რა ვერ დაუვიწყა ლადო ბედუკაძეს მეუღლემ და რისთვის აიფეთქა მან თავი
ლადო ბედუკაძეს საკუთარი თავი ბარიერად ექცა – იმ სკანდალური ისტორიის შემდეგ, რასაც ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა, ხმაურიანი „მეციხოვნის“ ირგვლივ სკანდალს სკანდალი მოჰყვა. ამბობს, რომ ყველაფერი ისე დალაგდა, რომ მისი პრეცენდენტი არავინ აღარ გაიმეოროს. ამ ისტორიამ მისი ცხოვრება ორად გაყო – დღეს ის უკვე აღარც მწვავე განცხადებებს ერიდება და არც იმის თქმას, თუ როგორ გართულდა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც „შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი“.
ლადო ბედუკაძე: არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ერთი წლის წინ დავაფუძნე, ფორმალობას დაემსგავსა, რის გამოც საქმიანობა შევწყვიტეთ. თავიდან ენერგიულად დავიწყე, ორი ბრიფინგიც ჩავატარე რეჟიმისგან დაზარალებულებზე, რათა უფრო მეტად გამომეაშკარავებინა იმ რეჟიმის სახე და აქ დამთავრდა ყველაფერი – როცა ფინანსები არ გაქვს, სამომავლო გეგმებზეც ვერ ფიქრობ. მეგობარმა დამითმო ოფისი, მაგრამ, მალევე დავცალე. ერთი ბიზნესმენიც ვერ გამოჩნდა საქართველოში, რომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა დაეფინანსებინა. რაც შეეხება გრანტებს, როცა გრანტს იღებ, მაშინვე ხდები სხვისი დავალებების შემსრულებელი, რისი სურვილიც მე არ მქონდა. იმ საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა, ვინც საქართველოში მუშაობს, რეზიდენტები არიან ჩვენთან, მე კი ამაზე წასვლის სურვილი არ მქონდა. სამასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, მაგრამ, ორი-სამი თუ ჩანს აქტიურად – ის, ვინც გრანტებს იღებს და დავალებებსაც ასრულებს. ვინ დაიჯერებს, რომ თინა ხიდაშელი არ აძლევს „საიას” დირექტივებს? „საია” მისი იარაღია ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.
– ბოლო პერიოდში საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებთ სოციალურ ქსელებშიც.
– დიახ, და, ასევე, რამდენიმე გაზეთში ვაქვეყნებ წერილებს, რომლებიც ეძღვნება კონკრეტულ ადამიანებს. შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ვცხოვრობ, სტატუსებში გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას დღევანდელი ვითარების მიმართ. მე არ ვმალავ იმ იმედგაცრუებას, რაც არის ხალხში ახალი ხელისუფლების მიმართ და ამით ძალიან სარგებლობს მეორე მხარე, „ნაცმოძრაობა”, რომელსაც მე არ აღვიქვამ პოლიტიკურ ძალად. ეს არის სექტა პოლიტიკური ელემენტებით. ჩემთვის მიუღებელია ყბადაღებული კოჰაბიტაციის პროცესი. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, გერმანიაში ფაშიზმს კი არ დაამხობდნენ და ნიურნბერგის პროცესს კი არ მოაწყობდნენ, კოჰაბიტაციაში შევიდოდნენ მათთან. ის განცხადებები, რომ ვიღაც ჭკვიანი იყო და ამიტომ დატოვეს თანამდებობაზე, არ არის სწორი. ჩემი სასამართლოს ამბავი ავიღოთ – „ოცნებაც” ამბობს, რომ მე, თურმე, დამნაშავე ვარ, მაგრამ შემიწყალეს. მიმიფურთხებია მათი შეწყალებისთვის, დამაპატიმრონ, დამაკავონ, არავისი შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს.
– როგორც ჩანს, თავადაც ძალიან იმედგაცრუებული ხართ. რას ელოდით იმ გუნდისგან, რომლის ხელისუფლებაში მოსვლაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით?
