როგორ დაეხმარა გარდაცვლილი მეუღლე მოძღვარს
ერთ ღვთისმსახურს ქორწინებიდან 16 წლის თავზე გარდაეცვალა მეუღლე – მეტად გონიერი და ღვთისმოსავი ქალი. ცოლთან განშორებამ მწარედ მოკლა მისი გული. ღრმა მწუხარება და გამოუთქმელი ნაღველი დაეუფლა. ის მოწყინების ცოდვაში ჩავარდა, სასმელს დაუმეგობრდა და სახიფათო გზას დაადგა.
„არ ვიცი, დიდხანს დავრჩებოდი თუ არა ამ დამღუპველ გზაზე და სადამდე მივიდოდი, ჩემს განსვენებულ მეუღლეს რომ არ შევეჩერებინე, – ამბობდა ქვრივი ღვთისმსახური, – ის სიზმარეულ ხილვაში გამომეცხადა და მითხრა: „ჩემო მეგობარო, რა გემართება? სახიფათო გზა აირჩიე, შენი საქციელით ხალხის თვალშიც ბევრს დაკარგავ და, რაც მთავარია, შეიძლება, მოაკლდე ღვთის კურთხევას, რომელიც აქამდე ჩვენს ოჯახში იყო დამკვიდრებული. შენი მსახურება იმგვარია, რომ მცირე ლაქაც კი დიდად მოჩანს. ისეთ ადგილას დგახარ, რომ შენი დანახვა ყველა ადგილიდან შესაძლებელია. შენ ექვსი უმწეო ბარტყი გყავს, რომლებსაც მამობა და დედობა ერთდროულად უნდა გაუწიო. ნუთუ შენს წოდებას, შენს დამსახურებასა და პატივისცემას აღარ უფრთხილდები, რომლითაც ყველასგან სარგებლობდი? ნუთუ საკუთარი სიცოცხლე, პატივი და ღვაწლი მხოლოდ ცოლისთვის გინდოდა? ამაზე იფიქრე, ჩემო მეგობარო და გთხოვ, გევედრები, რომ ჯანსაღად განსაჯო და სასწრაფოდ ჩამოშორდე იმ გზას, რომელზედაც შენ, ჩემდა სამწუხაროდ, ამჟამად დგახარ. შენ ჩემთან განშორებას დარდობ, მაგრამ, როგორც ხედავ, ჩვენი კავშირი არ გამწყდარა. ჩვენ ახლაც შეგვიძლია, სულიერი ერთობა გვქონდეს, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში სამუდამოდ შევკავშირდებით, თუკი ღირსეული იქნები. შენ გულის სიცარიელეს უჩივი. ეს სიცარიელე ღვთისადმი, შვილებისა და მოყვასის სიყვარულით შეივსე. სული ასაზრდოე პურითა ანგელოზისა, როგორც უწოდებდი ხოლმე სიტყვას ღვთისას და რომლითაც ასე გიყვარდა საკუთარი თავისა და შენი ოჯახის გამოკვება. ევედრე უფალს ჩემთვის, შენთვის, ჩვენი შვილებისა და შენზედ მონდობილი სულებისათვის“.
საყვარელი მეუღლის ხმამ ღრმად შეაღწია სულში და კეთილად იმოქმედა ჩემზედ. მე მივიღე ის, ვითარცა ხმა ჩემი მფარველი ანგელოზისა, ვითარცა ხმა თვით ღვთისა, რომელსაც ჩემი გამოფხიზლება სურდა. ამიტომ გადავწყვიტე, მთელი ძალებით შევწინააღმდეგებოდი განსაცდელს და ღვთის მადლითა და შეწევნით, მართლაც გადავლახე ეს გაჭირვება და სიმართლის გზაზედ მყარად დავდექი.“