამოუკეთდა ხასიათი. თანასაკნელებს მადლიერებით გაუღიმა და პირის დასაბანად გაემართა ონკანისკენ. მაგიდასთან რომ დაბრუნდა, პატარა ფინჯნით ყავა დახვდა მაგიდაზე და გაოცებით აზიდა წარბები:
– თქვენ, რა, ყველაფერთან ერთად, ფოკუზნიკებიც ხართ?
– თანაც როგორი, – გაეცინა მიშას, – აქ რას არ ისწავლი. მიდი, დალიე, ნელ-ნელა დაუბრუნდი „სვეცკურ” ცხოვრებას.
– რომ იცოდე, რამდენი ხანია, ყავა აღარ დამილევია, მაგას აღარ მეტყოდი, – გუგამ ხარბი თვალებით შეხედა ფინჯანს და მერე თანასაკნელებს მოავლო თვალი, – მარტო მე მომიხარშეთ? თქვენთვის აღარ დარჩა?
– ჩვენ ყავა კუჭს აგვიშლის მიუჩვეველზე, – თქვა ერთ-ერთმა პატიმარმა და ყველას ხმამაღლა გაეცინა, – მიდი, დალიე, ნუ გერიდება.
გუგამ ისეთი ნეტარებით მოსვა პირველი ყლუპი, რომ ხუთივე პატიმარმა ერთდროულად მოილოკა ტუჩები და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი, მაგრამ გუგას არც კი შეუმჩნევია, თვალებდახუჭულმა დაცალა ფინჯანი, მერე პატარა კოვზი აიღო, ფსკერზე ჩარჩენილი ნალექი მოფხიკა, ისიც პირისკენ გააქანა და მხოლოდ ამის შემდეგ დადგა ჭიქა მაგიდაზე.
– მაგარი იყო, – თქვა კმაყოფილმა, – ასეთი კაიფი წამლის გაკეთების დროსაც არ დამიჭერია.
– ჰოდა, დღეიდან წამლის მაგივრად ყავით იკაიფე ხოლმე, – უთხრა მიშამ, – ახლა კი ცოტა რამე შეჭამე, რომ ღონეზე მოხვიდე, თორემ, მერე ამისთვის აღარ გეცლება.
გუგამ ძალით გადაყლაპა ორიოდე ლუკმა და თეფში გასწია:
– არ გადადის. მით უმეტეს, რომ, არ მინდა, ყავის გემო გავიფუჭო.
– კარგი, როგორც გინდა. ახლა კი მომისმინე, – თქვა მიშამ და თვალებში შეხედა, – სახლში რომ მიხვალ, კარგად გამოიძინე, თავი მოიწესრიგე და ცოტა გონზე მოდი, ქალაქში გაიარ-გამოიარე, მერე კი სერიოზულად იფიქრე შენს მომავალზე.
– რომელ მომავალზე? – მწარედ გაეცინა გუგას, – ჩემს ცხოვრებაში დროები გადანაცვლებულია – მომავალი წარსულში გადავიდა.
– აბა, აბა, ეგეთები არ იყოს, თორემ, მეწყინება, იცოდე! – ხმა გაიმკაცრა მიშამ, – მომავალი ყოველთვის მომავალია, რაც არ უნდა დაემართოს კაცს.
– მე იმის დედა ვატირე, ვინც შენ ციხეში ჩაგსვა! – წამოიძახა ერთ-ერთმა პატიმარმა და მიშას შეხედა, – შენ აქ რა გინდა, შენისთანა კაცი სასულიერო სემინარიაში უნდა ასწავლიდეს, ან, სულაც, მღვდელი უნდა იყოს, რომ მრევლი სწორ გზაზე დააყენოს!
– ღმერთს ნუ სცოდავ, – უპასუხა მიშამ, – ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მთავარია, მიხვდეს იმას, რომ სხვა კი არ მოექცა მას უსამართლოდ, არამედ, საკუთარი თავი.
– მე ამისთვის არც ძალა მაქვს და არც გამბედაობა მეყოფა, – დანანებით თქვა გუგამ.
– ახლა კარგად დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი. ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა მითხრა ეს ერთხელ და იმის შემდეგ დამიბრუნდა საკუთარი თავის რწმენა... – მიშამ პაუზა გააკეთა და პატიმრებს გადახედა.
