კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი აღიარება არ უნდოდა პრაღაში თინათინ წულაძეს და რატომ უჭირდა ჭოლას შვილთან თბილისიდან პრაღაში კონტაქტი

მას ფოტოკამერის წინ პოზირება დიდად არ უყვარს და გადაღებისას ნელ-ნელა ისე გადის კადრიდან, მხოლოდ ცარიელი სივრცე გრჩება. სამაგიეროდ, სცენაზე უყვარს დგომა, ცეკვა და, ასეთ დროს მაყურებლის წინაშე ბოლომდე გახსნილია, ყოველგვარი კომპლექსის გარეშე, რადგან, ეს არის პროფესია, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარს. მისი სცენისადმი და, საერთოდ, თეატრისადმი სიყვარული, ალბათ, არც არის გასაკვირი – ის ხომ ორი უნიჭიერესი და, პირადად ჩემთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ადამიანის – ლევან წულაძისა (ჭოლას) და მანანა კოზაკოვას შვილია. საოცრად პოზიტიური თინათინ წულაძე სულ ახალხან დაბრუნდა პრაღიდან, სადაც 6 თვე სწავლობდა და ახლო მომავალში უკვე ამერიკაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. 

 

– როგორც იქნა, გადმომხედა „ვიზების ღმერთმა“. წელიწად-ნახევარი ველოდი. ცოტა დაგვიანებით კი მომიწია ჩასვლა, მაგრამ, მაინც მადლობელი ვარ მისი. უკვე აღარ მჯეროდა, რომ მომცემდნენ ვიზას, თვითმფრინავშიც ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა მივდიოდი. სანამ არ ჩავედი, ვერ დავიჯერე ბოლომდე. პირველად ვიყავი მარტო, მაგრამ, ძალიან გამიმართლა, რადგან, ბიძაჩემი, დათო კაკაბაძე, პრაღაში ცხოვრობს, იქ მუშაობს „რადიო თავისუფლებაში“ და ძალიან დამეხმარა. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერ გავძლებდი. თუმცა, მაინც ძალიან გამიჭირდა. 

– რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე? 

– იმის გაცნობიერება, რომ ჩემთვის ვარ, მარტო, „დედა, მიშველე“ – არ გამოდის და მარტომ უნდა გავაკეთო ყველაფერი, დაწყებული საჭმლით, დამთავრებული დალაგებითა და რეცხვით. თან, პრაღა თავიდან დიდი მეჩვენებოდა, დავდიოდი და ვერ ვერკვეოდი ვერაფერში. თბილისში რომ დადიხარ, მაინც ნაცნობი სახეები გხვდება, იქ კი არავინ გაქცევს ყურადღებას. ამიტომ, ძალიან რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ სულ მარტო ხარ, მიუხედავად იმისა, რომ დათოც იქ იყო და სხვა ბევრი ქართველიც. ძირითად დროს მაინც მარტო ვატარებდი. საბოლოოდ, ძალიან შემიყვარდა პრაღა, თუმცა, არ მინდოდა ამის აღიარება და თქმა, რომ შევეჩვიე პრაღას – არ მინდოდა თბილისისთვის მეღალატა. მაგრამ, რომ მოვდიოდი, მივხვდი: ძალიან მომენატრებოდა და ახლაც მენატრება. 

– თბილისში, ალბათ, ბევრ რამეში დედაზე ხარ დამოკიდებული, ამიტომაც თქვი – მივხვდი, „დედა, მიშველე“ არ გამომადგებოდაო. 

– დედა მიკეთებს ყველაფერს, მეხმარება. ბავშვობიდან დამოუკიდებელ ცხოვრებას კი ვარ მიჩვეული, მაგრამ, პრაღაში ისეთი რაღაცეების გაკეთება მომიწია, რაც მანამდე არ გამიკეთებია, თუნდაც, ფინანსური საკითხების გაკონტროლება. ყველაფერს ვანაწილებდი: ამისთვის ეს მინდა, ამისთვის – ეს. ყოველთვე რაღაც თანხას ხომ მიგზავნიდნენ და ვანაწილებდი. პირველ თვეს საოცრებებს ვაკეთებდი, მერე გავერკვიე და ბოლოს ზედმეტად ეკონომიური ვიყავი, რაღაცეებში მენანებოდა ფულის გადახდა. 

– „მამა, მიშველეც“ იცი ხოლმე? თუ, ისიც დედას ეუბნება მიშველეო? 

