„აკეთებს“ თუ არა ზოგიერთ მამაკაცს ქალი და აქვს თუ არა მას ხარისხიანი „მასალა“
ზოგიერთი ქალი ცდილობს, გადააკეთოს მამაკაცი, რომელიც გვერდით ჰყავს და შექმნას მისგან „შედევრი“, ანუ ისეთი პარტნიორი, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ექსპერიმენტზე ხანდახან უარს არც მამაკაცები ამბობენ და ძალიან ცდებიან, რადგან ადამიანის გადაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია და საკმაოდ მტკივნეული პროცესია. თუმცა, ქალები გამონაკლის შემთხვევებში, ახერხებენ ამას. შეაქვთ კორექციები მამაკაცის ხასიათში, უნარ-ჩვევებში, სტილში, მანერებში... არსებობს გამოთქმა, რომ კაცს მაინც ის ქალი ქმნის, რომელიც გვერდით ჰყავს, ხოლო რამდენად მომგებიანია ეს თავად ქალისთვის, ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს.
ლენა (39 წლის): ახლა უკვე ვიცი, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტები არ უნდა ჩაატარო და მით უმეტეს, უნდა მოერიდო ამას, თუ ეპიცენტრში თავად ხარ ჩართული. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველა კაცი იცვლება ქალის გვერდით. მით უფრო, როცა ქალი ჭკვიანია. მე არ ვარ ჭკვიანი.
– ქალები არ იცვლებიან მამაკაცის გვერდით?
– ნაკლებად. პრაქტიკულად, არა. თუ ცუდი და მძიმე ცხოვრება შეექმნებათ, ცვლილება ის არის, რომ იჩაგრებიან და საკუთარი თავის რწმენას კარგავენ – სულ ეს არის. ის, რომ შეიძლება, ქალი მამაკაცის გვერდით გაიზარდოს, ძალიან იშვიათად გამიგია. თქვენ შეიძლება, იცით ასეთი შემთხვევა? – მე არა! კაცები უფრო ხშირად ექვემდებარებიან წვრთნას. მაგრამ აქვს კი ამას აზრი?
– აზრი რატომ არა აქვს?
– იმიტომ, რომ ველური ცხოველებივით არიან. ბოლომდე მაინც არ იწვრთნებიან. ვერ შინაურდებიან. თავის დახსნაზე ოცნებობენ და ერთი სული აქვთ, როდის „აიწყვეტენ“. სულ დაძაბული და შემართული უნდა იყო მათ გვერდით. კაცი ერთ ნაბიჯზეც არ არის სანდო. მე ამ ლოგიკით გავთხოვდი და დღემდე ასე ვცხოვრობ.
– რთული არ არის, ასეთ დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება?
– რა თქმა უნდა, რთულია. ამიტომ მივედი იქ, სადამდეც მივედი. ხასიათი შემეცვალა და ეს ნელ-ნელა, შეუმჩნევლად მოხდა. ბოლოს ლამის საკუთარი თავიც კი მძულდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სულ ვჩხუბობდი და „ვიღრინებოდი“. ეს დისკომფორტს მიქმნიდა. მაწუხებდა, ოღონდ, მართლა.
– თუმცა, თავიდან ხომ ვერ ამჩნევდით?
– დიახ. სამწუხაროდ, ჩემზე ადრე სხვებმა შენიშნეს და უპირველესად – ქმარმა. თუმცა, თვითონ უმძიმესი ასატანი იყო, ავს და აშარს მე მეძახდა. უვარგისი ქალი ხარ, შენიშვნებით დამღალე და თავი მომაბეზრეო.
– ალბათ, მის გადაკეთებას ცდილობდით...
– ელემენტარული უნარ-ჩვევები რომ ჰქონოდა, ეს მინდოდა, მეტი არაფერი. საშინელებაა, იცხოვრო ადამიანთან, რომელიც ისე იქცევა, როგორც პირველყოფილი ჰომოსაპიენსი. უნდა გითხრათ, რომ ჩემი ქმრის ქცევა, მანერები, იუმორი და „პრივიჩკები,“ მანამდეც არ მომწონდა, სანამ მისი ცოლი გავხდებოდი.
– უცნაურია, მაშინ, რატომ გაჰყევით ცოლად?
– მართლა გაგაოცებთ, როცა გეტყვით, რომ შემიყვარდა. თურმე, ასეც შეიძლება მოხდეს – არ მოგწონდეს მამაკაცი თავისი ქცევებით, მანერებით, მსოფლმხედველობით, მაგრამ ძალიან გიყვარდეს. პარადოქსია, მაგრამ ჩემთვის ფაქტად ქცეული.
– ფიქრობდით იმაზე, რომ მის „გადაკეთებას“ შეძლებდით?
– ეტყობა, ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი. ზოგადად, მამაკაცის ვარაუდი იმაზე, რომ ქალები მათ მართავენ, სიმართლეს მოკლებული არ არის. უბრალოდ, როგორც კი მამაკაცს ეს შეგრძნება გაუჩნდება, მისი მართვა უკვე შეუძლებელია. მე მინდოდა, ნორმალური ოჯახი მქონოდა და ნორმალური ქმარი მყოლოდა, რომლითაც ვიამაყებდი, თავს მოვიწონებდი და მის გვერდით მშვიდად, იმედიანად ვიცხოვრებდი. რა არის ამაში ან ცუდი, ან გასაოცარი?! რატომ ვარ მე ჭირვეული და პრეტენზიული ქალი, რატომ შეწუხდა ჩემი ქმარი და რატომ გადაწყვიტა, რომ ვიღაც ქარაფშუტა, თავქარიან, უზნეო ქალთან უფრო ბედნიერი იქნებოდა?! ეტყობა, მეც ყველაფერი ფეხებზე უნდა დამეკიდა და საკუთარი სიამოვნებისთვის მეცხოვრა. ქალები, რომლებიც ამ პრინციპით უდგებიან ცხოვრებას, მშვენივრად გრძნობენ თავს. სამწუხაროდ, მე არასწორი პოზიცია ავირჩიე, ვიფიქრე, რომ შევძლებდი ქმართან ჰარმონიაში ცხოვრებას და თან, მის ოჯახზე მორგებას. არ ვამბობ იმას, რომ მინდოდა, ქმარზე ბატონობა, ან ურთიერთობაში პირველობა. ასე, ნამდვილად არ ყოფილა.