– ასეთი რა გითხრა? – დაინტერესდა გოგიტა.
– როდესაც ზოგადად ადამიანებზე ვსაუბრობდით, მითხრა, რომ თითქმის ყველა ადამიანში, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, სქესისა თუ სოციალური სტატუსისა, დამალულია გამბედაობა, ძალა თუ გამძლეობა, რომელიც მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა ტკივილი, სასოწარკვეთილება, უიღბლობა თუ უბედურება უკიდურეს წერტილს აღწევს, ანუ, მხოლოდ ამ დროს პოულობს გული და გონება გამოსავალს, ხსნის გზას და, როდესაც ამ გზას მიაგნებ, მხოლოდ მაშინ ხვდები, თურმე, რა მაგარი ყოფილხარ.
– მერე, რა არის ეგ გზა? – დადარაჯებით იკითხა გუგამ.
– საკუთარი თავის რწმენა, საკუთარ თავში პიროვნების ხელმეორედ აღმოჩენა. ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია, მაგრამ, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, ვერ იცხოვრებ.
– ვერ დაგეთანხმები, – შეეწინააღმდეგა გუგა, – ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ამ რწმენის გარეშე ცხოვრობს და, სხვათა შორის, მშვენივრადაც გრძნობენ თავს.
– ჰო, მაგრამ, მათ ყოფას ცხოვრება კი არა, არსებობა ჰქვია, თუნდაც ფუფუნებასა და განცხრომაში, მაგრამ, მაინც არსებობა. მათი სულიერი და ფსიქოლოგიური ინტელექტი ნულის ტოლია, ან, სულაც მინუსებშია.
– მაგრამ, ასეთები ხომ საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენენ, – გააპროტესტა გუგამ.
– შეიძლება, ოღონდ, საზოგადოების ცხოვრებაში სტოსი მაინც იმ უმცირესობას მიჰყავს და, თანაც, ადრე თუ გვიან, იმ უინტელექტო ადამიანების ცხოვრებაშიც დგება წამი, როცა საკუთარ თავს დაუსვამენ მთავარ კითხვას და გამოიჩენენ გამბედაობას, სწორი არჩევანი გააკეთონ.
– რა კითხვას? – შეეკითხა გოგიტა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარიც კი ვერ გაიგო თანამესაკნეების დიალოგიდან, მათი საუბრის მთავარი თემა მტკივნეულად შეეხო მის გონებასა და გულს.
– ძალიან მარტივი კითხვაა: – მიუბრუნდა მას მიშა, – „ვინ ვარ მე?“ – და, თუ რეალურად, შელამაზების გარეშე გასცა ამ კითხვას პასუხი, მიხვდება, როგორ უნდა მოიქცეს.
– ბევრს გადაუტანია ტკივილიც, ტრაგედიაც, სასოწარკვეთილებაშიც ჩავარდნილა, ამგვარი გამბედაობა კი, ალბათ, ერთეულებს თუ გამოუჩენიათ, – ისევ პროტესტი გამოთქვა გუგამ.
– რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დანარჩენებისთვის არ იყო ის ტკივილი თუ ტრაგედია კულმინაციური, ანუ, უკიდურესი წერტილი, – ხელახლა განუმარტა ხნიერმა პატიმარმა.
პატიმრები გაჩუმდნენ. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა. ყველა საკუთარ თავში ჩააღრმავა ამ საუბარმა. ბოლოს ისევ გუგამ ამოიღო ხმა:
– საოცარი კაცი ხარ. მე არ ვიცი, შენ ვინ დაგაყენა ჭეშმარიტების გზაზე, მაგრამ, პირადად მე რომ შენ უნდა გიმადლოდე ადამიანებისადმი რწმენის დაბრუნებას, ეს უდავოა... შენ და, კიდევ რამდენიმე ნამდვილ ადამიანს, ამათი ჩათვლით, – გუგამ დანარჩენებზე მიუთითა, – საკუთარი თავის რწმენა კი მაშინ უბრუნდება კაცს, როცა, ზოგადად, ადამიანების, უფრო სწორად, ადამიანობის არსებობის რწმენა უჩნდება. მაგრამ, ყველაზე საოცარი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ის არის, რომ, ამ რამდენიმე ნამდვილი ადამიანიდან, ორის გარდა, ყველა ციხეში შემხვდა – ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში, სადაც, წესით, ეს არ უნდა მომხდარიყო. მანამდე კი ამის ბედნიერება ერთხელაც არ მქონია.