– არა, „მამა, მიშველე“ არ ვიცი, რადგან, ისიც, „მანანა, მიშველეო,“ – ამბობს. მე და მამა ძალიან ვგავართ ერთმანეთს და დედა არის ჩვენი მხსნელი ყველანაირ სიტუაციაში. დედა ყოველ ხუთ წუთში მირეკავდა: აბა, რას შვრები, აბა, რას შვრებიო, – მამხნევებდა. მამა ვერ მელაპარაკებოდა: „ჰო, ჰო, კარგი” – და მითიშავდა. არ მეგონა, ასე თუ იქნებოდა. დედაც მეუბნებოდა, რომ ძალიან სევდიანი იყო. ჩემს საწოლთან რომ გაივლიდა და იქ ვერ დამინახავდა, ძალიან განიცდიდა. თან, „წყალი მომიტანეს“, რომ ვერავის ეუბნებოდა, კიდევ უფრო მეტად განიცდიდა, მაგრამ, ცდილობდა, არ შეემჩნია. 

– მომიყევი, სად სწავლობდი, როგორ ჩაიარა ამ ექვსმა თვემ? 

– ერთწლიანი კურსი მქონდა პრაღაში, ცეკვის კონსერვატორიაში. ეს სკოლა ევროპის მასშტაბით სკოლების ოცეულში შედის, ხოლო ჩეხეთის მასშტაბით – სამეულში. მქონდა კლასიკური ბალეტის კლასები, ცალკე რეპერტუარი და მოდერნის ტექნიკაც. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. საბალეტო სკოლა არ მაქვს დამთავრებული, ქართული ცეკვის ცოდნით ჩავედი და ამიტომ თავიდან ძალიან გამიჭირდა. სამაგიეროდ, მივხვდი, მომავალში რა მიმართულებით მინდა სწავლის  გაგრძელება. ძალიან დამეხმარა და ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება სწავლას, თავიდან, რომ ჩავედი, დამსვეს პირველი და მერვე კლასების გაკვეთილებზე. ნახეს, რა შემეძლო, როგორ ვითვისებდი, რა დონეზე ვიყავი და გადამიყვანეს მეხუთე კურსზე. ეს, ერთი მხრივ, კარგი იყო, მაგრამ, რაღაც მომენტში – არა. პირველი პერიოდი ძალიან გამიჭირდა, რადგან, ნულიდან უნდა დამეწყო ყველაფერი, მაგრამ, ნელ-ნელა მივეჩვიე. სწავლა ყოველ დილით 8 საათზე იწყებოდა. სასწავლებლიდან შორს ვცხოვრობდი, ამიტომ, მაღვიძარას 5 საათსა და 45 წუთზე ვაყენებდი და ძალიან ადრე ვდგებოდი. ერთი წუთითაც რომ დააგვიანო, არ შეგიშვებენ, გაკვეთილების დროს სიწყნარეა, გადალაპარაკებები არ შეიძლება, რაც საქართველოში ხშირია. ეს ცოტა გამაღიზიანებელია, რადგან, როცა გინდა, ვინმეს ემოცია გაუზიარო, ვერაფერს ეტყვი, ყველა თავის თავზე მუშაობს. თუმცა, იმას მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს დაუთმო ყველაზე დიდი დრო, სხვის აზრებს კი, ვინ რას ფიქრობს შენზე, არ უნდა მიაქციო ყურადღება. 

– წარმომიდგენია, პირველ გაკვეთილზე როგორ ინერვიულე. 

