კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ემალებოდა პაციენტებს წოპე და ვის ელაპარაკებოდა ხოლმე ის ტელეფონზე ქალის ხმით

სოციალურ ქსელში რადიო „თავისუფლების” დღიურებს ვათვალიერებდი და, ცნობილ ადამიანთა შორის, თბილისში ერთ დროს ძალიან პოპულარული ექიმის, „წოპეს” სახელით ცნობილ ვახტანგ ხუციძის არაჩვეულებრივ ჩანაწერებსაც მოვკარი თვალი. ვიფიქრე, მისი დღიურები ხომ ჩემს რუბრიკას ზუსტად ესადაგება და, რაოდენ საინტერესო იქნება, ის ჩვენს მკითხველსაც გავაცნო-მეთქი. მოკლედ, აღარ შეგაწყენთ თავს და დღეს თქვენი მეგზურები თავად ბატონი ვახტანგი და მისი ქალიშვილი – მაია იქნებიან. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ დღიურებიდან და ჩვენს ინტერვიუს ქალბატონ მაიასთან.          

7 თებერვალი, კვირა: „…სიზმარში ისევ ოპერაციები გავაკეთე. ეტყობა, ისე მექავება ხელები, რომ, რასაც დღისით ვერ ვასწრებ, ღამით სიზმარში ვინაზღაურებ. თუმცა, ამ კვირაში ოთხი ოპერაცია მაქვს დაგეგმილი. ცუდი არ არის, მაგრამ, ზღვაში წვეთია იმ დროსთან   შედარებით, როცა კვირაში 20-25 ოპერაციას ვაკეთებდი. რას იზამ! დრონი მეფობენო, ნათქვამია… 

ზამთარს წყნეთში სხვა ხიბლი აქვს…  დღე ბუხართან ჯდომაში და კითხვაში გავიდა. საღამოს, ის-ის იყო, ტელევიზორის პულტი დავისაკუთრე და ცხოველებზე გადაცემას მივაგენი, რომ მაიკომ დარეკა – რუსეთზე გადართეთო. გადაცემაში „რჭíöû ñî çâåçჰჭìè“ სოფო შევარდნაძე ცეკვავდა სამეჯლისო ცეკვებს. ისე მოხიბლა ჟიურის წევრები, რომ, ხან სოფიკო ჭიაურელს შეადარეს, ხანაც – სოფი ლორენს. ისიც უთხრეს, შენ თუ ასე იცეკვე, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისები აღდგება და ყოველდღიურიც გახდებაო. საოცრად ნიჭიერი და მომხიბვლელი გოგოა! ისე, ცხვირის წვერს ოდნავ შევეხებოდი”... 

8 თებერვალი, ორშაბათი: „დღეს ორშაბათია. მძიმე დღეაო, ამბობენ. მე ასე არასდროს მიფიქრია. არც მგზავრობას მოვრიდებივარ და არც საქმის კეთებას. სამსახურში ამ დღეს მიღების დღე გვქონდა ხოლმე. ერთ ასეთ ორშაბათს ჩემთან ზესტაფონელი ბიჭი მოვიდა. ამ კაცს ყველაზე გრძელი ცხვირი ჰქონდა ჩემს პრაქტიკაში – ლამის ქვედა ტუჩის ბოლომდე ჩამოსული! ქართველი სირანო დე ბერჟერაკი იყო. ამ ცხვირის ფოტოებზე გაგიჟდა იაპონელი პლასტიკური ქირურგი ფუმიო – ასეთი ცხვირი თუ არსებობდა ბუნებაში, ვერ წარმოვიდგენდიო! მოკლედ, ოპერაცია გავუკეთე და შედეგიც კარგი გამოვიდა. ერთ დღესაც, 20 წლის შემდეგ, იმავე სახით და იმავე ცხვირით გამომეცხადა ახალგაზრდა – შვილი ყოფილა. რა თქმა უნდა, მასაც გავუკეთე ოპერაცია და ისიც მამასავით ბედნიერი წავიდა.” 

