კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა თბილისი დაბომბვას მიხეილ ახმეტელმა და როგორ შექმნა მან ნაცისტურ გერმანიაში ქართული ლეგიონი

მეორე  მსოფლიო ომი და ქართველები – აქ უამრავი თეთრი ლაქა გვხვდება. ბევრი ქართველი მამულიშვილის სახელია ჩვენთვის  დღემდე უცნობი.  ერთ-ერთი მათგანია ცნობილი მეცნიერი  და პატრიოტი მიხეილ ახმეტელი. ამ  არაჩვეულებრივ კაცზე გვესაუბრება მწერალი და ისტორიკოსი ნიკა თევზაძე.

 

– მიხეილ ახმეტელი  (1895-1963,) მართლაც უნიკალური პიროვნებაა. დავიწყოთ იმით, რომ  ის მტკიცე პატრიოტი და ინტელექტუალი გახლდათ.  თავისი პატრიოტული მისწრაფება მან ჯერ კიდევ ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლისას გამოავლინა,  როცა   დაწერა თავისი პირველი პოლიტოლოგიური ნაშრომი – „დამოუკიდებელი საქართველო“. მან ჩამოაყალიბა კონკრეტული გეგმა,  რაც აუცილებელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.   ბევრი ქართველი პუბლიცისტისგან განსხვავებით, ახმეტელმა  შეძლო დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური,  ეკონომიკური და იდეოლოგიური მოდელის შემუშავება. ის ხელმძღვანელობდა არა მხოლოდ პატრიოტული  ემოციებით, არამედ, მეცნიერული ანალიზით და ამის საფუძველზე აკეთებდა დასკვნას:   რუსეთის იმპერიის დანგრევა გარდუვალია. საქართველოსთვის კი ერთადერთი ხსნა დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლისას, ახმეტელი სოციალ-დემოკრატებს დაუახლოვდა,  ცარიზმის დამხობის შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა.  თავდაპირველად მენშევიკებთან თანამშრომლობდა, თუმცა მათ მალე გაუცრუეს იმედები. მენშევიკები  საქართველოს დამოუკიდებლობაზე მეტ მნიშვნელობას რუსეთის დემოკრატიზაციას ანიჭებდნენ.  ისინი საქართველოს ავტონომიის წინააღმდეგნიც კი იყვნენ,  აქაოდა, ამით რუსული დემოკრატია სუსტდებაო.  პეტერბურგში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგაც კი, მენშევიკები უარს ამბობდნენ ერთხანს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. 

ამრიგად, საქართველოში დაბრუნებული ახმეტელი  მენშევიკებით იმედგაცრუებული იყო.  ის უახლოვდება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც მტკიცე პატრიოტულ პოზიციებზე  იდგა.  ედპ-ს ლიდერი სპირიდონ კედია ახმეტელს კეთილად ეპყრობოდა.  მან ურჩია მიხეილს, ევროპაში წასულიყო და განათლება მიეღო. 1919  წელს ახმეტელი გერმანიაში    მიემგზავრება  და იენის  უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება.

– რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია – ანექსიამ  მას გერმანიაში მოუსწრო?

– დიახ და, ახმეტელი ამ მოვლენას როგორც ქართველი პატრიოტი,  ისე ხვდება. 1922 წელს ის საქართველოში არალეგალურად  ბრუნდება,  რათა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლებში  მიიღოს მონაწილეობა.  ცნობილი უკრაინელი  მწერალი-დისიდენტი მიხაილო ოსადჩი წერს,  რომ 1923 წელს „ჩეკამ” ქართველი პატრიოტების რიგებში  აგენტი-პროვოკატორი  შეგზავნა, მეტსახელად ჰეცი.  მიხეილ ახმეტელის უშუალო ხელმძღვანელობით ჰეცი ამხილეს და ახმეტელმა მას  საკუთარი ხელით მოუღო ბოლო. ამის შემდეგ „ჩეკამ” მისი  შეპყრობის ან მოკვლისათვის ჯილდო დააწესა.  მიუხედავად ამისა, ახმეტელმა ყველა ხაფანგს დააღწია თავი, 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი საქართველო დატოვა. ახმეტელი ბრუნდება გერმანიაში. 1926 წელს ის ბრესლაუში (ამჟამინდელი  ვროცლავი) მკვიდრდება. სწორედ იქ გაიცნო მან ვალტერ გელენი, ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (ბნდ) მომავალი დამაარსებლის, რაინჰარდ გელენის მამა. ამ ნაცნობობამ ახმეტელის შემდგომი ბედიც დიდად განსაზღვრა. 