– მანამდე ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე: არ უნდა შემრცხვეს-მეთქი – ცეკვას ვგულისხმობდი, რადგან, თავიდან ცოტა მრცხვენია ხოლმე. მაგრამ, ძალიან კარგად მიმიღეს და სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა. სწორ შენიშვნებსა და მიმართულებას მაძლევდნენ, თან, ითვალისწინებდნენ იმას, რომ მანამდე ეს სკოლა არ მქონდა გავლილი, ხელს მიწყობდნენ და ამიტომ პირველივე დღეს მომეხსნა ეს შიში. ყოველდღე მქონდა გაკვეთილები, დღეში – სამი; კვირასაც დაკავებული ვიყავი, ოღონდ, ერთი გაკვეთილი მქონდა. საკმაოდ მკაცრი და გამოცდილი მასწავლებლები გვყავდა, იქ გაცდენები და ზედმეტი რაღაცეები არ არსებობს. სიცხე გაქვს, მაინც მიდიხარ. თავისი ექიმი ჰყავთ და ის თუ გეტყვის, წადიო, მხოლოდ მაშინ შეგიძლია, სახლში წახვიდე. ტექნიკური თვალსაზრისით, პირველი ერთი თვე ძალიან გამიჭირდა. სარკეში საკუთარ თავს რომ ვუყურებდი, ვხედავდი, მათთან შედარებით რამდენად განსხვავებულად ვმოძრაობდი, რადგან, მათ უკვე „გამჯდარი” ჰქონდათ, ჩემზე წინ იყვნენ. მე ქართული ელემენტებით, დგომით ვცეკვავდი და მერე საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. ასეთ დროს ყველაზე კარგი ვარჯიში ფიქრია, ამიტომ, სახლშიც რომ მოვდიოდი, სულ ვფიქრობდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა და როგორ უნდა დავმსგავსებოდი მათ. რაც მეტს ვფიქრობდი, უფრო კარგად გამომდიოდა მეორე დღეს. ბოლო პერიოდში უკვე მაქებდნენ კიდეც. ნაკლებად რომ მაძლევდნენ შენიშვნებს, ვხვდებოდი, უკეთესი იყო. მოდერნის ცეკვა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, ქართული ცეკვის დინამიკა სულ მენატრებოდა; ის მუხტი, რაც ქართულ ცეკვას აქვს, ძალიან მაკლდა. ბოლოს, ქუჩაში მუსიკოსები რომ უკრავდნენ, მეგონა, ქართულ რიტმებს უკრავდნენ და, მერე, როცა მივდიოდი მათთან, ვხვდებოდი, რომ მეჩვენებოდა. 

– გამოსაშვები საღამოც გქონდათ? 

– ვინაიდან ჩემს ვიზას ვადა ეწურებოდა, ორი კვირით ადრე მომიწია ჩამოსვლა და კონცერტს ვეღარ დავესწარი, თუმცა, მანამდე საჩვენებელი გამოცდა მქონდა, ჩავაბარე და ავიღე სერტიფიკატი. ძალიან კმაყოფილი ვარ. გარდა იმისა, რომ დიდი პროფესიული გამოცდილება მივიღე, მარტო რომ ვცხოვრობდი, ესეც ბევრ რამეში დამეხმარა, რადგან, ძალიან ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ მეფიქრა, მეტი რაღაც წამეკითხა, გამეგო. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. უამრავი რამ შეიცვალა ჩემს გონებაში: ხედავ შენს ნაკლს; გახსენდება, რა გააკეთე, რას აკეთებ სწორად და ასე შემდეგ.

– როგორც ვიცი, სექტემბერში ამერიკაში აპირებ წასვლას და ბროდვეის ცეკვის აკადემიაში სწავლას.

– ბროდვეის ცეკვის აკადემიამ გამოაცხადა გამოცდა 18-დან 22 წლამდე მოცეკვავეების მისაღებად ერთწლიან კურსზე. კურსში შედის ყველა სტილი, რაც კი ქორეოგრაფიაში არსებობს. მოკლედ, გავგზავნე ვიდეო, ჩემი პედაგოგი დამეხმარა ერთწუთიანი ცეკვის აწყობაში. სიმართლე გითხრა, არ მქონდა იმედი, რომ მიმიღებდნენ და, უცბად, მომივიდა პასუხი – მიგიღეთო. ბროდვეი სულ იყო ჩემი ოცნება და ვფიქრობდი, იქ ვერასდროს მოვხვდები-მეთქი. დედაჩემი გაგიჟდა, ძალიან გაუხარდა, რომ გაიგო. მამას რომ ვუთხარი, ჩავაბარე-მეთქი, აღმოჩნდა, რომ მამა იქ ნამყოფია, ფოტოც კი აქვს გადაღებული. გამომიგზავნა ეს ფოტო: რომ გგონია, მარტო შენ ისწავლი აქ, მე ამ აკადემიის კურსდამთავრებული ვარ, ყოფილი მოცეკვავე ვარ; უბრალოდ, არ ვამბობ, თორემ, ბალერონი ვარო. იმდენად უცბად მოხდა ყველაფერი, ჯერ ვერ ვაცნობიერებ, სად მივდივარ და, თან – ამდენი დროით. რომ წარმოვიდგენ, რა კარგ ადგილას მივდივარ, ძალიან მიხარია. რომ ჩამოვალ ამერიკიდან, მერე უკვე მეცოდინება, რას გავაკეთებ. ბროდვეი შეიცვლის ჩემს ცხოვრებას. სცენას რომ არ მოვშორდები – ეს ზუსტად ვიცი.

 

скачать dle 11.3