– ესეც უფლის ნებაა. ეტყობა, ამ კედლებში ნანახ სიკეთეს უფრო დიდი ძალა აქვს, –დაასკვნა ერთ-ერთმა პატიმარმა.
– მართალი ხარ, ნამდვილად ასეა და, მე თითქმის უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო აქედან გასვლის შემდეგ, ოღონდ, ამისთვის მომზადება დამჭირდება, – გადაწყვეტით თქვა გუგამ, – ამას ახლა, ამწუთას მივხვდი.
– ჩვენ არ გვეტყვი? – იკითხა გოგიტამ.
– ჯერ ვერ გეტყვით – ვაითუ, ვერ შევძლო და, არ მინდა, ტყუილი გამომივიდეს. თუ მანამდე გამოხვალთ, ხომ გნახავთ და, თუ არა, როგორმე გაიგებთ ჩემს ამბავს.
– ის ორი ადამიანი ვინ არის? – ჩაეკითხა გოგიტა.
– ვინ ორი ადამიანი? – ვერ მიხვდა გუგა.
– ის ორი ნამდვილი ადამიანი, ვინც ციხის გარეთ შეგხვდა, – დაუზუსტა ბიჭმა.
– ის ორი ადამიანი არის პროფესორი ქებაძე და დიმიტრის ძმა, რომელთა საქციელითაც ახლაც გაოცებული ვარ.
– შენ პროფესიით ვინ ხარ? – მოულოდნელად ჰკითხა მიშამ.
– პროფესიით არავინ, – მწარედ გაეღიმა გუგას, – დიპლომით კი ოდესღაც კიბერნეტიკოსი ვიყავი, თუმცა, ეს შორეულ წარსულში იყო, წინა ცხოვრებაში. შენ?
– არ გაგეცინოს, მაგრამ, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, თუმცა, დიპლომამდე რომ მივედი, თავი დავანებე სწავლას.
– რატომ? – გაუკვირდა გუგას.
– ეს ცალკე თემაა. არ გეწყინოთ, მაგრამ, ამაზე არსად არ ვლაპარაკობ, უახლოესმა მეგობრებმაც კი, დღემდე არ იციან რეალური მიზეზი.
– ეტყობა, იმიტომაც ხარ ასეთი ნაკითხი, – ღიმილით უთხრა გუგამ.
პატიმრებმა ჩუმად გადახედეს ერთმანეთს, მაგრამ, არაფერი უთქვამთ, რადგან, ყველა მაშინვე მიხვდა, რომ ამის მიზეზი ქალი უნდა ყოფილიყო, ამიტომ, თემა შეცვალეს და გუგას ჰკითხეს:
– როდის დაგიძახებენ?
– არ ვიცი, ალბათ, მალე.
– ცოტა აზრზე რომ მოხვალ, როგორმე გაგვაგებინე, როგორ იქნები.
– როგორ უნდა გაგაგებინოთ? – შეწუხდა გუგა, – დარეკვით ვერ დაგირეკავთ, ისე კი ვინ გადმოგცემთ ჩემს დანაბარებს?
– ჩვენ ხომ გვაქვს ორ კვირაში ერთხელ დარეკვის უფლება, ჰოდა, ჩვენ თვითონ დაგირეკავთ, – გამოსავალი იპოვა გოგიტამ.
– ჰო, მაგრამ, მობილური აღარ მაქვს, სანამ დამიჭერდნენ, მანამდე დავკარგე, – ჩაფიქრებით თქვა გუგამ.
– მისმინე, – მიუბრუნდა მას მიშა, – არ მინდოდა, წინასწარ მეთქვა, მაგრამ, საქმე მოითხოვს ასე და იმიტომ გეუბნები: რომ გახვალ, გარეთ ჩემი მეგობარი დაგხვდება თეთრი „ვოლვოთი“ და სახლამდე მიგიყვანს. გამოართვი მობილურის ნომერი და კონტაქტი იქონიე მასთან. მაგას ვურეკავ ხოლმე და შენს ამბავსაც ეგ შემატყობინებს. ტელეფონი როცა გექნება, დაურეკე და შენი ნომერი ჩააწერინე. რომ დავურეკავ, მიკარნახებს და მერე შენც დაგირეკავ. გაიგე?
