რა უნდა გაითვალისწინოს მოძღვარმა მრევლთან ურთიერთობისას და, ეკლესიაში დიდი ხნის სიარულის მიუხედავად, რატომ არ იცვლებიან და არ იზრდებიან ადამიანები სულიერად
წმიდა წერილში მაცხოვარი გვიკრძალავს სხვების განკითხვას და, მით უმეტეს, გვეკრძალება სასულიერო პირების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. როგორიც უნდა იყოს ის, მისი განკითხვა უბრალო ადამიანს ეკრძალება და ეს საკუთარ თავზე ნაკვერჩხლის, მუგუზლების დაგროვებას ჰგავს. როგორი უნდა იყოს ადამიანის სულიერი დისციპლინა და რატომ არ შეიძლება სხვისი დაბრკოლება, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– სასულიერო პირი უნდა იყოს ჭეშმარიტად მორწმუნე, სხვანაირად ის ვერ გახდება მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, ვერ წარუძღვება მათ ცხონებისკენ, უფლის წიაღში დასაბრუნებლად, პირიქით, ის მათ დააბრკოლებს. მეორე და მესამე კრიტერიუმები – ეს არის მოძღვრის ინტელექტუალური და გარეგნული მხარე, გარეგნულ მხარეში კი შედის ყველაფერი: ჩაცმა-დახურვა, საუბარი, მოძრაობა, გადაადგილება, ადამიანებთან ურთიერთობა, ზრდილობა, დახვეწილობა. ბევრს უთქვამს, მოძღვრის თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სულიერი მდგომარეობააო. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ, როდესაც მოძღვარზე ვსაუბრობთ, სულიერებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს ინტელექტი, ანუ, მნიშვნელოვანია მისი განათლება, შემეცნება, რადგან, სხვა შემთხვევაში, ის სხვა ადამიანს არა მხოლოდ სულიერად, არამედ, ინტელექტუალურადაც ვერ ასწავლის.
– შეიძლება, მოძღვარი პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანი იყოს, მოწესრიგებული, ზნეობრივი, მესამე კრიტერიუმსაც, ანუ, გარეგნულ მხარესაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ, თუ არ ექნება ინტელექტუალური საღვთისმეტყველო განათლება, ალბათ, ის ვერ შეცვლის საკუთარი სამრევლოს სულიერ მდგომარეობას.
– დღეს არაფერია მიუღწეველი, უამრავი ინფორმაციული საშუალება არსებობს, მაგრამ, თუ მოძღვარი ამ ყველაფერს არ აკმაყოფილებს, სულიერების შემდეგ ინტელექტუალური შემეცნება არ გააჩნია, მას გაუჭირდება თავის მრევლთან ურთიერთობა და მისი აღზრდა როგორც სულიერად, ასევე, გონებრივადაც. ჩვენ არ ვეხებით იმ კანონებს, რომლებსაც თავი მოუყარა შვიდმა საეკლესიო კრებამ, იქნება ეს დოგმატური საკითხი თუ ის საკითხები, რომლებიც ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა; მათ არაფერი ემატება, არც აკლდება. დღეს თანამედროვე მოძღვრები ვსაზრდოობთ იმ ეკლესიური სწავლებით, მამათა სწავლებით, რომელიც დღემდეა მოღწეული და ჩამოყალიბებული, ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერს ვამატებთ. ანუ, კარგი გაგებით, ძველს ვაბრუნებთ და ახალს არაფერს ვქმნით, რადგან ეს სახარებისეული, ეკლესიური სწავლებაა და ვერაფერს შევმატებთ. მაგრამ, რაც შეეხება მიდგომებს, ჩვენ შეგვიძლია, გარკვეულ საკითხებს სხვანაირად მივუდგეთ, ვიდრე პირველ საუკუნეებში ხდებოდა. დოგმატური სწავლება ისევ რჩება, უბრალოდ, მიდგომა იცვლება. მაგალითად, თუ პირველ საუკუნეებში ქრისტიანი საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენდა წირვა-ლოცვას, მას ეკლესია წლების განმავლობაში უკრძალავდა წმიდა ზიარების მიღებას. დღეს ასეთი რამ წარმოუდგენელია. ხშირად ზოგიერთი არა მხოლოდ ორი კვირა, ერთი თვეც არ დადის ეკლესიაში და, ბუნებრივია, ამის „მიზეზიც“ არსებობს – ზოგი მუშაობს და ვერ ახერხებს მოსვლას. თუ ადამიანს აქვს სურვილი, არა მხოლოდ სახელით იყოს ქრისტიანი და ეკლესიური, არამედ საქმეებითაც დაამტკიცოს ეს, შეიძლება, ორი კვირის განმავლობაში ვერ მოახერხოს ეკლესიაში მისვლა, მაგრამ, ყოველთვის გაუჩნდება და ექნება იმის სურვილი, მაქსიმალურად იყოს ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში და, უდებობის – სიზარმაცის გამო არ გააცდინოს წირვა-ლოცვა. ანუ, თუ მოინდომებს, ის არ მოაკლდება ეკლესიურ მადლს, მსახურებას; მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ, სულიერი მოძღვრები, მათ როგორც ძველად, ისე ვეღარ მოვთხოვთ ამაზე პასუხს, რადგან, დროც შეიცვალა და ცხოვრების რიტმიც სხვანაირია.