– მე მინდა შეგისწოროთ ნათქვამი. ეს მოსაზრება საზოგადოებაშიც არსებობს, ამიტომაც გეტყვით ჩემს აზრს – მე არ მიმიძღვის ლომის წილი ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლაში. ჩემი ნაბიჯი – საპყრობილიდან კადრების გამოტანა – იყო ჩემი გადაწყვეტილება; ჩემი სურვილი იყო, ფარდა ჩამომეხსნა იმ რეჟიმისთვის და გამომეჩინა მათი სახე. როცა მე დავუკავშირდი რამდენიმე ადამიანს, მათგან მოხდა დაკავშირება მათთან, ვინც დღეს უკვე პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენს საქართველოში. იმ ყველაფერს, რაც მოხდა, ვერ მივაწერ ჩემს განსაკუთრებულ დამსახურებას. ერთ ფაქტს გეტყვით: ის, რომ დღეს საპყრობილეებში ერთ წელიწადში გარდაცვლილი პატიმრების რიცხვი 142-დან 30-მდე შემცირდა, იმ ხალხის მიღწევაა, ვინც უარი თქვა წინა ხელისუფლების რეჟიმზე, თუმცა, არც ოცდაათი გარდაცვლილია ცოტა, თუკი პატიმართა დღევანდელ რაოდენობას გავითვალისწინებთ. ერთ-ერთი მთავარი პროგრესი, რასაც ამ ხელისუფლებამ მიაღწია და რასაც ყველა ვხედავთ, ისაა, რომ აღარ არსებობს პოლიტიკური დაკვეთა ზედა ეშელონებიდან. დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, კოჰაბიტაციის ქარიშხალმა ხალხს, მათ შორის მეც, იმედის სიო ჩაგვიქრო. არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ, ხომ არის საზოგადოებაში ეჭვი, რომ ეს არის ამერიკის დაკვეთა და დავალება, თუნდაც ის, რომ დღეს ქვეყანას თავზე აზის „რესპუბლიკური პარტია,” რომელიც ისეთივე ბოროტი ძალაა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა?!.” მე ღიად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას.
– ციხეები ახსენეთ, სადაც თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით. სულ ახლახან ეს სისტემა დიდ სკანდალში აღმოჩნდა უზარმაზარი პრემიების გამო.
– სააკაშვილის რეჟიმის დროსაც არ გამიგია ასეთი ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ამხელა ხელფასები აეღოთ, პრემიაზე არავინ საუბრობს, იქ პრემიებიც იყო გამოწერილი. იმ წლებში ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ძალიან მაღალი, რეკორდული ხელფასი ჰქონდა მარეგულირებელი კომიისიის ხელმძღვანელს, რაც იმ დროსაც არაერთი მითქმა-მოთქმის თემა ხდებოდა. როგორი რთულიც არ უნდა იყოს სამსახური, ასეთი მაღალი ხელფასის გაცემა მიუღებელია. მესმის, რომ ძალიან რთულია იმ სისტემაში მუშაობა, მაგრამ იქ ხუთი ათასი კაცი მუშაობს და, მარტო ის რამდენიმე კაცი იმსახურებდა ამხელა ხელფასს?! იმ ორი ადამიანის გათავისუფლებით „დაადასტურეს” მათ საკუთარი დამოკიდებულება – ის ორნი არ არიან ზონდერები, მე მათ პირადად ვიცნობ. დამიკავშირდა ის კაცი, გაოგნებულია მომხდარით.
– ანუ, კვლავ გაქვთ კონტაქტები ციხესთან, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია მართავს?
– თვითონ მიკავშირდება ის ხალხი. თერთმეტი წელი ვიმუშავე ამ სისტემაში, ექვსი დაწესებულება გამოვიცვალე სხვადასხვა პოზიციით, იქ არის ხალხი, ვინც ჩემს დროსაც მუშაობდა ამ სისტემაში, მათთან დღემდე მაქვს კავშირები. ძალიან ბევრი პატიმარი მწერს სოციალურ ქსელებში: ზოგი მადლობას მიხდის, ზოგი რას მახსენებს და ზოგიც – რას. მართლა ისე კი არაა, როგორც ჩემი მტრები მივრცელებენ ხმებს. ერთხელ მერვე დაწესებულებაში კარანტინში მამაო ჩავიყვანე, წარმოიდგინეთ: სავსე კარანტინი და მამაო – ნაკურთხი წყლით, რომელიც პატიმრებს ლოცავდა. ამას ისეთი ამბავი მოჰყვა, მელაძემ სასტიკი საყვედური გამომიცხადა.