– გავიგე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
ამ საუბარში ისე გავიდა რამდენიმე საათი, ვერც კი იგრძნეს. დილით შემოწოდებული საჭმელი ხელუხლებლად იდო მაგიდაზე. თითქოს ბევრი რამ ჰქონდათ სალაპარაკო, მაგრამ ხმას ვეღარ იღებდნენ.
– გარეთ ვინმესთან ხომ არაფერს დამაბარებთ? – ჰკითხა გუგამ, როცა კარის საკეტის ხმა გაიგო.
– ჩვენების ტელეფონის ნომრებს გეტყვით, თუ დაიმახსოვრებ, დაურეკე და უთხარი, რომ კარგად ვართ; კიდევ, ცოტა ხილი და სუფთა თეთრეული შემოგვიგზავნონ და რამე თანხა გადმოგვირიცხონ, რომ სიგარეტი მაინც ვიყიდოთ, – უთხრეს პატიმრებმა და ნომრები უკარნახეს.
– დღეს, შეიძლება, ვერ მოვახერხო, მაგრამ, ხვალ აუცილებლად დავურეკავ საიდანმე, – შეჰპირდა გუგა და საკნის კარიც გაიღო.
– სანებლიძე, წამოდი! – თქვა ყურებამდე გაღიმებულმა ვახომ.
– სვეშჩამი არა?! – გაუკვირდა გოგიტას.
– ჰო, სვეშჩამი, მაგრამ, სად აქვს სანებლიძეს ბარგი? – ხმამაღლა გაეცინა ვახოს.
– მაინც ეგრე უნდა გეთქვა, ძმაო, რა დაგვიხეთქე გულები! – უკმაყოფილება გამოთქვა ბიჭმა და პირველი ის გადაეხვია გუგას, –აბა, სბოგომ!
მერე დანარჩენებიც გამოემშვიდობნენ და, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაღაც ფორმალობების გავლის მერე, გუგა ციხის ჭიშკრის გარეთ აღმოჩნდა. უცებ ვერც კი მოეგო გონს, გაოგნებული იყურებოდა აქეთ-იქით და, ალბათ, კარგა ხანს იდგებოდა ასე, უცხო მამაკაცი რომ არ დასდგომოდა თავზე.
– გუგა თქვენ ხართ? – ჰკითხა სასიამოვნო ბარიტონით.
– დიახ, – გამოერკვა უკვე ყოფილი პატიმარი.
– წამოდით, სახლამდე მიგიყვანთ, – თქვა უცნობმა და იქვე მდგარი თეთრი „ვოლვოსკენ“ გაემართა. გუგა მორჩილად გაჰყვა და მძღოლის გვერდით დაჯდა. იმდენი ხანი იყო, ასეთ მანქანაში არ მჯდარა, ეხამუშა კიდეც.
– სად მივდივართ? – ჰკითხა კაცმა და ღვედი გაიკეთა. გუგამაც მიჰბაძა და მერე უთხრა მისამართი.
მთელი გზა ისე გაიარეს, ხმა არ ამოუღიათ. ძალიან სერიოზული და სიტყვაძუნწი კაცი ჩანდა, თუმცა, გუგას ერჩივნა კიდეც, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. ემოციებისგან გული ყელში ჰქონდა მობჯენილი და არავისთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა.
ეზოს შესასვლელთან რომ მოვიდნენ, „ვოლვო“ გაჩერდა. გუგამ ღვედი მოიხსნა, მანქანიდან გადავიდა და მძღოლისკენ დაიხარა, რომ მადლობა ეთქვა, მაგრამ კაცმა ხმის ამოღებაც კი არ აცალა, ჯიბიდან თეთრი კონვერტი ამოიღო და გაუწოდა.
– ეს რა არის? – გაუკვირდა გუგას.
– წარმოდგენა არ მაქვს. მიშამ მთხოვა, გადაეციო და მის დავალებას ვასრულებ.