– თუმცა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება სულიერი დისციპლინა, რაც აუცილებელია როგორც ეკლესიაში ყოფნისას, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.
– მამები ამბობენ, როდესაც მორწმუნე დგას ტაძარში, მისი დგომა უნდა იყოს მოკრძალებული, პირჯვრის გადაწერაც კი არ უნდა იყოს ზედმეტი, რათა მისმა ქცევამ არ დააბრკოლოს სხვა ადამიანი ან ხელი არ შეუშალოს მას ლოცვაში. ბევრი ლოცვას ისე ხმამაღლა კითხულობს, რომ ამით სხვა მორწმუნეს უშლის ხელს. ეს ყველაფერი ელემენტარული ქცევის წესებია, რომელიც ტაძარში შესულმა ყველა მორწმუნემ უნდა დაიცვას. თუ მორწმუნე ამას დაიცავს, ესე იგი, მას, გარკვეულწილად, გააჩნია სულიერი დისციპლინა, რომელიც მასში გარეგნულად კი არა, სულიერად მჟღავნდება. სულიერად მოდის მისი განწყობა, სულიერი მომზადება და ასეთი ადამიანი გარკვეულწილად უკვე ჰგავს ნამდვილ, კარგ ქრისტიანს და მისი არსებობა სამრევლო ტაძარში არ იქნება სხვა მლოცველების – ძველებისა თუ ახლად მოსულების დაბრკოლების მიზეზი. ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ ყოველთა მეუფესთან, უფალთან, ყველაზე აღმატებულთან, რომ ვისაუბროთ მასთან – ლოცვა ხომ უფალთან საუბარი, სულიერი ურთიერთობაა. იმის ნაცვლად, რომ ვილოცოთ, ვისაუბროთ უფალთან, მივიღოთ მადლი, პირიქით, როგორც წმიდანები ამბობენ, ვსაუბრობთ მტვერთან, მიწასთან, ჩვენნაირ მოკვდავებთან. ანუ, გვავიწყდება ზეციური მეუფე და, აქედან გამომდინარე, ვემსგავსებით ფსევდოქრისტიანებს, რომლებიც უხსოვარი დროიდან არსებობდნენ და დღესაც არიან.
– რა წესების დაცვაა აუცილებელი ეკლესიაში ყოფნისას? მე ბევრჯერ მინახავს მლოცველები, თუნდაც სტიქაროსნები, როგორ უხეშად აძლევენ შენიშვნას იმათ, ვინც ანალოღიის წინ გაივლის; ან – ქალებს, რომლებიც ანალოღიის მარჯვნივ დგანან, რადგან, მათი თქმით, ქალები აუცილებლად უნდა იდგნენ ანალოღიის მარცხნივ, მამაკაცები – მარჯვნივ და, ასევე, არ შეიძლება ანალოღიის წინ გადავლა.