9 თებერვალი: სამშაბათი. „დღეს ჩვეულებრივი დღე იყო… ერთი უკრაინელი პაციენტი მყავდა – ულამაზესი ქალი, გვარად შტოკალო. დედა ცნობილი მათემატიკოსი ჰყავდა, ბაბუა – აკადემიკოსი. ცხვირიც ლამაზი ჰქონდა, ტანიც და ფეხიც, მაგრამ, თავისებური ქალი იყო, განებივრებული. თავისი გაიტანა და ცხვირი დამაპატარავებინა. კმაყოფილი წავიდა, მაგრამ 6 თვეში დაბრუნდა – ახლა კეხი გამიკეთეო. ამაზეც დამითანხმა. ერთი წელი გავიდა და ისევ ჩამოფრინდა – ახლა ისეთი ცხვირი მინდა, რომ მტაცებელ ფრინველს დავემსგავსო, დიქტორობას ვაპირებ და მაყურებელი უნდა მოვნუსხოო. პატარა ცხვირისგან მიმინოს ნისკარტი როგორ გამომივიდა, თვითონაც არ ვიცი, მაგრამ, ამის მერე აღარ ჩამოსულა… 

ბოლო წლებია, სულ იმაზე ვფიქრობ, ხვრინვას როგორ ვუშველო. ქირურგიამ არ გაამართლა და თითქოს მივაგენი კიდეც გამოსავალს პროთეზის სახით, რომელსაც ჩაიდგამ კაცი პირის ღრუში ძილის წინ და აღარც სხვას შეაწუხებ და თვითონაც უკეთესად დაიძინებ. თუმცა, სამუშაო ჯერ ბევრია, რომ ფორმაც დაიხვეწოს და მასალაც ისეთი შეირჩეს, რომ დისკომფორტი არ შეუქმნას ადამიანს“.  

11 თებერვალი: ხუთშაბათი. „დილით, 10 საათზე, მაიკომ გამომიარა და სამსახურში ერთად წავედით. წვიმიანი და ტალახიანი ამინდი იყო. დღეს ორი ოპერაცია მქონდა…  პირველი სასაცილო იმერელ ბიჭს გავუკეთე – სოფელ საზანოდან. ერთდროულად სამი ოპერაცია გავუკეთე – ცხვირის, ტუჩის და ძგიდის. ოპერაციის მერე ჩემი სახლის ტელეფონი მივეცი – თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე-მეთქი. მე თქვენი შვილიშვილის ტელეფონიც მინდაო. დიდი მაიმუნი ბიჭია! მეორე ოპერაციამაც კარგად ჩაიარა. სამსახურიდან 5 საათზე გამოვედით. აფთიაქში გავიარეთ და მაიკოს დედამთილის, ლეილას დასახმარებლად წავედით. წელის ტკივილმა შეაწუხა ძალიან. ბლოკადაც გავუკეთეთ და კარგადაც დავზილეთ. ნეტა მამაჩემის წამალი მომცა ახლა!.. მამა კარგი ფარმაცევტი იყო, სასწაული რეცეპტები იცოდა! წელის დასაზელი საშუალებაც ჰქონდა ისეთი, რომ სულ ნაპერწკლებს გაყრევინებდა თვალებიდან, მაგრამ, უებარი. ახლა რომ ვიხსენებ, თავის საიდუმლოებებს ყველა სიამოვნებით მიზიარებდა, ალბათ იმიტომ, კონკურენტი არ ვიყავი: ტოკიოში – ექიმი ფუმიო, პარიზში – ექიმი ვიდალი, მექსიკაში – ალეხანდრო დე რიკა. ალეხანდრო გენიალური ქირურგი იყო. ბევრი რამ მაჩვენა და მასწავლა 1965 წელს, ჩვენი იქ მოგზაურობის დროს. რესტორანშიც დაგვპატიჟა ნუნუ და მე. მივირთმევდით შემწვარ მანგოს და ვუსმენდით არაჩვეულებრივ ტრიოს – „ლოს მეხიკოს“. მომეჩვენა, რომ ძალიან მეცნობოდნენ ეს მუსიკოსები. როგორც გაირკვა, მართლაც თბილისიდან მეცნობოდნენ. თურმე, სპორტის სასახლეში ჰქონოდათ კონცერტი. ჩვენს პატივსაცემად სამ ხმაში შეასრულეს „თბილისო“. 

– ქალბატონო მაია, მამათქვენი თბილისში ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო ცხვირის ოპერაციების დარგში, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აკითხავდნენ პაციენტები და ისინი მრავლად ჰყავდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. მკითხველს, ალბათ, ძალიან აინტერესებს, რა გზა გამოიარა მან ამ აღიარებამდე, როგორ გახდა პლასტიკური ქირურგი?             