– რატომ?

– საბჭოთა (ახლა კი რუსი) ისტორიკოსები ვალტერ გელენს  „ფაშისტად“ მოიხსენიებენ, რაც არ  შეესაბამება სინამდვილეს. ვალტერ გელენი  ნამდვილი გერმანელი პატრიოტი გახლდათ  და იმ წრეებს განეკუთვნებოდა, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ გერმანიის ფუნქცია  რუსული ბოლშევიზმის განადგურებაა.   ჰერ ვალტერმა ამ სულისკვეთებით აღზარდა თავისი – ვაჟი რაინჰარდი, რომელიც პროფესიონალი სამხედრო, შემდგომში კი უდიდესი მზვერავი გახდა.

ვალტერ გელენს ბრესლაუში პატარა გამომცემლობა ჰქონდა. ახალგაზრდა ახმეტელმაც  მას მიმართა და წიგნის გამოქვეყნებაში დახმარება სთხოვა. წიგნი  საქართველოში 1920–21 წლებში დატრიალებულ მოვლენებს ეძღვნებოდა. ახმეტელმა  ამ პროცესების ამომწურავი ანალიზი გააკეთა. ჰერ ვალტერს გავლენიანი კავშირები ჰქონდა გერმანულ ანტიკომუნისტურ წრეებში.  მისი რეკომენდაციით, მიხეილი ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი გახდა.  1932 წელს მან ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე ექსპერტი ამიერკავკასიის საკითხებში. 1937 წელს კი  ახმეტელი ბერლინში გადაიყვანეს და ის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის   დირექტორი გახდა.

– ეს მაშინ მოხდა, როცა  ნაცისტები ხელისუფლებაში იყვნენ.  გამოდის, რომ  ისინი ახმეტელს ენდობოდნენ?

– ჰიტლერს პროფესიონალები სჭირდებოდა.  ახმეტელმა კი თავისი საქმე ჩინებულად იცოდა.    რასაკვირველია, დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ვალტერ გელენის წყალობით მიხეილ ახმეტელმა გერმანულ კონსერვატიულ წრეებში გავლენიანი კავშირები მოიპოვა. საბჭოური პროპაგანდა ამტკიცებდა, თითქოს ახმეტელი  ჰიტლერული პარტიის  წევრი გახდა.  ეს ცილისწამებაა.  ნაცისტური პარტიის წევრი ის არასდროს არ ყოფილა, მეტიც, „გესტაპო” მას პოლიტიკურ არალოიალობაში სდებდა ბრალს. ამიტომ, 1937 წლიდან ის აღრიცხავზე აიყვანეს  და მეთვალყურეობა დაუწესეს.

