რით აჯობა სტალინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ სტოლიპინს
თავის დროზე იოსებ სტალინის ერთ-ერთ დიდ დამსახურებად ქვეყნის წინაშე კოლექტიური მეურნეობების შექმნას და სოფლის კრიზისიდან გამოყვანას მიიჩნევდნენ. მოგვიანებით, ყველაფერი უკუღმა შებრუნდა, კოლექტიური მეურნეობების შექმნა უარყოფითად შეფასდა და საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირში სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისი სტალინს დაბრალდა.
ამ ორ უკიდურესობას შორის, სადღაც იმალება ისტორიული სიმართლე, რომლის მიგნება და აღიარება სხვადასხვა მიზეზების გამო ძალზე გაჭიანურდა. ჩვენ ამ საკითხში გარკვევას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით შევეცდებით.
რუსეთი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ხორბლის მწარმოებელი ქვეყანა გახლდათ. რუსები მოიხმარდნენ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით პურს, მოწეული ხორბლის დიდი ნაწილი კი გაჰქონდათ უცხოეთში. რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ (1861), მართალია, გლეხმა მიწა მიიღო, მაგრამ ეს მიწა მას არ ებოძა კერძო საკუთრებაში. მიწა სასოფლო თემის (ობშჩინის), საკუთრება იყო და გლეხს ის გამოუყოფდა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, მისთვის გადაცემულ მიწის რაოდენობას. ამ მიწას გლეხი და მისი შთამომავლობა გამოიყენებდა შეუზღუდავად, მაგრამ ვერ გაყოფდა და ვერ გააჩუქებდა. თუ გლეხი თემიდან წავიდოდა, მიწა თემისთვის უნდა ჩაებარებინა. ამრიგად, რუსეთში იყო არა კერძო მესაკუთრე გლეხი (ფერმერი), არამედ მეთემე გლეხი. სახელმწიფოს მიწის მფლობელობის ასეთი წესი ხელს აძლევდა, რადგან, გადასახადი კონკრეტულ გლეხზე კი არ იყო გაწერილი, არამედ თემზე. გლეხი თუ იმდენად გაღატაკდებოდა, რომ გადასახადის გადახდა არ შეეძლო, მისი გადასახადი თემის სხვა წევრებზე უნდა გადანაწილებულიყო და ამდენად მთავრობა არაფერს კარგავდა.
მეოცე საუკუნის დამდეგს, ცნობილმა მოღვაწემ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრე სტოლიპინმა, დაიწყო სასოფლო თემის დაშლა – სათემო საკუთრების კერძო საკუთრებით შეცვლა. ამ რეფორმას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. გლეხობის ძალიან მცირე ნაწილმა ისარგებლა მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემით. დანარჩენმა გლეხობამ ვერ გამოიყენა კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწა და ძველ დროს მისტიროდა, ანუ თემური საკუთრების მომხრე რჩებოდა.
იოსებ სტალინმა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ჩაიფიქრა და განახორციელა გრანდიოზული რეფორმა – სოფლად მიწის კერძო საკუთრება შეცვალა კოლექტიური საკუთრებით (კოლმეურნეობებით). სტალინის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელბული რეფორმა არ იყო მხოლოდ აგრარული ხასიათის. ის, შეიძლება ითქვას, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ღონისძიება გახლდათ. ამ დროისთვის, რუსეთში სოფლად უმძიმესი ვითარება სუფევდა. მართალია, ხორბალი ჯერაც დიდი რაოდენობით მოდიოდა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება მოწეული მოსავლის უდიდეს ნაწილს ძალდატანებით ართმევდა გლეხობას. სოფლიდან ამოღებული პურით იკვებებოდა ქალაქების დამშეული მოსახლეობა და არმია. ხორბლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყიდებოდა უცხოეთში, რადგან ეს იყო ქვეყანაში ვალუტის შემოტანის ერთადერთი წყარო. სოფლად მძვინვარებდა შიმშილი. გლეხობას პური გამოსაკვებად კი არა, გაზაფხულზე დასათესადაც კი აღარ ჰყოფნიდა. ასეთი ვითარება დიდხანს აღარ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. იოსებ სტალინი გახლდათ ერთადერთი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც მიხვდა, რომ სოფლად დიდი სოციალური ამბოხი დაიწყებოდა და შემდეგ მთელ ქვეყანას მოედებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, დაამხობდა საბჭოთა ხელისუფლებას. საფრთხე ნამდვილად რეალური იყო. ალექსანდრე პუშკინი წერდა: „ღმერთმა ნუ ქნას, რუსული ბუნტი – ყველაზე დაუნდობელი და ყველაზე უაზრო”. სწორედ ასეთი ბუნტი უახლოვდებოდა რუსეთს. ამ დიდ საფრთხეს ვერ ხედავდნენ სხვები: მაგალითად, ლევ ტროცკი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რუსი გლეხის ბუნებაზე. ის დარწმუნებული იყო, რომ რეპრესიების გზით მოსპობდა სოფლად ამბოხების საფრთხეს. ასე არ ფიქრობდა სტალინი. შექმნილ ვითარებაში იოსებ ჯუღაშვილმა იპოვა ერთადერთი რეალური გამოსავალი.