– ბაბუაჩემი, გალაქტიონ ხუციძე, იყო თბილისში ცნობილი ფარმაცევტი, ვერაზე ერთ-ერთი ცნობილი აფთიაქის პროვიზორი გახლდათ. სამწუხაროდ, მე არ მოვსწრებივარ ბაბუას, მაგრამ, გადმოცემით ვიცი,  რომ ძალიან მაგარი მცოდნე იყო თავის საქმის, იმდენად მაგარი, რომ მამაჩემი ნანობდა, რატომ არ  ჩავიწერე ის რეცეპტები, რომლებითაც მამა სხვადასხვა დაავადების სამკურნალო ფხვნილებს ამზადებდაო. ასეთ საკითხებში მამა არ იყო მოწესრიგებული და ორგანიზებული, ყოველთვის იყო სპონტანური, ენერგიით სავსე ადამიანი და სულ საინტერესო რაღაცეებში გაფანტული. ფანტასტიკურად ხატავდა, ძალიან კარგად შეეძლო კოპირებაც, თუნდაც ბილეთების. ახალგაზრდობაში, როცა მას და მის  მეგობრებს სტადიონზე წასვლა უნდოდათ და არ ჰქონდათ ბილეთის შეძენის საშუალება, ბილეთების ისეთ ასლებს აკეთებდა, ვერავითარ ეჭვს ვერ შეიტანდა კაცი. ყოველთვის იმაზე ოცნებობდა, მხატვარი გამოსულიყო და შემთხვევით მოხვდა სამედიცინო ინსტიტუტში. მახსოვს, სადაც მივდიოდით, ყველგან თან დაჰქონდა პასტელები და სულ ხატავდა. ზაფხულობით ბიჭვინთაში ვისვენებდით და, იქ, ხის ქერქებისგან, რომლებიც ხშირად ცვიოდა ხეებიდან, გასაოცარ ბარელიეფებსა და პროფილებს აკეთებდა. იმდენად ლამაზი გამოსდიოდა, რომ ერთი გამოფენა გაკეთდებოდა. დედაჩემი იყო და არის საოცრად წესრიგის მოყვარული ადამიანი და სახლში ზედმეტს არაფერს აჩერებს, ამიტომ, მხოლოდ ნახატები შემოგვრჩა. აგრეთვე, მამას ქვაზე აქვს შესრულებული ვაჟა-ფშაველას პორტრეტი. რომ შეხედო, შეიძლება, ცუდად გახდე – გეგონებათ, ნამდვილი ვაჟა-ფშაველა გიყურებსო. რაც შეეხება დედამისს, ნინა ჩარკვიანი გახლდათ ძველი მოჯირითე, ძალიან მაგარი ქალი.     

– როგორც ვიცი, მამათქვენი საკმაოდ გვიან დაოჯახდა. როგორ და სად შეხვდნენ თქვენი მშობლები ერთმანეთს, ალბათ, ესეც გეცოდინებათ. 

– მამა 42 წლის ასაკში დაქორწინდა. დედა მამაზე 17 წლით უმცროსია. ულამაზესი გოგო იყო, დედის დედა ჰყავდა რუსი და ძალიან ლამაზი ცხვირი ჰქონდა, ყველას გაკეთებული ეგონა. მივიდა როგორც პაციენტი, გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად და  მამაც მოიხიბლა – რომ დაიანახა ასეთი კარგი გოგო, აღარ გაუშვა ხელიდან. ოპერაციის მერე უფრო ხშირად იბარებდა გასასინჯად, ვიდრე ეს საჭირო იყო.

– მამა, ასევე, არაჩვეულებრივი მსახიობიც ყოფილა. თეატრში როგორღა აღმოჩნდა?   