– კი მაგრამ, მიშა საკანში არ დავტოვე?!
– არ ვიცი, ძმაო, ერთმანეთში თვითონ გაარკვიეთ საქმეები. უკაცრავად, მაგრამ, ძალიან მეჩქარება, გამომართვი!
გუგამ მექანიკურად გამოართვა კონვერტი და დამშვიდობებაც ვერ მოასწრო, რომ „ვოლვო“ ადგილს მოსწყდა და კვამლი და მტვერი შეაფრქვია.
გუგამ მექანიკურად ჩაიდო კონვერტი შარვლის ჯიბეში და ჭიშკარში შევიდა. მეზობლებთან შეხვედრისა და ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და ძალიან გაუხარდა, ეზოში არავინ რომ არ ჩანდა. გასაღები ისევ იქ დახვდა, სადაც ყოველთვის დებდა ხოლმე. კარი გააღო და ოთახში შევიდა. იქაურობა არეული და დამტვერილი იყო. სხვა დროს, შეიძლება, ვერც კი შეემჩნია ან ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ახლა, რატომღაც, ისე გააღიზიანა ამ არეულობამ, ხელებიც კი არ დაუბანია, მაშინვე ოთახის მოწესრიგებას შეუდგა. დაახლოებით ორი საათი მოანდომა მიყრილ-მოყრილი ნივთებისთვის თავისი ადგილის მიჩენას, გამოგვასა და მტვრების გადაწმენდას. ბოლოს ამაყად მოათვალიერა დალაგებული ოთახი და დაღლილ-დაქანცული ჩაეშვა სავარძელში. ცოტა ხანს ასე იჯდა. მერე წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა, თან გზადაგზა იხდიდა ყველაფერს, რაც ტანზე და ფეხზე ეცვა. ტრუსების ამარა რომ დარჩა, უჯრიდან ერთი დიდი პარკი ამოიღო, რაც გაიხადა, ყველაფერი ერთად ჩაყარა შიგ, თავი მოუკრა და კართან დადო, რომ მერე გაეტანა და ნაგავში გადაეგდო. სააბაზანომდე მისული, უკან დაბრუნდა, კარადა გამოაღო და თავისი ღარიბი გარდერობი შეათვალიერა. როგორც იქნა, ამოარჩია შედარებით ნორმალური მაისური და შორტები და სააბაზანოში შევიდა. საათზე მეტხანს იდგა შხაპის ქვეშ. ალბათ, ათჯერ წაისვა ტანზე საპონი, რამდენჯერმე აიქაფა თმაზე შამპუნი და, ბოლოს, როგორც იქნა, შეელია იქაურობას – კმაყოფილი ფრუტუნით გადაივლო წყალი, პირსახოცი წელს ქვემოთ შემოიხვია და ონკანის თავზე დაკიდებულ პატარა სარკეში ჩაიხედა.
– წვერს მერე გავიპარსავ. თმაც შესაკრეჭი მაქვს, მაგრამ, არა უშავს, რამეს მოვახერხებ, – ჩაილაპარაკა თავისთვის და ოთახში გამოვიდა. კართან დადებულ, ძველი ტანსაცმლით სავსე პარკს რომ შეხედა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რომ იმ კაცის მოცემული კონვერტი შარვლის ჯიბეში ჩაიდო. მაშინვე ამოაძრო პარკიდან ჭუჭყიანი ჯინსი და ჯიბიდან კონვერტი ამოიღო. რატომღაც, მოლოდინისგან გული აუჩქარდა. სავარძელში ჩაჯდა და კონვერტი გახსნა. თვალებს არ დაუჯერა – იქ ათი ცალი ორმოცდაათლარიანი იდო. კარგა ხანს იჯდა გაოგნებული. კიდევ ერთხელ იგრძნო უზარმაზარი მადლიერება მიშას მიმართ და ფული მაგიდაზე დადო. უცბად საშინლად მოუნდა მოწევა. გაახსენდა, რომ სამზარეულოს მაგიდის უჯრაში ჰქონდა შენახული რამდენიმე ღერი „შავი დღისთვის“ და თითქმის სირბილით გავიდა მოსატანად. სიგარეტი ძალიან იყო გამომშრალი, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სასწრაფოდ მოუკიდა და ხარბად მოქაჩა. მერე პატარა ქილაში ჩარჩენილი ყავაც იპოვა, ჯეზვეში მოადუღა და ისეთივე ნეტარებით დალია, როგორც დილით, საკანში.
