რას კურნავს სუნელ-სანელებლები
რისი მიზეზია ჭარბი წონა, უძილობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება
ჭარბი წონის მიზეზია ჰორმონული დისბალანსი. სიმსუქნე ესტროგენების არასაკმარისი აქტივობისა და პროგესტერონის მოქმედების შედეგია. ასეთ დროს მხოლოდ წონის მატება როდია მნიშვნელოვანი, ყურადღება უნდა მიაქციოთ, სხეულის რომელ ნაწილში ლაგდება ცხიმი. თუ ის ძირითადად მუცლის არეშია თავმოყრილი, მაშინ მოიმატებს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკი. თუ ცხიმი თეძოების მიდამოებშია, მაშინ ხერხემლის, სახსრების დაზიანებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების საშიშროება იჩენს თავს. ამიტომ, ბევრი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, შეზღუდეთ კალორიული საკვების მიღება, უარი თქვით ცხიმსა და ტკბილეულზე. თვეში ორი კილოგრამის დაკლება ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრას უწყობს ხელს;
შრომის უნარის დაქვეითებისა და საერთო სისუსტის მიზეზია ესტროგენების დეფიციტი ორგანიზმში. ესტროგენები განაპირობებს კარგ მეხსიერებას. როცა სისხლში ესტროგენების რაოდენობა იკლებს, თავს იჩენს სისუსტე, დაბნეულობა, აპათია, ნევროზი და ასე შემდეგ. ესტროგენების გამომუშავებას ხელს უწყობს ნაღებისა და სტაფილოს წვენების კოქტეილის სმა. ის ასე უნდა მოამზადოთ: 150 გრამ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 50 გრამი ნაღები და მიირთვით.
შეშუპების მიზეზია პროგესტერონის სიჭარბით გამოწვეული წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა. ამიტომ, მოერიდეთ სითხის მიღებას დაძინებამდე ერთი ან ორი საათით ადრე. შეზღუდეთ მარილის მოხმარება. საკვებ რაციონში კი ჩართეთ ვაშლი და რძის პროდუქტები, რაც ააქტიურებს თირკმელების მუშაობას.
უძილობის მიზეზი ესტროგენური დეფიციტია. თუ რაიმე მიზეზით ორგანიზმში ამ ბუნებრივი საძილე საშუალების გამომუშავება არ ხდება და შეფერხებულია, თავს იჩენს უძილობა, სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. გირჩევთ, ძილის წინ კუჭი მსუყე ვახშმით არ გადატვირთოთ და დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
გულის არეში პერიოდული ტკივილის მიზეზი ჰორმონული დისბალანსია. ამ დროს მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა და სწორედ ეს ხდება არითმიისა და გულის პერიოდული ტკივილის მიზეზი. ეს საშიში არ არის, რადგან, როგორც კი ენდოკრინული ფონი დაბალანსდება, ყველაფერი კარგად იქნება. ამ დროს მიიღეთ წყალში გასაზავებელი დამაწყნარებელი წვეთები, მაგალითად, ვალოკორდინი ან კატაბალახას ნაყენი.
შაკიკის მიზეზია პროგესტერონის სიჭარბე. ეს ჰორმონი ორგანიზმში აკავებს წყალს, რაც არტერიული და შიდა ქალის წნევის აწევას იწვევს. თუ თავი იჩინა ნერვულმა დაძაბულობამ, რეფლექსურად ის გადაეცემა კუჭის კუნთებს და ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დახშობის მიზეზიც ხდება. ამ დროს კარგია შარდმდენი და დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენების მიღება, მაგალითად, პიტნის, კატაბალახას ან კრაზანას ნაყენის სახით. 50 გრამ ნედლეულს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში 3-ჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
შარდსასქესო ორგანოების დაავადებას დაბინძურებულ წყალში ბანაობაც იწვევს
დღეს ბევრი ადამიანი ავადდება შარდსასქესო სისტემის ინფექციებით, კერძოდ, ცისტიტით, ურეთრიტით და პიელონეფრიტით. ბოლო დროს, კვლევებით დადგინდა, რომ ამ დაავადებების სიხშირის მიზეზია ნიტრატებით მდიდარი საკვები, რადიაცია, ქიმიური ნივთიერებები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის საერთო იმუნიტეტის მდგომარეობას.
თუ თირკმელები წესრიგში არ არის, ადამიანს აღენიშნება ტკივილი შარდვის დროს; ასევე, ხშირი შარდვა, შეუკავებლობა, წვეთებით შარდვა, შარდის ფერის შეცვლა, ამღვრევა, ცუდი სუნი. გარდა ამისა, ტკივილი მუცლის ქვედა, წელის არეში, ტემპერატურის აწევა, შეშუპება, გამოყოფილი შარდის მოცულობის შემცირება.
თირკმელების დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს სისუსტე, იოლად დაღლა, მადის დაქვეითება. თირკმელებით განპირობებულმა არტერიულმა ჰიპერტონიამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტკივილები, ღებინება, ხანდახან კრუნჩხვებიც კი.
სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, ხანდახან, საკმაო ხნის განმავლობაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მაგალითად, ჰიდრონევროზი ხშირ შემთხვევაში მანამდე არ ავლენს თავს, სანამ სიტუაცია ისე არ დამძიმდება, რომ თირკმლის ამოკვეთის გარდა გამოსავალი აღარ რჩება. ზოგჯერ ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა. ამიტომ, დაავადება დასაწყისში რომ არ გამოგეპაროთ, პერიოდულად უნდა ჩაიტაროთ სისხლისა და შარდის ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
შარდსადენი გზების ინფექციის განვითარებას სამი ფაქტორი განაპირობებს: ორგანიზმის დაქვეითებული იმუნიტეტი, ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება და მიკრობის არსებობა, რომელიც შარდსადენის ანთებით პროცესებს იწვევს.
არსებობს მემკვიდრული დაავადებები, რომლებიც გენეტიკური პათოლოგიებით არის განპირობებული.
დაავადების რისკი რომ შეამციროთ, მოერიდეთ გაციებას, აკონტროლეთ განავლისა და შარდის გამოყოფის რეგულირება, დაიცავით გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენა და მოერიდეთ დაბინძურებულ წყალში ბანაობას. ამ ყოველივეს გათვალისწინება ამცირებს შარდსასქესო ორგანოების დაავადების რისკს.
რას კურნავს სუნელ-სანელებლები
წიწაკა არა მარტო ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, არამედ, აქტიურად ებრძვის ტიპურ სეზონურ დაავადებებსაც.
მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისეპტიკურ ნივთიერებას – ევგენოლს. ამიტომ, მას ხშირად იყენებენ ბრონქული ასთმისა და ხველების დროს. მიხაკის გამხმარი ყვავილი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს მხედველობასა და ტვინის მუშაობას.
როზმარინის ფოთლების ნაყენი გამოიყენება სახისა და პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს, საკვების სახით. როზმარინისგან დამზადებული ეთერზეთი უებარი საშუალებაა რევმატიზმისა და რადიკულიტის გამწვავების დროს შესაზელად.
ქონდარი გვიცავს ბაქტერიების შემოტევებისგან. ამ თვისებას მას ანიჭებს ფენოლური შენაერთი. ქონდრის ნახარშს უძველესი დროიდან იყენებენ ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ქონდარი სპობს მიკრობებს, ათხელებს შესქელებულ ლორწოს და აუმჯობესებს სუნთქვას.
სალბის ნაყენი და ნახარში გამოიყენება მუცლის ტკივილის დროს, მადის დაქვეითების საწინააღმდეგოდ და, ასევე, გაგათავისუფლებთ ყელის ტკივილისგან.
როგორ დავიამოთ ნაღვლის ბუშტის ტკივილი მინერალური წყლით
სანაღვლე გზების დისკინეზია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. დისკინეზია ნაღვლის ბუშტის მუშაობის დარღვევაა, რომელიც თანდათან დაავადებად ყალიბდება. ფუნქციური მოშლა არაორგანული დარღვევაა, რომელსაც თან არ სდევს არც ანთება და არც ქვების წარმოქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში, შეიძლება, სანაღვლე გზების საგრძნობი ცვლილებები გამოიწვიოს. ნაღველი ღვიძლში წარმოიქმნება, შემდეგ ნაღვლის ბუშტში ჩაედინება, იქიდან კი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის, სადაც საჭმლის მონელებაში იღებს მონაწილეობას. ჯანმრთელ ორგანიზმში ეს სისტემა შეუფერხებლად მუშაობს. დისკინეზიის დროს კი, ნაღვლის ბუშტი და სფინქტერები არათანმიმდევრობით იკუმშება, კერძოდ, ძლიერად, ან პირიქით, სუსტად. უსიამოვნო შეგრძნებებს კი, თავისთავად, ესეც იწვევს.