სტალინმა კარგად უწყოდა, რუსი გლეხის ბუნება. იცოდა, რომ რუს გლეხს, კერძო საკუთრებას ერჩივნა სათემო, ანუ კოლექტიური საკუთრება. მისთვის კერძო საკუთრება იდეალი არ იყო, რაც ვერ გაითვალისწინა პეტრე სტოლიპინმა. მის მიერ ჩაფიქრებული – მიწაზე კერძო საკუთრების ბუმი რუსეთში არ შედგა. სტალინმა ზედმიწევნით ზუსტად გააანალიზა სტოლიპინის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები. ის წავიდა იმ გზით, რაც რუსი გლეხების აბსოლუტურ უმრავლესობას სურდა. სოფლად კოლმეურნეობების შექმნით, სტალინმა აღადგინა ძველი რუსული გლეხური თემის პრინციპები. 1917 წლის 25 ოქტომბრის დეკრეტით, საბჭოთა ხელისუფლებამ მიწა გლეხობას უბოძა, მაგრამ გავიდა 10 წელი და ხელისუფლებისგან ნაბოძები მიწა გლეხმა ვერ გამოიყენა. ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწია გლეხობის (კულაკობის) მხოლოდ 7-8 პროცენტმა. გლეხობის 30 პროცენტი (საშუალო გლეხობა), ასე თუ ისე ახერხებდა თავის რჩენას, გლეხობის 60 პროცენტზე მეტი, (უღარიბესი გლეხობა) კი, პრაქტიკულად, განწირული იყო შიმშილით სიკვდილისთვის. სტალინმა კარგად იცოდა, რომ უღარიბესი გლეხობა კოლმეურნეობების შექმნას სიხარულით დაეთანხმებოდა. გარკვეულ მერყეობას გამოიჩენდა საშუალო გლეხობა, მაგრამ მათი გადაბირება შეიძლებოდა. რაც შეეხება კულაკობას, ის სასტიკ წინააღმდეგობას გაუწევდა კოლექტიური მეურნეობების შექმნას. ამ კულაკობის ნეიტრალიზაციას კი სტალინი რეპრესიებით აპირებდა. ამრიგად, ბელადი გლეხობის 90 პროცენტზე მეტის მხარდაჭერას ვარაუდობდა. დანარჩენი წინასწარ იყო განწირული.
