კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და როგორ აპირებდა საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივნის ლიკვიდაციას გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში

პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობასაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ახალი წესრიგი

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, საქართველოს სსრ-ის მმართველობა შეიცვალა და „ცეკას“ ახალმა მდივანმა ახალი წესრიგის დამყარება დაიწყო. 1973 წლის პირველ კვარტალში საქართველოს დაჭერების ტალღამ გადაუარა და გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ისინი, ვინც მანამდე ხელშეუხებლად ითვლებოდნენ და კომუნისტური საქართველოს ფინანსურ ელიტას წარმოადგენდნენ. პროკურატურა და მილიცია ინტენსიურად მუშაობდა და ეგრეთ წოდებული მექრთამეებისა და კომბინატორების წინააღმდეგ აღძრული საქმეების ნახევარი დახვრეტას ითვალისწინებდა. მსგავსი მუხლი მიუყენეს თბილისის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს დირექტორს, 48 წლის მერაბ ქავთარაძეს, რომელსაც ვაკეში ახალაშენებული, ხუთოთახიანი ფეშენებელური ბინიდან 370 ათასი მანეთი, 7 კილოგრამი ოქრო და 64 ცალი მსხვილკარატიანი ძვირფასი თვალი ამოუღეს. წყნეთში კი, მის კუთვნილ აგარაკზე, მიწიდან ორი ცალი ორმოცლიტრიანი ალუმინის ბაკი ამოიღეს, რომლებიც ასმანეთიანი დასტებით იყო სავსე და 6 მილიონს შეადგენდა. ქავთარაძე ეგრეთ წოდებულ შინაგან ციხეში მოათავსეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარეობდა. იქიდან სასამართლოზე საბადრაგო მანქანით კი არა, ფეხით მიჰყავდათ, მიწისქვეშა გვირაბის გავლით, რომელიც სამინისტროდან უმაღლეს სასამართლომდე ჯერ კიდევ ბერიას დროს, ოცდაათიან წლებში იყო გათხრილი. ქავთარაძის სასამართლო დახურული გახლდათ და სულ რაღაც ხუთი დღე გაგრძელდა. 1973 წლის 9 მაისს მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოსამართლე ჭიჭიკო ესებუამ კი, რომელიც ჯალათის სახელით იყო ცნობილი, ქავთარაძეს ცინიკურად უთხრა: „დღეს ომში გამარჯვების დღეა და შენთვის დახვრეტის მისჯა სიმბოლურია, რადგან ერთი ხორცმეტით ნაკლები იქნება“. ქავთარაძეს უკვე აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი და როდესაც ბადრაგს დარბაზიდან გაჰყავდა, ესებუას დაუყვირა: „ჯალათო! ჯოჯოხეთი გელოდება წინ და ეს კარგად დაიმახსოვრე“. მერაბ ქავთარაძე იმავე საღამოს ორთაჭალის ციხის ჯურღმულში, დასახვრეტ პატიმართა ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს...

გაქცევა

კომუნისტების პერიოდში სასიკვდილო განაჩენი ერთი თვის განმავლობაში უნდა აღსრულებულიყო და მერაბ ქავთარაძისთვის ეს საბედისწერო დრო 13 მაისს ჩაირთო. სწორედ იმ დღეს დაამტკიცა მისი განაჩენი საკასაციო პალატამ, ხოლო შეწყალების თხოვნაზე, თავად ბრალდებულმა თქვა უარი. ქავთარაძე საქართველოს ახალი მმართველის პირადი პატიმარი იყო და ეს მთელმა საქართველომ იცოდა. საქმე კი ის გახლდათ, რომ მერაბ ქავთარაძე ძველი მდივნის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, „ცეკას” მომავალ პირველ მდივანს „პროვინციელ ტეტიას“ უწოდებდა და სახალხოდ დასცინოდა.  ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების დროს, მერაბ ქავთარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში აიყვანეს და მასთან პირისპირ დატოვეს. ახლად დანიშნულმა მინისტრმა მას ცინიკურად უთხრა: „პროვინციელმა ტეტიამ დამაბარა, შენთვის გადმომეცა, რომ იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მოემზადოსო“. მინისტრის სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ ქავთარაძეს დანდობა არ ექნებოდა, რაც მან ისედაც იცოდა. ამიტომ, მინისტრს მიუგო: „სოფლელ ტეტიას გადაეცით, რომ ის პროვინციელად, სოფლელად დარჩება, ხოლო იმქვეყნად პირველი ვინ წავა  და სად მოხვდება, ღმერთმა იცის“.

სიკვდილმისჯილი ქავთარაძე აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდა და ყოველდღე სიკვდილს ელოდა. მისი ცოლი და ორი შვილი კი, მერაბის ცოლის მშობლების ოროთახიან ბინაში, პლეხანოვზე გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან მათი ქონების კონფისკაცია მოახდინეს და ყველაფერი ჩამოართვეს.

1973 წლის 27 მაისს, ანუ საბოლოო განაჩენის გამოტანიდან ორი კვირის შემდეგ, მერაბ ქავთარაძე სიკვდილმისჯილთა საკნიდან გაიქცა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ის მაიორმა დიმიტრი გიგოშვილმა გამოიყვანა, ჯერ საკნიდან, შემდეგ ციხიდან და მასთან ერთად გაუჩინარდა.

– ჩქარა, ბატონო მერაბ, მოვშორდეთ აქაურობას, თორემ, თუ გაიგეს, რომ გაიქეცით, მთელ ქალაქს შეკრავენ და აქედან ფეხსაც ვერსად მოვიცვლით, – უთხრა ქავთარაძეს მაიორმა დიმიტრი გიგოშვილმა. შემდეგ მანქანის უკანა სალონში ჩაწოლილ მერაბს ბრეზენტი გადააფარა და მანქანა ადგილიდან დაძრა.

ერთი კვირის შემდეგ, ანუ 1973 წლის 3 ივნისს, ოდესის პორტიდან საბჭოთა საკრუიზო გემი „როსია“ გავიდა, რომელიც ორთვიან მსოფლიო კრუიზს ახორციელებდა. გემზე მერაბ ქავთარაძის ცოლ-შვილი იმყოფებოდა. მათ ყალბი პასპორტები ჰქონდათ. ერთი კვირის მერე ისინი დიდ ბრიტანეთში დარჩნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს...

საოჯახო ბიზნესი

ქავთარაძის ცოლ-შვილის უცხოეთში გაქცევას ოცამდე მაღალჩინოსნის თანამდებობა შეეწირა და მხოლოდ ახლად დანიშნული „ცეკას“ მდივანი გადაურჩა მოსკოვის რისხვას. ის მილიციას ეყრდნობოდა და იცოდა, რომ გაქცეული ქავთარაძე და მაიორი  გიგოშვილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან არ იყვნენ გასულები, თავის ერთგულ მილიციელებს მათი საიდუმლო ძებნა დაავალა. „ცეკას“ პირველ მდივანს, ერთი მხრივ, შურისძიების წყურვილი კლავდა, მეორე მხრივ კი, ქავთარაძის შურისძიების ეშინოდა. პირველისთვის ისიც გამოცანა იყო, თუ მერაბიც რატომ არ გაიქცა ქვეყნიდან და სწორედ ეს აშინებდა მას.

1973 წლის 12 სექტემბერს კუს ტბის მიმდებარე ტყის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სპორტულ სამოსში გამოწყობილმა მერაბ ქავთარაძემ და დიმიტრი გიგოშვილმა მიწიდან ოთხი ცალი ორმოცლიტრიანი ბაკი ამოთხარეს, მანქანაში ჩააწყვეს და იქაურობას მოშორდნენ. ორი ბაკი ასმანეთიანი დასტებით იყო სავსე, რაც ექვსი მილიონს შეადგენდა. ერთ ბაკში ორი მილიონი დოლარის კუპიურები ელაგა, მეოთხე კი ძვირფასი სამკაულებით და თვლებით იყო სავსე. ძებნილთა წყვილმა, როგორც მოგვიანებით საიდუმლო ძიების საბუთებში იყო აღნიშნული, მთელი ეს ქონება კანადელი დიპლომატის, სტივენ კლაინის მეშვეობით გაიტანეს უცხოეთში.

1973 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერტიულმა ჯგუფმა მთაწმინდაზე, ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე 36 წლის პავლე ტოლმაჩოვი დააპატიმრა. მას დრაგუნოვის („ესვედე“) სისტემის სნაიპერული შაშხანა ჰქონდა და აღიარა, რომ საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი უნდა მოეკლა. მისივე თქმით, მას ამ საქმეში 20 ათასი მანეთი გადაუხადეს და ერთ იმდენს საქმის შესრულების შემდეგ შეჰპირდნენ. მან ვერ დაასახელა შემკვეთის ვინაობა, თუმცა აშკარა იყო, რომ შემკვეთი მერაბ ქავთარაძე იქნებოდა...

„ცეკას“ პირველი მდივნის ლიკვიდაციის წარუმატებლობის შემდეგ, დაახლოებით 1974 წლის 9-12 იანვარს, ქავთარაძე და გიგოშვილი თურქეთში გადავიდნენ, შემდეგ კი – კანადში და მერაბის ცოლ-შვილს შეუერთდნენ.

მერაბ ქავთარაძემ, კლაინთან და გიგოშვილთან ერთად, ოჯახური საბროკერო ბიზნესი დააფუძნა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და  უკვე ბიზნესმენთა მესამე თაობა უძღვება. მერაბ ქავთარაძე დღესაც ცოცხალია, 89 წლისაა და ტორონტოში ცხოვრობს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 1986 წელს კანადაში ვიზიტით მყოფ საქართველოს „ცეკას“ ყოფილ მდივანს, რომელსაც იმ პერიოდში დიდი საკავშირო პოსტი ეკავა, ელეგანტურად ჩაცმული, რესპექტაბელური ბიზნესმენი წარუდგინეს. მან ხელი ჩამოართვა საბჭოელს და მოულოდნელად ქართულად უთხრა: „გამარჯობა, სოფლელო ტეტია, მე ცოცხალი ვარ!“

 

скачать dle 11.3