ახმეტელს მეტად დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა ისეთ პიროვნებებთან, როგორებიც იყვნენ ჰიმლერი, გერინგი და გებელსი.  სამაგიეროდ, მას მფარველობდა ალფრედ როზენბერგი.  ეს მოღვაწე, როგორც ცნობილია, მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის დანგრევას  და ნანგრევებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნას.  ჰიმლერი და გებელსი ამას  სასტიკად აკრიტიკებდნენ. გებელსი თავის დღიურში წერს: იდიოტიზმია, თუნდაც ერთი წვეთი გერმანული სისხლი დავღვაროთ იმისთვის, რომ ვიღაც გავათავისუფლოთ; ჩვენ  მხოლოდ გერმანელებისთვის სასიცოცხლო სივრცის მოპოვება გვინდაო.  რაც შეეხება ჰიმლერს, ის ახმეტელს  ინგლისისა და ამერიკის აგენტს უწოდებდა. მისი აზრით, ლონდონისა და ვაშინგტონის ინტერესებშია, რომ გერმანია რუსეთს დაეტაკოს, საბჭოთა კავშირი დაანგრიოს, მის ნანგრევებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები შექმნას და პოსტსსაბჭოთა სივრცეზე პასუხისმგებელი იყოსო. ჰიმლერს მიაჩნდა, რომ, თუ გერმანია ამ გზით წავიდოდა,  ის  მთლიანად გამოიფიტებოდა და ამერიკის შეერთებული შტატების პროტექტორატად გადაიქცეოდა. ამ  „სიბრძნეს“ რიბენტროპიც იზიარებდა. სწორედ მას ეკუთვნის კონცეფცია, რომლის თანახმადაც, გერმანიას რუსეთთან  კავშირი უნდა დაემყარებინა და მთელი აგრესია  ინგლის-საფრანგეთის წინააღმდეგ მიემართა. „მსოფლიოში ორი  ზესახელმწიფო უნდა იყოს – რუსეთი და გერმანია,“ – ამტკიცებდა რიბენტროპი.  ჰიმლერი ამას ნაწილობრივ იზიარებდა.  მისი აზრით, რუსეთთან კავშირი დროებითი უნდა ყოფილიყო. როგორც კი „ვერმახტი” პარიზში შევიდოდა, გერმანიას რუსეთზე ლაშქრობისათვის მზადება უნდა დაეწყო და ელვისებური ძლიერი დარტყმით მოეღო ბოლო საბჭოთა კავშირისთვის, თუმცა, მოსკოვის აღების შემდეგ ის არა დამოუკიდებელი სახელმწფიოების, არამედ, გერმანული პროტექტორატების შექმნას გეგმავდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელისუფლება   ჰიტლერის მიერ დანიშნულ „გაულაიტერებს” უნდა განეხორციელებინათ. უკრაინაში  ასეთი  იყო ერიჰ კოხი, ბელორუსიაში კუბე, საქართველოს „გაულაიტერი” კი ვინმე არნო შიკენბაცი უნდა ყოფილიყო.   ასეთი გახლდათ ჰიმლერის სქემა.

– ახმეტელი ამას ეწინააღმდეგებოდა?

– ამას  ის კონსერვატიული წრეები ეწინააღმდეგებოდნენ, რომელთაც ახმეტელი  განეკუთვნებოდა.  ფიურერმა, როგორც ცნობილია,  მხარი ჰიმლერს დაუჭირა.  ამით ჰიტლერსა და გერმანიის საღ ეროვნულ ძალებს შორის უფსკრული გაღრმავდა. მიუხედავად ამისა, ახმეტელი მაინც ჯიუტად ცდილობდა,  ქართული საქმე გაეკეთებინა. 1939 წელს ის ქართული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეა. ახმეტელმა მიაღწია იმას, რომ შეიქმნა ქართული ლეგიონი.  საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დროს მან და მისმა თანამებრძოლებმა გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიდან უამრავი ქართველი იხსნეს,  ლეგიონერის ფორმა ჩააცვეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს.  1942 წელს  ახმეტელი უკრაინელ ნაციონალისტებთან ამყარებს კავშირს. მხედველობაში მყავს სტეპან ბანდერას მომხრეები, რომლებიც, როგორც გერმანიის, ისე რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებდნენ  შეიარაღებულ ბრძოლას. 

ბოლოს ახმეტელის პერსონით „გესტაპო” დაინტერესდა და მას დაპატიმრება დაემუქრა,  რისგანაც ვალტერ გელენის ვაჟმა, რაინჰარდმა იხსნა, რომელიც ახმეტელს ბავშვობიდან იცნობდა.  როგორც ცნობილია, გელენი გენშტაბთან არსებული სადაზვერვო განმყოფილების აღმოსავლეთის უცხოური არმიების უფროსად  დაინიშნა და მან ახმეტელი თავის მრჩევლად დანიშნა. ეს ის პერიოდია, რიოდესაც  გერმანული არმია კავკასიას მოადგა. 