კოლმეურნეობები შეიქმნა შემდეგი პრინციპით, საბჭოთა ხელისუფლებისგან ნაბოძები მიწა უღარიბესმა და საშუალო გლეხობამ სოფლად შექმნილ კოლექტიურ მეურნეობაში გააერთიანა. კოლმეურნეობებში გაერთიანდა გამწევი პირუტყვი (ხარი, ცხენი, კამეჩი), ასევე, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა (გუთანი, პურის საცეხველი და სხვა). ყოველივე ამის მფლობელი იყო კოლექტიური მეურნეობა, ანუ გლეხობის გაერთიანება. კოლექტიური მეურნეობა ირჩევდა გამგეობას და კოლმეურნეობის თავმჯდომარეს. მოწეული მოსავლის განაწილების პრინციპს, ადგენდა კოლექტივის საერთო კრება. საერთო კრება წყვეტდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. კოლმეურნეობებმა პირველ წლებში დიდ შედეგს მიაღწია. ეს გაგრძელდა ძალიან მცირე ხანს. მალე სტალინმა დაიწყო იმ გეგმის რეალიზება, რომლისთვისაც მან კოლექტიური მეურნეობები შექმნა. ხელისუფლებამ ყოველ კოლექტიურ მეურნეობას დაუწესა სახელმწიფოსთვის ჩასაბარებელი ხორბლის გეგმა. მოწეულ მოსავალს კოლექტიური მეურნეობა თავის წევრებზე გაანაწილებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხორბლის დამზადების სახელმწიფო გეგმას დაფარავდა. ეს გეგმა ყოველწლიურად იზრდებოდა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა გლეხობას. მიუხედავად ამისა, გლეხობას შიმშილით სიკვდილის საფრთხე არ ემუქრებოდა. ეს კი სოციალური ვითარების სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
რა მოიგო სტალინმა კოლექტიური მეურნეობების შექმნით. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ჰქონდა, ყოველწლიურად დაგეგმილი ხორბლის მოსავლის უმტკივნეულოდ მიღების გარანტია. ამიერიდან, ხელისუფლებას, პურის ამოღებისთვის მილიონობით გლეხთან კი არ ჰქონდა საქმე, არამედ კოლექტიურ მეურნეობებთან. ეს კი აბსოლუტური გარანტია იყო იმისა, რომ კოლექტიური მეურნეობა მოსავალს ვერ გადამალავდა, როგორც წინა წლებში, როცა გლეხები ყოველნაირად ცდილობდნენ, პურის ამოღებისას წინააღმდეგობის გაწევას პურის გადამალვის გზით. ხელისუფლებას კი არ შეიძლებოდა, სცოდნოდა, მილიონობით გლეხიდან ზუსტად ვინ რამდენი ხორბალი მოიწია. უნდა აღინიშნოს, რომ თანდათან, კოლმეურნეობებმა, ისწავლეს ეკონომიკის ანბანი. მოსავლიანობამ იმატა, რაც გლეხობის კმაყოფილებას იწვევდა და სოციალური ამბოხის საფრთხეს სპობდა.
ყოველივე ამის ფონზე, სოფლად კოლექტიური მეურნეობების შექმნა, ფართომასშტაბიან რეპრესიებთანაც იყო დაკავშირებული. კულაკობის უდიდესი ნაწილი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ციხეებში გამოკეტეს, ან ციმბირში გადაასახლეს. ვინც რეპრესიებს გადაურჩა, თვითონ მიატოვეს მშობლიური სოფლები და ქვეყნის სხვადასხვა ადგილას გადაიხვეწნენ. კულაკების კუთვნილი მიწის, გამწევი პირუტყვისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კოლმეურნეობების ხელში გადასვლამ, კიდევ უფრო რენტაბელური გახადა კოლმეურნეობები.
საბოლოო ჯამში, სტალინმა მიაღწია თავის მიზანს. სოფლად გლეხობის 3 ფენიდან ჩამოყალიბდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთი ფენა – კოლმეურნე გლეხობა. სახელმწიფომ მიიღო ხორბლის დამზადების მტკიცე გარანტია, ანუ გარანტია იმისა, რომ შეუფერხებლად მოხდებოდა ქალაქის მოსახლეობისა და არმიის გამოკვება. დამზადებული ხორბლის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში გადიოდა, რაც ვალუტის მიღების ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. დაბოლოს, სოფლად სოციალური ამბოხის დაწყების მიზეზები აღარ არსებობდა.
იოსებ სტალინის აგრარულმა რეფორმამ, ქვეყანა კონკრეტულ ვითარებაში იხსნა დიდი განსაცდელისგან. მიუხედავად ამისა, ეს არ იყო რეფორმა, რომელსაც საბოლოოდ უნდა დაფუძნებოდა ქვეყნის ეკონომიკა. ის, როგორც დროებითი და საგანგებო ღონისძიება, აუცილებლად საჭიროებდა შემდგომ განვითარებას და სრულყოფას. ეს კი, სტალინის პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს.