ექიმის რჩევები
კითხვა: რა იწვევს სხეულზე წითელი ხალების გაჩენას? რაც დრო გადის, მით უფრო მემატება.
პასუხი: წითელი ხალი არის სისხლძარღვოვანი წარმოშობის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ანუ, ანგიომა. მათი გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც წესი, ეს ხალები ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მაგრამ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, წითელი ხალების გაჩენის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (ღვიძლისა და პანკრეასის) დაავადებებმა.
კითხვა: 4 წლის გოგონას სასქესო ორგანოს დაბანის შემდგომ, მოშარდვისას, ეწვის, სხვა დროს კი – არა. ხომ ვერ მეტყვით მაინცდამაინც დაბანის შემდგომ რატომ აქვს მოშარდვისას წვა?
პასუხი: შესაძლოა, ჩივილი ჰიგიენურ საშუალებას – საპონს უკავშირდებოდეს, რომელსაც დასაბანად იყენებთ. გამოიყენეთ საბავშვო საპონი, პერიოდულად შეგიძლიათ ჩასაბანად გამოიყენოთ გვირილის ან ორკბილას ნახარში.
კითხვა: „დრიკლორი” მარტო იღლიის მიდამოებში გამოიყენება? თუ ფეხებზეც შეიძლება?
პასუხი: „დრიკლორი” (ბურთულიანი რესპირანტია) გამოიყენება იღლიებში, ხელისგულებზე, ტერფებზე. რეკომენდებულია მისი გამოყენება საღამოს, ძილის წინ. შხაპის მიღების შემდეგ მშრალ კანზე წაისვით. დილით აუცილებლად ჩამოიბანეთ. არ შეიძლება მისი წასმა გაღიზიანებულ, დაზიანებულ და სველ კანზე, უშუალოდ გაპარსვის ან დეპილაციის შემდეგ, ასევე – დღისით. დღისით ჩვეულებრივი დეოდორანტი გამოიყენეთ. „დრიკლორი” გამოიყენეთ 7 დღე, შემდეგ კვირაში – 2-3-ჯერ. მოარიდეთ ბავშვებს, თვალებთან კონტაქტს. ეს საშუალება შეიცავს ალუმინის ქლორიდის ჰექსაჰიდრატს, რაც აშრობს ჭარბ ოფლს.
კითხვა: ბოლო პერიოდია, მამაჩემს მარჯვენა ხელი აწუხებს, ამბობს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეყინებაო, თან, ძალიან სტკივა მხრიდან იდაყვამდე მონაკვეთი. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ. შესაძლოა, საჭიროდ ჩაითვალოს ანგიოლოგის კონსულტაციაც.
კითხვა: მაინტერესებს, რა არის ეპიკანტუსი? ჩემს პატარას ექიმმა დიაგნოზში დაუწერა: „ეპიკანტუსი დ 18.” რას ნიშნავს ეს? როგორც ვიცი, ეპიკანტუსი არის მონღოლური თვალის ჭრილი თუ ზედა ქუთუთოს რაღაც თავისებურება. ბავშვი არის ჯანმრთელი, ათი თვის. სხვა არანაირი ჩივილები არ აქვს.
პასუხი: ეპიკანტუსი დაავადება არ არის (იგივე მონღოლოიდური ნაოჭი – თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაკეცი), ის ადამიანის თანდაყოლილი გარეგნული ნიშანია, რომელსაც გენეტიკური საფუძველი აქვს. ზოგჯერ ეპიკანტუსი დაუნის დაავადების თანმხლები ნიშანიცაა, თუმცა, როდესაც ჯანმრთელ ბავშვს აქვს, საშიში არაფერია, ის არ განაპირობებს მომავალში პათოლოგიური მოვლენების განვითარებას. მოზრდილობაში შესაძლებელია მისი მკურნალობა და აღნიშნული ფორმის ქირურგიული გზით შეცვლა.