ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვრწყა ყოჩივარდა?
პასუხი: ყოჩივარდას მანამ ნუ მორწყავთ, სანამ ფოთლები ცოტათი არ მოიწყენს. მორწყვისას ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით და 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი დაწრიტეთ. სამ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. დაყვავილების შემდეგ თანდათან შეამცირეთ მორწყვა ფოთლების გაყვითლებამდე. ზაფხულის ბოლოს ან ადრიან შემოდგომაზე ბოლქვი გადარგეთ. ქოთანი დადგით ნათელ ადგილას. მიწა ტენიანი უნდა იყოს, სანამ მცენარე ზრდას დაიწყებს, შემდეგ კი ჩვეულებრივად მორწყეთ.
კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება ჩინურ ვარდს?
პასუხი: მას მოსწონს კაშკაშა სინათლე, ოღონდ, არა თაკარა მზე. მზეზე ყოფნას აიტანს, თუ ფესვები ტენიანი ექნება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. ჩახუთული ჰაერი და ტენის ნაკლებობა ყვავილების სწრაფად ჭკნობას იწვევს.
კითხვა: როგორ მოვუარო კამელიას?
პასუხი: კამელია მორწყეთ რბილი წყლით. ზამთარში მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზაფხულში კი ბევრი წყალი სჭირდება. დაყვავილების შემდეგ, ზაფხულის ბოლომდე, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. კარგია, თუ დაყვავილების შემდეგ მცენარეს გაკრეჭთ, რათა საშუალოზე მაღალი არ გაიზარდოს. ხშირად შეუმოწმეთ ფოთლები. თუ შავი ლაქები გაუჩნდა, ესე იგი, ბუგრი ან ცრუფარიანები დაესია და სასწრაფოდ უმკურნალეთ.
კითხვა: ჭირვეული მცენარეა თუ არა კტენანტა?
პასუხი: ეს ეფექტური მცენარე ჭირვეული ნამდვილად არ არის და მისი მოვლა არ გაგიჭირდებათ. მას ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – სინათლე. არგებს ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. კარგად გრძნობს თავს 18-24 გრადუსზე, ხოლო ზამთრობით 10 გრადუსსაც გაუძლებს.
კითხვა: რა ზომის შეიძლება გაიზარდოს იუსტიცია?
პასუხი: ეს მარადმწვანე ბუჩქი შეიძლება ერთ მეტრზე მაღალიც გაიზარდოს, მაგრამ, თავს ვეღარ დაიჭერს და საყრდენი დასჭირდება. თუ გსურთ, რომ მცენარემ ასეთ ფორმებს არ მიაღწიოს, გაზაფხულზე უნდა გასხლათ და კტენანტა მოკლე და გაბუჩქული დარჩება.
კითხვა: რამდენ ხანს ყვავილობს ჟასმინი?
პასუხი: ჟასმინი ყვავილობას შუა ზამთარში იწყებს და გაზაფხულამდე ყვავის. ასე რომ, ეს მცენარე ზამთრის პირქუშ დღეებშიც კი გაგიხალისებთ ცხოვრებას. გაითვალისწინეთ, რომ, ყვავილობის გასახანგრძლივებლად დამჭკნარი ყვავილები უნდა მოაშოროთ და დაყვავილებული ღეროები ძირში გადაჭრათ.
კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა აგავას, რომ კარგად გაიხაროს?
პასუხი: ამ მცენარეს განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ის ზამთრის დაბალ ტემპერატურასაც კი უძლებს, მთავარია, მშრალ ადგილას არ გედგათ. როდესაც მცენარე ზრდის პერიოდში იქნება, რეგულარულად უნდა მორწყათ ხოლმე. ზამთარში ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა უნდა აცადოთ.