– მამაჩემს, გარდა იმ ნიჭისა, რაც გითხარით, ჰქონდა, ასევე, კარგი იუმორი, სამსახიობო ტალანტი და, ამის წყალობით, მისი მეგობრებთან ურთიერთობის ყოველი დღე იყო ფოიერვერკი, სკეტჩებს დგამდნენ. ერთი პერიოდი მარჯანიშვილის თეატრშიც თამაშობდა. გიჟდებოდა სცენაზე, მაგრამ, მერე რაღაცას უნდა გაჰყოლოდა ბოლომდე და მსახიობობას თავი დაანება, მაგრამ, ვინაიდან კარგად ხატავდა, ფანტასტიკურად გამოსდიოდა გრიმი. ცნობილია, რომ ჟორა შავგულიძე გასაოცრად აკეთებდა გრიმს და ასევე იყო მამაც – ზუსტად ისე აკეთებდა, როგორც შავგულიძე და რიგი ედგა ხოლმე. ძალიან უყვარდა სამზარეულო. როგორც კი გაიგულებდა სახლიდან დედას, მაშინვე სამზარეულოში შევიდოდა და ჩვენს სახლში იწყებოდა კულინარიული ექსპერიმენტები. ყველაფერი ეხერხებოდა, სულ ამ გამოგონებებში იყო და არა მხოლოდ კულინარიაში.              

– გვიამბეთ, საინტერესოა.        

– საბჭოთა კავშირის დროს გამოდიოდა ასეთი ჟურნალი – „იზაბრეტატელ ი როციონალიზატორ” და ამ ჟურნალში გზავნიდა თავის გამოგონებებს. მაგალითად, გამოაქვეყნა რკინიგზის პროექტი – როგორი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ლიანდაგის რელსები, რათა მატარებელს არ გამოეცა ის შემაწუხებელი ხმა, რაც აქვს. ნახაზები  ჰქონდა გაკეთებული, როგორ შედიოდა ერთმანეთში რელსები. როგორც საოპრეაციო ტექნიკას აუმჯობესებდა, ისე იყო სხვა რამეშიც. ბოლო პერიოდში შეპყრობილი იყო იდეით, როგორ გაეთავისუფლებინა ადამიანი ხვრინვისგან, მაგრამ მივიდა იმ დასკვანმდე, რომ ოპერაციულად ეს არ გამოვა. გამოსავალი იყო პროთეზში, თუმცა ეს არ  იყო ჩვეულებრივი პროთეზი. ერთი ნაცნობი ჰყავდა,  რომელიც პლასტმასისგან უმზადებდა ამ პროთეზს და თვითონ იდგამდა ღამე. ცოტა ხისტი მასალისგან იყო დამზადებული და დახვეწა სჭირდებოდა, მასალაზე მიდოდა უკვე ლაპარაკი, მაგრამ ვეღარ მოასწრო მისი განხორციელება. ბოლომდე ძალიან ენერგიით სავსე იყო, თუმცა ცოტა გაუჭირდა სიარული და დაიწყო სერიზოულად ფიქრი როგორმე  გაეუმჯობესებინა ასაკოვანი ადამიანისთვის   გადაადგილება. 89 წლის გარდაიცვალა. ორი თვით  ადრე ჩემი შვილის ქორწილში თავისი ფეხით მოვიდა, სადღეგრძელოებიც თქვა, ბევრი იმხიარულა

– ამბობენ, ბევრი პაციენტი ჰყავდაო...  

– პაცინეტების ისეთი რაოდენობა მოდიოდა, ვეღარ აუდიოდა. ერთი პერიოდი ბევრი იწერებოდა მამაჩემზე საბჭოთა პრესაში, რუსეთშიც ძალიან  დიდ პატივს სცემდნენ იმიტომ რომ, მართლა ძალიან მაგარი იყო თავის საქმეში. ერთხელ, პოპულარულ ნორვეგიულ ჟურნალში იყო სტატია მამაზე და ცნობილ ქირურგ-ორთოპედზე, ილიზაროვზე. იმდენი მოდიოდა, კოშმარი იყო. წერილები მოსდიოდა ტომრებით, უკვე ემალებოდა პაციენეტებს. სახლში ტელეფონი რომ რეკავდა ან ვამბობდით სახლში არ არისო ან თვითონ თუ აიღებდა ყურმილს ქალის ხმით ელაპარაკებოდა. შანსი არ იყო ვინმე მიმხვდარიყო რომ თვითონ იყო  

– მაგრამ, მამა ცხვირის ოპერაციების გარდა, სხვა ოპერაციებსაც აკეთებდა. ეს არ იცის ჩვენმა საზოგადოებამ და ამაზეც გვიამბეთ. 

