მითები კატებზე
უძველესი აბრეშუმი
ჩვენი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში იაპონელებმა უკვე იცოდნენ აბრეშუმის დამზადების ტექნოლოგია. სამარხში, რომელიც არქეოლოგებმა ქალაქ სიმოცუკესთან გათხარეს (ადგილი ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარეობს), აღმოაჩინეს 69-სანტიმეტრიანი აბრეშუმისგან დამზადებული აბრეშუმითვე შემოსილი ქალის ქანდაგება – სტატუეტი... თანაც, ფიგურა ასახავდა დაზგასთან მდგარ ქალს. მკვლევრები ახლა უკვე თამამად ამტკიცებენ, რომ აბრეშუმის წარმოება იაპონიაში ამ დროს უკვე ყვაოდა. ქალაქი სიმოცუკე კი აბრეშუმის წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრად იყო მიჩნეული. იაპონელები ძალიან დიდხანს მალავდნენ აბრეშუმის დამზადების ტექნლოგიას. აბრეშუმი თავისი ღირებულებით ოქროსთან იყო გაიგივებული და ხშირ შემთხვევაში, ფულის ერთეულის როლსაც ასრულებდა.
იაპონური მორჩილება
ტოკიოს ცენტრალურ პარკში ძალიან საინტერესო ქანდაკება დგას. ბრინჯაოს მამაკაცის წინ, მუხლებზე მორჩილად დაჩოქილი ზის მისი ცოლი. ასეთი ურთიერთობა დღემდე ჩვეულებრივი მოვლენაა იაპონურ ოჯახში. ტრადიციული ვერსია: ქმარი მუშაობს, სახლში ცოლი დიასახლისობს, თანაც, ოჯახის ბიუჯეტს განაგებს. ქმარსაც ის აძლევს ჯიბის ფულს. ქალები საყიდლების შემდეგ აუცილებლად შედიან ძვირფას რესტორნებში, მაშინ, როცა მათი ქმრები ლუდის უბრალო ბარებითაც კმაყოფილდებიან. ჩნდება შეკითხვა, ნუთუ ეს არის საყოველთაოდ ცნობილი იაპონელი ცოლების მორჩილება? – ისინი დადიან რესტორნებში და ქმრებს მათვე გამომუშავებულ ფულს არ აძლევენ?! დიახ, სწორედ ასეთია იაპონელი ცოლი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ქმარს ბატონს ეძახის და ამბობს, რომ მისი მორჩილია, მაინც იმას აკეთებს, რაც თავად ესიამოვნება. ფინანსთა მინისტრიც თავად არის. კაცის ბატონად აღიარება და მისადმი „თქვენობით“ მიმართვა, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციაა.
იაპონელი ქალებისთვის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი არსებობს. 3 მარტი, როცა ქალიშვილი სრულწლოვანი ხდება და იცვამს კიმონოს (20 წლის ასაკში ხდება ეს) და ქორწილის დღე, რომელსაც იაპონელი ქალები ორჯერ აღნიშნავენ: ერთხელ ნაციონალურ ტანსაცმელში – ცერემონია ბუდისტურ ან სინტოისტურ ტაძარში იმართება, ხოლო მეორედ, ქრისტიანული წესით ქორწინდებიან, როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია. ძველებური რიტუალის ნახვა ნებისმიერ ტურისტს შეუძლია. თანამედროვე იაპონელი ქალი 30 წლამდე არ თხოვდება. კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება იაპონელი ქალებისა – მათი ჭეშმარიტი ასაკის გამოცნობა ძალიან ძნელია.
მითები კატებზე
ალბათ, ფიქრობთ, რომ კატების შესახებ ყველაფერი იცით – შინაური ცხოველია... იჭერს თაგვებს... ზოგიერთი ამტკიცებს, კატა ვერაგი, ცბიერი, ეგოისტი არსებაა, რომელმაც, ძაღლისგან განსხვავებით, არც ერთგულება იცის და არც პატრონის სიყვარულიო. სინამდვილეში კატები სულაც არ არიან იმაზე მეტად ეჭვიანები, ვიდრე სხვა ცხოველები.
ცნობისმოყვარეობამ კატაც დაღუპაო, – ანუ, კატები ისეთი ცნობისმოყვარენი არიან, ამის გამო, ხშირად ეხვევიან შარშიო. ეს მთლად ასე არ არის. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კატა მართლაც ზედმეტად ცნობისმოყვარეა. მაგრამ, ამასთან, კატა არაჩვეულებრივად ფრთხილი, ყურადღებიანი და წინდახედული არსებაა. მათთვის უცხო სიტუაციას მაქსიმალურად არიდებენ თავს და ამჯობინებენ, თავი შორს დაიჭირონ. თუმცა, ეს გამონათქვამი 500 წლისაა. მან გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა. თავდაპირველი ვარიანტი ასე ჟღერდა: „კატებს თავიანთი მოუსვენარი ხასიათი ღუპავთო“. კატა ძალიან ემოციური არსებაა და სტრესი მის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ყველაზე დიდ სტრესს კატა თავისსავე თანამოძმესთან, სხვა კატასთან ჩხუბით იღებს.
ძვირფასი, კეთილშობილი ჯიშის კატები, რომის, სპარსული, მეინკუნი – ქუჩას ვერ იტანს. მათთვის იდეალურია სახლის გარემო. ისინი ბოლომდე დამოკიდებული არიან პატრონზე.
კატას ადამიანის ფიქრის „წაკითხვა“ შეუძლია – ამას ინტელექტი სჭირდება. ყველაზე გონიერი კატაც კი ვერ იქნება ინტელექტუალი.
წარმოშობა – ეგვიპტური, რა თქმა უნდა! პირველი შინაური კატა, ამას გათხრებიც ადასტურებს, სწორედ ეგვიპტელებს ჰყავდათ. თუმცა, კატის წინაპარი 5 ათასი წლით უფრო ადრე ცხოვრობდა, ვიდრე ეგვიპტელი კატუნიები. ანუ, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კატები კაცობრიობასთან ერთად არსებობენ და ვითარდებიან...