– დღეს რას საქმიანობთ?
– დღეს უმუშევარი ვარ. 18 წლის ასაკიდან ვმუშაობ, შესაბამისად, დღეს ჩემთვის ყველაზე რთულია უმუშევრად ყოფნა. 1994 წელს გავხსენი შრომის წიგნაკი. მაშინ არსებობდა დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვის პოლიცია. ოთხი საელჩო გვებარა, მე ჩინეთის საელჩოს დაცვაში ვიყავი. პოლიციიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადავედი, იქაც უამრავ პოზიციაზე მომიწია მუშაობა. 2001 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, მე თვითონ ვინახავდი ჩემს ოჯახს. დღეს არც მე ვმუშაობ, არც ჩემი მეუღლე. ორ შვილს ძალიან ბევრი რამ სჭირდება, რასაც იმ ადამიანის დახმარებით ვახერხებ, ვისზეც ბევრჯერ მითქვამს – ყოველთვიურად თამაზ ელიზბარაშვილი მიხდის 1 000 ლარს ხელფასის სახით, უკვე მერიდება მისი. სწორედ თამაზი იყო ის პიროვნება, ვინც უზრუნველყოფდა ჩემს საცხოვრებელ ხარჯებს ბელგიაში, როცა ბევრი ბინის გამოცვლა მომიხდა. დღეს კი ბევრი იბრალებს, რომ მე და ჩემს ოჯახს გვეხმარებოდა, მაგრამ, ეს მართლა ასე კი არაა. ვიცი, შეიძლება, ვიღაცამ თქვას – ეს რომ ფულზე საუბრობსო. იმ ორი მილიონის ლეგენდა ხომ ისე გაახმაურეს, ყველას დააჯერეს. ერთი „საროჩკა” მაქვს, მეგობრები ხუმრობენ – აღარ აპირებ მის შეცვლას, სულ ეს „საროჩკა“ გაცვიაო? ჩემი კუბოკრული „საროჩკა“ ხუმრობის თემად იქცა, მაგრამ, რა ვქნა? (იცინის) რიგით ინსპექტორად რომ დავიწყო მუშაობა, იტყვიან, აი, ამიტომ გააკეთა ის ყველაფერიო, მაგრამ, აბა, მეორე მხრიდან შეხედონ ჩემს მდგომარეობას – ახალგაზრდა კაცი ვარ, ოჯახი მყავს სარჩენი, თუმცა, ფინანსებზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის უსაქმოდ ყოფნაა. როცა გაქვს გამოცდილება და ვერ იხარჯები, ამ დროს, იქ, სადაც შენ ძალიან ბევრი იცი და აბსოლუტურად გამოუცდელი ადამიანები არიან დასაქმებული, რთულია. არავის სამოწყალო არ მჭირს, ორი ხელი მაქვს, მაგრამ, ხომ უნდათ „მაგალითი” – აი, რა გააკეთა ბედუკაძემ და როგორ ცხოვრობსო?!
– ამას წინათ თქვით ჩემთან საუბარში, ალბათ, მეც დავიწყებ ფიქრს უცხოეთში წასვლაზეო. რატომ არ მიიღეთ აქამდე ეს გადაწყვეტილება?
– ამას მაშინ ვამბობ, როდესაც ძალიან უიმედოდ ვარ სხვადასხვა გარემოების გამო. ქუჩაში რომ გავდივარ, ბევრი მეუბნება, ეს ხელისუფლება შენი მოყვანილიაო და მათ სახედ მივაჩნივარ, ჩემს სახეზეა „ბრძოლა” „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას” შორის. მე ვარ საკუთარი თავის სახე, მეტი არავისი. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას, უამრავ ისტორიას იგონებენ, რომ ბოლომდე ჩირქი მოსცხონ ჩემს სახელს.
– დღეს ვინ ებრძვის ლადო ბედუკაძეს?