– სახის დაჭიმვებსაც აკეთებდა, უკეთებდა საკმაოდ ცნობილ მსახიობებსაც, რომელთა დასახელების უფლება, ალბათ, არც მაქვს. ისე, ვინ იცის, რამდენ ადამიანს ურახუნა ცხვირში ჩაქუჩი, აწვალა, აცინა, რადგან, ადრე არ აკეთებდნენ ოპერაციებს დაძინებით, აკეთებდნენ ადგილობრივი ანესთეზიით, თუმცა, სასწაული ხედვა ჰქონდა, არავინ ყოფილა მამაზე ნაწყენი. პროპორციების, სილამაზის შეგრძნება ჰქონდა, რაც ყველას არ აქვს. ბოლო ათი-ოცი წელი მარტო ცხვირს კი არ აკეთებდა, თუ დაინახავდა, რომ ნიკაპი არაპროპორციულია ცხვირთან, იმასაც შეასწორებდა აუცილებლად.    

– ასეთი სახის ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მაინც ცოტა წარმოუდგენელია ძველ დროშიც და ახალ დროშიც. რა პრინციპით არ აძინებდა ბატონი ვახტანგი თავის პაციენტებს?      

– პაციენტს სპეციალურად არ აძინებდა, იმიტომ რომ, სახის მოძრაობებისა და მიმიკების მიხედვით განსაზღვრავდა, ვის როგორი ფორმის ცხვირი მოუხდებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამაჩემმა შემოიტანა პირველად საქართველოში და დანერგა ლიპოსაქცია. 1985 წელს მე და მამა ერთად ვიყავით ამერიკაში. ერთი პაციენტი ჰყავდა მამას, ძალიან ცნობილი ამერიკელი ქალი, ის იყო ჩამოსული საქართველოში, ორჯერ ჰქონდა სახე დაჭიმული ამერიკაში და მესამედ მამამ გაუკეთა. ისეთი კმაყოფილი იყო, მერე მიგვიწვია ამერიკაში და შეხვედრა მოგვიწყო ძალიან ცნობილ პლასტიკურ ქირურგებთან, იქ ვესწრებოდით ოპერაციებს. ინგლისური ბავშვობიდან კარგად ვიცი და ვთარჯიმნობდი. მაშინ ვნახეთ იქ პირველად ლიპოსაქცია და წამოვიღეთ ცხიმის ამოსატუმბი სპეციალური მილები. ვაკუუმ აპარატი კი საქართველოში დავამზადებინეთ ბიძაჩემს, რომელიც ინჟინერი იყო. მუცელზე ისეთ ოპერაციებს აკეთებდა, გაოცებული ვიყავი, ყველაფერი აქვს მოსინჯული.

– ბოლოს როდის გააკეთა ცხვირის ოპერაცია?      

– ცხვირის ოპერაცია ბოლოს 88 წლის ასაკში გააკეთა, ხელი ჰქონდა მოტეხილი და ძალიან უჭირდა ხმარება, მაგრამ, მაინც გააკეთა. სასწაული უნარი და გონება ჰქონდა ბოლომდე, ჩემზე მაგარი, ისეთი, რომ არაფერი ეშლებოდა. კარგად შეეძლო სიტუაციის შეფასება, გამორჩეული ადამიანი იყო, ყველასგან განსხვავებული. სულ მუშაობა და რაღაცის კეთება უნდოდა. ყველაზე კარგად თავს გრძნობდა მაშინ, როცა კლინიკაში დადიოდა. ბოლო ერთი წელი არ უვლია და, მერე წავიდა... ყველაფერთან ერთად, ჰქონდა სითამამე – არ ერიდებოდა და უშინდებოდა სიახლეებს. გერმანიაში რომ ვცხოვრობდი, მამა ჩამოვიდა ჩემთან და წავიყვანე ორი ძალიან ცნობილი ქირურგის ოპერაციებზე დასასწრებად.  მერე ისინიც დაინტერესდნენ მამაჩემით. მაშინ მამა მოსკოვშიც აკეთებდა ოპერაციებს და წავიყავნე ეს ორი ქირურგი, დავასწარით ოპერაციას და გაგიჟდნენ ეს კაცები, ისეთ რაღაცეებს ჰკიდებდა მამა ხელს ცხვირის ოპერაციის დროს, მაგალითად, ხრტილებს, რაზეც, ამათი აზრით, ხელის ხლება არ შეიძლება, მერე მადლობებს მწერდნენ; მას მერე, რაც ვნახეთ, მამათქვენი რას აკეთებს, ჩვენც გავბედეთ და  მოვკიდეთ ხელიო. 

 

скачать dle 11.3