– მესმის, ცდილობდით, თქვენს სტერეოტიპზე მოგერგოთ. კაცებს ეს არ მოსწონთ.
– კაცებს საერთოდ არაფერი მოსწონთ. უფრო სწორად, მხოლოდ ის მოსწონთ, რაც მათგან პასუხისმგებლობას არ ითხოვს. დააკვირდით, რა ხდება? – გამოდის, რომ ქალები მამაკაცების სიამოვნებისთვის ვართ გაჩენილები და მათ გვერდით საკუთარი „მეც“ უნდა დავკარგოთ. რა, ეს სამართლიანია?
– ალბათ, არა. თუმცა, მამაკაცები არ დაგვეთანხმებიან.
– საქმეც ესაა. ეგოისტები და უპასუხისმგებლოები არიან. მე „მძიმე“ ქალი ვყოფილვარ – უმძიმესი. იმიტომ რომ, მოვინდომე, მეტი პასუხისმგებლობა ეგრძნო ოჯახის მიმართ, მოქცეულიყო ისე, როგორც იქცევიან საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანები. მე ვყიდულობდი მისთვის ტანსაცმელს. თმის ვარცხნილობაც კი შევუცვალე და გაცილებით სიმპათიურად გამოიყურებოდა. ეს ყველაფერი ჩვენი ცოლქმრობის პირველ წლებში იყო და ნამდვილად არ მეადვილებოდა. რა თქმა უნდა, მერჩივნა თავიდანვე ყოფილიყო სიმპათიურიც, ელეგანტურიც და საკუთარი დანიშნულება თუ მისიაც გაცნობიერებული ჰქონოდა. გაცილებით ნაკლები შრომა და ნერვიულობა მერგებოდა მე. მით უფრო, რომ მადლობელიც არავინ აღმოჩნდა საბოლოოდ. თუმცა, იყო პერიოდი, როცა ითვალისწინებდა ჩემს რჩევებს, მშვიდად იღებდა ყველა შენიშვნას, თუნდაც, პრეტენზიული ტონით ნათქვამს.
– იქნებ, მბრძანებლურითაც.
– არ ვიცი, არ გამოვრიცხავ. თუმცა, შეგნებულად მბრძანებელი არასდროს ვყოფილვარ და ვერც ვიქნებოდი, იმიტომ რომ, ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი.
– ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ რაღაც საკითხებში კაცის ჰეგემონიას ვაღიარებ, მაგრამ ჩემი ქმრისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იმისი ვარაუდი, რომ რადგან კეთილი და უბრალო ადამიანი იყო, ეს მასთან ურთიერთობას გამიადვილებდა, ბლეფი აღმოჩნდა. როცა დასჭირდა, უბრალოდ გათელა ფეხქვეშ ჩემი თავმოყვარეობა. ვცდილობდი, მისგან შედევრი შემექმნა – ნამდვილი მამაკაცი, რომელიც ჩემს თავგანწირვას, შრომას დააფასებდა. მიხვდებოდა, რას ნიშნავს, როცა გვერდით მზრუნველი ქალი გყავს, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება. ყველაფერი პირიქით მოხდა. ბევრი რამ, რაც ჩემგან ისწავლა, ისევ ჩემ საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ადრე უნდა დამენებებინა თავი მის „გადაკეთებაზე“ წვალებისთვის. ისეთად უნდა დამეტოვებინა, როგორიც სინამდვილეში იყო და ვნახავდი, ვის მოუნდებოდა მისი საყვარლობა.
– საყვარელი გაიჩინა?
– კი. ჩემზე „მსუბუქი“ ქალი. მხიარული და უპრობლემო. მე „მძიმე“ და პრობლემიანი ვიყავი. სამწუხაროდ, ვერაფერი გაიგო. ვერ გაიზარდა და თავში აუვარდა ჩემი დიდი სიყვარული. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არც დაუმალავს, სხვა ქალი რომ გაიჩინა. შენნაირი არ არის, არავის უმტკიცებს, რომ ჭკვიანი და განსაკუთრებულია. არც სიყვარულით მგუდავს და არც შენიშვნებით მხდის სულს. დავიღალე შენი უკმაყოფილო სიფათის ყურებითო. ფაქტობრივად, გამანადგურა. მემუქრებოდა, რომ საერთოდ წავიდოდა მასთან. მაგრამ ორი თვის შემდეგ ის ქალი სულ გაქრა მისი ცხოვრებიდან. თუმცა, ისე გააგრძელა ჩემ გვერდით ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. რა ჰქვია ასეთ მამაკაცს, გეკითხებით? ხომ არის იმის ღირსი, რომ საერთოდ გავაგდო სახლიდან ეს ნაძირალა. რატომ არ ვაკეთებ ამას? – სხვათა შორის, ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და ჯერჯერობით პასუხი ვერ ვიპოვე.