– და, დღის წესრიგში თბილისის დაბომბვის  საკითხიც  დადგა?

 – დიახ. ამიტომ, ახმეტელმა  გელენს ვრცელი მოხსენებითი ბარათი მიართვა, სადაც დაასაბუთა, რომ თბილისის დაბომბვა გერმანიისთვის მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოიტანდა.  ახმეტელი ხაზს უსვამდა იმას, რომ თბილისში არ იყო განთავსებული მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები.  მოხსენებას თან ერთვოდა მოკლე ისტორიული  მიმოხილვაც. ახმეტელი  ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ რა როლი ითამაშა გერმანიამ  1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში და აკეთებდა დასკვნას, რომ  საქართველოში  ძლიერი პროგერმანული განწყობილებები არსებობს და, როგორც კი გერმანული არმია თბილისში შევა, მას  ყვავილებით შეეგებებიანო. გენერალი გელენი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: როცა ახმეტელის მოხსენება წავიკითხე, უმალ მივხვდი, რომ  ამ კაცს თბილისის გადარჩენა ეწადაო. „პატრიოტიზმი კეთილშობილური გრძნობაა.  მეც ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, ახმეტელს დავხმარებოდი“, – თქვა გელენმა. მართლაც,  ხსენებული მოხსენება ჰიტლერის მაგიდაზე მოხვდა და ფიურერმა უარი განაცხადა თბილისის დაბომბვაზე. უფროსი თაობის  ადამიანებს ის პერიოდი კარგად ემახსოვრებათ  და დამეთანხმებიან, რომ გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავები თბილისის გარშემო წრეს აკეთებდნენ  და უკან ბრუნდებოდნენ.  საქართველოს დედაქალაქში ერთი ყუმბარაც კი არ ჩამოვარდნილა. 

– როგორ წარიმართა მიხეილ ახმეტელის შემდგომი ბედი?

– 1943 წელს  ახმეტელმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინაში გაულაიტერ კოხის პოლიტიკა და ამის გამო დაპატიმრების საფრთხე დაემუქრა. გელენმა მისი დახსნა რის ვაივაგლახით შეძლო,  თუმცა, პრობლემები  ამით როდი დამთავრდა.  1943 წლის ნოემბერში საბჭოთა დაზვერვამ მოიტაცა და მოკლა  „განსაკუთრებული ჯარების“ სარდალი, გენერალი მაქს ილგენი (ამ ოპერაციის კოდური სახელწოდებაა „ნადირობა კაფრზე“). როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ჯარების ამოცანა საბჭოთა პარტიზანებთან ბრძოლა იყო. მის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ როგორც რუსი კაზაკები, ასევე, უკრაინელები,  ქართველი და შუააზიელი ლეგიონერები.  გამოძიებით დადგინდა,  რომ  ამ ჯარებში მყარად მოიკიდა ფეხი საბჭოთა აგენტურამ. „გესტაპომ” შეთქმულთა შორის მიხეილ ახმეტელიც დაასახელა, აქაოდა, მისი რეკომენდაციით, ილგენის გარშემო რუსმა ჯაშუშებმა მოიკალათესო.  ბრალდება მართლაც ოსტატურად იყო შეთხზული. მიუხედავად ამისა, გელენმა  ახმეტელის დახსნა მაინც მოახერხა. 1944 წელს „გესტაპო” კვლავ ცდილობს ახმეტელის დაპატიმრებას.  გელენმაც  დახმარებისათვის შელენბერგს მიმართა და საერთო ძალისხმევით ახმეტელის გადარჩენა მოხერხდა.  მეორე მსოფლო ომის შემდეგ ახმეტელი გელენის ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. 

–  ეს რა ორგანიზაციაა?

