კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორ გავიშრო თმა დაზიანების გარეშე?
პასუხი: ალბათ, იცით, რომ თმას ვნებს ფენის ცხელი ჰაერით გაშრობა. ამიტომ, თმის გაშრობა უნდა დაიწყოთ ნაკლებად ცხელი ჰაერის ნაკადით, თანაც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაბანილ თმას კარგად შეიმშრალებთ პირსახოცით და შემდეგ აცლით, რომ ცოტათი თვითონვე შეშრეს, ანუ, ფენით გაშრობა რეკომენდებულია მაშინ, როცა თმა ოდნავ ტენიანია. ზაფხულში კი, სასურველია, თუ ფენს საერთოდ არ გამოიყენებთ და ამ საქმეს მზის სხივებს „მიანდობთ“.
კითხვა: როგორ შევარჩიო შამპუნი და როგორ დავიბანო თმა სწორად?
პასუხი: შამპუნი უნდა შეარჩიოთ თმის კანის, კონდიციონერი კი – თავად თმის ტიპის მიხედვით. თუ შეგეშლებათ, შედეგად მიიღებთ ცხიმიან თმის ძირებს და მშრალ, მტვრევად ღერებს. თმა დაიბანეთ შემდეგნაირად: თავზე შამპუნის აქაფების შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი – დაიწყეთ კისრიდან, გადადით ყურის ძირებზე და შემდეგ – კეფაზე. ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით, რადგან, ცხელი წყალი ააქტიურებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, რაც თმას ბზინვარებას დაუკარგავს.
კითხვა: ბავშვობიდან ზედმეტად ცხიმიანი კანი მქონდა და მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამ პრობლემას, ახლა კი, უკვე თითქმის ორი წელია, სახის კანი ძალიან გამომიშრა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენი კანის გამოშრობის მიზეზი, სავარაუდოდ, უნდა იყოს პილინგების, გამოსაშრობი ნიღბებისა და სხვა პროფესიონალური კოსმეტიკური პროცედურების ზედმეტად გატაცება. მიმართეთ პროფესიონალ კოსმეტოლოგს, რომელიც დაგისვამთ ზუსტ დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის კრემებს.