კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მეგობრობს ვირ „ვასიასთან” და ძროხა „ნათიასთან” გიორგი სუხიტაშვილი და როგორ ცხოვრობს ის მარტო თავის ოთხფეხა მეგობართან, ბურთაზასთან ერთად

ძაღლი რომ ადამიანის ერთგული მეგობარია, არავინ დავობს, თუმცა, ამაზე ისინი უფრო დამეთანხმებიან, ვისაც ის სახლში ჰყავს, უვლის, ეფერება, ანებივრებს და ბავშვივით ზრდის. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თავის ოთხფეხა მეგობართან, ბურთაზასთან ერთად ცხოვრობს და, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მეგობრული, მაგრამ, მკაცრი აღმზრდელია. ეს მის ძაღლსაც ეტყობა და სტუმრად მისულს ისე გიღებს, თითქოს, ნამდვილი მასპინძელია ოჯახში. 

 

გიორგი სუხიტაშვილი: ჩემი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრება ცხოველებთან ასოცირდება, რადგან, სოფელში გავიზარდე და მინდოდა თუ არა, მათთან მქონდა შეხება. ერთხელ, პატარა რომ ვიყავი, ძალიან ცუდად გავხდი. ბებია წამლის საყიდლად წავიდა და, შინ რომ ბრუნდებოდა, გზაში შეხვდა პატარა შავი ლეკვი. წამოიყვანა და, რადგან შავი იყო, „კუპრა” დავარქვით. მე და ის ძაღლი ერთად გავიზარდეთ. 16 წელი ერთად ვიცხოვრეთ და, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიყვარდა და როგორ ვუყვარდი. უზომოდ ერთგული იყო, მაგრამ, ძალიან ავი და, ამიტომ, შვიდი წელი დაბმული გვყავდა, ვინმე რომ არ დაეგლიჯა. განსაკუთრებით ჰყავდა ამოჩემებული რამდენიმე ადამიანი და, მათ რომ დაინახავდა, ჯაჭვს გლეჯდა. არ დამავიწყდება, რომ წავიქცეოდი, მომვარდებოდა და ცდილობდა, ავეყენებინე და ნატკენ ადგილს მილოკავდა, საოცრად მზრუნველი იყო. აი, კატები არ მიყვარს. სულ მგონია, იტყუება, ცბიერია და არც ერთგული არ არის. კატა, იცით, როგორი ტიპია? არ არის ერთგული და, სადაც კარგი „პონტია”, იქ „იჩითება”. სოფელში ყოველთვის ბევრი ცხოველი გვყავდა და სახელებსაც შესაბამისად ვარქმევდით, მაგალითად, გოგო ძროხებს „ნათია” და „ხატია” ჰქვიათ, ბუღას –„ხირხალა”. ნათია და ხატია ნაზი ძროხები არიან, ხირხალა კი კინოფილმის მიხედვით დავარქვით ბუღას, ნახირში რომ მიდის და ყველა ქალ ძროხას ეჩალიჩება (იცინის). ერთხელ, ძროხა, სახელად ნათია, მაკედ იყო. მე არ ვევასებოდი და, „შენ – შენთვის, მე – ჩემთვის” ამბავი გვქონდა. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და მის გასაბრაზებლად ცხვირწინ ავურბენ-ჩამოვურბენდი ხოლმე. მიყურა, მიყურა, მითმინა, მითმინა და, ბოლოს, აევსო სისხლით თვალები, აიწყვიტა და გამოქანდა რქებით ჩემკენ. ამ დროს კუპრამ აიწყვიტა, გამოვარდა, ეცა და ყეფა-ყეფით გააჩერა, თორემ, წამომაგებდა რქებზე. ვირიც გვყავს – „ვასია”, მაგრამ, მასთან შეხება არ მაქვს, ვერ ვმეგობრობ, უბრალოდ, მისი დიდი თვალები მომწონს.

– ახლა დიდ დიღომში მარტო ცხოვრობ, გყავს ლაბრადორის ჯიშის ძაღლი და როგორც ვხვდები, ესეც საკმაოდ ერთგული და ჭკვიანია.

– დიახ, ჩემი ძაღლი, ბურთაზი, მოფერებით კი – ბუბუ, ჯიშიანი ლაბრადორია, ძალიან დამჯერია და ისეთი რთული სიტყვები ესმის, ზოგ ადამიანს რომ ვერ გააგებინებ. იცის, რა არის კოჰაბიტაცია; „მაკოცეს” რომ ვეტყვი, მორბის და მლოკავს, ერთი, „უზურპაცია” არ იცის რა არის და, იმედია, ამასაც მალე მიხვდება (იცინის). თუმცა, „უზურპაციას” და „ზონდერებს” განგებ არ ვასწავლი (იცინის). პატარა რომ იყო, „ბუბუ, ბუბუს” ვეძახდი, ახლა, რომ გაიზარდა, ეს სახელი აღარ უხდება და „ბურთაზით” შევუცვალე. თან, გვარად სუხიტაშვილია და უცხოეთის პასპორტიც აქვს. თუ, ერთ დღესაც, იხილეთ სურათები სოციალურ ქსელში, რომ მე და ბურთაზი კანარის კუნძულებზე ვართ კოქტეილის ჩხირებით პირში, არ გაგიკვირდეთ (იცინის). ბურთაზი სუხიტაშვილი კი არის, მაგრამ, ქართლელი კი არა, ევროპელია. უფრო მსუბუქი სუხიტაშვილია და არა ჩემსავით მძიმე ხასიათის. ბურთაზის მამა დუტას ძაღლის შვილია და, ოთხი წელია, მინდა, მამა-შვილი შევახვედრო ერთმანეთს, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე. რომ მომიყვანეს, კვირა-ნახევრის იყო, ძალიან პაწია, საჭმელს ვულბობდი და ხელით ვაჭმევდი. დღესაც, თუ არ ვარ სახლში, საჭმელს არ ჭამს, მელოდება. თან, ძალიან გურმანია: გაანაწილებს ლუკმებს ოთახში, იატაკზე, მერე კი დაუყვება და თითო-თითო ლუკმას თამაშ-თამაშით ჭამს. ბურთაზი ჩემი ანტიდეპრესანტია, ეს რომ არ მყავდეს და მარტო ვცხოვრობდე, ჭკუიდან გადავალ. ერთხელ, დამეკარგა და ტრაური მქონდა მთელი ღამე. მოკლედ, დილით ადრე გავედით ეზოში, მე მანქანაში ჩავჯექი და დავინახე ეს როგორ გაეკიდა პატარა ძაღლს. მივხვდი, ქალი იყო ის ძაღლი, ბურთაზას ვნებამ სძლია და გაედევნა. რომ დააგვიანა, კორპუს-კორპუს ვეძებდი, მაგრამ, ვერსად ვნახე. ვბრაზობდი – ის ვნებას აყოლილი დარბის, მე კიდევ, მეგობრობას აყოლილი-მეთქი (იცინის). მეგობრებს დავურეკე, მოდით, ტრაური მაქვს, მიშველეთ-მეთქი. დავსხედით სახლში და მეგობარი დასალევზე გავუშვით. გავიხედე, დაბრუნდა და თქვა, მგონი, ბურთაზას კუდი დავინახე ბუჩქიდანო. წამოვხტი, გავვარდი და ვიპოვე. მართლა ძალიან ძვირფასია ეს ძაღლი ჩემთვის, ზოგ ადამიანს ნამდვილად მირჩევნია. ერთხელ ისეთი დამწვარი საბურავის სუნით დაბრუნდა სახლში სეირნობიდან, ვიფიქრე, ნეტავ რომელ საპროტესტო აქციაზე იყო-მეთქი (იცინის). არადა, სოციალური პრობლემები ამას არ აწუხებს – წყალიც აქვს, გაზიც და სინათლეც. მოკლედ, ძალიან მეზარებოდა, უკვე ვიწექი, მაგრამ, ავდექი და მაინც ვაბანავე. 

– პირად საუბარში მითხარი, სასეირნოდ მარტოს ვუშვებო. ეს არ არის საშიში?

– შევაჩვიე საღამოთი მარტო სეირნობას – ვუშვებ და თავისით ბრუნდება, მინდორში ნასიამოვნებ-ნაკოტრიალებ-ნათამაშევი. თან, რომ ბრუნდება, ან პოლიეთილენის ბოთლი მოაქვს სახლში, ან – ფიცარი.

– ჰოდა, კარგი ბიზნესია! ბოთლებს ჩააბარებ, ფულს აიღებ, ფიცრებით კი სახლს ააშენებ და იმ ფულით გაარემონტებ.

– (იცინის) ჰო, ამაზე მეც დავფიქრდი, მაგრამ, ისე აქვს დაღეჭილი ის ბოთლი, იმას ვინ ჩაიბარებს, ფიცარს კი ისე ფქვავს კბილებით, რაღას გამომადგება სახლის ასაშენებლად (იცინის). სხვათა შორის, მხოლობით  და მრავლობით რიცხვსაც არჩევს. მაგალითად, თუ ვეტყვი, ჩუსტი მომიტანე, მოაქვს ერთი ცალი, ხოლო, თუ ვეტყვი, ჩუსტები-მეთქი – ორივე. ორი პულტი მაქვს და, როცა ვეუბნები, პულტი მომიტანე, მოაქვს ერთ-ერთი და, თუ ვუთხარი, ეგ არა მეორე-მეთქი, იმას დებს და მოაქვს მეორე. 

– რამდენი წლისაა ბურთაზი?

– ახლა 28 წლის არის და, გამოდის, რომ მე და ჩემი ძაღლი ერთი წლოვანების ვართ. 

– ახლა, არ მითხრა, ერთ დღეს ვართ დაბადებულებიო.

– არა, მე 10 ნოემბერს ვარ დაბადებული, ეს კი 17 ოქტომბერს. რომ გითხრა, ისეთ მარამზში ვარ გადავარდნილი, დაბადების დღეებს ვუხდი-მეთქი, მოგატყუებ. ძირითადად, სათამაშოებს ვჩუქნი და ამითაც კმაყოფილია. ერთხელ, საღამოს, მანქანა დაეჯახა და კინაღამ ტაქსის მძღოლი შემომაკვდა. ისეთი სისწრაფით შემოვარდა ტაქსი, რომ დაეჯახა ძაღლს, ჰაერში ააგდო და ექვს მეტრზე გაისროლა. მე იქვე ვიდექი და ვიგრძენი, როგორ გაჩერდა სამყარო. თავი რომ წამოწია, მივხვდი, გადარჩა და ცოტა მომეშვა. თან, წამოდგა, კოჭლობით მომიახლოვდა გაბრუებული და ფეხებთან დამიწვა – მიშველეო. ისეთი ვაჯანჯღარე ის ტაქსის მძღოლი, ძლივს გადამირჩა მოკვლას. რაღაც რომ აწუხებს, ზოგი ძაღლივით კი არ ტირის, უბრალოდ, ხასიათზე ვერ არის და, ვამჩნევ, უჭირს.

– როცა მღერი ან უკრავ, რა რეაქცია აქვს?

– როცა სიმღერის წერას ვიწყებ და თან ტელეფონში ვიმახსოვრებ, რომ არ დამავიწყდეს, ამ დროს ბურთაზას პირში პოლიეთილენის ბოთლი უდევს, გიჟივით დარბის და ისეთ ხმაზე ღრღნის, რომ ვერ დავაფიქსირო  მელოდია. მერე, როცა ჩავრთავ და ვუსმენ, სულ ამისი ღრღნის ხმა ისმის. ვხუმრობ ხოლმე, მე ვუკრავ და ბურთაზი არანჟირებას მიკეთებს-მეთქი (იცინის).

 

скачать dle 11.3