გამოყოფენ დისკინეზიის ორ ჯგუფს: ჰიპომოტორულსა და ჰიპერმოტორულს. ჰიპომოტორული ტიპის დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტი ცუდად იკუმშება და ნაღველიც ნაწლავებში არასაკმარისი რაოდენობით გადადის. ასეთ დროს აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ. ტკივილი შეიძლება, გადაეცეს გულმკერდის მარჯვენა არეს. ჰიპერმოტორული ტიპის დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტი მეტისმეტად დიდი ინტენსივობით იკუმშება. კლინიკურად ეს მწვავე, მჩხვლეტავი ტკივილის სინდრომით გამოვლინდება.
დისკინეზიის ხელისშემწყობი ფაქტორებია ფსიქოემოციური მდგომარეობა, ჰორმონების გამომუშავება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ახლომდებარე ორგანოების პათოლოგიები, მაგალითად, გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, დუოდენიტი ან მემკვიდრეობითი ფაქტორი.
თუ დისკინეზია ჰიპომოტორული ტიპისაა, მკურნალობის მიზანი ნაღვლის ბუშტის შეკუმშვათა ინტენსივობის გაზრდა უნდა იყოს. ამიტომ, მისაღებია ნაღველმდენი საშუალებებისა და სპაზმოლიტიკების კომბინაცია.
არსებობს ნაღველმდენი საშუალებების ორი სახეობა. ერთი ღვიძლის ნაღველწარმომქმნელ ფუნქციას აძლიერებს, მეორე კი ხელს უწყობს ნაღვლის თავისუფლად გადადინებას სანაღვლე გზებში და ნაწლავების გავლით ორგანიზმიდან მის გამოდევნას. რაც შეეხება დიეტას, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მკაცრად განსაზღვრული დიეტაა საჭირო, მაგრამ ზომიერება მაინც საჭიროა. ცხიმის, შებოლილი საკვების, ძმრიანი, მჟავე, მწარე და ცხარე კერძების დიდი რაოდენობით მიღება უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ. რა სახისაც არ უნდა იყოს დისკინეზია, საკვები, რომელიც ღვიძლს აღიზიანებს, რეკომენდებული არ არის. ასეთებია ხორცის ნახარში, ცხოველური ცხიმი, მწარე საკაზმი. არ შეიძლება ლუდი და ალკოჰოლური სასმელები.
დისკინეზიის დროს აუცილებელია, მინერალური წყალი. ის დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. უმჯობესია, მინერალური წყალი თბილი და გაზგასული მიიღოთ. სითბო ხელს უწყობს სპაზმების მოხსნას, ხოლო წყალში შემავალი მიკროელემენტები კი – შეკუმშვას.
პიტნა კარგია გულისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ
პიტნის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს. მედიცინაში პიტნისგან მიღებული მენთოლი გამოიყენება ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად, ასევე, გარეგანი მოხმარების მიზნით, შაკიკისა და კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად კი იყენებენ სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტისა და ბრონქოესტაზის დროს.
პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევისა და პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება; ასევე, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
პიტნა კარგია გულისა და ფილტვების დაავადებების, ფილტვებიდან სისხლღებინების სამკურნალოდ.
20 გრამ პიტნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული ორი-სამი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ.
პიტნის წვეთები ეფექტურია კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებისა და გულისრევის დროს.
კუჭის არეში ტკივილის დროს შაქრის ნატეხზე დააწვეთეთ სამი წვეთი პიტნის წვენი და ენის ქვეშ დაიდეთ.
ნაყენი კი ასე მოამზადეთ: 2 ჩაის კოვზ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გაწურეთ, დაატკბეთ და ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში, ცოტ-ცოტა.