– ჰიტლერის უგუნურმა პოლიტიკამ მთელ მსოფლოში წარმოშვა ანტიგერმანული ფსიქოზი.   ომის შემდეგაც ბევრი მიიჩნევდა, რომ  ძლიერი გერმანიის აღორძინება  მსოფლიოს  საშიშროებას შეუქმნიდა. ფსიქოზი იმდენად ძლიერ იყო,  რომ მისი განეიტრალება თვით  ალენ დალესმაც კი ვერ შეძლო. ამიტომ, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა, მას აეკრძალა როგორც არმიის,  ისე დაზვერვის ყოლაც. თუმცა, ცივი ომის დაწყებამ ხელი შეუწყო გერმანული არმიის აღორძინებას და შეიქმნა „ბუნდესვერი,”  რომელიც დასავლეთ ევროპაში ყველაზე ძლიერ ჯარად გადაიქცა.  რაც შეეხება დაზვერვას, აქ პრობლემები წარმოიშვა.  დალესმაც წამოაყენა წინადადება, რათა შექმნილიყო ნახევრად ლეგალური ორგანიაცია, რომელსაც ამერიკა დააფინანსებდა და რომლის ძირითადი ფუნქციაც საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ დაზვერვის ორგანიზება  იქნებოდა.  დალესის რეკომენდაციით, ამ ორგანიზაციის შეფი რაინჰარდ გელენი გახდა და აქედან გამომდინარე დაერქვა ორგანიზაციასაც სახელი. მისი შტაბ-ბინა პულაჰში განთავსდა.  ამერიკის დახმარებით გელენმა მართლაც სრულყოფილი სადაზვერვო ორგანიზაცია ააწყო, ახმეტელი კი მისი მრჩეველი გახდა.

– გელენის ორგანიზაცია ბოლომდე ამერიკელთა დაფინანსებით მუშაობდა?

– ორგანიზაცია 1945 წლის ბოლოს შეიქმნა, როცა გერმანია, როგორც ასეთი, აღარ არსებობდა. როგორც კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა,  მან გელენის ორგანიზაციის ნაწილობრივი დაფინანსება დაიწყო.  დამეთანხმებით, ომში წაგებული, გაპარტახებული ქვეყნისთვის ამხელა სპეცპსამსახურის შენახვა შეუძლებელი გახლდათ. ამერიკელთა მხარდაჭერა რომ არა,  გერმანია ძლიერ სპეცსამსახურებს ვერ შეინარჩუნებდა.  გელენს ხომ ფართო აგენტურული ქსელი ჰქონდა, რომელიც მოიცავდა საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილს, აგრეთვე, პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიას,  უნგრეთს, რუმინეთს, იუგოსლავიას. 1956 წელს ორგანიზაციამ ფედერალური სადაზვერვო სამსახურის სტატუსი მიიღო, მთლიანად ფედერაციული გერმანიის მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა და ამერიკელებმაც მისი დაფინანსება შეწყვიტეს. ახმეტელი ბოლომდე  გენერალ გელენის მრჩევლად  დარჩა, პარალელურად კი ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ახმეტელი მთლიანად იზიარებდა სტეპან ბანდერას კონცეფციას, რომლის ძალითაც, საბჭოთა კავშირის ვერც ერთი რესპუბლიკა  მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ მოიპოვებდა  დამოუკიდებლობას, საამისოდ ნაციონალური რევოლუცია და საბჭოთა კავშირის დარბევა იყო აუცილებელი. ამ მიზნით, 1942 წელს, ჟიტომირის მახლობლად შეიქმნა „დაპყრობილ ერთა  კოალიცია,” მოგვიანებით ეს პროცესი ემიგრაციაშიც გაგრძელდა. ასე აღმოცენდა ხალხთა ანტიბოლშევიკური ბლოკი (აბნ), სადაც გაერთიანდნენ როგორც საბჭოთა კავშირის, ისე აღმოსავლეთ ევროპის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ახმეტელი „აბნის” საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა და მას გვერდს უმშვენებდნენ ქართული ემიგრაციის სასიქადულო წარმომადგენლები: ნიკო ნაკაშიძე, აკაკი რამიშვილი და სხვები. პარალელურად ახმეტელი მეცნიერულ მუშაობასაც განაგრძობდა. ის გარდაიცვალა 1963 წელს.

 

скачать dle 11.3