– მოძღვრები ყველას ვთხოვთ, მათ შორის, ეკლესიის მსახურებსაც, რომ, თუ შესაძლებელია, ლოცვისა და წირვის დაწყებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე მოვიდნენ. როცა ადამიანს ლოცვაზე, წირვაზე აგვიანდება, ცდილობს, მალე მივიდეს და ამის გამო ეკლესიაში შემოდის დაღლილი და ქოშინით, მის მოწესრიგებასა და დამშვიდებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ, ლოცვითი განწყობა რომ შეექმნას, ჯობია, მლოცველი ნახევარი საათით ადრე მოვიდეს, დადგეს ტაძარში, ფიზიკური, სულიერი ძალები მოიკრიბოს, ემთხვიოს ანალოღიას, რომელზეც ტაძრის ან დღესასწაულის ხატია დაბრძანებული, პატივი მიაგოს ხატებს, აანთოს სანთელი, უფალს შეავედროს ქვეყანა, ოჯახი, საკუთარი თავი და, შემდეგ, დაწყნარებული მდგომარეობით შეხვდეს ლოცვის ან წირვის დაწყებას, რათა აღსრულებული კარგად გაიგოს, შეითვისოს. ეკლესიაში არსებობს დაუწერელი კანონები, ზეპირი გადმოცემები, სამრევლო ისტორია, რომლებიც აწესრიგებს ადამიანთა მოქცევის საკითხებს, მათ შორის, ეკლესიაში დგომის წესსაც. ესთეტიკურად კარგი იქნება, თუ ერთ მხარეს დადგებიან დედაკაცები და მეორე მხარეს მამაკაცები. თუ დედაკაცი მაინცდამაინც არ დაიჩოქებს მამაკაცის წინ, არ შეასრულებს მეტანიას და ოდნავ გვერდით იდგება. რა თქმა უნდა, ეს მაშინ უნდა დავიცვათ, თუ ტაძარში არის ამის საშუალება. თუ არ არის საშუალება, ამით წესის დამახინჯებასთან ან დარღვევასთან არ გვექნება საქმე. ადამიანი ანალოღიას წინიდან ჩაუვლის თუ უკნიდან გაივლის, ამაზე სწავლება არ არსებობს. როდესაც ქრისტიანი შემოდის ეკლესიაში, ბუნებრივია, ის ჯერ მიდის ანალოღიასთან. რა თქმა უნდა, მასთან ზურგით არ დადგება ან უკნიდან არ მივა, მით უმეტეს, თუ ბევრი ხალხი არ არის. როდესაც დიდი დღესასწაულია, შეიძლება, ასეთ დროს ვინმეს მოუხდეს ანალოღიის წინ გავლა და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, თუ ტაძარში თავისუფლებაა, რა საჭიროა ანალოღიის წინ გადავლა? თუმცა, ამის აკრძალვის ფორმა არ არსებობს, ეს, უბრალოდ, პატივის მიგებაა. პატარა ტაძრებში ანალოღია ძალიან ახლოს დგას ამბიონთან, ზოგჯერ, შეიძლება, ამბიონზე მიდგმულიც კი იყოს. ამასთან დაკავშირებით კი არსებობს ასეთი მიდგომა და არა სწავლება, რომ, თუ ადამიანი ამ დროს წინ გადაუვლის ანალოღიას, მას, შეიძლება, უნებურად მოუწიოს ამბიონზე ასვლა, ამბიონი კი განასახიერებს ლოდს უფლის საფლავზე და, არ შეიძლება, მასზე ვინმე თავისუფლად ავიდეს და ჩამოვიდეს, გარდა ღვთისმსახურისა და იმ პირებისა, ვინც საკურთხეველს ემსახურება. ამ თვალსაზრისით არ შეიძლება გავლა, თორემ, სხვა შემთხვევაში, რამე წესი ან აკრძალვა არ არსებობს. სამწუხაროდ, დღეს, როდესაც ადამიანები დაუტევებენ ძველს და შეიმოსავენ ახალს, იწყებენ ზნეობრივ ცხოვრებას და ხორციელიდან სულიერ ცხოვრებაში გადადიან, ცხოვრების წესს იცვლიან, მაგრამ, შინაგანად ისევ ძველი ადამიანები არიან; ახალი ცხოვრების წესით არიან ქრისტიანები, მაგრამ, დარჩნენ წარმართობაში. ერთ-ერთი ასეთი შედარებაც მინდა მოვიტანო: ხშირად ეკლესიაში ზოგს, როგორც თავად ამბობენ, კონკრეტული ადგილი აქვთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში დგანან. ამიტომ, მიაჩნიათ, რომ ეს ადგილი მათია და, ვინმე თუ ადრე მოვა და ამ ადგილას დადგება, ეს უკვე კონფლიქტის მიზეზი ხდება. უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებლობა მოძღვარს მოეთხოვება – მან მრევლში ასეთი არაჯანსაღი მიდგომა უნდა აღმოფხვრას.