– ადამიანები იმ ძალიდან, რომელიც კოჰაბიტირებული შერწყმის ნაყოფია. ისინი მე კი არა, სახელმწიფოს ებრძვიან. ერთადერთი სწორი დასკვნა ჩემ შესახებ გააკეთა არჩილ კბილაშვილმა, რომელმაც თქვა ჩემზე: „შაჰიდის ქამარი” შემოიჭირა და, ფაქტიობრივად, თავი აიფეთქაო. რეალურად ასე გავაკეთე, საკუთარი თავიც გავიმეტე და ოჯახიც. დღემდე მსაყვედურობს მეუღლე – ასე როგორ გაგვიმეტე, რატომ გაწირე ოჯახიო. ყოველ გაბრაზებაზე შეუძლია, წამოამძახოს. ძალიან ავაფორიაქე მათი ცხოვრება – მარტო ღმერთის იმედი მაქვს, მეტი არავისი. ამ გარემოში ჩემს ოჯახსაც უჭირს ცხოვრება, ბავშვებს ათასი სიბინძურე ესმით მამაზე, მათი ცხოვრება მკაცრ ჩარჩოებში მოექცა. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, მეტი კი არაფერი. ჩემს მდგომარეობას კიდევ ის ამძიმებს, რომ, იმდენმა ხალხმა მიღალატა. არავის აღარ ვენდობი. საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი. ჩვეულებრივ, მშვიდად ვეღარ დავდივარ ქუჩაში, რესტორანში თუ მოვხვდი, კუპეთი უნდა ვისარგებლო, რომ ზედმეტი ყურადღების ქვეშ არ მოვექცე. რომ არა ის ისტორია, გავაგრძელებდი ჩემს მშვიდ ცხოვრებას და, ვერავინ ვერ გაიგებდა, ვინ იყო ლადო ბედუკაძე. მაშინ არსად ვჩანდი, ჩემთვის მშვიდად ვცხოვრობდი. ბევრ რამეს უკვე იმის მიხედვით ვალაგებ, რომელ ცხოვრებაში იყო – მანამდე თუ იმის მერე – კადრების ისტორიამ ჩემი ცხოვრება ორად გაყო.
– ხომ არ ნანობთ იმ გადაწყვეტილებას, რამაც თქვენი ცხოვრება ასე რადიკალურად შეცვალა?
– სინანულს რაც შეეხება, ერთხელ ვთქვი ეს სიტყვა და სხვანიარად შეფუთეს – კადრების გამოტანას ნანობსო. არა! მე თუ არა, გამოჩნდებოდა ვინმე პეტრიაშვილი ან პავლიაშვილი და ის გააკეთებდა ამას. მე იმას ვნანობ, რომ ეს კადრები პოლიტიკური პროცესებისთვის იყო გამოყენებული. „ნაცმოძრაობის” დოკუმენტში, რომელიც მე გავასაჯაროვე, რეალურად მაქციეს პოლიტიკურ დევნილად. როცა ასეთ ნაბიჯს დგამ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო; ეს კი არა, უარეს კომპრომატებსაც ველოდი. ისეთ სისულელეებს წერენ, გაგიჟდები. თუნდაც ის ისტორია, თითქოს მე შიდსი მჭირს და ერთ-ერთ პატიმარს გადავდე. ახლა, ამის დამწერს, შეიძლება, რომ ჟურნალისტი ერქვას?!
– თქვენ ამ ჟურნალისტებთან გქონდათ „ალიანსი?”
– არანაირი ალიანსი არ მქონია. თქვენ რომ დაგეპატიჟებინეთ, ჩვენს ოფისში მოდიო, თქვენთანაც მოვიდოდი. ის პატიმარი „რუსთავი 2-მა” მოძებნა. შემდეგ ის ადამიანი მოვიდა ელისო კილაძის ოფისში და ბოდიში მოიხადა ჩემი ადვოკატისა და ელისო კილაძის წინაშე. გათვლა ჰქონდათ, ჩემი ფეთქებადი ხასიათიდან გამომდინარე, რომ ან მეცემა, ან დამეჯერებინა, რომ ეს ნანა კაკაბაძის „თემა” იყო. არც ერთი გათვლა არ შეუსრულდათ. ახლა ის პატიმარი გადაჯდა ქალბატონი ელისო კილაძის ნავში. ეს რას ნიშნავს? მე მაქვს ჩემი ეჭვი – „რუსთავი 2” და კილაძე ერთი ძალა არ გამოდის?! ჩემი ლანძღვა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – დღე არ გავა, დებატებში არ მახსენონ და არ მლანძღონ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომავალში არავინ აღარ გაიმეოროს ბედუკაძის საქციელი და სისტემის გამომჟღავნების პრეცედენტი აღარ მოხდეს.