უცბად იგრძნო, რომ საშინლად შიოდა. სახლში პურის ერთი ნამცეციც კი არ ებადა. ამიტომ, ძალიან კი ეზარებოდა, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ჩაეცვა და მაღაზიაში გასულიყო. ის იყო, შორტები ამოიცვა და მაისური გადაიცვა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. იმდენად არავის ელოდა, რომ ამ ფრთხილმა დაკაკუნებამ გული გაუხეთქა. რატომღაც, გაიფიქრა, ისევ პოლიციიდან ხომ არ მომაკითხესო. დაძაბულმა გამოაღო კარი და გაოცდა – ზღურბლთან სიმპათიური ახალგაზრდა ქალი იდგა და იღიმებოდა.
– ვინ გნებავთ? – გაუკვირდა გუგას.
– თქვენ გუგა არ ხართ? – კითხვითვე მიმართა მოსულმა.
– დიახ... – დაიბნა კაცი.
– ჰოდა, თქვენთან ვარ. თუ შეიძლება, მომეხმარეთ და ეს პარკები შემომატანინეთ, – კარს უკან დაწყობილ რამდენიმე სავსე პარკზე მიუთითა ქალმა, თვითონ კი ერთ-ერთს წამოავლო ხელი და ოთახში თამამად შევიდა.
– ვინ ხართ? – მთლად დაიბნა გუგა, – ან, ეს რა პარკები მომიზიდეთ?
– შემოიტანეთ და ყველაფერს გეტყვით, – ისევ გაუღიმა უცხო სტუმარმა. როცა გუგა მექანიკურად დაემორჩილა და პარკები ოთახში შემოზიდა, ქალმა სკამი გამოწია და ჩამოჯდა, მერე გაოცებულ მასპინძელს შეხედა და უთხრა: – ძალიან მძიმე იყო და დავიღალე. ასე ნუ მიყურებთ, მოჩვენება არ ვარ. ამ პარკებში ცოტაოდენი სურსათია და რაღაც-რაღაც საჭმელები. თავიდან გეყოფათ, მერე კი თვითონ მიხედავთ თავს.
– მგონი, სიზმარში ვარ, – ჩაილაპარაკა გუგამ და თვითონაც ჩამოჯდა, – ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში მომისმენია ბავშვობაში... თქვენ კეთილი ფერია ხართ? – გუგას ეგონა, ჰალუცინაციები დამეწყოო და ძალიან შეეშინდა.
– არანაირი ფერია, ცოცხალი ადამიანი ვარ, მზია მქვია, თქვენთან კი ეს ყველაფერი ბატონმა გიორგიმ გამომატანა.
– ბატონი გიორგი ვინ არის? – იკითხა გაოგნებულმა კაცმა.
– გიორგი ჩაჩავა, – თქვა გოგომ.
– დიმიტრის ძმა?! – თვალები შუბლზე აუვიდა გუგას.
– დიახ.
– რა იცოდა, რომ სახლში ვიყავი?
– არ ვიცი, საიდანღაც გაიგო და, თქვენთვის უხერხულობა რომ აეცილებინა თავიდან, იმიტომ არ მოვიდა თვითონ.
– რაში სჭირდებოდა ეს მასკარადი? – უცებ გაბრაზდა გუგა, – მაგათი არაფერი მინდა! იმ ფულსაც დავუბრუნებ უკან ცოტა ხანში, რაც ჩემ გამო შეიტანა და, საერთოდ, დამანებონ თავი ამ ჩაჩავებმა, არ შეიძლება?!
– ძალიან გთხოვთ, ნუ ბრაზობთ, – მშვიდად უთხრა მზიამ, – მე კარგად ვიცნობ ბატონ გიორგის. ის საოცარი ადამიანია და ეს ყველაფერი გულის კარნახით გააკეთა. თანაც, მეც შემიბრალეთ, ამხელა პარკები ტყუილად მოვათრიე აქამდე? – შემრიგებლურად გაუღიმა ქალმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში